გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/888-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2019 წელი ქ.მცხეთა
შესავალი ნაწილი
მცხეთის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ბადრი შონია
სხდომის მდივანი ეკა გაბიდაური
მოსარჩელე - სოციალური მომსახურების სააგენტოს მც---------------ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი - ქ---- ნა--------
მოპასუხე - გელა ქი-–-------
ადვოკატი - ნ----- ბე------–---–-
მესამე პირი - სო------ გა-–---–---
წარმომადგენელი - გ--- ბა--------
დავის საგანი - მშობლის უფლების ჩამორთმევა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გელა ქი-–-------სათვის მშობლის უფლება-მოვალეობების ჩამორთმევა თავისი არასრულწლოვანი შვილის - 2013 წლის 29 სექტემბერს დაბადებული ნა----- ქი-–-------ს მიმართ.
სარჩელის საფუძვლები:
სოციალური მომსახურების სააგენტოს მც---------------ის სამხარეო ცენტრს მიმართა მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტმა N04/----- 09.07.2018 წერილით, რასაც თან ერთვოდა მოქალაქე სო------ გა-–---–--ის წარმომადგენლის განცხადება (N55317; 08.06.18) ბავშვის, ნა----- ქი-–-------ს, მამის გელა ქი-–-------ს მშობლის უფლების ჩამორთმევის საკითხის შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ გელა ქი-–------ს არ აქვს ურთიერთობა შვილთან, არ ზრუნავს მასზე, არ იხდის დაკისრებულ ალიმენტს, ბავშვის მიმართ არ იჩენს ინტერესს და არ ასრულებს მშობლის მოვალეობებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს N2/1-----17 17.07.17 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გელა ქი-–------ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 300 ლარის ოდენობით 2017 წლის 24 აპრილიდან, რასაც არ იხდის. რის გამოც, ბავშვის დედას, სო------ გა-–---–---ს, მიმართული აქვს სააღსრულებო ორგანოსთვის, რომლის მიერ დაყადაღებულია გელა ქი-–-------ს კუთვნილი ანგარიშები და რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. მომართვის საფუძველზე განხორციელდა გელა ქი-–-------ს ოჯახის შეფასება. გელა ქი-–------- მუშაობს დღიურ სამუშაოებზე. მან დაადასტურა, რომ არ იხდის დაკისრებულ ალიმენტს, გამომდინარე იქიდან, რომ არ აქვს როგორც ფინანსური საშუალება, ასევე სურვილი, ვინაიდან სო------ გა-–---–--- ხელს უშლის შვილთან ურთიერთობაში და არ აძლევს ბავშვის ნახვის საშუალებას არც მას და არც მის ნათესავებს. ასევე მოხდა მიმართვა თბილისის საქალაქო ცენტრის მიმართ ბავშვის, ნა----- ქი-–-------სა და მისი ოჯახის შეფასების, მისი უფლებრივი მდგომარეობისა და მამასთან ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით. დიდუბე-ჩუღურეთის სერვისცენტრის საპასუხო წერილით მოწოდებული სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად, სო------ გა-–---–--- გელა ქი-–------თან 2013 წლიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - ნა----- ქი-–------- (დაბ: 28.09.2013, პ/ნ 31---------). მიმდინარე პერიოდისათვის სო------ გა-–---–--- ცხოვრობს თბილისში მეუღლესთან - აჰ------–--------------–----------თან (დაბ: 01.09.1991, პ/ნ 01---------) და სამ შვილთან ერთად. ოჯახში დაკმაყოფილებულია ბავშვების საბაზისო საჭიროებები. სო------ გა-–---–---ს სურს გელა ქი-–------ს ჩამოერთვას მშობლის უფლებები, რათა მიეცეს შესაძლებლობა ნა----- ქი-–------- გაიყვანოს ქვეყნის გარეთ დასასვენებლად და ასევე, შეუცვალოს გვარი. მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში აღნიშნულია, რომ ბავშვი, ნა----- ქი-–-------, საუბრობს არაბულად, სო------ გა-–---–--ის მეუღლეს ეძახის მამას და იზრდება მუსულმანად, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ქრისტიანულად არის მონათლული. გელა ქი-–------ს არაერთგზის გაეწია კონსულტაცია სამხარეო ცენტრის მხრიდან შვილთან ურთიერთობის წესის სასამართლოს გზით განსაზღვრის შესაძლებლობის შესახებ, მიეწოდა ინფორმაცია და გადამისამართდა იურიდიული დახმარების სამსახურის მც---------------ის ბიუროში სათანადო მომსახურების მიღების მიზნით. გაეწია კონსულტაცია არსებული სერვისების და პროგრამების შესახებ. მიუხედავად ამისა, მისი მხრიდან არ განხორციელებულა ქმედითი ღონისძიებები იმისათვის, რომ შვილთან ურთიერთობა აღადგინოს და ისარგებლოს საკუთარი უფლებებით მასთან მიმართებაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას, მისი განმარტებით, სარჩელი რომელიც წარადგინა სოციალური მომსახურების სააგენტოს მც---------------ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრმა, არის დაუსაბუთებელი, კერძოდ, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომელიც სსკ-ის 1206-ე მუხლით გათვალისწინებული მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევის ფაქტობრივ საფუძველს ადასტურებს. სარჩელი აგებულია ძირითადად იმაზე, რომ მოპასუხე არ იხდის სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ალიმენტს და ესაა ერთადერთი მიზეზი იმისა რომ მას ჩამოერთვას მშობლის უფლება. მოპასუხე აღნიშნავს, რომ დაკისრებული ალიმენტი არის ძალიან მაღალი და ის შეგნებულად არ არიდებს დაკისრებულ მოვალეობას თავს, არ მუშაობს და ამ ოდენობის ალიმენტს ვერ გადაიხდის, რაც შეეხება შვილის ნახვის სურვილს, ბავშვის დედის მხრიდან ხდება ხელის შეშლა. ის ფაქტი, რომ მოპასუხე ვერ იხდის ალიმენტს, არ უნდა შეფასდეს იმგვარ ბრალეულ ქმედებად, რაც შეიძლება გახდეს მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველი. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი დასკვნა არის ურთიერთშეუსაბამო, კერძოდ, თუ მოპასუხეს არ აქვს ურთიერთობა შვილთან და არ ეძლევა ამის საშუალება, შესაბამისად ეს ფაქტი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ კონკრეტულ გაწერილ ჩამონათვალს, რაც უნდა გახდეს საფუძველი მშობლის უფლების ჩამორთმევის, ამავდროულად, ყურადსაღებია სარჩელის ძირითადი მიზანი, რომელიც საერთოდ არ ემსახურება იმას, რომ დაცული იყოს ბავშვის ინტერესი, ეს არის მხოლოდ ბავშვის დედის - სო------ გა-–---–--ის ინტერესი, რომ გვარი შეუცვალოს და სამუდამოდ წაიყვანოს მოპასუხის შვილი საზღვარგარეთ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სო------ გა-–---–--- და გელა ქი-–------- 2013 წლიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ერთი შვილი - 2013 წლის 28 სექტემბერს დაბადებული ნა----- ქი-–-------. მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ და შექმნილი აქვთ სხვა ოჯახები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 33);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 17.01.2019 წლის სხდომის ოქმი).
3.1.2. მხარეთა ფაქტობრივი დაშორების შემდეგ ნა----- ქი-–------- ცხოვრობს დედასთან, სო------ გა-–---–---სთან და მის მეუღლესთან აჰ------–--------------–-------------სთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე გელა ქი-–------ს არასრულწლოვანი შვილის ნა----- ქი-–-------ს სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან - 2017 წლის 24 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. გელა ქი-–------ს გადაწყვეტილების საფუძველზე დაკისრებული ალიმენტი არ გადაუხდია. 2017 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 1-14)
- შესაგებელი (ს.ფ. 56-66)
- 19.07.2017 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
- სააღსრულებო ფურცელი საქმეზე N2/1-----17 (ს.ფ. 18);
- შიდა ქართლისა და მც---------------ის სააღსრულებო ბიუროს 30.03.2018 წლის
წერილი (ს.ფ. 23)
3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით გელა ქი-–------ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შვილის - ნა----- ქი-–-------ს მიმართ საზღვარგარეთ დროებით წაყვანასა და სახელმწიფო პასპორტის გაცემის ნაწილში სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 1-14)
- შესაგებელი (ს.ფ. 56-66)
- 19.07.2016 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ 70-74)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. არასრულწლოვანი ნა----- ქი-–-------ს მშობლებს შორის არის დაძაბული ურთიერთობა, კონფლიქტი. იგი ძირითადად უკავშირდება მოპასუხის მიერ შვილზე ზრუნვის თავის არიდების, მასზე დაკისრებული ალიმენტის არგადახდის და არასრულწლოვანთან მამის ურთიერთობის საკითხს. სო------ გა-–---–--ის განმარტებით, მოპასუხის მიერ ბავშვის ბებიასთან (ხა--------–ის რაიონში) დატოვების დღიდან არ ყოფილა მისი მხრიდან ბავშვის ნახვის არცერთი მცდელობა
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა - განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის თანახმად, გელა ქი-–------- ცხოვრობს მცხეთის რაიონის სოფელ მუ-----ში, მეორე მეუღლესთან ერთად. საცხოვრებელს წარმოადგენს ერთსართულიანი შენობა სამი ოთახით. იატაკი და კედლები უმეტესად ბეტონისაა, კომუნალური მდგომარეობა მოსაწესრიგებელია, ოჯახში არის სიღარიბე. მოპასუხის ოჯახს რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეწყვეტილი აქვს 2015 წლიდან საზღვრის კვეთის საფუძვლით. გელა ქი-–------ს არ აქვს სტაბილური შემოსავალი და მუშაობს დღიურ სამუშაოებზე. გელა ქი-–------ს არაერთგზის გეწია კონსულტაცია სამხარეო ცენტრის მხრიდან შვილთან ურთიერთობის წესის სასამართლოს გზით განსაზღვრის შესაძლებლობის შესახებ, მიეწოდა ინფორმაცია და გადამისამართდა იურიდიული დახმარების სამსახურის მც---------------ის ბიუროში სათანადო მომსახურების მიღების მიზნით. გაეწია კონსულტაცია, მაგრამ მისი მხრიდან არ განხორციელებულა ქმედითი ღონისძიებები იმისათვის, რომ შვილთან ურთიერთობა აღადგინოს და ისარგებლოდ საკუთარი უფლებებით მასთან მიმართებაში. გელა ქი-–------- ნამდვილად არიდებს თავს მშობლის მოვალეობის შესრულებას, არ ცდილობს მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში და ისარგებლოს მშობლის უფლებებით, ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბავშვს ექციოდეს უხეშად, ამორალური საქციელით მასზე ახდენდეს უარყოფით ზეგავლენას, არ არსებობს მამა-შვილს შორის ურთიერთობის არ ქონის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მც---------------ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის 24.09.2018 წლის დაკვნა N28--
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ ნორმით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართლწარმოების ძირითადი პრინციპი, რომლის არსი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.
განმსახილველ შემთხვევაში მხარეთა განმარტებებით და მოწმეების ჩვენებებით არ დასტურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, კერძოდ, მოპასუხე გელა ქი-–-------ს მიერ არასრულწლოვან შვილზე უხეშად მოქცევის, მასზე უარყოფითი გავლენის მოხდენის ფაქტი, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს სარჩელის დაკმაყოფილებას.
სასამართლო სხდომაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს მც---------------ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის ირ--- ლა–-----ის მიერ მიცემული განმარტებით, სოციალური მომსახურების მც---------------ის სამხარეო ცენტრის მიერ მოხდა გელა ქი-–-------ს ოჯახის შეფასება განხორციელდა ვიზიტები მის ოჯახში და მოხდა მასთან კომუნიკაცია. გელა ქი-–------- აფიქსირებდა, რომ მას სურდა ბავშვთან ურთიერთობა, თუმცა ყოფილი მეუღლე მას არ აძლევდა ამის საშუალებას. კერძოდ, ,,უბლოკავდა ტელეფონს’’, არ იცოდა მათი ზუსტი მისამართი. მას გაეწია დეტალური კონსულტაცია მშობლის უფლებებთან დაკავშირებით, რათა გადაედგა შემდგომი ნაბიჯები. განემარტა, რომ შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის. მოხდა მისი გადამისამართება თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროში. გელა ქი-–------თან სატელოფონო კომუნიკაციის თანახმად, იგი იყო მისული, თუმცა როგორც აღნიშნა ხელი შეეშალა და მან არ განახორციელა მიმართვა სასამართლოსადმი. მეორედ, 2018 წლის ზაფხულში მოხდა ოჯახთან ხელახლა დაკავშირება, კონსულტაციები, ახსნა იმისა, რომ მშობლის უფლების ჩამორთმევას აქვს თავისი საფუძვლები. გაეწია კონსულტაცია, რათა გადაედგა შემდგომი ნაბიჯები. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მამას ჰქონდა ბავშვზე ცუდი ზეგავლენა, სამხარეო ცენტრს არ აქვს გამომდინარე იქიდან, რომ მამას ფიზიკურად არ აქვს ბავშვთან ურთიერთობა. მაგრამ რადგან მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვზე ზრუნვის თავის არიდებას, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ სწორედ ამიტომ ჩათვალა მიზანშეწონილად მოემართა სასამართლოსთვის.
სოციალური მუშაკის - ირ--- ლა–-----ის განმარტებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მოძიებული იქნა ინფორმაცია გელა ქი-–-------ს პიროვნებაზე ტერიტორიული ერთეულიდან, ექიმისგან, მეზობლებისგან. თუმცა უარყოფითი ინფორმაცია მის შესახებ არავის მიუწოდებია. გელა ქი-–------ს და მის ყოფილ მეუღლეს ჰქონდათ ოჯახური უთანხმოებები, თუმცა ბავშვის მიმართ მამის მხრიდან ძალადობაზე ან სხვაგვარ ცუდ მოპყრობაზე ინფორმაცია არ არსებობს.
ბავშვის მიმართ უხეშად მოქცევის და მასზე უარყოფითი გავლენის მოხდენის შესახებ ინფორმაცია ასევე არ დაადასტურეს საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმაც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მტკიცების საგანში არსებულ გარემოებას წარმოადგენდა სწორედ ზემოთ აღნიშნული ფაქტების დადასტურება, რაც განსახილველ შემთხვევაში ვერ დადასტურდა წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის, არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, არ იკვეთება გელა ქი-–-------სათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1202-ე, 1206-ე, მუხლები.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ; მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული „ბავშვის უფლებათა კონვენციით” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან), რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვის უფლებათა კონვენციის’’ მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე კონვენციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდავერი მოპყრობისგან.
სასამართლო, სასარჩელო მოთხოვნის განხილვისას აღნიშნავს, რომ საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
კანონი პატივს სცემს რა მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიონ შვილებთან, აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესს.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ახსნა-განმარტების, მოწმეთა ჩვენებების მხედველობაში მიღებით სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არის ნათლად და უტყუარად გამოკვეთილი მშობლის უფლების ჩამორთმევის ფაქტობრივი საფუძველი. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რაც შეიძლება მშობლის მიმართ იქნას გამოყენებული და შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიების გამოყენების წინაპირობები უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სათანადო მტკიცებულებებით, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. გარდა ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის უფლების ჩამორთმევას გარკვეული სიკეთე უნდა მოჰქონდეს ბავშვისთვის და უკეთეს სამართლებრივ პირობებში აყენებდეს მას. მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა მამისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევით თუ რა უპირატეს მდგომარეობაში და უკეთეს სამართლებრივ პირობებში აღმოჩნდება არასრულწლოვანი.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მც---------------ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის 24.09.2018 წლის N28-- დაკვნაში მითითებულია, რომ გელა ქი-–-------სათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის ქვეყნის გარეთ დასასვენებლად გაყვანა. სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აღნიშნული მიზანი მიღწეულია, ვინაიდან გელა ქი-–------ს შეზღუდული აქვს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება მცირეწლოვანი შვილის ნა----- ქი-–-------ს მიმართ, საზღვარგარეთ დროებით წაყვანასა და ამ მიზნით სახელმწიფო პასპორტის გაცემის ნაწილში.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას მოპასუხის მხრიდან ალიმენტის გადახდისაგან თავის არიდების თაობაზეც. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე - იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის მატერიალურ-ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით (24.09.2018 წლის N28-- დასკვნის თანახმად: მოპასუხე ცხოვრობს სოფელ მუ-----ში, მეორე მეუღლესთან ერთად. საცხოვრებელს წარმოადგენს ერთსართულიანი შენობა, სამი ოთახით, იატაკი და კედლები უმეტესად ბეტონისაა, კომუნალური მდგომარეობა არის მოუწესრიგებელი, ოჯახში არ არის სააბაზანო, მოპასუხის ოჯახს 2015 წლიდან შეწყვეტილი აქვთ რეგისტრაცია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში საზღვის კვეთის საფუძვლით და განმეორებითი მიმართვა კი ვერ შეძლებს დოკუმენტების მოუწესრიგებლობის გამო), ფაქტი იმის შესახებ, რომ მოპასუხე შვილის სასარგებლოდ ვერ იხდის დაკისრებულ ალიმენტს, ვერ შეფასდება მოპასუხის იმგვარ ბრალეულ ქმედებად, რაც მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნას წარმოშობს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ იკვეთება ზემოაღნიშნული ნორმით მშობლის უფლების ჩამორთმევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2-ე მუხლის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. განსახილველ დავაში მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არც მოპასუხეს დაეკისრება სასამართლო ხარჯების გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სოციალური მომსახურების სააგენტოს მც---------------ის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ბადრი შონია