გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.02.2019
საქმის ნომერი
330310018002714795
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7039-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნანა დარასელია

სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე

 

მოსარჩელე ი----------–--

წარმომადგენელი შ--–---------–---–-

 

მოპასუხე სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო

წარმომადგენელი ლ---------–----

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 5 ოქტომბრის №2--/განკ განკარგულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 13 მარტს ი----------–--მ შეავსო და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია №1-----.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 13 მარტის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია №1----- (ს.ფ. 76-88).

 

3.1.2. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში 2018 წლის 9 თებერვალს, დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მონიტორინგს დაქვემდებარებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შერჩევის სხდომის ოქმის საფუძველზე, შესამოწმებელ დეკლარაციათა შორის შეირჩა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ს----------–--------------------------------–---- ი------------ის რ------- პ-------------ის ი----------–--ს მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 03 ოქტომბერს №3-- დასკვნა (ს.ფ. 90-93).

 

3.1.3. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 04 ივლისის №2--/სა ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ს----------–--------------------------------–---- ი------------ის რ------- პ-------------ის ი----------–--ს მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 04 ივლისის №2--/სა ბრძანება (ს.ფ. 94).

 

3.1.4. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 06 ივლისის №გ6--- წერილით ი----------–--ს ეცნობა, რომ 2018 წლის 4 ივლისს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“, ასევე სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 4 ივლისის №2--/სა ბრძანების საფუძველზე, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და მიმდინარეობდა ი----------–--ს მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი, რომელიც შეირჩა დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ სხვა 320 თანამდებობის პირის დეკლარაციასთან ერთად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე. ამავე წერილით ი----------–--ს დაევალა მონიტორინგისათვის საჭირო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაციის წარდგენა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 06 ივლისის №გ6--- წერილი (ს.ფ. 95).

 

3.1.5. 2018 წლის 03 ოქტომბერს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ს----------–--------------------------------–---- ი------------ის რ------- პ-------------ის ი----------–--ს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგების შესახებ, შედგა №3-- დასკვნა, რომლის თანახმადაც მონიტორინგს დაექვემდებარა ი----------–--ს მიერ 2018 წლის 13 მარტს წარდგენილი №1----- დეკლარაცია. აღნიშნული დასკვნით დადგინდა, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა დეკლარაციაში სავალდებულო ინფორმაციის არასრულად ასახვის ფაქტები, რაც მიჩნეულ იქნა არსებითი ხასიათის დარღვევად.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 03 ოქტომბერს №3-- დასკვნა (ს.ფ. 90-93).

 

3.1.6. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 5 ოქტომბრის №2--/გან განკარგულებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ს----------–--------------------------------–---- ი------------ის რ------- პ-------------ის ი----------–--ს მიერ 2018 წლის 13 მარტს წარდგენილი ქონებრივ დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელების საფუძველზე, ამავე დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების გამოვლენის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევს არსებობის შესახებ და ი----------–-- დაჯარიმდა 7-- (შ----ას ოთხმოცი) ლარით (თანამდებობრივი სარგოს 20%-ით).

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 5 ოქტომბრის №2--/გან განკარგულება (ს.ფ. 89).

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი----------–--ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქცია“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 5 ოქტომბრის №2--/განკ განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამის ნორმებთან.

 

6.2. სასამართლო მოიხმობს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონს (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომელიც ადგენს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის და კორუფციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირთა პასუხისმგებლობის ძირითად პრინციპებს, სამართლებრივი რეგლამენტაციის საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე არეგულირებს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის პირობებსა და მექანიზმს, აგრეთვე მამხილებელთა დაცვის, ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების ძირითად საფუძვლებს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, წინა დეკლარაციის შევსების თვის შესაბამისი თვის განმავლობაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

ამავე კანონის მე-15 მუხლი ითვალისწინებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მისათითებელი ინფორმაციის ჩამონათვალს.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 13 მარტს ი----------–--მ შეავსო და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია №1-----.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლით განსაზღვრულია თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის წესი, რომლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების ერთ-ერთი საფუძველია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ერთიანი ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში არსებული მონაცემების სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ ბიუროსთვის წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულების გადამოწმებით, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16–მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულებით, ხოლო მე-11 პუნქტის შესაბამისად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ბიურო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ; გ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ.

 

,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირი ჯარიმდება თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა, ხოლო ის პირი, რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, − თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ბოლოს მიღებული თანამდებობრივი სარგოს 20%-ით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა, რის შესახებაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროში 2018 წლის 9 თებერვალს, დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მონიტორინგს დაქვემდებარებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შერჩევის სხდომის ოქმის საფუძველზე, შესამოწმებელ დეკლარაციათა შორის შეირჩა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ს----------–--------------------------------–---- ი------------ის რ------- პ-------------ის ი----------–--ს მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, ხოლო სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის 04 ივლისის №2--/სა ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ს----------–--------------------------------–---- ი------------ის რ------- პ-------------ის ი----------–--ს მიერ წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შემოწმების მიზნით, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.

 

დადგენილია ასევე, რომ 2018 წლის 03 ოქტომბერს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ს----------–--------------------------------–---- ი------------ის რ------- პ-------------ის ი----------–--ს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგების შესახებ, შედგა №3-- დასკვნა, რომლის თანახმადაც მონიტორინგს დაექვემდებარა ი----------–--ს მიერ 2018 წლის 13 მარტს წარდგენილი №1----- დეკლარაცია. აღნიშნული დასკვნით დადგინდა, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა დეკლარაციაში სავალდებულო ინფორმაციის არასრულად ასახვის ფაქტები, რაც მიჩნეულ იქნა არსებითი ხასიათის დარღვევად.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებულ „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციაზე“, რომლის მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა არის სისტემა, რომლის მეშვეობითაც ბიუროს ელექტრონულად მიეწოდება ინფორმაცია ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემების შესახებ და რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგისათვის დეკლარაციების შემთხვევით შერჩევას, ხოლო შემთხვევითი შერჩევა არის შერჩევის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შერჩევის თანაბარი ალბათობის პრინციპის საფუძველზე გამოვლინდება კონკრეტული რაოდენობის დეკლარაციები. მითითებული მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით მონიტორინგი განმარტებულია როგორც ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული დეკლარაციების შერჩევისა და მათი შემოწმების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ერთობლიობა.

 

ინსტრუქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების საფუძველია დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა.

 

ამავე ინსტრუქციის მე-13 მუხლით განსაზღვრულია დეკლარაციის შემთხვევითი შერჩევის პროცედურა. კერძოდ, მითითებული სამართლებრივი ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციების შემთხვევით შერჩევას უზრუნველყოფს დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემიდან, ბიუროს უფლებამოსილი პირების თანდასწრებით, რის შესახებაც შედგება ოქმი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყოველი წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა ბიურო, დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოავლენს შესამოწმებელ დეკლარაციებს. ინსტრუქციის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში მითითებული მონაცემების სისრულისა და სიზუსტის შემოწმებით, ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ბაზებში არსებულ მონაცემებთან შედარებისა და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოკვლევის გზით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემოწმებას ექვემდებარება თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი ბოლო დეკლარაცია, ხოლო დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაცული წინა დეკლარაციები გამოიყენება მასში ასახული მონაცემების ბოლო დეკლარირებულ მონაცემებთან შედარების მიზნით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 9 თებერვალს შეირჩა და მონიტორინგს დაექვემდებარა შესამოწმებელი თანამდებობის პირის - ი----------–--ს ქონებრივი მდგომარეობის ის დეკლარაცია, რომელიც მის მიერ წარდგენილი იქნა შერჩევის პროცედურის შემდეგ, 2018 წლის 13 მარტს.

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 16 ოქტომბრის განჩინებას (№ბს-951(კ-18)), რომლითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცედურულად ერთმნიშვნელოვნად დადგენილია შერჩევის მომენტისათვის უკვე შევსებული და წარდგენილი დეკლარაციების კრებულიდან დეკლარაციის გამოვლების აუცილებლობა და ვინაიდან ნორმატიულად გათვალისწინებულია დეკლარაციის შერჩევა, შეუძლებელია ელექტრონულმა სისტემამ შეარჩიოს შერჩევის მომენტისათვის არარსებული დოკუმენტი, ამასთან, მსგავსი შერჩევა ეწინააღმდეგება როგორც თანასწორობის პრინციპს, ისე განუხორციელებელს ხდის მონიტორინგის მიზანს.

 

ამავე განჩინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დეკლარაციის შევსების სისწორისა და სიზუსტის გადამოწმების მიზნით ხდება დეკლარაციების მონიტორინგი, რომელიც იწყება შესამოწმებელი დეკლარაციის შერჩევით, შესაბამისად, დეკლარაციების შერჩევის პროცედურით იწყება მონიტორინგის პროცესი, ხოლო მის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს მისი შემოწმება. აღნიშნული კი შეუძლებელს ხდის საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციით“ გათვალისწინებული შერჩევის პროცედურის გარეშე შემოწმების განხორციელებას. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მართალია, იწყება დეკლარაციების შემოწმება, თუმცა შემოწმების დაწყების დროს უნდა არსებობდეს ინსტრუქციის შესაბამისად შერჩეული დეკლარაციები.

 

ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად ხორციელდება არა თანამდებობის პირის, არამედ მის მიერ წარდგენილი დეკლარაციის შერჩევა. ამასთან, შეუძლებელია ელექტრონულმა სისტემამ შეარჩიოს შერჩევის მომენტისათვის არარსებული დოკუმენტი, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევის შედეგად უნდა გამოვლინდეს თანამდებობის პირთა მიერ უკვე წარდგენილი ბოლო დეკლარაციები. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, კონკრეტულ შემთხვევაში სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ 2018 წლის 9 თებერვალს შეირჩა და მონიტორინგს დაექვემდებარა ი----------–--ს მიერ 2018 წლის 13 მარტს წარდგენილი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორად შეირჩა მონიტორინგს დაქვემდებარებული დეკლარაცია, რითაც დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციით“ გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 5 ოქტომბრის №2--/განკ განკარგულება ი----------–--ს მიერ 2018 წლის 13 მარტს წარდგენილი ქონებრივ დეკლარაციაში დარღვევს არსებობისა და ი----------–--ს 7-- (შ----ას ოთხმოცი) ლარით (თანამდებობრივი სარგოს 20%-ით) დაჯარიმების თაობაზე, გამოცემულია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული „შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის“ დარღვევით. ამასთან, ვინაიდან სახეზეა ისეთი პროცედურული დარღვევა, რომელზეც უშუალოდ და პირდაპირ იყო დამოკიდებული მონიტორინგის მიმდინარეობის კანონიერება, ხოლო სამართალდარღვევისათვის სახდელის შეფარდების კანონიერება ნიშნავს მის სრულ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან, აღნიშნული წარმოადგენს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----------–--ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 5 ოქტომბრის №2--/განკ განკარგულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან.

 

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 (ასი) ლარი. ამდენად, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ი----------–--ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი----------–--ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2018 წლის 5 ოქტომბრის №2--/განკ განკარგულება.

 

3. მოპასუხე სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დაეკისროს მოსარჩელე ი----------–--ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნანა დარასელია