გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5671-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელეები - ლ----------–-ა; ბ-----------–-–---–ი; ი-----–---------–---–ი
წარმომადგენელი - ნ-----–----------ე
მოპასუხე - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - დ----------–-----ე
მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
წარმომადგენელი - მ------------–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 აგვისტოს №MES 6------------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი;
1.2. დაევალოს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართოს წარდგინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ლ----------–-ას, ბ-----------–-–---–ის, ი-----–---------–---–ის ზოგად უნარების დამატებითით ტესტირების დანიშვნის შესახებ;
1.3. დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაცი-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ლ----------–-ას, ბ-----------–-–---–ის, ი-----–---------–---–ის ზოგად უნარების დამატებითი ტესტირების დანიშვნის შესახებ (იხ. 19.12.2018წ. დაზუსტებული სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2.2. მოპასუხე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი არ დაეთანხმა სარჩელს და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 04 ივნისს №MES 3------------ წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარედგინა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი, რომლითაც ზოგადი უნარების ჩატარების თარიღად 5-6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) განისაზღვრა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 04 ივნისს №MES 3------------ წარდგინება (ს.ფ. 69-70).
3.1.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 08 ივნისის №5-- ბრძანებით დამტკიცდა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი და ზოგადი უნარების გამოცდა 5-6 ივლისს (პირველი და მეორე სესია) დაინიშნა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 08 ივნისის №5-- ბრძანება (ს.ფ. 71-72).
3.1.3. 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდნენ - ლ----------–-ა, ბ-----------–-–---–ი და ი-----–---------–---–ი და მათზე გაიცა საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი, რომლითაც ზოგადი უნარების გამოცდა 5 ივლისის დაენიშნათ.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ლ----------–-ას საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი (ს.ფ. 24);
- ბ-----------–-–---–ის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი (ს.ფ. 22)
- ი-----–---------–---–ის გამოცდების შედეგები (ს.ფ. 93);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2018 წლის 29 ივნისს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა №MES 1------------ წერილით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და მოსალოდნელი ცხელი დღეების გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი კვირის განრიგის შეცვლა. შეცვლილი განრიგის შესაბამისად, ზოგადი უნარების გამოცდის თარიღად 6-7 (პირველი და მეორე სესია) განისაზღვრა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 29 ივნისის №MES 1------------ წერილი (ს.ფ 73-74).
3.1.5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №6-- ბრძანებით ცვლილება შევიდა „2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის №5-- ბრძანებაში და ზოგადი უნარების გამოცდა 6-7 ივლისს (პირველი და მეორე სესია) დაინიშნა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №6-- ბრძანება (ს.ფ. 75).
3.1.6. 2018 წლის 17 აგვისტოს, ლ----------–-ამ, ბ-----------–-–---–მა და ი-----–---------–---–მა №1------ განცხადებით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მათთვის ზოგადი უნარების გამოცდის დანიშვნა მოითხოვეს. განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ არიან საფეხბურთო კლუბ თ---–------–------------ის 1--–-–----ე გუნდის ფეხბურთელები და ვინაიდან თავდაპირველად ზოგადი უნარების გამოცდის ჩატარების თარიღად 5-6 ივლისი განისაზღვრა, საერთაშორისო ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად გერმანიაში გამგზავრება 6 ივლისს დაგეგმეს. შესაბამისად, მოგვიანებით გამოცდის თარიღის შეცვლის გამო ვერ შეძლეს ზოგადი უნარების გამოცდაზე გამოცხადება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 17 აგვისტოს №1------ განცხადება (ს.ფ. 129-130);
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 22 აგვისტოს №MES 3-----------3 წერილი (ს.ფ. 30).
3.1.7. სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 აგვისტოს №MES 6------------ წერილით ლ----------–-ას, ბ-----------–-–---–ს და ი-----–---------–---–ს 2018 წლის 17 აგვისტოს №1------ განცხადების პასუხად ეცნობათ, რომ ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რაიმე სახის გამონაკლისებისა და შეღავათების გაწევას, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ გააჩნდა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 აგვისტოს №MES 6------------ წერილი (ს.ფ. 31-32).
3.1.8. სსიპ ს----------–--------------------------ისა და ს---------------–-–---------–---–ო ინივერსიტიტის რექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს N01-03/3-- ცნობის თანახმად, ამავე უნივერსიტეტში 2018/2019 სასწავლო წლის მისაღები შიდა სპორტული ტური წარმატებით გადალახეს აბიტურიენტებმა ლ----------–-ამ, ბ-----------–-–---–მა, ი-----–---------–---–მა. ამავე ცნობის თანახმად, 2018/2019 სასწავლო წლისათვის ს----------------------------–--------–-----------–-----ზე ჰქონდა 130 ვაკანტური ადგილი, რომელზეც ჩაირიცხა 45 სტუდენტი, ამჟამად დარჩენილია 85 ადგილი.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მოსარჩელეებმა ქართული ენა და ლიტ, ასევე უცხო ენაში გადალახეს კომპეტენციის ზღვარი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ ს----------–--------------------------ისა და ს---------------–-–---------–---–ო ინივერსიტიტის რექტორის 2018 წლის 31 აგვისტოს N01-03/3-- ცნობა (ს.ფ.25);
- გამოცდების შედეგები (ს.ფ. 92-94).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ----------–-ას, ბ-----------–-–---–ის და ი-----–---------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის პირველი დამატებითი ოქმი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულება“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, ხოლო 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები ითხოვენ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 აგვისტოს №MES 6------------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას. ასევე ითხოვენ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაევალოს მიმართოს წარდგინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ლ----------–-ას, ბ-----------–-–---–ის, ი-----–---------–---–ის ზოგად უნარების დამატებითით ტესტირების დანიშვნის შესახებ, ხოლო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაცი-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ლ----------–-ას, ბ-----------–-–---–ის, ი-----–---------–---–ის ზოგად უნარების დამატებითი ტესტირების დანიშვნის შესახებ.
6.2. სასამართლო მოიხმობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებას“, რომელიც არეგულირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესს და პირობებს. მითითებული დებულების მე-3 მუხლის თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩატარების მიზანია: ა) საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტის ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; ბ) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარებისა და შესაძლებლობების გამოვლენა.
ამავე დებულების მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ტესტირება თითოეულ საგანში ტარდება ერთ ან რამდენიმე სესიად, ერთდროულად ყველა საგამოცდო ცენტრში, ცენტრის წარდგინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული განრიგის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 04 ივნისს №MES 3------------ წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დასამტკიცებლად წარედგინა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი, რომლითაც ზოგადი უნარების ჩატარების თარიღად 5-6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) განისაზღვრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 08 ივნისის №5-- ბრძანებით დამტკიცდა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი და ზოგადი უნარების გამოცდა 5-6 ივლისს (პირველი და მეორე სესია) დაინიშნა.
სასამართლო მიუთითებს „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-15 მუხლზე პირველი პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია პირის განცხადება ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების შესახებ. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, აბიტურიენტთა შესახებ საბოლოო მონაცემთა შეგროვების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალურ პროგრამაში განთავსდება საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში აბიტურიენტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება: ა) ჩასაბარებელი საგნების ნუსხა; ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება და მისამართი, სადაც აბიტურიენტი ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს; გ) გამოცდის/გამოცდების ჩატარების თარიღები, რეგისტრაციის დაწყების დრო.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდნენ - ლ----------–-ა, ბ-----------–-–---–ი და ი-----–---------–---–ი და მათზე გაიცა საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი, რომლითაც ზოგადი უნარების გამოცდა 5 ივლისის დაენიშნათ.
დადგენილია ასევე, რომ 2018 წლის 29 ივნისს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა №MES 1------------ წერილით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და მოსალოდნელი ცხელი დღეების გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი კვირის განრიგის შეცვლა. შეცვლილი განრიგის შესაბამისად, ზოგადი უნარების გამოცდის თარიღად 6-7 (პირველი და მეორე სესია) განისაზღვრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №6-- ბრძანებით ცვლილება შევიდა „2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების განრიგის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 8 ივნისის №5-- ბრძანებაში და ზოგადი უნარების გამოცდა 6-7 ივლისს (პირველი და მეორე სესია) დაინიშნა.
2018 წლის 17 აგვისტოს, ლ----------–-ამ, ბ-----------–-–---–მა და ი-----–---------–---–მა №1------ განცხადებით მიმართეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მათთვის ზოგადი უნარების გამოცდის დანიშვნა მოითხოვეს. განმცხადებლებმა მიუთითეს, რომ არიან საფეხბურთო კლუბ თ---–------–------------ის 1--–-–----ე გუნდის ფეხბურთელები და ვინაიდან თავდაპირველად ზოგადი უნარების გამოცდის ჩატარების თარიღად 5-6 ივლისი განისაზღვრა, საერთაშორისო ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად გერმანიაში გამგზავრება 6 ივლისს დაგეგმეს. შესაბამისად, მოგვიანებით გამოცდის თარიღის შეცვლის გამო ვერ შეძლეს ზოგადი უნარების გამოცდაზე გამოცხადება.
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 აგვისტოს №MES 6------------ წერილით ლ----------–-ას, ბ-----------–-–---–ს და ი-----–---------–---–ს 2018 წლის 17 აგვისტოს №1------ განცხადების პასუხად ეცნობათ, რომ ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა რაიმე სახის გამონაკლისებისა და შეღავათების გაწევას, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებაში მითითებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა არ გააჩნდა.
6.3. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლება ხორციელდება კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ ფარგლებში. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის ზოგადი წესი და მათი იერარქია განისაზღვრება ორგანული კანონით. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა, თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციების შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე იღებს განათლებისა და სწავლების დარგში, პატივს სცემს მშობელთა უფლებას უზრუნველყონ თავისი ბავშვებისათვის ისეთი განათლება და სწავლა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მათ რელიგიურ და ფილოსოფიურ რწმენასთან.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლის თანახმად, „წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის განათლების მიღების უფლებას. ისინი თანხმდებიან, რომ განათლება მიმართულ იქნას ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას. ისინი ასევე თანხმდებიან, რომ განათლებამ ყველას უნდა მისცეს თავისუფალ საზოგადოებაში ქმედითი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველა ერს, რასობრივ, ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფს შორის განავითაროს ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა და მეგობრობა და ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების საქმიანობას მშვიდობის შესანარჩუნებლად.“
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის შესაძლებლობის შექმნას.
განსახილველ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ სადავო ქცეული 2018 წლის 23 აგვისტოს №MES 6------------ გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა რაიმე სახის გამონაკლისებისა და შეღავათების გაწევას არ ითვალისწინებდა, არ არსებობდა ზოგად უნარების დამატებითი ტესტირების დანიშვნის სამართლებრივი საფუძველი.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აბიტურიენტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის №ბს-1246-821 (კ-5) გადაწყვეტილებას, რომლითაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლო ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობას წყვეტს შესაბამისი კანონის სწორი შეფარდების საფუძველზე, რაც ხორციელდება კანონის სწორი განმარტების, ანუ მისი ნამდვილი აზრის გამორკვევის, სიტყვათა შესაბამის წყობაში გამოვლენილი კანონმდებლის განზრახულობის ამოხსნის გზით. კანონის განმარტებას ერთგვარი სირთულე ახლავს იმ შემთხვევაში, როდესაც ნორმა აზრობრივად არ არის ცხადი და თანამიმდევრული ან მისი პირდაპირი მნიშვნელობით გამოყენება ეწინააღმდეგება კანონის მიზანს, ვერ უზრუნველყოფს კონკრეტული ურთიერთობის სწორ, სამართლიან გადაწყვეტას. კანონის მხოლოდ სიტყვასიტყვითი (გრამატიკული) მნიშვნელობით ვიწრო გაგების პრინციპზე დიდი ხანია უარი თქვა იურისპრუდენციამ. იმ შემთხვევაში, როდესაც ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტება წინააღმდეგობაშია კანონის მიზანთან, სასამართლომ ნორმაშეფარდების პროცესში უნდა გადაწყვიტოს, ხომ არ წარმოიშობა აღნიშნული ნორმის სხვა ხერხებით განმარტების აუცილებლობა და მათ შორის, ხომ არ უნდა იმოქმედოს კანონის ობიექტური მიზნიდან გამომდინარე, სამართლით, რომელიც გამომდინარეობს არსებული კონსტიტუციური მართლწესრიგიდან, ამავე მართლწესრიგის ფარგლებში და უზრუნველყოს კონკრეტული ურთიერთობის სამართლიან გადაწყვეტას.“
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმა არეგულირებს აბიტურიენტის ტესტირებაზე გამოუცხადებლობის იმ შემთხვევას, როდესაც აბიტურიენტი მისი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზით არ ცხადდება ტესტირებაზე და აღნიშნული გამოუცხადებლობა მას ართმევს დამატებითი ტესტირების ჩატარების მოთხოვნის უფლებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილი ორგანოების მიერ გამოცდის ჩატარების თარიღის ცვლილების შემთხვევაში აბიტურიენტის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევის რეგულირებას მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თავდაპირველად მოსარჩელეებს ზოგადი უნარების გამოცდა 5 ივლისს დაენიშნათ, ხოლო მოგვიანებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №6-- ბრძანების საფუძველზე, გამოცდის ჩატარების თარიღად 6 ივლისი განესაზღვრათ და სწორედ მითითებულმა ცვლილებამ განაპირობა ლ----------–-ას, ბ-----------–-–---–ის და ი-----–---------–---–ის ზოგადი უნარების გამოცდაზე გამოუცხადებლობა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციას და მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის გამოყენების და მოსარჩელეებისთვის საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოაღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულია განათლების მიღების უფლების შეზღუდვის, კერძოდ, ზოგადი უნარების დამატებითი ტესტირების დანიშვნაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანის ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 აგვისტოს №MES 6------------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და უნდა დაევალოს მოპასუხე სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართოს წარდგინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ლ----------–-ას, ბ-----------–-–---–ის, ი-----–---------–---–ის ზოგად უნარების დამატებითი ტესტირების დანიშვნის შესახებ. ასევე,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უნდა დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ლ----------–-ას, ბ-----------–-–---–ის, ი-----–---------–---–ის ზოგად უნარების დამატებითი ტესტირების დანიშვნის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. დადგენილია, რომ მოსარჩელეების მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხეებს - სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უნდა დაეკისროთ მოსარჩელეების - ლ----------–-ას, ბ-----------–-–---–ის, ი-----–---------–---–ის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ----------–-ას, ბ-----------–-–---–ის, ი-----–---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 23 აგვისტოს №MES 6------------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი;
3. დაევალოს სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართოს წარდგინებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ლ----------–-ას, ბ-----------–-–---–ის, ი-----–---------–---–ის ზოგად უნარების დამატებითი ტესტირების დანიშვნის შესახებ.
4. დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაცი-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) ლ----------–-ას, ბ-----------–-–---–ის, ი-----–---------–---–ის ზოგად უნარების დამატებითი ტესტირების დანიშვნის შესახებ.
5. მოპასუხე სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაეკისროთ მოსარჩელეების ლ----------–-ას, ბ-----------–-–---–ის, ი-----–---------–---–ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია