გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.03.2019
საქმის ნომერი
330210018002499349
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/17960-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - ანი ჯაჭვაძე

 

მოსარჩელე - ს----------–----–---------------------------ო

წარმომადგენელი - თ---------------------ე

 

მოპასუხე - შპს ,,ტ--------ი“

წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი

 

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,ტ--------ს“ ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 15 616 ლარის ოდენობით;

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2017 წლის 2-----------ს ს----------–----–---------------------------ოსა და შპს ,,ტ--------ს“ შორის დაიდო N--- ხელშეკრულება სამზარეულოს ინვენტარის შესყიდვის შესახებ. მომწოდებელმა ვალდებულების ნაწილი შეასრულა ვადაგადაცილებით. კერძოდ, 2017 წლის 24 ოქტომბერს, ერთი დღის დაგვიანებით, ხოლო მეორე ნაწილი 2017 წლის 20 დეკემბერს, 58 დღის დაგვიანებით. ხელშეკრულებით განსაზღვრული ინვენტარის დარჩენილი ნაწილის მოწოდება კი, რომელის ღირებულებაც შეადგენს 10 740 ლარს მხარეს საერთოდ არ განუხორციელებია, რის გამოც 2018 წლის 29 იანვარს ს------------მ შეწყვიტა ხელშეკრულება და მოპასუხეს დააკისრა ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით 3200 ლარი და ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.4%-ის ოდენობით, რამაც ვადაგადაცილებულ 98 დღეზე შეადგინა 12544 ლარი; ვინაიდან მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა 128 ლარი, ვადაგადაცილებული დღეებისათვის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 12416 ლარის ოდენობით; ჯამში მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკიროს პირგასამტეხლო 15 616 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, გარდა ამისა, ს------------მ თავად არ მიიღო გარკვეული შესრულება, კერძოდ ზანდუკის ტიპის საყინულე მაცივარი (500ლ) და ზანდუკის ტიპის საყინულე მაცივარი (300ლ), იმ მიზეზით რომ მიწოდებული ქარხნული მონაცემები არ დაემთხვა მათი შემოწმების შედეგად მიღებულ ზომებს; რაც შეეხება - კარტოფილის სათლელ მანქანას, მისი მიუწოდებლობა განაპირობა ობიექტურმა გარემოებებმა, რის თაობაზეც ეცნობა ს------------ს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 2-----------ს ს----------–----–---------------------------ოსა და შპს ,,ტ--------ს“ შორის დაიდო N--- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ; შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა სამზარეულო ინვენტარი, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 32000 ლარს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულ იქნა სამზარეულო ინვენტარის მიწოდების ვადა 60 კალენდარული დღე. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულ იქნა მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.4%-ის ოდენობით (10.3 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტი); ხოლო 10.4 პუნქტით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შეთანხმებულ იქნა მიმწოდებლისათვის ჯარიმის დაკისრება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2017 წლის 2-----------ს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება (ს.ფ. 19-21);

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.2. მიმწოდებელმა ნაცვლად 2017 წლის 23 ოქტომბრისა, შემსყიდველ ორგანიზაციას შესყიდვის ობიექტი არასრულად მიაწოდა ერთი დღის დაგვიანებით 2017 წლის 24 ოქტომბერს; კერძოდ, შპს ,,ტ--------სა“ და მოსარჩელეს შორის დადებული 2017 წლის 24 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N--- ხელშეკრულების ფარგლებში ს----------–----–---------------------------ოს გადაეცა 5 ცალი ელექტრო მიქსერი - რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 3500 ლარს, ოთხი ცალი ოთხ ქურიანი ელექტრო ღუმელი, ჯამური ღირებულებით 11 800 ლარი და ორი ცალი ბოსტნეულის საჭრელი ელექტრო მანქანა - ღირებულებით 2980 ლარი;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2017 წლის 24 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 22-23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. 2017 წლის 06 ნოემბრის ს----------–----–---------------------------ოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, შპს ,,ტ--------ის“ მიერ ერთი დღის ვადაგადაცილებისთვის დარიცხული პირგასამტეხლო 128 ლარის ოდენობით, გადახდილ იქნა 2017 წლის 08 ნოემბერს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ს----------–----–---------------------------ოს წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 24-26);

- საგადასახადო დავალება (ს.ფ. 26);

 

3.1.4. 2017 წლის 20 დეკემბერს მიმწოდებელმა ნაცვლად 2017 წლის 23 ოქტომბრისა, 58 დღის დაგვიანებით მიაწოდა შემსყიდველ ორგანიზაციას ხელშეკრულების დანართის მე-4 პოზიციით განსაზღვრული ბოსტნეულის საჭრელი მანქანის დარჩენილი ორი ერთეული; ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისი ფასების ცხრილის პირველი, მეორე და მეხუთე პოზიციით განსაზღვრული ინვენტარის _ 500 ლიტრიანი ზანდუკის ტიპის საყინულე მაცივრის, 300 ლიტრიანი ზანდუკის ტიპის საყინულე მაცივრის და კარტოფილის საფცქვნელი ელექტრო მანქანის (თანხით ჯამში 10740 ლარი) მიწოდება კი საერთოდ ვერ უზრუნველყო;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ს----------–----–---------------------------ოს 25.12.17წ და 11.01.18წ მიმართვები (ს.ფ. 27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები) .

 

3.1.5. 2018 წლის 29 იანვრის წერილით ს----------–----–---------------------------ომ აცნობა მიმწოდებელ კომპანიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 მარტის განკარგულებით შპს ,,ტ--------ი“ 2018 წლის 15 მარტს დარეგისტრირდა შავ სიაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ს----------–----–---------------------------ომს 29.01.18წ მიმართვა (ს.ფ. 31-32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები) .

- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის განკარგულება (ს.ფ. 33-35);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

3.2.1. საქმის მასალებით არ დასტურდება ს------------ს მიერ შესრულების ნაწილის _ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური მახასიათებლების ფასების ცხრილის პირველი და მეორე პოზიციით განსაზღვრული ინვენტარის ( 500 და 300 ლიტრიანი ზანდუკის ტიპის საყინულე მაცივრების) მიღებაზე უარის თქმისა და ამავე ფასების ცხრილის მეხუთე პოზიციით განსაზღვრული კარტოფილის საფცქვნელი ელექტრო მანქანის, მიუწოდებლობის ობიექტური მიზეზების თაობაზე შემსყიდველი ორგანიზაციის ინფორმირებულობის ფაქტები;

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება კი, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა არსებობის ან არარსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს. საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი სწორედ მოპასუხე მხარის მიერ მითითებული არგუმენტაციის საწინააღმდეგოზე მეტყველებს;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები) .

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 400-ე, 417-418-ე, 420-ე, 477-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დროს, გარიგების ობიექტია ქონება, რომლის სანაცვლოდ და საკომპენსაციოდაც შემძენი იხდის ნასყიდობის ფასს.

 

უდავო გარემოებაა, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 2-----------ს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე კომპანიას შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა 32000 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების სამზარეულო ინვენტარი. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრულ იქნა შესყიდული სამზარეულო ინვენტარის ჩამონათვალი და მიწოდების ვადა 60 კალენდარული დღე.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.

 

დადგენილია, რომ მიმწოდებელმა ნაცვლად 2017 წლის 23 ოქტომბრისა, შემსყიდველ ორგანიზაციას შესყიდვის ობიექტის ნაწილი მიაწოდა ერთი დღის დაგვიანებით 2017 წლის 24 ოქტომბერს; ხოლო 2017 წლის 20 დეკემბერს 58 დღის დაგვიანებით მიაწოდა ხელშეკრულების დანართი N1-ის მე-4 პოზიციით განსაზღვრული ბოსტნეულის საჭრელი მანქანის დარჩენილი ორი ერთეული; ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისი ფასების ცხრილის პირველი, მეორე და მეხუთე პოზიციით განსაზღვრული ჯამში 10740 ლარის ინვენტარის (500 ლიტრიანი ზანდუკის ტიპის საყინულე მაცივარი, 300 ლიტრიანი ზანდუკის ტიპის საყინულე მაცივარი და კარტოფილის საფცქვნელი ელექტრო მანქანა) მიწოდება კი მოპასუხემ საერთოდ ვერ უზრუნველყო;

დადგენილია, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო, საქართველოს შნაგან საქმეთა ს------------მ ცალმხრივად შეწყვიტა მოპასუხესთან დადებული N--- ხელშეკრულება და შპს"ტ--------"-ს დააკისრა პირგასამტეხლო.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რომლის წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ხოლო მეორე ფუნქცია მისი მდგომარეობს განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად. ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკირება იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

2017 წლის 2-----------ს ს----------–----–---------------------------ოსა და შპს ,,ტ--------ს“ შორის დადებული N--- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 10.3 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად: მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდების, ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილების შემთხვევისათვის, გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.4%-ის ოდენობით; ხოლო 10.4 პუნქტით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლისათვის ჯარიმის დაკისრება ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით;

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ითხოვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს 15 616 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, საიდანაც 3200 ლარი წარმოადგენს ჯარიმას ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით, ხოლო 12544 ლარი პირგასამტეხლოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობისათვის, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.4%-ის ოდენობით ვადაგადაცილებულ 98 დღეზე;

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, დავის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს კი წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 0,4% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მისი, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციის, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათის, ვალდებულების დარღვევაში მხარის ბრალეულობის ხარისხისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, უნდა განისაზღვროს 0,02%-ის ოდენობით (6.4 ლარი) ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რაც ჯამში 98 დღეზე გამრავლებული შეადგენს 627.2 ლარს. აღნიშნულ თანხას უნდა გამოაკლდეს მოპასუხის მიერ ერთი დღის ვადაგადაცილებისთვის გადახდილი 128 ლარი და ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის შპს "ტ--------ს" გადასახდელად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 499.2 ლარის ოდენობით.

 

რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მოპასუხისათვის ჯარიმის სახით ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის დაკირებას, სასამართლო მიიჩნევს რომ მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაანგარიშება არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტს, რის გამოც პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან და უნდა განისაზღვროს 1074 ლარით (10740 ლარის 10%-ის ოდენობით), რაც სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონის თანახმად, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან. შესაბამისად, კონკრეტული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, შპს ,,ტ--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად 47.20 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ს----------–----–---------------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. 2017 წლის 2-----------ს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ტ--------ს“ ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 1573.20 ლარის ოდენობით.

 

3. შპს ,,ტ--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 47.20 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნინო მამულაშვილი