გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.03.2019
საქმის ნომერი
060210018002496053
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ 2 / 511-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. სამტრედია

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი ნათია ძაძამია

მოსარჩელე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - მ-------- კ--------;

მოპასუხე - გ------- მ-------–---–-;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1 მოპასუხე გ------- მ-------–---–- მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 500 ლარის გადახდა;

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით 2015 წლის 28 ივლისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გ------- მ-------–---–- შორის ვ---- მუნიციპალიტეტში, სოფელ შ-------–- მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 3-.0-.2-.0--) გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით. ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის შესაბამისად, მოიჯარის ვალდებულებას წარმოადგენდა, უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ხელშეკრულების დანართი N1–ის შესაბამისად, ხოლო ამავე ხელშეკრულების 3.1.7. მუხლის შესაბამისად კი უზრუნველეყო 3.1.1 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა ,,გამყიდველისათვის“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარდგენა, რაც არ იქნა შესრულებული მოპასუხის მიერ, შესაბამისად ამავე ხელშეკრულების 6.3 მუხლის შესაბამისად ეკისრება პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შეტყობინებებით მოიჯარე გ------- მ-------–---–- ეცნობა ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ, მაგრამ ვალდებულება არიქნა შესრულებული.

2.მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წლის 28 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო თანხა შეტანილ იქნა 2015 წლის 22 დეკემბერს. 2015 წლის 28 დეკემბრის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის წერილით დადასტურებულია მის მიერ ინფორმაციის წარდგენა. ამის შემდეგ 3 დღის დაგვიანებით კერძოდ 2016 წლის 0- თებერვალს მოხდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ინფორმაციის წარდგენა. აღნიშნული განპირობებული იყო ოჯახური მდგომარეობით, კერძოდ გარდაეცვალა ბებია, რის გამოც დათქმულ დროს ვერ მოხდა ინფორმაციის წარდგენა.

3.ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2015 წლის 28 ივლისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და გ------- მ-------–---–- შორის ვ---- მუნიციპალიტეტში, სოფელ შ-------–- მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ 3-.0-.2-.0--) გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2015 წლის 28 ივლისის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-2-);

-მოსარჩელის განმარტება (იხ. სარჩელი; 2018 წლის 26 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

3.1.2. ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის მიხედვით მოიჯარის ვალდებულებას წარმოადგენს უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა ხელშეკრულების დანართი N1–ის შესაბამისად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2015 წლის 28 ივლისის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-2-);

-მოსარჩელის განმარტება (იხ. სარჩელი; სასამართლო სხდომის ოქმი).

3.1.3 ხელშეკრულების 3.1.7. მუხლის შესაბამისად მოიჯარის ვალდებულებას წარმოადგენს 3.1.1 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, ყოველი კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა ,,გამყიდველისათვის“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2015 წლის 28 ივლისის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-2-);

-მოსარჩელის განმარტება (იხ. სარჩელი; სასამართლო სხდომის ოქმი).

3.1.4 ხელშეკრულების 8.1. მუხლის თანახმად მხარეები პასუხს არ აგებენ ,,ხელშეკრულების“ პირობების ან მისი რომელიმე მათგანის შეუსრულებლობისათვის, თუ ეს გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომით. ამასთან, ამ მუხლის მიზნებისათვის, ,,ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ,,მეიჯარის“ და/ან ,,მოიჯარის“ შეცდომებსა და დაუდევრობასთან, რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, ემბარგოს დაწესებითა და სხვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2015 წლის 28 ივლისის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-2-);

3.1.5. ხელშეკრულების 8.2. თანახმად მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ფორს-მაჟორული გარემოების დადგომიდან 10 (ათი) დღის ვადაში უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს შეტყობინება ასეთი გარემოებებისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ, ფორს-მაჟორის არსებობის თაობაზე სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს დამადასტურებელი ცნობის (წერილის) თანდართვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2015 წლის 28 ივლისის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-2-);

3.1.6 ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ,,მოიჯარეს“ ეკისრება პირგასამტეხლო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

-2015 წლის 28 ივლისის იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-2-);

-მოსარჩელის განმარტება (იხ. სარჩელი; სასამართლო სხდომის ოქმი).

3.1.7. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის 3- იანვარს №13/4648 წერილით მოიჯარეს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც ეცნობა იჯარის ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პირგასამტეხლოს შესახებ და განესაზღვრა აღნიშნული თანხის დასაფარად ვადა 2017 წლის 3- დეკემბრამდე, შეტყობინება 2017 წლის 01 თებერვალს ჩაბარდა მოიჯარეს პირადად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-.სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3- იანვრის №13/4648 წერილი (იხ.ს.ფ. 26-27 );

-საქართველოს ფოსტის ჩაბარება-არჩაბარების შეტყობინების ბარათი (იხ.ს.ფ. 28)

-მოსარჩელის განმარტება (იხ. სარჩელი; 2018 წლის 26 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

3.1.8. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2018წლის 29 იანვარს №13/4876 წერილით მოიჯარეს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც ეცნობა იჯარის ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პირგასამტეხლოს შესახებ და განესაზღვრა დაკისრებული პირგასამტეხლოს დასაფარად ვადა 15 კალენდარული დღე, შეტყობინება 2018 წლის 3- იანვარს ჩაბარდა მოიჯარეს პირადად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 29 იანვრის წერილი 13/4876 ( ს.ფ 29-30 )

-საქართველოს ფოსტის ჩაბარება-არჩაბარების შეტყობინების ბარათი (იხ.ს.ფ. 3-)

3.1.9. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 19 თებერვალს №13/9451 წერილით მოიჯარეს გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც ეცნობა იჯარის ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პირგასამტეხლოს შესახებ და განესაზღვრა დაკისრებული პირგასამტეხლოს დასაფარად ვადა 10 კალენდარული დღე, შეტყობინება 2018 წლის 22 თებერვალს ჩაბარდა მოიჯარეს პირადად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 19 თებერვლის წერილი 13/9451 ( ს.ფ 32-33)

-საქართველოს ფოსტის ჩაბარება-არჩაბარების შეტყობინების ბარათი (იხ.ს.ფ. 34)

 

3.1.10. მოიჯარე გ------- მ-------–---–-ს მიერ ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის მიხედვით დათქმულ ვადაში უზრუნველყოფილი იქნა ინფორმაციის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სოფლის მეურნეობის სამინისტროს N 7863/01 წერილი.

3.1.11. მოიჯარე გ------- მ-------–---–-- იჯარის ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარდგენა გამყიდველისათვის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა განმარტება (2018 წლის 26 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. გ------- მ-------–---–-ს მიერ დაირღვა იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

უდავოა, რომ მოიჯარე გ------- მ-------–---–-- იჯარის ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარდგენა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო, კერძოდ მას ინფორმაცია გამყიდველისათვის უნდა წარედგინა კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა 2016 წლის 30 იანვრამდე, ხოლო მის მიერ ინფორმაცია წარდგენილი იქნა 2016 წლის 0- თებერვალს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოპასუხე მხარემ თავის შესაგებელში მიუთითა, რომ მისი მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულდა გამოწვეული იყო ბებიის გარდაცვალების გამო და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიუთითა გარდაცვალების მოწმობაზე, რომლის თანახმადაც მისივე მითითებით ბებია გარდაიცვალა 2016 წლის 26 იანვარს. მოპასუხეს ხელშეკრულების 3.1.7. მუხლის შესაბამისად უნდა უზრუნველეყო 3.1.1 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით 2016 წლის 30 იანვრამდე ,,გამყიდველისათვის“ - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტაციის წარდგენა. მოპასუხის მიერ აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილი იქნა 2016 წლის 0- თებერვალს.

სასამართლო მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლად მითითებული გარემოება, კერძოდ, დოკუმენტაციის წარდგენა გამოწვეული იყო ბებიის გარდაცვალებით არ წარმოადგენს ფორსმაჟორს - ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელ ობიექტურ გარემოებას. ამასთან, მხარის მიერ სასამართლოსთვის ვერ იქნა წარმოდგენილი გარდაცვლილთან მისი ნათესაური კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება. ხელშეკრულების 8.1. მუხლის თანახმად მხარეები პასუხს არ აგებენ ,,ხელშეკრულების“ პირობების ან მისი რომელიმე მათგანის შეუსრულებლობისათვის, თუ ეს გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომით. ამასთან, ამ მუხლის მიზნებისათვის, ,,ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ,,მეიჯარის“ და. ან ,,მოიჯარის“ შეცდომებსა და დაუდევრობასთან, რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, ემბარგოს დაწესებათა და სხვა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა ჯეროვნად შესრულებული, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი, ხოლო განსახილველი ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-7-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მოიჯარის მიერ 2015 წლის 28 ივლისის იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად.

6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე გ------- მ-------–---–-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, კერძოდ გაყიდველისათვის დოკუმენტაციის წარდგენა მოხდა ვადის გადაცილებით. დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2016 წლის 30 იანვრამდე, ხოლო დოკუმენტაცია წარდგენილი იქნა 2016 წლის 0- თებერვალს. მითითებული დარღვევისათვის მხარეთა მიერ ხელშეკრულების 6.3. მუხლით განისაზღვრა პირგასამტეხლო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო მოცემული მიზნებისათვის მკაცრია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 300 ლარამდე.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-6-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობის მიზეზად მითითებული გარემოება წარმოადგენს საქმისათვის იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყოდა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს გ------- მ-------–---–- ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმოადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

განახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 2-3-2-4-ე, 2-7-2-9, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.2 მოპასუხე გ------- მ-------–---–- მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 300 ლარის გადახდა;

 

2. მოპასუხე გ------- მ-------–---–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახლმწიფო ბაჟის 50 ლარის ოდენობით გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა