გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2019
საქმის ნომერი
330210018002580825
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/23642-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

 

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) - შპს ''ც--'';

წარმომადგენლები - შო------------–---–ი, ა-----–------–-–---–ი, გ--------------ი;

მოპასუხე (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) - ს----------–-----------–-----------------;

წარმომადგენლები - ჯ----–-----------–-, გ--------–----ე;

სარჩელის დავის საგანი - ფულადი ვადებულების შესრულება, პირგასამტეხლოს გაუქმება;

შეგებებული სარჩელის დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ს----------–-----------–-----------------ს შპს ''ც--''-ის სასარგებლოდ დაეკისროს - 23 082.87 ლარის გადახდა.

1.2. გაუქმდეს ს----------–-----------–-----------------ს 2018 წლის N6---- აქტი შპს ''ც--''-ის მიმართა - 4 694.36 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 25 ოქტომბერს, შპს ''ც--''-ს და ს----------–-----------–-----------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N6--. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 121 რაოდენობის საპოხი ლიტას შეძენა. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა - 23 471.8048 ლარი. მოსარჩელემ 2018 წლის 15 იანვარს მოპასუხეს მიაწოდა შესყიდული საქონელი. მოპასუხის მიერ დაცლის პროცესში გამოითქვა პრეტენზია. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2 ცალი ბიდონი მართლაც უნდა შეფასებულიყო დაზიანებულ (გატეხილ) მდგომარეობაში, ხოლო 33 ბიდონი სრულად აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებელ პირობებს. კერძოდ, მოსარჩელე არ დაეთანხმა მოპასუხის შეფასებას იმის შესახებ, რომ ''მოწოდებული პროდუქციიდან 33 ცალი ვედროს ხუფი (თავსახური) არ იყო ქარხნული წესით დალუქული''. შესაბამისად, მხარეთა შორის ამ ვითარების შესაბამისად გაფორმდა ორი აქტი. ერთი აქტი გაფორმდა პროდუქციის მიღების პროცესში, რომელსაც ხელი მოაწერა შესყიდვის მიღებაზე პასუხისმგებელმა პირებმა და რომელზედაც აღინიშნა მოსარჩელის პრეტენზია არანაბეჭდი სახით, ხოლო მეორე აქტში ჩაიწერა, რომ 33 ცალ ბიდონზე ლუქი იყო დარღვეული და 2 ცალი ბიდონი იყო დაზიანებული (გატეხილი).

 

მოსარჩელის განმარტებით, ს----------–-----------–-----------------ს სამართლებრივი პრეტენზიები მდგომარეობდა შემდეგში: კერძოდ, საპოხის შეფუთვა ვერ აკმაყოფილებს სტანდარტის ''ГОСТ 1510-84'' 2.4. პუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ, სტანდარტის მიხედვით, საქართველოსთვის ნავთობპროდუქტები შეფუთული უნდა იყოს მეტალის ტარაში, ფანერის ბარაბნებში ან ხის კასრებში პოლიეთილენის ჩანართებით, ხოლო ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ პირობებს, საქონლის ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ამ ხელშეკრულებისა და შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს, პარამეტრებსა დ წარმოდგენილ ნიმუშებს.

 

მოსარჩელემ აღნიშნულის გასაბათილებლად წარადგინა ყველა ვარგისი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ნამდვილობას და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში არსებობას მიუთითებს. ამასთან, მოსარჩელეს პროდუქცია მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა 2017 წლის 3 დეკემბრის მდგომარეობით, თუმცა მიწოდების პროცესში შექმნილი ცალკეული სირთულეების გამო, მოსარჩელემ მოპასუხეს დაუყოვნებლივ აცნობა, მხარეთა შორის არსებობდა მუდმივი კომუნიკაცია. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს პროდუქცია მიაწოდა 2018 წლის 15 იანვარს, თუმცა მოპასუხეს არ წარმოშობია მოსარჩელის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა 15 იანვრის მდგომარეობით, ვინაიდან ამის იურიდიული საფუძვლები არსებობდა, თანახმად ხელშეკრულების მე-14 მუხლის 14.2. პუნქტისა.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა გაუჩნდა მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც სამინისტროს სამართლებრივი პრეტენზიების გამო 2018 წლის 8 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა თანხის დაკისრება შესრულებული ვალდებულების გამო. ამდენდ, მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ აქტის გაუქმებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ 2017 წლის 25 ოქტომბრის N6-- ხელშეკრულების საფუძველზე შპს ''ც--''-ს მიერ პლასტმასის ჭურჭლით მოწოდებული იქნა საპოხი ლიტა TU 38.101.808-90 (პარტია N1009.09.2017 წ). საპოხის შეფუთვა ვერ აკმაყოფილებს სტანდარტის ''ГОСТ 1510-84''-ის 2.4. პუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, სტანდარტის მიხედვით საქართველოსათვის (სტანდარტის დანართი N3) ნავთობპროდუქტები შეფუთული უნდა იყოს მეტალის ატრაში, ფანერის ბარაბნებში ან ხის კასრებში პოლიეთილენის ჩანართებით, ხოლო ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ პირობებს, ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით, საქონლის ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ამ ხელშეკრულებისა და შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს, პარამეტრებს და წარმოდგენილ ნიმუშს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემსყიდველმა ხელშეკრულების 11.4 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საჭიროდ ჩათვალა მოწოდებული პროდუქციის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებოდა ექსპერტიზა ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კუთხით.

 

სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნით ირკვევა, რომ სასაქონლო და ნავთობპროდუქტების ექსპერტის მიერ მიზანშეწონილად არ ჩაითვალა გაერთიანებული ნიმუშის აღება აქტში მითითებული მიზეზის გამო. კერძოდ, წარმოდგენილი ტექნიკური პირობების TU 38.101.808-90-ის 1.3. პუნქტის მიხედვით, საცხის შეფუთვა და მარკირება უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტს ''ГОСТ 1510-84''-ს, რომლის 2.10 პუნქტში მითითებულია, რომ ტარის ნავთობპროდუქტით შევსების შემდგომ, მისი კონსტრუქციის და სახეობის გათვალისწინებით ნავთობპროდუქტზე არსებული ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად ჰერმეტულად უნდა დაიხუროს დასაგმანი საშუალებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასაქონლე და ნავთობპროდუქტების ექსპერტების მიერ ბიდონებში არსებული საპოხი ვერ ჩაითვალა ერთ პარტიად და გაერთიანებული ნიმუშის აღება სტანდარტის ''ГОСТ 1510-84''-ის მიხედვით ვერ მოხერხდა. აღნიშნული კი მიუთითებს მიწოდებული პროდუქციის ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობაზე.

 

მოპასუხემ მიუთითა, რომ სამინისტროს მიერ ასევე დანიშნული იქნა ექსპერტიზა საპოხი ''ლიტას'' ტარის შეფუთვასთან დაკავშირებით. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ საპოხი ''ლიტა''-ს შეფუთვა (პოლიმერული მასალისგან დამზადებული ტარა) ვერ აკმაყოფილებს სტანდარტის ''ГОСТ 1510-84''-ის 2.4. პუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ სტანდარტის დანართი N3 ჩამოთვლილი ქვეყნებისთვის, რომელთა შორის მითითებულია საქართველო, ნავთობპროდუქტები შეფუთული უნდა იყოს მეტალის ტარაში, ფანერის ბარაბნებში ან ხის კასრებში პოლიეთილენის ჩანართებით. შესაბამისად აღნიშნული პარამეტრით საპოხის შეფუთვა ვერ აკმაყოფილებს სტანდარტის მოთხოვნებს. კვლევის ობიექტის შეფუთვასთან დაკავშირებით დანარჩენ მახასიათებლებზე კვლევის ჩატარება სასაქონლო ექსპერტის მიერ მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული, რის გამო ხელშეკრულების შესრულებაზე მაკონტროლებელი ერთეულის მიერ შედგა შესაბამისი N218 დაწუნების აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე მიიჩნევს, რომ მიმწოდებლის მიერ ვერ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები, კერძოდ მის მიერ სამინისტროზე მიწოდებულ იქნა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ხარისხთან შეუსაბამო პროდუქცია, რაც ხელშეკრულების 11.6.1. და 11.9 პუნქტების თანახმად წარმოადგენს მის მიღებაზე უარის თქმის საფუძველს და შესაბამისად არ არსებობს პროდუქციის ღირებულების გადახდის საფუძველი. მოპასუხე მიიჩნევს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლოს დარიცხვის აქტის გაუქმების საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელის დაჯარიმება განხორციელდა ხელშეკრულების პირობების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

3. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

3.1. შპს ''ც--''-ს ს----------–-----------–-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 4 694.36 ლარის გადახდა.

 

3.2. შპს ''ც--''-ს დაევალოს ს----------–-----------–-----------------ს ტერიტორიიდან 25.10.2017 წლის N6-- ხელშეკრულების ფარგლებში, 5.01.2018 წლის N6 დროებითი შენახვის აქტით წარმოდგენილი მისი კუთვნილი საქონლის გატანა.

 

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:

 

შეგებებული სარჩელით მოსარჩელის განმარტებით, ს----------–-----------–-----------------სა და შპს ''ც--''-ს შორის 25.10.2017 წელს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N6-- ხელშეკრულება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს----------–-----------–-----------------ს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ხელშეკრულებით და ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული საქონლის საწვავ საპოხი ლიტას შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 23 471.8048 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 05.07.2018 წლის N6--/3 შეთანხმების ოქმით განისაზღვრა 2018 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით. ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში (2017 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით) მიეწოდებინა საქონელი, ხოლო 11.9 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს გადასცეს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი. ამავე ხელშეკრულების 11.7 პუნქტის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე ყველა ქონებრივი უფლება საქონელზე ეკუთვნის მიმწოდებელს და პასუხისმგებელია მის შემთხვევით დაღუპვაზე ან დაზიანებაზე, ხოლო 11.1 და 11.3 პუნქტების მიხედვით მიმწოდებლის მიერ საქონლის გადაცემა და შემსყიდველის მიერ მისი მიღება დასტურდება ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით და საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენს საქონლის საბოლოოდ მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს და არ წარმოშობს ანგარიშსწორების ვალდებულებას.

 

ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ პირობებს, ხოლო მე-9 პუნქტის მიხედვით საქონლის ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ამ ხელშეკრულებისა და შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს, პარამეტრებს და წარმოდგენილ ნიმუშს. კერძოდ, წარმოდგენილი ტექნიკური პირობის TU 38.101.808-90-ის 1.3. პუნქტის მიხედვით, საცხის შეფუთვა და მარკირება უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტს ''ГОСТ 1510-84''-ის, რომლის 2.10 პუნქტში მითითებულია, რომ ტარის ნავთობპროდუქტით შევსების შემდგომ, მისი კონსტრუქციის და სახეობის გათვალისწინებით, ნავთობპროდუქტზე არსებული ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად ჰერმეტულად უნდა დაიხუროს დასაგმანი საშუალებით.

 

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, 2017 წლის 25 ოქტომბრის N6-- ხელშეკრულების საფუძველზე შპს ''ც--''-ის მიერ პლასტმასის ჭურჭლით მოწოდებული იქნა საპოხი ლიტა. საპოხის შეფუთვა ვერ აკმაყოფილებს სტანდარტის ''ГОСТ 1510-84''-ის 2.4 პუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ, სტანდარტის მიხედვით საქართველოსათვის (სტანდარტის დანართი N3) ნავთობპროდუქტები შეფუთული უნდა იყოს მეტალის ტარაში, ფანერის ბარაბნებში ან ხის კასრებში პოლიეთილენის ჩანართებით. შესაბამისად, შემსყიდველმა გამოიყენა ხელშეკრულების 11.6 პუნქტით გათვალისწინებული უფლება და უარი განაცხადა მის მიღებაზე. უფრო მეტიც, მოპასუხეს ეთხოვა მისი უკან გატანა, რაც დღემდე არ განუხორციელებია. იმის გამო, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარისხის საქონლის მიწოდება, ხელშეკრულების 16.8 პუნქტის თანახმად, 31.08.2018 წლის N6---- აქტით მას დაეკისრა სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 4694.36 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა. მოსარჩელის განმარტებით, პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინება, მაგრამ თანხა დღემდე არ არის ანაზღაურებული. ამდენად, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით ითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს თანხის გადახდის დაკისრებას.

 

4. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

 

4.1. მოპასუხემ შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი არ ეთანხმება ს----------–-----------–-----------------ს მოთხოვნას შპს ''ც--''-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 4 694.36 ლარის გადახდა. მოპასუხის განმარტებით, ს----------–-----------–-----------------მ 2018 წლის 31 აგვისტოს მიიღო აქტი N6---- პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, რომლითაც შპს ''ც--''-ს დააკისრა - 4 694.36 ლარის (ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის ოდენობით) ჯარიმა, ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულ იქნა, რომ შპს ''ც--''-მა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდება (ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2018 წლის 25 აგვისტოს 8----- წერილი), ხოლო სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-16 მუხლის მე-8 პუნქტი, კერძოდ გარემოება, მიმწოდებელმა არ შეასრულა არსებული ვალდებულება.

 

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-16 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების ნაწილობრივ (არაჯეროვნად) შესრულებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 10%-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის, პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1. პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულების მე-14 მუხლის 14.2. პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გზით. შეთანხმების შემთხვევაში, გადავადებულ პერიოდზე მხარეს არ დაეკისრება პირგასამტეხლო.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N6-- გაფორმდა 2-17 წლის 25 ოქტომბერს და მისი 22-ე მუხლის 22.1. პუნქტის თანახმად, ძალაში შევიდა მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერის დღიდან. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის 5 თებერვლის ჩათვლით. მოპასუხეს პროდუქცია მოსარჩელისთვის უნდა მიეწოდებინა 2017 წლის 3 დეკემბრის მდგომარეობით, თუმცა მიწოდების პროცესში შექმნილი ცალკეული სირთულეების გამო, მოპასუხემ მოსარჩელეს დაუყოვნებლივ აცნობა. მხარეთა შორის არსებობდა მუდმივი კომუნიკაცია.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს პროდუქცია მიაწოდა 2018 წლის 15 იანვარს, თუმცა მოსარჩელეს არ წარმოშობია მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა 15 იანვრის მდგომარეობით, ვინაიდან ამის იურიდიული საფუძვლები არ არსებობდა, თანახმად ხელშეკრულების მე-14 მუხლის 14.2. პუნქტისა, რომელიც ადგენს - ''თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულებების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით. შეთანხმების შემთხვევაში, გადავადებულ პერიოდზე მხარეს არ დაეკისრება პირგასამტეხლო''.

 

მოპასუხის განმარტებით, მის მიმართ მოსარჩელეს პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა გაუჩნდა მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც სამინისტროს სამართლებრივი პრეტენზიების გამო, 2018 წლის 8 აგვისტოს მოპასუხემ სარჩელი აღძრა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა თანხის დაკისრება შესრულებული ვალდებულების გამო. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მხარეები პროდუქციის მიღება-ჩაბარების ეტაპამდე შეთანხმდნენ პროდუქციის მიწოდების დაგვიანების საკითხებზე არ გამოთქმულა პრეტენზია, პირგასამტეხლოს გამოყენება იმის გამო, რომ თითქოსდა კომპანიამ ვერ შეასრულა ვალდებულებები, სრულიად გაუმართლებელია. სასამართლო სწორედ ვალდებულების შესრულების საკითხზე მსჯელობს და აღნიშნული საკითხი უნდა იქნეს განხილულ და გადაწყვეტილი კეთილსინდისიერი მხარის სასარგებლოდ. შესაბამისად, მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის პოზიცია სრულიად უსაფუძვლოა და შეიცავს სამართლებრივ ხარვეზებს, ამდენად, შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1.1. 2017 წლის 25 ოქტომბერს ს----------–-----------–-----------------ს და შპს ''ც--''-ს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N6--.ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ს----------–-----------–-----------------ს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში ხელშეკრულებითა და ხელშკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული საქონლის შესყიდვა. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა - 23 471.8048 ლარს.

 

ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველი იღებდა ვალდებულებას გადაეხადა მიმწოდებლისათვის საქონლის ღირებულება ამ საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 20 სამუშაო დღის ვადაში, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საფუძველზე. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული საქონელი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ სტანდარტებს.

 

ხელშეკრულების 8.1. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ხელშეკრულების 8.4. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოწოდებული პროდუქცია უნდა იყოს ახალი მეტალის ან პლასტმასის ჭურჭელში (გარდა საავიაციო პროდუქციისა, საავიაციო პროდუქცია მოწოდებულ უნდა იქნეს ახალი მეტალის ჭურჭელით) ქარხნული წესით დამზადებული.

 

ხელშეკრულების მე-9 პუნქტით საქონლის ტექნიკური მახასიათებლები და ხარისხი ერთდროულად უნდა შეესაბამებოდეს ამ ხელშეკრულებისა და შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებს, პარამეტრებს და წარმოდგენილ ნიმუშს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

ხელშეკრულების 10.1. პუნქტის თანახმად, მოწოდებული პროდუქციის შენახვის ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას უნდა იყოს გამოშვებიდან არანაკლებ 80%.

 

ხელშეკრულების 10.4. პუნქტის თანახმად, საქონლის წუნში იგულისხმება უფლებრივი ან/და ნივთობრივი ნაკლი, ქარხნული წუნი, ნორმალური ექსპლუატაციის ან/და შენახვის პირობებში ხელშეკრულებით განსაზღვრული მახასიათებლების ან სხვა საექსპლუატაციო თვისებების დაკარგვა და ა.შ.

 

ხელშეკრულების 11.1 პუნქტით, მიმწოდებლის მიერ საქონლის გადაცემა და შემსყიდველის მიერ მისი მიღება დასტურდება ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით.

 

ხელშეკრულების 11.3 პუნქტის თანახმად, საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენს საქონლის საბოლოოდ მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს და არ წარმოშობს ანგარიშსწორების ვალდებულებას.

ხელშეკრულების 11.4 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია დროებით შენახვაზე მიღებული საქონლის ნიმუშები, ხოლო პარტიებად მიწოდებულ საქონელზე, ყოველი პარტიიდან მიწოდებული საქონლის ნიმუშები, ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, საქონლის დროებით შენახვაზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს შემსყიდველთან შეთანხმებულ შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში საქონლის ნიმუშების ტრანსპორტირების და საექსპერტო კვლევის ხარჯებს იხდის მიმწოდებელი.

 

ხელშეკრულების 11.6 პუნქტით, შემსყიდველი უფლებამოსილია, განაცხადოს უარი საქონლის ან მისი ნაწილის მიღებაზე და მათ ანაზღაურებაზე, თუ: 11.6.1. იგი უხარისხოა (მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის შეუსაბამო); ან/და 11.6.2. მიწოდებულია ხელშეკრულებაში ან/და მოთხოვნაში (შეკვეთაში) მითითებულ რაოდენობაზე მეტი ოდენობით (ნამეტის ფარგლებში); ან/და 11.6.3. მიწოდებულია ხელშეკრულებაში ან/და მოთხოვნაში (შეკვეთაში) მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები; ან/და 11.6.4. სრული მოცულობით არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; ან/და 11.6.5. ხარვეზების გამოსწორება შეუძლებელია; ან/და 11.6.6. მიწოდებულია მიწოდების ვადის გასვლის შემდგომ; ან/და 11.6.7. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

ხელშეკრულების 11.9 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელი ვალდებულია, გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის) საქონელი.

 

ხელშეკრულების 14.2. პუნქტით, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების შესახებ, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით. შეთანხმების შემთხვევაში გადავადებულ პერიოდზე მხარეს არ დაეკისრება პირგასამტეხლო.

 

ხელშეკრულების 15.2. პუნქტის თანახმად, თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.

 

ხელშეკრულების 16.1.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქონლის მიუწოდებლობისათვის (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ხელშეკრულების 16.4.2. პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვის მიუხედავად, შემსყიდველი უფლებამოსილია: მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმოს საქონლის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც შეესაბამება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო საქონლის იმ ნაწილზე, რომელიც არ შეესაბამება ამ ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს დაარიცხოს პირგასამტეხლო ამ მუხლის შესაბამისად.

 

ხელშეკრულების 16.5 პუნქტით, შემსყიდველის მიერ შესყიდვის ობიექტის ღირებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და პირობებით მიმწოდებლისათვის გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს დააკისროს შემსყიდველს პირგასამტეხლოს გადახდა, გადაუხდელი თანხის 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე.

 

მხარეებმა ხელშეკრულებით ასევე გაითვალისწინეს ხელშეკრულების შეწყვეტის წესი.

კერძოდ, ხელშეკრულების 17.1. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება შეიძლება ვადამდე შეწყდეს: ნებისმიერი მხარის ინიციატივით, ცალმხრივად, თუ მეორე მხარე არ/ან არაჯეროვნად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, რის თაობაზეც ამ მეორე მხარეს წერილობით მიეცა გაფრთხილება და ამ დარღვევის გამოსასწორებლად მიეცა დამატებითი ვადა. ამასთან, დამატებითი ვადა შეიძლება არ მიეცეს, თუ აშკარაა, რომ მას შედეგი არ ექნება, ან ვალდებულების არ ან არაჯეროვნად შესრულების გამო შეწყვეტის ინიციატორ მხარეს ხელშეკრულების საგნისადმი ინტერესი ეკარგება, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

 

ხელშეკრულების შეწყვეტა (მათ შორის, ვადის გასვლის გამო შეწყვეტა) არ ათავისუფლებს მხარეებს: ა) იმ ვალდებულებების შესრულებისაგან, რომლებიც ხელშეკრულების შეწყვეტამდე წარმოიშვა და კანონის შესაბამისად უნდა შესრულდეს ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე ან/და მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებით საშუალებად გამოიყენება (ამ მოთხოვნის არსებობის პერიოდში); ბ) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ვალდებულებისაგან (ზიანის არსებობის შემთხვევაში).

 

ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2018 წლის 5 თებერვლის ჩათვლით. თუმცა ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში რამოდენიმეჯერ მოხდა ცვლილების შეტანა, ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან მიმართებით და საბოლოოდ 2018 წლის 5 ივლისს მხარეთა შეთანხმებით შეტანილ იქნა ცვლილება ხელშეკრულების 22.1. პუნქტში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2018 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით.

 

5.1.2. 2018 წლის 15 იანვარს მხარეებმა გააფორმეს დროებითი მიღება-ჩაბარების აქტი N6, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ ს----------–-----------–-----------------სა და შპს ,,ც--“-ს შორის 2017 წლის 25 ოქტომბრის N6-- ხელშეკრულების პირობების თანახმად, 2018 წლის 15 იანვარს თ-----–-----------------------–--------–----------- ცენტრის (აღმოსავლეთი) საწვავ-საპოხი მასალების განყოფილებაში, შპს ''ც--''-დან შემოტანილი ზედდებულებით ელ-0--------- და დროებით დასაწყობებული იქნა (ა/მანქანა მერსედესი W------) საპოხი ''ლიტა'' - 121 პლასტმასის ბიდონი, 10 კგ-იანი.

 

აქტში მითითებულია, რომ დაცლისას აღმოჩნდა, რომ 86 ცალ ბიდონზე ლუქი არ იყო დარღვეული, ხოლო 33 ცალ ბიდონზე ლუქი იყო დარღვეული და 2 ცალი ბიდონი იყო დაზიანებული (გატეხილი). ზემოთ აღნიშნული საპოხი ''ლიტა''-ს რაოდენობა აღებული იქნება შემოსავალში ექსპერტიზის (ლაბორატორიული შემოწმების) დასკვნის მიღების შემდეგ. ბიდონის ეტიკეტირებაზე მითითებულია: პროდუქციის დასახელება, მწარმოებელი ქვეყანა, დამზადების წელი, შენახვის ვადა, პარტიის ნომერი და პროდუქციის წონა.

 

5.1.3. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 თებერვლის აქტით დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ დადგენილია, რომ 2018 წლის 12 თებერვალს ქ. თბილისში, ქ--------------ში ს----------–-----------–-----------------ს საწვავ-საპოხი მასალების განყოფილების საცავში ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტების მიერ დათვალიერდა საპოხის ''ლიტა'' (TU 38.101.808-90, პარტია N10.09.09.2017) 10 კგ. ტევადობის პოლიმერული მასალის - 121 ცალი ბიდონი (სათლი) და დადგინდა, რომ:

02 ცალი ბიდონის მთლიანობა დარღვეულია (გატეხილია);

35 ცალი ბიდონი ნაწილობრივ დაზიანებულია (მომძვრალი აქვს პოლიმერული მასალის დეტალი წარწერით ''OPEN'');

84 ბიდონს შენარჩუნებული აქვს პლიმერული დეტალი წარწერით ''OPEN'', რომელიც ვერ უზრუნველყოფს ბიდონის ხუფზე არსებული სალტის ჩაკეტვას და თავსახურის ახდის შედეგადაც შესაძლოა დარჩეს მიმაგრებული ბიდონზე. შემთხვევითი შერჩევის წესით აღებულ სამ ბიდონს თავსახური ეხდება და ეხურება დაზიანების გარეშე. ზემოაღნიშნული დაკვირვების შედეგი გავრცელებული იქნა დანარჩენ ბიდონებზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასაქონლო და ნავთობპროდუქტების ექსპერტების მიერ მიზანშეწონილად არ ჩაითვალა გაერთიანებული ნიმუშის აღება, რის გამოც საქმე დაბრუნდა შეუსრულებელი.

 

დასკვნაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ დამკვეთის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური პირობის TU 38.101.808-90-ის 1.3. პუნქტის მიხედვით, საცხის შეფუთვა და მარკირება უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტს ''ГОСТ 1510-84 Нефт и нефтепродукты. Маркировка, упаковка, транспортирование и хранение'', რომლის 2.10. პუნქტში მითითებულია, რომ ტარის ნავთობპროდუქტით შევსების შემდგომ, მისი კონსტრუქციის და სახეობის გათვალისწინებით, ნავთობპროდუქტზე არსებული ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად ჰერმეტულად უნდა დაიხუროს დასაგმანი საშუალებით. რაც შეეხება ბიდონების ქარხნული წესით შეფუთვის დადგენას, აღნიშნული საკითხი სცილდება ნავთობპროდუქტების და სასაქონლო ექსპერტიზის კომპეტენციას.

 

5.1.4. სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 26 აპრილის დასკვნით დგინდება, რომ საპოხი ''ლიტას'' შეფუთვა (პოლიმერული მასალისაგან დამზადებული ტარა) ვერ აკმაყოფილებს სტანდარტის ГОСТ 1510-84-ის 2.4. პუნქტის მოთხოვნებს. კვლევის ობიექტის შეფუთვასთან დაკავშირებულ დანარჩენ მახასიათებლებზე კვლევის ჩატარება სასაქონლო ექსპერტის მიერ მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული.

 

2018 წლის 15 თებერვალს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ პირველადი ექსპერტიზის ფარგლებში გაცემული აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ, სადაც მითითებულია, რომ ა/წ 12 თებერვალს, ქ. თბილისში, ქ--------------ში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საწვავ-საპოხი მასალების განყოფილების საცავში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ ბიდონებში არსებული საპოხი ''ლიტა'' ვერ იდენტიფიცირდა ერთ პარტიად, რის გამოც გაერთიანებული ნიმუშის აღება სტანდარტის ГОСТ 2517 მიხედვით ვერ მოხერხდა.

 

2018 წლის 21 მარტის მომართვით, შპს ''ც--''-ს მიერ დამატებითი ექსპერტიზის ფარგლებში შემოტანილი დოკუმენტაცია, ასევე არ იძლევა საშუალებას საპოხი ''ლიტას'' ერთ პარტიად იდენტიფიცირებაზე.

 

სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის ნა----–---------–----ს დამატებით ჩატარებული კვლევით ასევე დადგინდა, რომ საპოხი ''ლიტას'' შეფუთვა (პოლიმერული მასალისგან დამზადებული ტარა) ვერ აკმაყოფილებს სტანდარტის ''ГОСТ 1510-84-ის'' 2.4. პუნქტის მოთხოვნებს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გაერთიანებული ნიმუშის აღება სტანდარტის ''ГОСТ 2517-2012-ის'' მიხედვით და საწვავ-საპოხი მასალის პარტიისათვის ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენა შეუძლებელია.

 

5.1.5. დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ შპს ''ც--''-ის წარმომადგენლებმა მიმართეს წერილობით საქართველოს თავდაცვის სამინიტროს და მოითხოვეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა, თუმცა ს----------–-----------–-----------------მ უარი განაცხადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე.

 

5.1.6. დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ტვირთი ინახება ს----------–-----------–-----------------ს საწვავ-საპოხი მასალების ცენტრალურ საწყობში.

 

5.1.7. დადგენილია, რომ 2018 წლის 31 აგვისტოს აქტი N6-----ის საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით, რაც შეადგენს - 4 694.36 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 27-32);

- დროებითი მიღება-ჩაბარების აქტი N6 (ს.ფ. 33).

- 2018 წლის 15 თებერვლის აქტი დასკვნა (ს.ფ. 37-40).

- 26.04.2018 წლის ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 46-48).

- 31.08.2018 წლის აქტი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ (ს.ფ. 66).

- შეთანხმების ოქმები (ს.ფ. 86; 141-142).

- 25.09.2018 წლის პატაკის ასლი, 19.10.2018 წლის წერილის ასლი (ს.ფ. 154-155).

- მიმართვა მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოერის შესახებ (ს.ფ. 221-222).

- 2018 წლის 5 ივლისის აქტი N218 (ს.ფ. 223-224).

 

5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის და შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ''ც--''-ის მიერ ს----------–-----------–-----------------სათვის 2017 წლის 25 ოქტომბრის N6-- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საფუძველზე ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით მიწოდებულია პროდუქციის ნაწილი, რამდენადაც მიწოდებული პროდუქციიდან 84 ცალი ბიდონი საპოხი ''ლიტა'' მიწოდებულია ხელშეკრულების პირობების დაცვით, ხოლო 35 ცალი ბიდონი დაზიანებულია (მათ შორის 2-ის მთლიანობა დარღვეულია, ხოლო 33 დაზიანებული).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომელიც ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მოცემულ შემთხვევაში თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სსიპ - ლევან სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დგინდება, რომ ს----------–-----------–-----------------სთვის მიწოდებული პროდუქციის ნაწილი 35 ცალი ბიდონი დაზიანებულია და არ შეესაბამება ტექნიკურ მოთხოვნებს.

 

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 11.6.1 პუნქტით, შემსყიდველი უფლებამოსილია, განაცხადოს უარი საქონლის ან მისი ნაწილის მიღებაზე და მათ ანაზღაურებაზე, თუ: იგი უხარისხოა (მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის შეუსაბამო).

 

საქმის მასალებით, კერძოდ, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგენილია, რომ 02 ცალი ბიდონის მთლიანობა დარღვეულია (გატეხილია).

 

35 ცალი ბიდონი ნაწილობრივ დაზიანებულია (მომძვრალი აქვს პოლიმერული მასალის დეტალი წარწერით ''OPEN'').

 

ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მის მიერ მიწოდებული პროდუქციის ზემოთ აღნიშნული ნაწილის შესაბამისობა ხელშეკრულების მოთხოვნებთან.

 

5.2.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ''ც--''-ს მიერ მიწოდებული პროდუქციიდან 84 ცალი ბიდონი საპოხი ''ლიტა'' მიწოდებულია ხელშეკრულების პირობების დაცვით, ხოლო მყიდველმა ვერ დაადასტურა, რომ ნასყიდობის საგანი ამ ნაწილში ნაკლის მქონეა.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად საქმეში შპს ''ც--''-ს მიერ წარმოდგენილია პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის საინფორმაციო წერილი (იხ.ს.ფ.215-216), ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების დასკვნა (იხ.ს.ფ. 217), რომელშიც აღნიშნულია, რომ მიწოდებული პროდუქცია შეესაბამება ტექნიკურ პირობებს და მის მიერ ასევე წარმოდგენილი მიწოდებული პროდუქციის ტექნიკური პირობა NTY 38.101.808.90 პლასტიკურ საცხზე ''ლიტა'' (იხ.ს.ფ. 210-214) და საპოხი ''ლიტას'' პასპორტი N3--- (იხ.ს.ფ. 236-237).

 

პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის შპს ''-----''-ის 2018 წლის 26 თებერვლის წერილით დგინდება, რომ 2017 წლის მეოთხე კვარტალში შპს ''ც--''-მა შეიძინა მათი წარმოებული პლასტმასებში დაფასოებული (პლასტმასის ვედროები 10 კგ-იანი - 121 ც.) პროდუქცია ТУ38.101808-90-ის მიხედვით -1210 კგ. რაოდენობით.

 

საინფორმაციო წერილით (იხ.ს.ფ. 215-216) დგინდება შემდეგი: შპს ''ც--''-ის მიერ შეძენილი თითოეული პლასტმასის ვედროს შეფუთვა და შემადგენლობა (121ც.) მთლიანად შეესაბამება ТУ38.101808-90-ის მოთხოვნებს - 1.3. ქვეპუნქტს ''საპოხის შეფუთვას და მარკირებას აწარმოებენ ГОСТ 1510-84-ის'' შესაბამისად, ასევე შეესაბამება ГОСТ-ის ზემოხსენებულ 2.10. ქვეპუნქტს ''ნავთობპროდუქტით შევსების შემდეგ ტარას ჰერმეტულ სახურავს უკეთებენ თავის დასაცობი საშუალებების მეშვეობით ტარის კონსტრუქციისა და სახეობიდან გამომდინარე ნავთობპროდუქტის ნორმატიულ ტექნიკური დოკუმენტის შესაბამისად'' - ანუ ГОСТ 1510-84 არ მოითხოვს პროდუქციის ჰერმეტულ შეფუთვას, თუ ამას არ მოითხოვს ТУ (ტექნიკური პირობა). ამასთან, მწარმოებელმა დაადასტურა, რომ მათი წარმოების საპოხი ''ლიტა''-ს შეფუთვა, რომელიც შეისყიდა შპს ''ც--''-მ, პროდუქციის სახეობიდან გამომდინარე არ მოითხოვს ჰერმეტულ შეფუთვას ТУ38.101808-90-ის მოთხოვნების შესაბამისად.

 

მწარმოებელმა კომპანიამ აღნიშნული წერილით დაადასტურა, რომ მათი წარმოების საპოხი ''ლიტა''-ს შეფუთვა, რომელიც შეისყიდა შპს ''ც--''-მ, პროდუქციის სახეობიდან გამომდინარე არ მოითხოვს ჰერმეტულ შეფუთვას ТУ38.101808-90-ის მოთხოვნების შესაბამისად. ზემოაღნიშნული საინფორმაციო წერილის შინაარსს ასევე დაეთანხმნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების პროფესორები, რომლებმაც დასკვნაში აღნიშნეს, რომ ტექნიკურ პირობებში არ არის ცალსახად მოთხოვნილი საპოხი მასალის ჰერმეტულად შეფუთვის აუცილებლობა და გადამისამართებულია სახელმწიფო სტანდარტზე. მწარმოებლის მიერ გადმოგზავნილ წერილში კი ადასტურებენ, რომ პროდუქციის სახეობიდან და ტარას კონსტრუქციიდან გამომდინარე არ საჭიროებს ჰერმეტულ შეფუთვას და ამას არ ითხოვს ТУ38.101808-90-ის სტანდარტი (იხ.ს.ფ. 217).

 

საქმეზე წარმოდგენილია მიწოდებული პროდუქციის ტექნიკური პირობა TY 38.101.808.90, პლასტიკურ საცხზე ''ლიტა'' 3.1. პუნქტში მითითებულია, რომ საცხს იღებენ პარტიებად, პარტიად ითვლება ნებისმიერ რაოდენობის ერთგვაროვანი თვისობრივი მახასიათებლის მქონე საცხი, რომელსაც თან ერთვის ხარისხის დამადასტურებელი ერთი დოკუმენტი, გაფორმებული გოსტ 1510-84-ის შესაბამისად, ხოლო 3.2. პუნქტის თანახმად, საცხის თითოეული პარტია გადის მიღება-ჩაბარების გამოცდას წინამდებარე ტ.პ. ცხრილის მოთხოვნების მოცულობით (იხ.ს.ფ. 210-214). ამასთან, პროდუქციის ტექნიკური პირობა TY 38.101.808.90 5.1. პუნქტის მიხედვით დგინდება, რომ საცხის ტრანსპორტირებას და შენახვას ახორციელებენ გოსტ 1510-84-ის თანახმად, ხოლო 6.1. პუნქტის მიხედვით, დამამზადებელი იძლევა საცხის წინამდებარე ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის გარანტიას მომხმარებლის მიერ მისი ტრანსპორტირებას და შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაში.

 

საქმეზე ასევე წარმოდგენილია ასევე საპოხი ''ლიტას'' პასპორტი N3--- (იხ.ს.ფ. 236-237), რომლის მიხედვით დგინდება, რომ საპოხი ''ლიტა'' TY 38.101.808.90, შესაბამისობის დეკლარაცია NTC N RU D-RU.AY04.B.35077, გაცემულია საგამოცდო ლაბორატორია ''სპ--------------ის'' მიერ.

 

ამასთან, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, დასაშვები იყო ზემოაღნიშნული პროდუქციის პლასტმასის ჭურჭლით მიწოდება. ასევე საგულისხმოა ის გარემოება, რომ შპს ''ც--''-მ მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნის ჩატარების მოთხოვნით, თუმცა მათ მიერ კატეგორიული დასკვნის გაცემა არ მომხდარა, რომელშიც ცალსახად და ცხადად იქნებოდა მითითებული, რომ პროდუქცია არ შეესაბამებოდა ტექნიკურ მოთხოვნებს და რა გარემოებები იძლევა ამ დასკვნის გაკეთების საკმარის და სარწმუნო საფუძველს.

 

ესქსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ საპოხი ''ლიტას'' ტარა არ შეესაბამება ტექნიკურ მოთხოვნებს, თუმცა დასკვნები არ შეიცავს აღნიშნულის დამადასტურებელ მსჯელობას და საფუძვლებს, რასაც შპს ''ც--''-მა დაუპირისპირა მწარმოებელი კომპანიის საინფორმაციო წერილი, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების მიერ შედგენილი დასკვნა, თავად მიწოდებული პროდუქციის ტექნიკური პირობა და მიწოდებული პროდუქციის პასპორტი, ამასთან, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ თავად საპოხი ''ლიტას'' ხარისხზე კვლევა ჩატარებული არ არის, მოპასუხის მიერ მიწოდებული პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებელი სადავოდ არ გამხდარა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 27-32);

- 2018 წლის 15 თებერვლის აქტი დასკვნა (ს.ფ. 37-40).

- საინფორმაციო წერილი (ს.ფ. 42-43).

- 20.03.2018 წლის დასკვნა (ს.ფ. 44).

- 26.04.2018 წლის ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 46-48).

- პროდუქციის ტექნიკური პირობა (იხ.ს.ფ. 210-214)

- საპოხი ''ლიტას'' პასპორტი N3--- (იხ.ს.ფ. 236-237).

 

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.

 

ამასთან, ნაკლის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მყიდველს. თუ იგი სარწმუნო მტკიცებულებით ვერ დაადასტურებს რომ პროდუქცია არ შეესაბამება ხელშეკრულების პირობებს, მიიჩნევა, რომ ნასყიდობის საგანი ნაკლის არმქონეა და მყიდველს ეკისრება ნასყიდობის საფასურის გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ შემსყიდველმა, კერძოდ, ს----------–-----------–-----------------მ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოებები. ამდენად, სასამართლო შპს ''ც--''-ის მიერ ს----------–-----------–-----------------სათვის შეთანხმებული პირობებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შეუსაბამო შესყიდვის ობიექტის მიწოდების ფაქტს დადასტურებულად ვერ მიიჩნევს. კერძოდ, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ არ დადასტურდა 84 ცალი ბიდონი საპოხი ''ლიტას'' ნაწილში ნაკლის მქონე პროდუქციის მიწოდების ფაქტი, რის გამოც ს----------–-----------–-----------------ს უნდა დაეკისროს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება.

 

5.2.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ''ც--''-ს მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.

 

კერძოდ, გადაწყვეტილების 5.2.1. და 5.2.2 პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს პირგასამტელოს დაკისრების საფუძველი, თუმცა საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მიერ დარიცხული ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 20%-ის ოდენობით წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს, რომელიც უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით მსჯელობა მოცემული იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

6.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ შპს ''ც--'' სარჩელი და ს----------–-----------–-----------------ს შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-420-ე, 477-ე, 487-ე-488-ე, მუხლებით.

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 477-504-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მყიდველსა და გამყიდველს გააჩნიათ.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა ნასყიდობის (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ) ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მყიდველს ნივთი, ხოლო მყიდველის მიიღოს იგი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი. ყოველი კონკრეტული ქმედება ვალდებულებითი ურთიერთობის შემწყვეტ შესრულებად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია, მოვალემ კრედიტორის წინაშე ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა, კერძოდ, სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეების მიერ ნაკისრი უფლება-მოვალეობების ანალიზი ცხადყოფს, რომ ნივთის მიწოდების მტკიცების ტვირთი გამყიდველს ეკისრება, ხოლო საზღაურის გადახდის მყიდველს, ასევე მყიდველზე მოდის ნაკლის მქონე ნივთის გამყიდველის მიერ მიწოდების ფაქტის მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს "ც--"-მა ს----------–-----------–-----------------ს მიაწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი, ხოლო მოპასუხეს წარმოეშვა მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 5.2.1. და 5.2.2. პუნქტებით, ნაწილობრივ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მიწოდებული საქონლის ხარისხის ნაკლის შესახებ. კერძოდ, მიწოდებული საპოხი ''ლიტა''-ს 35 ბიდონი მიიჩნია ნაკლის მქონედ, ხოლო 84 ბიდონთან მიმართებით მიიჩნია, რომ ნაკლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების შესაბამისად, დადგენილია, რომ მოპასუხისათვის მიწოდებული საქონელი ზუსტ შესაბამისობაშია შეთანხმებით გათვალისწინებული საქონლის ხარისხთან. ხარისხთან დაკავშირებით სხვა მოთხოვნა მხარეთა შორის არ ყოფილა შეთანხმებული. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ შპს "ც--"-მა 84 ცალი ბიდონის ნაწილში მოპასუხეს მიაწოდა ნივთობრივად უნაკლო საქონელი.

 

სასამართლო სადავო საკითხის სწორი ანალიზის მიზნით, საჭიროდ მიიჩნევს, შეაფასოს ხელშეკრულებით შეთანხმებული ნასყიდობის საგნის ხარისხის განმსაზღვრელი წესი. საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის ხარისხი უნდა დადასტურებულიყო შესაბამისი საექსპერტო დაწესებულების დასკვნით. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ასეთ საექსპერტო დაწესებულებას წარმოადგენდა სსიპ - ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველს ნასყიდობის საფასურის გადახდამდე ექსპერტიზის ჩატარების უფლებამოსილება გააჩნდა და არა ვალდებულება.

 

ხელშეკრულების ეს დებულება, სასამართლოს მოსაზრებით, უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მხედველობაში იქნას მიღებული მისი დანიშნულება და ის, თუ რა შედეგის მიღწევას ისახავდნენ მიზნად მხარეები ამ პირობებზე შეთანხმებისას, რადგანაც ხელშეკრულების დებულების უკრიტიკოდ გაზიარება ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

უდავოა ის ფაქტი, რომ შეთანხმებული მტკიცებულების წარდგენა ნასყიდობის საგნის ხარისხის განსაზღვრის მიზანს ემსახურება, თავის მხრივ, ნასყიდობის ხელშეკრულების სპეციფიკას წარმოადგენს უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება.

 

კანონმდებელი გვთავაზობს ნივთობრივი ნაკლის არაპირდაპირ დეფინიციას და 488-ე მუხლით ადგენს, რომ ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა; ხოლო, თუ ეს ხარისხი შეთანხმებული არ არის, მაშინ ნივთი ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ საექსპერტო დაწესებულების კვლევის შედეგებისადმი კონტრაჰენტის მაღალი სანდოობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, მხარეთა წინასწარი შეთანხმება სრულად ექცეოდეს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპით დაცულ სფეროში (სკ-ის 327-ე მუხლი), თუმცა, იმ ვითარებაში, როდესაც კვლევის ჩატარებას ვერ ახერხებს ექსპერტი გარკვეული მიზეზით, ეს გარემოება არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს გამყიდველს და წაერთვას შესაძლებლობა, სხვა სპეციალისტის/ექსპერტის მიერ ნაწარმოებ კვლევაზე დაყრდნობით ადასტუროს მოვალეობის ჯეროვანი შესრულების ფაქტი. კანონის სხვაგვარი განმარტება მიგვიყვანდა სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლით გარანტირებული კერძო ხასიათის ურთიერთობაში დამკვიდრებულ ''პირთა თანასწორობის'' პრინციპის უარყოფამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კატეგორიული დასკვნა იმის შესახებ, რომ მიწოდებული პროდუქციის ნაწილი - 84 ცალი ბიდონი საპოხი ''ლიტა'' არის ნაკლის მქონე, თუმცა არსებობს სპეციალისტთა გარკვეული ჯგუფის დასკვნა და ასევე თავად პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის წერილი, რომელიც მიუთითებს, რომ პროდუქცია შეთანხმებული ხარისხისაა და შეესაბამება ტექნიკურ სტანდარტებს (იხ. გადაწყვეტილების 5.2.2. პუნქტი).

 

რაც შეეხება თავად ხელშეკრულებას, ხელშეკრულების შინაარსი არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მიწოდებული პროდუქცია არ შეებამება ტექნიკურ პირობებს. კერძოდ, ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ შესაძლებელი იყო პროდუქციის მიწოდება განხორციელებულიყო პლასტმასის ჭურჭელში. ამასთან, იმ პირობებში როდესაც ნაკლის მქონე პროდუქტის მიღების მტკიცების ტვირთი შემსყიდველს ეკისრება, სასამართლო მიიჩნევს, რომ მყიდველმა ვერ გაართვა თავის მისი მტკიცების სფეროში შემავალი ფაქტების მტკიცების ტვირთს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ნასყიდობის საფასურის მყიდველისათვის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და შემსყიდველს უნდა დაეკისროს უნაკლო პროდუქციის ღირებულების - 16 294 ლარის ოდენობით ანაზღაურება, ხოლო ნაკლის მქონე პროდუქციის - 35 ცალი ბიდონის საპოხი ''ლიტას'' ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

აღნიშნული მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელის მოთხოვნა შპს ''ც--''-ათვის ს----------–-----------–-----------------ს ტერიტორიიდან 25.10.2017 წლის N6-- ხელშეკრულების ფარგლებში, 5.01.2018 წლის N6 დროებითი შენახვის აქტით წარმოდგენილი მისი კუთვნილი საქონლის გატანის შესახებ.

 

8.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე ვალდებულება არ აქვს შესრულებული ჯეროვნად. კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ იქნა სრულად შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებების მიხედვით მოპასუხეს დათქმულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით. დადგენილია, რომ ხელშეკრულების აღნიშნული დებულების შესაბამისად ს----------–-----------–-----------------მ შპს ''ც--''-ს დაარიცხა პირგასამტეხლო - 4694.36 ლარის ოდენობით.

 

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ''ც--''-მა ვალდებულება სრულად არ შეასრულა დათქმულ ვადაში ჯეროვნად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და შეუსრულებელი ნაწილის მოცულობის გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა.

 

პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია.

 

პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, კერძოდ მიწოდებული პროდუქციის ნაწილი, რომლის ღირებულებამ საერთო ჯამში შეადგინა - 7178 ლარი, აღმოჩნდა ნაკლის მქონე.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო თვლის, რომ ს----------–-----------–-----------------ს აქტი პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ კანონიერია და არ უნდა გაუქმდეს, თუმცა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება არაგონივრულია, რის გამოც, სასამართლო უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს სსკ-ის 420-ე მუხლით დადგენილი დისკრეციით და საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეუსრულებელი მოცულობის მხედველობაში მიღებით, მხარეს პირგასამტეხლოს სახით დააკისროს - 1000 ლარის გადახდა.

 

სახეზეა სარჩელისა და შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

9.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით. ვინაიდან, როგორც ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნა, ასევე შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეებს დაკმაყოფილებული მოთხოვნების პროპორციულად უნდა დაეკისროთ როგორც სასამართლო, ისე სასამართლოსგარეშე ხარჯების გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 268-ე, 269-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს "ც--"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე ს----------–-----------–-----------------ს მოსარჩელის შპს "ც--"-ს სასარგებლოდ დაეკისროს - 16 294 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ს----------–-----------–-----------------ს მოსარჩელე შპს "ც--"-ს სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის - 28 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 500 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე ს----------–-----------–-----------------ს მოსარჩელე შპს "ც--"-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 600 ლარის გადახდა.

 

5. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის ს----------–-----------–-----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5.1. მოპასუხე მხარეს შპს "ც--"-ს მოსარჩელე ს----------–-----------–-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის სახით - 1000 ლარის გადახდა.

 

5.2. შპს "ც--"-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 30 ლარის გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი