გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.03.2019
საქმის ნომერი
330210118002250629
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/591-18

330210118002250629

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.03.2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე

სხდომის მდივანი - ქეთევან ჭელიძე

მოსარჩელე - შპს ,,ჯო-----------–-------ი“

წარმომადგენელი - რე-----–-------ე

მოპასუხეები - შპს ,,ჯო-----------–კ“, შპს ,,სა------------–------------ა მ & გ“, შპს ,,ექ----“, და-------–----ე, ლე------–----ე

წარმომადგენელი - და-------–----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,ჯო-----------–კ“-ის, შპს ,,სა------------–------------ა მ & გ“-ს, შპს ,,ექ----“-ს, და-------–----ეს და ლე------–----ეს შპს ,,ჯო-----------–-------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 822 378,57 ლარის გადახდა;

 

1.2. შპს ,,ჯო-----------–კ“-ის, შპს ,,სა------------–------------ა მ & გ“-ს, შპს ,,ექ----“-ს, და-------–----ეს და ლე------–----ეს შპს ,,ჯო-----------–-------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს სახით 24 046 ლარის გადახდა.

 

(მოსარჩელემ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, იხ. დაზუსტებული მოთხოვნა, ს.ფ. 270, მოისმინეთ 2018 წლის 10 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი 16:08:43-16:10:22)

 

სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 01 მაისს მოსარჩელეს და შპს ,,ჯო-----------–კს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება პროდუქციის მიწოდების შესახებ, რომლის ფარგლებშიც, მოსარჩელე აწვდიდა საქონელს, ხოლო შპს ,,ჯო-----------–კი“ ანაზღაურებდა მიღებული საქონლის ღირებულებას.

 

2016 წლის 01 მაისიდან - 2017 წლის 23 ნოემბრამდე, თ---–--–--------------------–---–-------–-------------------ში, მოსარჩელემ შპს ,,ჯო-----------–კს“ მიაწოდა 7 605 152,25 ლარის ღირებულების საქონელი, საიდანაც ანაზღაურებული იქნა 6 002 038,38 ლარის ღირებულების საქონლის საფასური, რითიც დავალიანება შემცირდა და შეადგინა 1 603 113,87 ლარი. მოგვიანებით თავდებმა პირებმა უზრუნველყვეს მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების შემცირება და 2018 წლის 01 მარტის შედარების აქტის საფუძველზე, რომელსაც ხელს აწერენ შპს ,,ჯო-----------–კ“-ისა და შპს ,,ჯო-----------–კ------“-ს ბუღალტერები, დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 822 378,57 ლარის ოდენობით.

 

2016 წლის 01 მაისის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,ჯო-----------–კის“ ფულადი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხეებმა შპს ,,სა------------–------------ა მ & გ“-მ, შპს ,,ექ----მა“, და-------–----ემ და ლე------–----ემ, ცალკ-ცალკე 2017 წლის 21 სექტემბრის ხელშეკრულებით აიღეს თავდებობა სოლიდარული პასუხისმგებლობით. თავდებობის მაქსიმალური თანხა შეადგენს 2 000 000 ლარს, რომელშიც შედის ძირითადი ვალი/პირგასამტეხლო/ჯარიმა და თანხის ამოღებისათვის გაწეული ხარჯები, მათ შორის სასამართლო და სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეებს ვალდებულების შესრულებაზე, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ იქნა დაფარული დავალიანება და დღეის მდგომარეობით შეადგენს 822 378,57 ლარს, რომლის დაკისრებასაც ითხოვს მოსარჩელე სოლიდარულად.

 

გარდა ამისა, 2016 წლის 01 მაისის ხელშეკრულების 5.2. პუნქტის საფუძველზე გადახდის ვადის გადაცილებისათვის შპს ,,ჯო-----------–კს“ ეკისრება პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სახელშეკრულებო დავალიანება 2017 წლის 22 ნოემბრის შეთანხმებით/შედარების აქტით შპს ,,ჯო-----------–კს“ უნდა დაეფარა 2017 წლის 25 დეკემბამდე. დავალიანება მოპასუხეებმა დაფარეს ნაწილობრივ მხოლოდ 96 900 ლარის ოდენობით და დავალიანება შემცირდა 1 603 113,87 ლარამდე. ვინაიდან ვალდებულების დარღვევიდან სარჩელის შემოტანამდე არსებული დავალიანების ოდენობა შეადგენდა 1 603 113,87 ლარს, ხოლო ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა არის 15 დღე, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 24 046 ლარს. (1 603 113,87*0,1/100=1603*15);

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. და-------–----ემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მოსარჩელე მხარეს შპს ,,სა------------–------------ა მ & გ“-დან, სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნის ფარგლებში უკვე გადაცემული აქვს მოთხოვნა რამდენიმე ასი ათასი ლარის ოდენობით, რაც წარმოდგენილ სარჩელში არ არის დაფიქსირებული.

 

2.2. მოპასუხეებს - შპს ,,ჯო-----------–კ“-ს, შპს ,,სა------------–------------ა მ & გ“-ს, შპს ,,ექ----“-სა და ლე------–----ეს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

 

მოპასუხეების წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 01 მაისს, შპს ,,ჯო-----------–-------ი“-ს და შპს ,,ჯო-----------–კ“-ს შორის დაიდო პროდუქციის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამყიდველი იღებდა ვალდებულებას მყიდველისათვის მიეწოდებინა პროდუქცია.

 

ხელშეკრულების მე-3 პუნქტით განისაზღვა პროდუქციის საფასური და გადახდის პირობები, კერძოდ მიმღები ვალდებულია გადაუხადოს მიმწოდებელს პროდუქციის მიწოდებისათვის ნასყიდობის საფასური, რომლის ოდენობაც მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება ყოველი კონკრეტული მიწოდებით (სასაქონლო ზედნადები/ანგარიშ-ფაქტურა);

 

ამავე ხელშეკრულების მე-5 პუნქტით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობა, კერძოდ 5.2. პუნქტის თანახმად, გადახდის ვადების დარღვეისათვის მიმწოდებელი უფლებამოსილი არის დააკისროს მიმღებს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი თანხის 0,1%;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- პროდუქციის მიწოდების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 21-23)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. შპს ,,ჯო-----------–-------ი“-მ 2016 წლის 01 მაისის ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ჯო-----------–კ“-ს მიაწოდა სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქცია, რომლის ღირებულებამ შეადგინა 7 605 152,25 ლარი.

 

2017 წლის 22 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ/შედარების აქტი, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 22 ნოემბრისათვის შპს ,,ჯო-----------–კ“-ს დავალიანება განისაზღვრა 1 700 013,87 ლარის ოდენობით. ამავე შეთანხმებით მოვალემ იკისრა დავალიანების გადახდა 2017 წლის 25 დეკემბრამდე.

 

2018 წლის 01 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლის საფუძველზეც 2018 წლის 01 მარტისათვის შპს ,,ჯო-----------–კ“-ის დავალიანება განისაზღვრა 822 378,57 ლარის ოდენობით.

 

შპს ,,ჯო-----------–-------ი“-ს და შპს ,,ჯო-----------–კ“-ს შორის არსებული 2016 წლის 01 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ჯო-----------–კ“-ს გადახდილი აქვს ჯამში 6 782 773,68 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ. 24-55);

- შეთანხმება ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ/შედარების აქტი (ს.ფ. 56);

- საგადახდო დავალებები, სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 57-65);

- შედარების აქტი (ს.ფ. 271);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. 2017 წლის 21 სექტემბერს შპს ,,ჯო-----------–-------ი“-ს და ლე------–----ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლე------–----ემ 2016 წლის 01 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, შპს ,,ჯო-----------–-------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად იკისრა მითითებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.

 

მხარეთა შეთანხმებით თავდებობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 2 000 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 73-77);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. 2017 წლის 21 სექტემბერს შპს ,,ჯო-----------–-------ი“-ს და და-------–----ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლე------–----ემ 2016 წლის 01 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, შპს ,,ჯო-----------–-------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად იკისრა მითითებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.

 

მხარეთა შეთანხმებით თავდებობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 2 000 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 78-83);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.5. 2017 წლის 21 სექტემბერს შპს ,,ჯო-----------–-------ი“-ს და შპს ,,სა------------–------------ა მ--“-ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,სა------------–------------ა მ--“-მ 2016 წლის 01 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, შპს ,,ჯო-----------–-------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად იკისრა მითითებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.

 

მხარეთა შეთანხმებით თავდებობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 2 000 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 84-88);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.6. 2017 წლის 21 სექტემბერს შპს ,,ჯო-----------–-------ი“-ს და შპს ,,ექ----“-ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ექ----“-მა 2016 წლის 01 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, შპს ,,ჯო-----------–-------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად იკისრა მითითებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება.

 

მხარეთა შეთანხმებით თავდებობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 2 000 000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 89-93);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განჩინებით შპს ,,ფ-------“-ისა და შპს ,,ოვ--–---–----------------ა“-ს განცხადება მოვალე შპს ,,ჯო-----------–კ“-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში.

 

ამავე განჩინებით, მოვალე შპს ,,ჯო-----------–კ“-ს მეურვედ დაინიშნა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 12.03.2018 წლის განჩინება (ტომი II, ს.ფ. 283-286);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის სადავოა 2016 წლის 01 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი თანხის - 822 378,57 ლარის დაკისრების საკითხი.

 

ამ მოთხოვნის საპირისპიროდ შპს ,,ჯო-----------–კი“-ს წარმომადგენელი აპელირებს ვალდებულების შესრულებაზე, როგორც ნასყიდობის თანხის 822 378,57 ლარის ანაზღაურების გამომრიცხველ გარემოებაზე. გარდა ამისა, მოპასუხე თვლის რომ ვინაიდან 2018 წლის 01 მარტის შედარების აქტზე არაუფლებამოსილი პირი აწერს ხელს, დავალიანების არსებობის დასადასტურებლად არ უნდა იქნეს გაზიარებული აღნიშნული მტკიცებულება.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება, კერძოდ მოსარჩელე ითხოვს 2016 წლის 01 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურებას.

 

შესაბამისად მნიშვნელოვანია გაირკვეს, რას შეადგენდა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება და ვალდებულების შესრულების მიზნით რა თანხა იქნა გადახდილი მოპასუხის მხრიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით აღიარებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა და მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ საქმის გარემოებების დასადასტურებლად. სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებაში სასამართლო მოკლებულია ინკვიზიციურობას და ხელმძღვანელობს შეჯიბრობითობის პრინციპით, რაც გადამწყვეტი და განმსაზღვრელია სამოქალაქო დავისას მხარის მიერ მისივე პროცესუალური აქტიურობით თავისთვის ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს მოდავე მხარეთა აქტიურობას სადავო ფაქტების დამტკიცების ფარგლებში, ხოლო სასამართლოს აქტივობა ამა თუ იმ ფაქტის მტკიცების წრეში შეზღუდულია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, სამოქალაქო წესით დავის წარმოებისას ამოსავალი პრინციპი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ტვირთის მხარეებზე გადატანაა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის წარმომშობი ფაქტის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდება) მითითება {სსკ-ის 477-ე მუხლი} ევალებოდა მოსარჩელეს, რაც მან გააკეთა კიდეც, მაგრამ პროდუქციის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა ევალებოდა მყიდველს.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ შპს ,,ჯო-----------–-------ი“-მა 2016 წლის 01 მაისის ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ჯო-----------–კ“-ს მიაწოდა სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქცია, რომლის ღირებულებამ შეადგინა 7 605 152,25 ლარი.

 

2017 წლის 22 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ/შედარების აქტი, რომლის საფუძველზეც 2017 წლის 22 ნოემბრისათვის შპს ,,ჯო-----------–კ“-ს დავალიანება განისაზღვრა 1 700 013,87 ლარის ოდენობით. ამავე შეთანხმებით მოვალემ იკისრა დავალიანების გადახდა 2017 წლის 25 დეკემბრამდე.

2018 წლის 01 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლის საფუძველზეც 2018 წლის 01 მარტისათვის შპს ,,ჯო-----------–კი“-ს დავალიანება განისაზღვრა 822 378,57 ლარის ოდენობით.

 

მხარეთა შეთანხმებით, ნასყიდობის ხელშეკრულების მე-3 პუნქტით განისაზღვა პროდუქციის საფასური და გადახდის პირობები, კერძოდ მიმღები ვალდებულია გადაუხადოს მიმწოდებელს პროდუქციის მიწოდებისათვის ნასყიდობის საფასური, რომლის ოდენობაც მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება ყოველი კონკრეტული მიწოდებით (სასაქონლო ზედნადები/ანგარიშ-ფაქტურა);

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, შპს ,,ჯო-----------–-------ი“ 2016 წლის 01 მაისიდან 2017 წლის 2 ნოემბრამდე შპს ,,ჯო-----------–კს“ პერიოდულად სასაქონლო ზედნადების საფუძველზე სასაქონლო ზედნადებში მითითებულ თარიღსა და ფასად აწვდიდა პროდუქციას. მიწოდებული პროდუქციის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 7 605 152,25 ლარი. (ს.ფ. 24-55, მხარეთა ახსნა-განმარტება).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია და შესაბამისად არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მისცემდა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. შესაბამისად მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ გახდება სარჩელის დაკამყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან მოპასუხის განმარტების გაზიარების შემთხვევაშიც, რომელიც ეხება 2018 წლის 01 მარტის შედარების აქტზე არაუფლებამოსილი პირის ხელმოწერას, არ იცვლება სარჩელის დაკმაყოფილების ბედი, რადგან მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები, ხოლო რაც შეეხება პროდუქციის ღირებულების გადახდას, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ვალდებულების სრულად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტა კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას, მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალი გადაიხადა და ამით ვალდებულება შეწყდა. სამოქალაქო კოდექსი ანგარიშს უწევს მოვალის მდგომარეობას და მას უფლებას ანიჭებს კრედიტორისაგან შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი მოითხოვოს.

 

ცალსახაა, რომ მოპასუხე - შპს ,,ჯო-----------–კი“ არ შედავებია მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, მაგალითად, იმას, რომ სადავო პერიოდში 2016 წლის 01 მაისიდან 2017 წლის 22 ნოემბრამდე მისთვის მიწოდებული იქნა 7 605 152,25 ლარის ღირებულების პროდუქტები. მოპასუხის შედავება შემოიფარგლა ძირითადად იმაზე მითითებით, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რაც ზოგადი ხასიათის შედავებაა.

 

ამრიგად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოებები სამართლებრივად ქმნიან იმის პრეზუმფციას, რომ მოსარჩელის მიმართ დარღვეული იქნა თანხის გადახდის ვალდებულება. შპს ,,ჯო-----------–კის“ შესაგებელი კი ამ ფაქტებს ვერ აბათილებს. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მას მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს ნასყიდობის საფასური 822 378,57 ლარი.

 

3.2.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაანგარიშებული პირგასამტეხლო არის მაღალი, რაც შემცირებას ექვემდებარება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ გადააცილა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით - 24 046 ლარის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება სრულად არ არის შესრულებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 24 046 ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის მაღალი, რის გამოც უნდა შემცირდეს ათმაგი ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 2404,6 ლარით.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან მყიდველმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამიტომ მოპასუხეების მიმართ სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილი დავალიანების თანხის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანი და კანონიერია. პირგასამტეხლო არის მაღალი და უნდა შემცირდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე, 417-ე, 418-ე, 429-ე, 463-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე კი, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობისას, სადავოობის შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა ამტკიცოს მყიდველისათვის ქონების გადაცემა, ხოლო მყიდველმა - გამყიდველისთვის შეთანხმებული ფასის ანაზღაურება.

 

სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთისინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა 2016 წლის 01 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადაუხდელი თანხის - 822 378,57 ლარის დაკისრების საკითხი.

 

ამ მოთხოვნის საპირისპიროდ მოპასუხე აპელირებს ვალდებულების შესრულებაზე, როგორც ნასყიდობის თანხის ანაზღაურების გამომრიცხველ გარემოებაზე.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მიწოდებული პროდუქციის დარჩენილი ღირებულების გადახდაზე მოპასუხის დასაბუთებული პრეტენზია და საჭირო მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს. მოპასუხემ ვერ დაადასტურა გარემოებები, რომელზეც ამყარებდა ახსნა-განმარტებას.

 

საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 01 მაისს გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ანგარიშსწორების პირობებსა და წესსზე, კერძოდ განისაზღვრა, რომ ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო საქონლის მიწოდებიდან 35 დღის განმავლობაში. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ შპს ,,ჯო-----------–-------მა“ 2016 წლის 01 მაისის ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,ჯო-----------–კის“ მიაწოდა სხვადასხვა სახის პროდუქცია, რომლის ღირებულებამ შეადგინა 7 605 152,25 ლარი, ანუ შეასრულა თავისი ვალდებულება, მოპასუხის მიერ კი ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ უნდა შესრულებულიყო საქონლის მიწოდებიდან 35 დღის განმავლობაში, თუმცა მისი მხრიდან ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, კერძოდ შპს ,,ჯო-----------–კ“-ის მიერ პს ,,ჯო-----------–-------ი“-სათვის ანაზღაურებული იქნა საქონლის ღირებულების მხოლოდ ნაწილი 6 782 773,68 ლარი და ასანაზღაურებელი აქვს 822 378,57 ლარი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეების წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე მითითებული გარემოებები არ აბათილებენ მოსარჩელის მოთხოვნას, რომელიც გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და ზემოთმითითებული სამართლებრივი ნორმებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ დასახელებული არც ერთი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 3.2. მუხლით მოპასუხისათვის მინიჭებული სარჩელის ცნობის უფლება მისი მატერიალური უფლების განკარგის საშუალებაა, ანუ სარჩელის ცნობის საპროცესო უფლების გამოყენებით (დისპოზიციურობის პრინციპი) მოპასუხე განკარგავს თავის მატერიალურ უფლებას. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებით კი მოპასუხეს შეზღუდული აქვს მატერიალური უფლების - საკუთრების უფლების განკარგვის შესაძლებლობა, მეურვის თანხმობის გარეშე.

 

სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს მოპასუხის განმარტებას, საპროცესო უფლების შეზღუდვის გამო სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, იმ პირობებში როდესაც შპს ,,ჯო-----------–კ“-ს აკრძალული აქვს მხოლოდ ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში - სასამართლოს თანხმობის გარეშე. დღეის მდგომარეობით შპს ,,ჯო-----------–კ“ რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და მის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად მითითებულია დირექტორი და-------–----ე, შესაბამისად ქონების განკარგვის გარდა, რისთვისაც საჭიროა მეურვის თანხმობა, საზოგადოებაზე ზრუნვას და წარმომადგენლობას ახორციელებს დირექტორი. მოპასუხეს არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია, რაც მეურვის მხრიდან საპროცესო უფლების განკარგვის ხელშეშლას დაადასტურებდა.

 

სასამართლო არ იზიარებს აგრეთვე მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებას, რომელიც ეხება 2018 წლის 01 მარტის შედარების აქტზე არაუფლებამოსილი პირის ხელმოწერას, რომელზე მითითებითაც ცდილობს მოპასუხე მხარე ვალდებულების არ არსებობის დადასტურებას, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები, ხოლო რაც შეეხება პროდუქციის ღირებულების გადახდას, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ წარმოადგინა ვალდებეულების სრულად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შედარების აქტი არის მხოლოდ ბუღალტრული დოკუმენტი, რომელიც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის პროცესში შეადგინეს კომპანიის ბუღალტერებმა და ამდენად, იგი არ წარმოადგენს გარიგებას, რომელიც უფლებებსა და მოვალეობებს წარმოშობს მხარეებისათვის. შედარების აქტით არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში ხდება მხარეთა მონაცემების შედარება. მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობის დადასტურების მიზნით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც მოპასუხის მხრიდან სადავოდ არ გამხდარა. შესაბამისად შედარების აქტზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერის შემთხვევაშიც, იმ პირობებში როდესაც პროდუქციის მიწოდება და მისი ღირებულება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ანგარიშფაქტურებით, ხოლო დარჩენილ ღირებულებაზე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების დამდასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ჯო-----------–-------ი“-ს სარჩელი ნასყიდობის თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მყიდველს გადაეცა შეთანხმებული პროდუქცია, ხოლო რაც შეეხება მყიდველს - შპს ,,ჯო-----------–კს“ მის მიერ თანხის გადახდის ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადლებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, კერძოდ, 2016 წლის 01 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 24 046 ლარი უნდა შემცირდეს 2404,6 ლარამდე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა შპს ,,სა------------–------------ა მ--“-მ, შპს ,,ექ----“-მა, და-------–----ემ და ლე------–----ემ თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება 2016 წლის 01 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა შპს ,,ჯო-----------–კ“-ის, შპს ,,სა------------–------------ა მ & გ“-ს, შპს ,,ექ----“-ს, და-------–----ისა და ლე------–----ისათვის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროდუქციის ღირებულებისა და პირგასამტეხლოს სოლიდარულად გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5100 ლარის ოდენობით; (ს.ფ. 159-162, 188-189)

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 2016 წლის 01 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის 1603 113,87 ლარის და პირგასამტეხლოს 24046 ლარის ჯამს 1 627 159,87 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი დავალიანების ნაწილში 780 735,3 ლარის ოდენობით (1 603 113,87-822 378,57), რაც საერთო სასარჩელო მოთხოვნის (1 627 159,87 ლარი) 47,98%-ს შეადგენს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 5000 ლარის 47,98% - 2399 ლარი.

 

ამდენად, სარჩელის შემცირების შემდეგ დავის საგნის ღირებულება შეადგენს 846 424,57 ლარს (1 627 159,87-780 735,3), ხოლო სახელმწიფო ბაჟის თანხა - 2601 ლარს (5000-2399).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი პირგასამტეხლოს ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება განისაზღვრება 824 783,17 ლარით, 2016 წლის 01 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება - 822 378,57 ლარი, პირგასამტეხლო - 2404,6 ლარი, ნაცვლად 24 046 ლარისა (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 97,44%). შესაბამისად, მოპასუხეებს შპს ,,ჯო-----------–კ“-ის, შპს ,,სა------------–------------ა მ & გ“-ს, შპს ,,ექ----“-ს, და-------–----ეს და ლე------–----ეს მოსარჩელე შპს ,,ჯო-----------–-------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული ბაჟის 2601 ლარის 97,44%-ს, 2534,41 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მოპასუხეებს შპს ,,ჯო-----------–-------ი“-ს სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროთ 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

დარჩენილი ნაწილი კი, პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო მოსარჩელეს არ აუნაზღაურდება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 იანვრისა და 2018 წლის 16 იანვრის განჩინებებით მოპასუხეებს აეკრძალათ მათ საკუთრებაში არსებული ქონებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ძალაში უნდა დარჩეს სასამართლოს მიერ სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს ,,ჯო-----------–-------ი“-ს სარჩელი შპს ,,ჯო-----------–კ“-ის, შპს ,,სა------------–------------ა მ--“-ს, შპს ,,ექ----“-ის, და-------–----ის და ლე------–----ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. შპს ,,ჯო-----------–-------ი“-ს უარი ეთქვას პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.

 

3. შპს ,,ჯო-----------–კ“-ის, შპს ,,სა------------–------------ა მ & გ“-ს, შპს ,,ექ----“-ს, და-------–----ეს და ლე------–----ეს შპს ,,ჯო-----------–-------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 01 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 824 783,17 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 822 378,57 ლარი, პირგასამტეხლო - 2404,6 ლარი;

 

4. შპს ,,ჯო-----------–კ“-ის, შპს ,,სა------------–------------ა მ & გ“-ს, შპს ,,ექ----“-ს, და-------–----ეს და ლე------–----ეს შპს ,,ჯო-----------–-------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2634,41 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

5. შპს ,,ჯო-----------–-------ი“-ს დაუბრუნდეს 09/01/2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 2399 ლარის ოდენობით. (გადახდის თარიღი - 09/01/2018; საგადახდო დავალება #-; გადამხდელი - დ-------------–---–-, გადამხდელის ბანკი - სს ,,თიბისი ბანკი“; სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).

 

6. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე