გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.12.2018
საქმის ნომერი
330310018002329366
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 დ-----ერი, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ნათია ტოგონიძე

 

სხდომის მდივანი თეა აფციაური

 

მოსარჩელე - სს ,,შ-----------ი’’

წარმომადგენელი - მ------------------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - რ------------–---ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20-- წლის 2--------რის გადაწყვეტილება (N4---------- საჩივარი) (04.12.2018 წ. სხდომის ოქმი)

 

1.2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს სს ,,შ-----------ის’’ საჩივრის განხილვა. (04.12.2018 წ. სხდომის ოქმი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 2-----------ს N3---- ბრძანების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა სს ,,შ-----------ის’’ გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 01.11.2010-01.07. 2015 წლებით. შემოწმება დაიწყო 2015 წლის 2-----------ს და დასრულდა 2015 წლის 0------------ს. აღნიშნულის საფუძველზე 2015 წლის 0------------ს გამოიცა საგადასახადო შემოწმების აქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 09--------რის საგადასახადო შემოწმების აქტი ( ს/ფ 121-166)

 

3.2. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 დ-----რის №4---- ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და საწარმოს წარედგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 დ-----რის №0----- საგადასახადო მოთხოვნა. შედეგად, გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე გადასახდელად დაერიცხა 420674.86 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 დ-----რის №0----- საგადასახადო მოთხოვნა (ს/ფ 69)

 

3.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 1--------–ის N9--- ბრძანებით, სს ,,შ-----------ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რომლითაც იგი ითხოვდა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 დ-----რის №0----- საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული ჯარიმის პატიებას.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 1--------–ის N9--- ბრძანება სს ,,შ-----------ის’’ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სს ,,შ-----------ს’’ გაეგზავნა ელექტრონულ პორტალზე 2016 წლის 1--------–ს და გადამხდელი გაეცნო 2016 წლის 14 აპრილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 1--------–ის N9--- ბრძანება ( ს/ფ 54-60)

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის ამონაწერი (ს/ფ 119)

 

3.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20-- წლის 2--------რის გადაწყვეტილებით, განუხილველად დარჩა სს ,,შ-----------ის’’ 20-- წლის 12 სექტემბერს რეგისტრირებული ადმინისტრაციული საჩივარი, რომლითაც იგი ითხოვდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 1--------–ის N9--- ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 15 დ-----რის №0----- საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული ჯარიმების შემცირებას.

 

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ერთიანი ელექტრონულ ბაზის ინფორმაციით, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 1--------–ის N9--- ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2016 წლის 14 აპრილს, ხოლო საჩივარი სს ,,შ-----------მა’’ წარადგინა 20-- წლის 12 სექტემბერს

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20-- წლის 2--------რის გადაწყვეტილება (ს/ფ 21-22)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,შ-----------ის’’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი, მე-8, 41-ე, 44-ე, 51-ე, 238-ე, 241-ე, 296-ე, 297-ე, 299-ე და 301-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები, ,,ელექტორნული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დ-----რის №9-- ბრძანება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სადავო საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20-- წლის 2--------რის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში.

 

ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-122-115(2კ-13), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემოთ მითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მე-12 მუხლი - ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“

 

სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. ამასთან, გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორე მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, პირის მიერ საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ კანონით დადგენილი წესითა და ვადაში განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. საჩივრის წარდგენის უფლებას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ხდის ქმედითს, ხოლო პირის უფლებების დაცვას - გარანტირებულს, რამეთუ რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, გასაჩივრების უფლება იქნებოდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ვინაიდან გასაჩივრების უფლება პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის კანონით დაცული ინტერესების უზრუნველყოფასა და უფლებების დაცვასთან, კანონი ამომწურავად აწესრიგებს იმ შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, წარდგენილი საჩივარი დატოვოს განუხილველი. აღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევით, რათა არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება, საჩივრების მუდმივად წარდგენა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერ ძალაში შესვლის თავიდან ასაცილებლად, ამასთან, აღნიშნული იძლევა შესაძლებლობას თვიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციულ ორგანოთა გადატვირთულობა, რომ დაუსრულებლად არ მოხდეს ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობა. საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები მოწესრიგებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლით. მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრების უფლება გამოყენებულ უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებულ ვადაში. გასაჩივრების ვადის შემოღება მიზნად ისახავს რა სამართალსუბიექტების მიერ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სადავოდ ქცევის ვადის გარკვეულ საზღვრებში მოქცევას, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, თუკი სახეზე არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძვლები, რომელზეც საჩივრის წარდგენის ვადა არ ვრცელდება, აქტი იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და მისით განსაზღვრული მოწესრიგება ძალაში შედის. ამასთან, გასაჩივრების უფლების ჯეროვანი გამოყენება პირდაპირაა დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ადრესატისათვის ჩაბარებასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობასთან, რაც უკავშირდება როგორც გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას, ისე მხოლოდ აქტის გაცნობის შემდეგ ხდება პირისთვის ცნობილი, რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და რომელი სამართლებრივი ნორმებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებაზე საქმე №ბს-770-762(კ-15), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანომდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. გასაჩივრების ვადის დინება არ იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან ან თუნდაც აქტის პროექტის ან იმ მასალების გაცნობიდან, რომლის საფუძველზე შემდგომში გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საჩივრის უფლება წარმოიშობა გამოცემული აქტით უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევით, რომელიც მხოლოდ ძალაში შესული აქტით და არა აქტის პროექტით არის შესაძლებელი. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება, პირის უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევა უმოქმედო აქტით, შესაბამისად არ დაიშვება აქტის გაცნობამდე გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა. ამდენად, აქტის გაცნობა არის საჩივრის უფლების წარმოშობის პირობა, აქტის გაცნობამდე საჩივრის შეტანის შესაძლებლობა ადმინისტრაციულ საჩივარს ორგანოს თვითკონტროლის, ადმინისტრაციულ ორგანოთა სისტემის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმების მექანიზმის ნაცვლად აქცევს ორგანოზე ზედამხედველობის საშუალებად, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საჩივრის ბუნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია აქტის გაცნობამდე მისი გასაჩივრების ვადის ათვლა.“

 

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 1--------–ის N9--- ბრძანების გასაჩივრება დროულად ვერ მოხერხდა, რადგან სს ,,შ-----------ის“ ადმინისტრაცია პარალიზებულია, ხოლო ელექტრონული ფოსტით ბრძანების გაგზავნისას, მისი შემოწმება ვერ მოხდა, ვინაიდან სამეწარმეო რეესტრში მითითებული ელექტრონული ფოსტის ----------------------- მომხმარებელმა ნ---------------მა მიიღო მძიმე ტრავმა და გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სს ,,შ-----------ის’’ ელექტრონულ პორტალზე წვდომა ჰქონდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრს - ნ---------------ს, რომელიც 2016 წლის 14 აპრილს გადაყვანილი იქნა სტაციონარში, შესაბამისად სხვა ვერავინ გაეცნობოდა აღნიშნულ ბრძანებას. მოსარჩელისათვის ბრძანება ცნობილი გახდა 20-- წლის სექტემბრის თვეში ტელეფონის საშუალებით, კახეთის ზონის საგადასახადო სამსახურის თანამშრომლის მიერ, რის შემდეგაც საჩივარიც იქნა წარდგენილი ზემდგომ ორგანოში.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. მესამე ნაწილის თანახმად კი საგადასახადო ორგანო თავად ირჩევს დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დ-----რის №9-- ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით.

 

ზემოაღნიშნული დანაწესების ანალიზი ცხადყოფს, რომ საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების პორტალის მეშვეობით. მომსახურების პორტალს ჰყავს ავტორიზებული მომხმარებელი - გადასახადის გადამხდელის სახით, რომელიც ფლობს აღნიშნული პორტალის გამოსაყენებელ სახელწოდებასა და პაროლს. შესაბამისად, 44-ე მუხლის მე-9 ნაწილში დასახელებულ ადრესატში იგულისხმება, სწორედ, გადასახადის ის გადამხდელი, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული პორტალის ავტორიზებულ მომხმარებელს და ინტერნეტ-პორტალზე განხორციელებული ყველა ქმედება, სწორედ, მისთვის წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.

 

ასევე, უნდა აღინიშნოს „ელექტორნული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, თუ მხარეთა შეთანხმებით ან საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი ითვლება მიღებულად იმ მომენტიდან, როდესაც ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი შედის ადრესატის საინფორმაციო სისტემაში და ხელმისაწვდომია მისთვის.

 

ამასთან, სასამართლო დამატებით ამახვილებს ყურადღებას „გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დ-----რის №9-- ბრძანებაზე, რომლის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაში გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან. ამგვარად, ადრესატის მიერ საგადასახადო ორგანოს მხრიდან გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გაცნობის ფაქტი დასტურდება პროგრამულად, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, მაშინ როდესაც ადრესატი გაგზავნილი დოკუმენტის „ლინკს“ გახსნის.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ვებპორტალზე წვდომა გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს - გადასახადის გადამხდელს ან მის უფლებამოსილ პირს. შესაბამისად, პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის მიმღები ყოველთვის არის შესაბამისი ადრესატი, კონკრეტული გადასახადის გადამხდელი. პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გახსნისას ყოველთვის ივარაუდება, რომ მისი გაცნობაც ამავე ადრესატის მიერ ხდება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სს ,,შ-----------ის“ პორტალზე შესვლით განხორციელდა საგადასახადო ორგანოს მიერ სს „შ-----------ისათვის’’ ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტის გახსნა, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდა სამსახურის ვებგვერდიდან. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ სს ,,შ-----------ს’’ საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილი სსიპ შემოსავლების სამსახურისვ2016 წლის 1--------–ის N9--- ბრძანება ჩაბარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დ-----რის №9-- ბრძანების მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2016 წლის 14 აპრილს.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ არ გაცნობიან კანონით დადგენილი წესით შემოსავლების სამსახურის ბრძანებას, რადგან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 1--------–ის N9--- ბრძანებას ელექტრონულ პორტალზე გაეცნო 2016 წლის 14 აპრილს. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრების ვადა კი ამოიწურა 2016 წლის 04 მაისს, საჩივარი წარდგენილია 20-- წლის 12 სექტემბერს. პორტალზე შესვლისას და დოკუმენტის გაცნობისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ განახორციელებს ამ ქმედებას, უნდა ჩაითვალოს, რომ ადგილი ჰქონდა ადრესატის მიერ აქტის გაცნობას, რადგან ინტერნეტ-პორტალზე წვდომა, ივარაუდება, რომ გააჩნია მხოლოდ შესაბამის ადრესატს - გადასახადის გადამხდელს, ამიტომ სწორედ იგი წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს პორტალზე განხორციელებული ყოველი ქმედებისათვის.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონშესაბამისია საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20-- წლის 2--------რის გადაწყვეტილება (N4---------- საჩივარი) საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელეს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლისი 1--------–ის N9--- ბრძანება ჩაბარდა 2016 წლის 14 აპრილს, ხოლო საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილია 20-- წლის 12 სექტემბერს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწლით დადგენილი საჩივრის წარდგენის 20-დღიანი ვადის დარღვევით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გასაჩივრების ვადის დარღვევა, რაც გამოწვეული იქნებოდა გადასახადის გადამხდელისგან დამოუკიდებელი მიზეზით. ასეთი მიზეზის არსებობა არათუ არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არამედ მოსარჩელეც არ მიუთითებს მსგავს გარემოებასა და საპატიო მიზეზზე, რა შემთხვევაშიც დადგინდებოდა გაშვებული გასაჩივრების ვადის აღდგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, არსებობდა საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ვინაიდან პირს შესაბამისი წესის დაცვით ჩაბარდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება, ხოლო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის შედეგად მან შეიძინა შესასრულებლად სავალდებულო ძალა. ამდენად, კანონშესაბამისია საქართველოს ფინანსთა სამინიტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20-- წლის 2--------რის გადაწყვეტილება.

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

ამავე კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლებრივ აქტის ბათილად ცნობა და საჩივრის განხილვის დავალება, მოცემულ სარჩელზე კი მ------------------–---–ის მიერ სს ,,შ-----------ის’’ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3937 (სამი ათას ცხრაას ოცდაჩვიდმეტი) ლარის ოდენობით, საიდანაც 100 (ასი) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო სს ,,შ-----------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს, მ------------------–---–ის მიერ 2018 წლის 2--------ს N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 3837 (სამი ათას რვაას ოცდაჩვიდმეტი) ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,შ-----------ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სს ,,შ-----------ს’’ დაუბრუნდეს მ------------------–---–ის მიერ, სარჩელზე 2018 წლის 2--------ს, სს ”თიბისი ბანკის” მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 3837 (სამი ათას რვაას ოცდაჩვიდმეტი) ლარი (საგადასახადო დავალება 0, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150).

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან.

 

მოსამართლე ნათია ტოგონიძე