გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2019
საქმის ნომერი
330210018002713024
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/32556-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

21 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი

 

მოსარჩელე - სს ''მ----------------------'';

წარმომადგენელი - ნო-------------–--ე;

მოპასუხეები: ნ--------------, მ--------–-----;

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ნ--------------ს და მ--------–-----ს სს ''მ----------------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სესხის ძირითადი თანხის - 6267.32 ლარის, სარგებლის - 1701.30 ლარის და პირგასამტეხლოს - 846 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მოსარჩელეს უარი ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ივლისს შპს ''მ----------------------ს'' და ნ--------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი - 7214 ლარი, ყოველთვიურად 5%-ის სარგებლის დარიცხვით. მოპასუხეს სესხი უნდა გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და სარგებელს - 436 ლარის ოდენობით შეთანხმებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

3.1.2. დადგენილია, რომ საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დამგირავებელმა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი - ფოლქსვაგენ გოლფი, გამოშვების წელი - 2000, საიდენტიფიკაციო ნომერი 9B--------------3.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 18-25).

- შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ (ს.ფ 26-29).

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ 30).

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად შპს ''მ----------------------ს'' და მ--------–-----ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე, იმგვარად, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდებმა უზრუნველყოს კრედიტორის მიმართ ვალდებულების შესრულება.

 

3.1.4. თავდები პირის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 21900 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ 35).

- ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ 32-34).

 

3.1.5. მხარეთა შორის დადებული გირავნობის ხელშეკრულების 6.2 მუხლის თანახმად, მოგირავნის ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით მას უფლება აქვს განახორციელოს გირავნობის საგნის რეალიზაცია აუქციონის წესით, მის მიერ ორგანიზებულ აუქციონზე ან მის მიერ შერჩეული პირის მეშვეობით. ამავე ხელშეკრულების 6.4. მუხლის თანახმად, კი თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ 18-25).

 

3.1.6. დადგენილია, რომ ნ--------------ს შპს ''მ----------------------ს'' წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად და ერიცხება დავალიანება.

 

3.1.7. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული 10 თვის გადასახადი გადახდილია სრულად, ასევე მე-11 თვეს მსესხებლის მიერ გადახდილი თანხით შემცირებულია ივნისის თვის სარგებელი. რაც შეეხება ივნისის თვის დარჩენილ სარგებელს - 249.40 ლარი და სხვა მომდევნო თვეების გადასახადს მის მიერ ამ დრომდე გადახდილი არ არის. ამასთან მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი დაზიანებულია. 2018 წლის 16 ოქტომბერს მოპასუხეებთან გაგზავნილ იქნა წერილობითი შეტყობინებები დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის მიზნით, თუმცა მოცემული ვადაც უშედეგოდ გავიდა და ვალდებულება მაინც შეუსრულებელია.

 

3.1.8. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე მოითხოვს მოპასუხეებს შპს ''მ----------------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სესხის ძირითადი თანხის - 6267.32 ლარის, ასევე 2018 წლის 18 ივნისის დარჩენილი სარგებელი - 249.40 ლარი და ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვისთვის სესხის 5%, რაც შეადგენს - 313.36 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან წინამდებარე სარჩელის აღძვრის მომენტისთვის გასულია 5 თვე და 19 კალენდარული დღე, დარიცხული სარგებელი ამ პერიოდზე შეადგენს - 1701.3 ლარს, ასევე პირგასამტეხლო 141 კალენდარულ დღეზე - 846 ლარს.

 

3.1.9. დადგენილია, რომ შპ--------------------------ს'' შეეცვალა სამართლებრივი ფორმა და ნაცლად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანებების შესახებ. (ს.ფ. 45).

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი მისი დარღვევის შემთხვევაში 60%-ის ოდენობით, წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას - აღნიშნულზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ''მ----------------------ს'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 8-ე, 54-ე, 62-ე, 417-418-ე, 420-ე, 464-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე-895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით სს ''მ----------------------ს'' და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს სოლიდარულად.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ 2017 წლის 17 ივლისს დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე მ--------–-----მ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ნ--------------ს მიერ კრედიტორის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები განისაზღვრა - 21 900 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეებს - ნ--------------ს და მ--------–-----ს მოსარჩელე სს ''მ----------------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხის - 6267.32 ლარის გადახდა, ამასთან, მოპასუხე მ--------–-----ს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა უნდა განისაზღვროს - 21 900 ლარით.

 

6.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 17 ივლისს შედგენილი სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით ყოველთვიურად 5%-ს დარიცხვის ნაწილში. როგორც აღინიშნა სარგებლის სახით მხარეთა მიერ განსაზღვრულია ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის - 5%, რაც წლიურად შეადგენს - 60 პროცენტს.

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა დაამკვიდროს დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე აღნიშნულის საფუძველი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.

 

სასამართლოს მოსაზრებით გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). ''უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები'' (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 5%. მართალია, ამ შეთავაზებას მსესხებელი გიორგი გუჯაბიძეც დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც სს ''მ----------------------'' მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: ''თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე''. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 60%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების დებულება (მე-3-ე პუნქტი), რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართელოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ, საქმე N663-629-2015, 28.07.2015 წელი).

 

დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს სს ''მ----------------------ს'' წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად და სრულად და ერიცხება დავალიანება. დადგენილია, რომ მსესხებელს არც სესხის თანხა დაუფარავს და არც საპროცენტო სარგებელი სრულად. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს გადასახდელი აქვს - 5 თვისა და 19 დღის საპროცენტო სარგებლის თანხა, ასევე დადგენილია, რომ არც გირავნობის საგნის რეალიზაცია მომხდარა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეებს შორის ყოველთვიურ საპროცენტო განაკვეთად სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 24% (ყოველთვიური 2%). შესაბამისად, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის სახით - 705.93 ლარის გადახდა, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სარჩელით ითხოვს მოპასუხე ნხარისათვის საპროცენტო სარგებლის - 5 თვის და 19 დღის გადახდის დაკისრებას, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხაა - 6267.32 ლარი, რომლის წლიური 24% შეადგენს - 1504.15 ლარს, ყოველთვიურად, მსესხებლის მიერ საპროცენტო სარგებლის სახით გადასახდელი თანხა კი - 125.34 ლარს. ამდენად, საპროცენტო სარგებლის თანხა უნდა განისაზღვროს - 6267.32 ლარის წლიური 24%, რაც წლიურად შეადგენს - 1504.15 ლარს, თვეში - 125.34 ლარს, 5 თვის განმავლობაში - 626.7 ლარს, რასაც ემატება 19 დღის საპროცენტო სარგებელი - 79.23 ლარის ოდენობით. მსესხებლის მიერ სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად გადასახდელია 5 თვისა და 19 დღის საპროცენტო სარგებლის თანხა, რაც საერთო ჯამში შეადგენს - 705.93 ლარს. საბოლოოდ, მოპასუხეებს სოლიდარულად სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის სახით გადასახდელი თანხა უნდა განესაზღვროთ - 6973.25 ლარით (6267.32+705.93=6973.25 ლარი).

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი 846 ლარის დაკისრების ნაწილში პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 5-ჯერ და მოპასუხე მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 169.2 ლარის გადახდა.

 

ამდენად, სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 214.27 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 263-ე, 2681-ე, 364-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ''მ----------------------ს'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს - ნ--------------ს და მ--------–-----ს მოსარჩელე სს ''მ----------------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 7142.45 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 6267.32 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 705.93 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 169.2 ლარი.

 

3. მოპასუხეებს - ნ--------------ს და მ--------–-----ს მოსარჩელე სს ''მ----------------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 214.27 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი