გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.03.2019
საქმის ნომერი
330210018002753115
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/35467-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 თებერვალი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - ანი ჯაჭვაძე

მოსარჩელე - ლ------ ა-----------ი

წარმომადგენელი - თ-------------–---–ი

მოპასუხე - ა------- ო--------ი

წარმომადგენელი - ნ-----------ე, მ--------–----------ა

დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ა------- ო--------ს ლ------ ა-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 1990 ლარის ოდენობით;

 

1.2. დაევალოს ა------- ო--------ს ქ.თბილისში, ბ------------–--–----------ში ლ------ ა-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიმდებარედ, მიჯნის ზონიდან გაიტანოს სამშენებლო ნარჩენები, ბეტონის ფილები;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მხარეებს შორის მიმდინარეობდა დავა 2012 წლიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 0------------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ლ------ ა-----------ის სარჩელი და მოპასუხეს დაევალა კედლის დემონტაჟი მის ფანჯრებთან და მიწის დონის დაწევა 0.80 მეტრ ნიშნულამდე კედლის უშუალო სიახლოვეში. ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა სასამართლო გადაწყვეტილება, მოსარჩელეს აღმასრულებელმა წერილობით აცნობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით აქვს უფლება შეასრულოს ეს მოქმედება, რაც განახორციელა სააღსრულებო ბიუროს მეშვეობით 2015 წლის 23 დეკემბერს. შესაბამისად აღსრულების სისრულეში მოყვანის მიზნით ლ------ ა-----------ის მიერ გაწეულ იქნა ხარჯი 1870 ლარის ოდენობით, რითაც მიადგა ზიანი, ასევე აღნიშნული კედლის დემონტაჟის შემდეგ მოპასუხე ნარჩენების დალაგებით ცდილობს კვლავ აღმართოს კედელი, რაც დაფიქსირებულია სურათებში, ასევე გამოთავისუფლებული მიწის დონე შეავსოს კედლის ნარჩენი ბეტონის საშუალებით, ამდენად, მოპასუხის ქმედებით მოსარჩელეს ადგება ზიანი და ეშლება ხელი მისი საკუთრების სრულფასოვან გამოყენებაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ა------- ო--------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავოდ გამხდარი ნარჩენები წარმოადგენს მოპასუხის ქონებას - სამშენებლო მასალას, რომელიც დანიშნულებისამებრ შეიძლება გამოყენებულ იქნას მის მიერ. ამასთან, სამშენებლო მასალები განთავსებულია მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე, რაც წარმოადგენს არაარსებით ემისიას, იმის გათვალისწინებით რომ მესაკუთრე საკუთარ ფართს იყენებს დანიშნულებისამებრ, ხოლო მოსარჩელე ვალდებულია ითმინოს მეზობლის ეზოში დაწყობილი აგური. რაც შეეხება ზიანს, არ იკვეთება მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი და ეჭქვეშ დგება ზიანის ოდენობა და მისი დამადასტურებელი მტკიცებულებების ავთენტურება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქ.თბილისში, ბ------------–--–--------------ში მდებარე უძრავი ქონება შენობა-ნაგებობები N2,3,3,4,5,6 რეგისტრიებულია ლ------ ა-----------ას საკუთრებად (საკადასტრო კოდი 0---------------). იმავე მისამართზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ა------- ო--------ი (საკადასტრო კოდი 0----------------);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-22).

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 0------------- კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ლ------ ა-----------ის სარჩელი ა------- ო--------ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ა------- ო--------ს დაევალა ქ. თბილისში, ბ------------–--–-----------ში, ლ------ ა-----------ის უძრავი ქონების მიმდებარედ აშენებული კედლის დემონტაჟი და მიწის დონის დაწევა 0,75 მმ-დან 0,80 მმ ნიშნულამდე, კედლის უშუალო სიახლოვეში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-22).

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების წარმოებაში არსებულ N1------- სააღსრულებო საქმეზე, კრედიტორის ლ------ ა-----------ის განცხადების საფუძველზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ განხორციელა ა------- ო--------ის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ბ------------–--–-----------ში, ლ------ ა-----------ის უძრავი ქონების მიმდებარედ აშენებული კედლის დემონტაჟი და მიწის დონის დაწევა 0,75 მმ-დან 0,80 მმ ნიშნულამდე, 2015 წლის 2-------------------------------დე პერიოდში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს 09.03. 15წ მიმართვა (ს.ფ. 23).

- 23.12.15წ სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმი (ს.ფ. 24-26)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები);

 

3.1.4. ლ------ ა-----------ის მიერ სააღსრულებო წარმოებისათვის გადახდილ იქნა მომსახურების საფასური 170 ლარის ოდენობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 28);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

3.2.1. მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელე მხარემ უზრუნველყო, იმ სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 0------------- გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გასწია 1700 ლარის ოდენობით ხარჯი.

 

სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ წარმოადგინა აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს თბილისის განყოფილების უფროსის 2015 წლის 09 მარტის მიმართვა, რომლითაც განმცხადებელს ეცნობა, რომ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოვალე არ შეასრულებდა ვალდებულებას, რომელიც შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით კრედიტორს უფლება ქონდა, თავისი ხარჯით, რომელიც სასამართლო წესით ეკისრება მოვალეს, თვითონ შეესრულებინა აღსასრულებელი მოქმედება.

 

სარჩელს ასევე თან ერთვის 2015 წლის 23 დეკემბრის ოქმი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 0------------–ს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულ N1------- სააღსრულებო საქმეზე, მოვალე ა------- ო--------ს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რომელიც ადრესატს ვერ ჩაბარდა; საქმის წარმოებისას გაირკვა, რომ მოვალე იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე და არის უკრაინის მოქალაქე. ვინაიდან უკრაინის იუსტიციის სამინისტროდან მოსული წერილის საფუძველზე ვერ დადაგინდა ა------- ო--------ის საცხოვრებელი მისამართი, აღსრულების ეროვნული ბიუროს საიტზე გამოქვეყნებული განკარგულების (,,წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ“) იძულებითი აღსრულება ჩანიშნულ იქნა 2015 წლის 21 დეკემბერს. იძულებითი აღსრულების მიზნით აღმასრულებელი გამოცხადდა მისამართზე. ა------- ო--------ის ბიძაშვილის - ა-------- ო--------ის თანდასწრებით, კრედიტორ ლ------ ა----------ის მიერ განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში აღნიშნული კედლის დემონტაჟი და მიწის დონის დაწევა 0.75 მეტრიდან 0.80 მეტრ ნიშნულამდე. სადემონტაჟო სამუშაოებს ასრულებდნენ მუშები და მათ ხელმძღვანელობდა კრედიტორის მეუღლე ა------ კ---------ი. ვინაიდან სადემონტაჟო საქმიანობა მოითხოვდა დიდ დროს, აღსრულების პროცესი გაგრძელდა 2-------------------------------დე. ოქმის თანახმად სამშენებლო მასალები და ნარჩენები კრედიტორის მიერ დაწყობილი იქნა მოვალე ა------- ო--------ის სახლის ეზოში.

 

საქმეში ასევე წარმოდგენილია 2015 წლის 23 დეკემბერით დათარიღებული ხელწერილი, რომლშიც მითითებული ფაქტების სისწორე შესრულებული სამუშაოსა და ანაზღაურების ოდენობის თაობაზე, სასამართლო სხდომაზე ასევე დადასტურა მოწმის სახით დაიკითხულმა ხელწერილის ავტორმა დ----- ტ-------ემ. მოწმის ჩვენების თანახმად, კედლის დემონტაჟისთვის იგი დაიქირავა მოსარჩელის მეუღლემ, რომელიც გააცნო საერთო მეგობარმა; მის გარდა დემონტაჟზე მუშაობდა 4 დაქირავებული მუშა; შეთანხმებული გასამრჯელო 1700 ლარის ოდენობით, მოსარჩელემ გადასცა სამუშაოს დასრულებისთანავე. თანხა გადანაწილდა 5 ადამიანზე. მოწმის განცხადებით შესასრულებელი სამუშაო იყო რთული შესასრულებელი, ვინაიდან კედლის სიგრძე იყო ორ მეტრამდე, მუშაობდნენ დილიდან დაღამებამდე და ამდენად, მიღებული გასამრჯელო იყო შესრულებული სამუშაოს ადეკვატური.

 

მოწმის ჩვენების ობიექტურობის შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო მიუთითებს

რომ დ----- ტ-------ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ 2015 წლის 23 დეკემბრის ოქმში დაფიქსირებულ შემდეგ გარემოებებთან: „კრედიტორმა მოიყვანა მუშები“, „სადემონტაჟი საქმიანობა მოითხოვდა დიდ დროს“, „აღსრულების პროცესი გაგრძელდა 2-------------------------------დე“. რაც შეეხება მოპასუხე მხარის არგუმენტაციას, რომ დემონტაჟი განხორციელდა უსასყიდლოდ მოსარჩელეთა ახლობლების მიერ, სასამართლო მიუთითებს რომ სამოქალაქო კოდექსის 629-630-ე მუხლების თანახმად ახლობლური ურთიერთობა, ფაქტის დადასტურების შემთხვევაშიც კი, ვერ გამოდგება ანაზღაურების თაობაზე მხარეთა შეთანხმების გამომრიცხველ მტკიცებულებად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. შესაბამისად, იმ პირობებში როდესაც მოპასუხე მხარეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირწონედ არ წარმოუდგენია, არცერთი კონკრეტული მტკიცებულება და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, იმის თაობაზე რომ კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 0------------- გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების მიზნით მოსარჩელემ გასწია 1700 ლარის ოდენობით ხარჯი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს 09.03. 15წ მიმართვა (ს.ფ. 23).

- 23.12.15წ სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ოქმი (ს.ფ. 24-26)

- დ.ტ-------ის ხელწერილი, მოწმის ჩვენება (ს.ფ.27)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები);

 

3.2.2 საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კედლის დემონტაჟის შემდგომ, მოპასუხის მიერ სამშენებლო მასალით/ნარჩენებით აღმართული მიჯნა დაუშვებლად ხელყოფს მოსარჩელის მიერ კუთვნილი საცხოვრებელი ბინით სარგებლობის უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

 

საქმის მასალებით, მათ შორის მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებით დასტურდება და არც მოპასუხე მხარე უარყოფს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ საკუთარი ძალებით განხორციელებული კედლის დემონტაჟის შედეგად დარჩენილი სამშენებლო მასალები და ნარჩენები კრედიტორის მიერ დაწყობილი იქნა მოვალე ა------- ო--------ის სახლის ეზოში. თუმცა მოპასუხე მხარის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, რაც გამოიხატა კედლის დემონტაჟისა და მიწის დონის დაწევის შემდგომ, დარჩენილი სამშენებლო მასალის გამოყენებით ხელახალი მიჯნის აღმართვაში, მოსარჩელეს ეზღუდება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბუნებრივი განათების შესაძლებლობა, ასევე კვლავ რისკის ქვეშ დგება სავენტილაციო ღიობების შევსებისა და ატმოსფერული ნალექის დაგროვების საფრთხე, რაც აზიანებს ლ------ ა-----------ის საკუთრებას და რის თაობაზეც იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 0------------- გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-22).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- ფოტოსურათები

 

საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები არ უთითებენ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ------ ა-----------იის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 373-ე, 170-ე, 172-ე, 176-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 0------------- გადაწყვეტილებით, ლ------ ა-----------ის სარჩელი ა------- ო--------ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ა------- ო--------ს დაევალა ქ. თბილისში, ბ------------–--–-----------ში, ლ------ ა-----------ის უძრავი ქონების მიმდებარედ აშენებული კედლის დემონტაჟი და მიწის დონის დაწევა 0,75 მმ-დან 0,80 მმ ნიშნულამდე, კედლის უშუალო სიახლოვეში; ა------- ო--------ს ლ------ ა-----------ის სასარგებლოდ დაეკისრა 2224,53 ლარის გადახდა, ა------- ო--------ს ლ------ ა-----------ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 240 ლარი და ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული 500 ლარი და ექსპერტიზის ჩასატარებლად გაწეული ხარჯი 525 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია მიიღოს შესრულება.

 

დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 0------------- გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ასევე უდავო გარემოებაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 0------------–ს N2--------- საქმეზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ N1------- სააღსრულებო საქმეზე, მოვალე ა------- ო--------მა ნებაყოფლობით არ უზრუნველყო რა აღსასრულებელი მოქმედების განხორციელება, სააღსრულებო ბიუროს მეშვეობითა და იძულებითი აღსრულების ფარგლებში, კრედიტორმა თავად განახორციელა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული კედლის დემონტაჟი და მიწის დონის დაწევა 0.75 მეტრიდან 0.80 მეტრ ნიშნულამდე.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ ასრულებს ისეთ ვალდებულებას, რომელიც შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა, მაშინ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით კრედიტორს უფლება აქვს, თავისი ხარჯით, რომელიც სასამართლო წესით ეკისრება მოვალეს, თვითონ შეასრულოს ეს მოქმედება.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოხსენებულ 86-ე მუხლზე და ითხოვს იმ ქონებრივი დანაკლისის შევსებას, რაც მან გასწია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით.

 

გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში აღნიშნული კედლის დემონტაჟისა და მიწის დონის დაწევის სამუშაოების განხორციელების მიზნით, მოსარჩელის მიერ 1700 ლარის ოდენობით მატერიალური ხარჯის გაღების ფაქტი; ასევე დადგენილია რომ ლ------ ა-----------ის მიერ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გადახდილ იქნა მომსახურების საფასური 170 ლარის ოდენობით; შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ა------- ო--------ს ლ------ ა-----------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1870 ლარის გადახდა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

 

აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტები: ფლობა, სარგებლობა და განკარგვა, თუმცა, მსგავსად სხვა სამოქალაქო უფლებებისა, იგი არ არის აბსოლუტური და შესაძლოა დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. თავის მხრივ, უდავოა, რომ უფლების შეზღუდვის პროპორციულობა მოწმდება შეპირისპირებულ სიკეთეთა სამართლიანი ბალანსის დადგენის გზით, როდესაც თანაბარი უფლების მქონე სუბიექტებს შორის უნდა მოხდეს ამ სიკეთით (უფლებით) სარგებლობის მართლზომიერად განსაზღვრა.

 

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.

 

,,დაუშვებელ ხელყოფაში“ იგულისხმება ნაგებობის იმგვარი ექსპლუატაცია, რომელიც სამეზობლო ზემოქმედების თმენის ვალდებულების კანონით დადგენილ ფარგლებს სცილდება და მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უსაფრთხოების დადგენილი წესებით დაცული არ არის.

 

ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით. ნეგატორული სარჩელი (action negatoria) მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც მესაკუთრე, ისე ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი.

 

საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. თავის მხრივ, ფაქტის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 0------------- კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ლ------ ა-----------ის სარჩელი ა------- ო--------ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ა------- ო--------ს დაევალა მოსარჩელის უძრავი ქონების მიმდებარედ აშენებული კედლის დემონტაჟი და მიწის დონის დაწევა 0,75 მმ-დან 0,80 მმ ნიშნულამდე, კედლის უშუალო სიახლოვეში;

 

საქმის მასალებით, მათ შორის მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფოტოსურათებით დასტურდება და არც მოპასუხე მხარე უარყოფს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ საკუთარი ძალებით განხორციელებული კედლის დემონტაჟის შედეგად დარჩენილი სამშენებლო მასალები და ნარჩენები კრედიტორის მიერ დაწყობილი იქნა მოვალე ა------- ო--------ის სახლის ეზოში. თუმცა მოპასუხე მხარის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, რაც გამოიხატა კედლის დემონტაჟისა და მიწის დონის დაწევის შემდგომ, დარჩენილი სამშენებლო მასალისა გამოყენებით მიჯნის აღმართვაში, მოსარჩელეს კვლავ ეზღუდება მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბუნებრივი განათების შესაძლებლობა, ასევე რისკის ქვეშ დგება სავენტილაციო ღიობების შევსებისა და ატმოსფერული ნალექის დაგროვების საფრთხე, რაც აზიანებს მოსარჩელის საცხოვრებელ სახლს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალდებულების თაობაზე ასევე უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ა------- ო--------ს უნდა დაევალოს ქ.თბილისში, ბ------------–--–----------ში ლ------ ა-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიმდებარედ, მიჯნის ზონიდან გაიტანოს სამშენებლო მასალები/ნარჩენები და ბეტონის ფილები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქმეზე თანდართული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 120 ლარი;

 

შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 254-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლ------ ა-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. ა------- ო--------ს ლ------ ა-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 1870 ლარის გადახდა;

1.2. დაევალოს ა------- ო--------ს ქ.თბილისში, ბ------------–--–----------ში ლ------ ა-----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მიმდებარედ, მიჯნის ზონიდან გაიტანოს სამშენებლო ნარჩენები, ბეტონის ფილები.

 

2. გადაწყვეტილების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებისათვის ა------- ო--------ს განესაზღვროს 2 თვის ვადა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან. დადგენილ ვადაში, ქმედების განუხორციელებლობისას მოსარჩელეს უფლება აქვს აღნიშნული მოქმედება შეასრულოს მოპასუხისაგან აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებით;

 

3. ა------- ო--------ს ლ------ ა-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის ანაზღაურება;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი