გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2/22350-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე შპს ''P-------A'';
წარმომადგენელი და------------;
მოპასუხე შპს ''ჯ---------'';
დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ''ჯ---------ს'' მოსარჩელე შპს ''P-------A''-ს სასარგებლოდ დაეკისროს - 29 866.87 ლარის გადახდა.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2016 წლის 24 დეკემბრიდან 2017 წლის 23 დეკემბრამდე შპს ''P-------A''-მ შპს ''ჯ---------ს'' მიაწოდა სხვადასხვა სახის (როგორც ალკოჰოლური, ასევე არა ალკოჰოლური) პროდუქცია, რომლის საერთო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით წარმოადგენდა 89 964 ლარი. მოპასუხე მხარეს არ გადაუხდია მიწოდებული პროდუქციის ღირებულება, რომელიც ახსნა იმით, რომ თითქოსდა ვერ განახორციელა მიწოდებული პროდუქციის რეალიზაცია, შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე უკან დაიბრუნებდა მიწოდებულ პროდუქციას. მოპასუხემ დაიწყო მიწოდებული პროდუქციის დაბრუნება მოსარჩელისათვის და დააბრუნა - 60 097.13 ლარის ღირებულების პროდუქცია, ხოლო დარჩენილი - 29 866.87 ლარის პროდუქცია მიუხედავად არაერთი თხოვნისა არ აქვს დაბრუნებული და არც მისი ღირებულება აქვს გადახდილი. მოსარჩელის განმარტებით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ შპს ''ჯ---------'' მოსარჩელეს გაუწევდა მარკეტინგულ მომსახურებას. მოპასუხემ მოსარჩელეს გაუწია ზემოაღნიშნული მომსახურება, რაშიც მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა - 3750 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. არც პროდუქცია დააბრუნა და არც მისი ღირებულება გადაიხადა, რის გამოც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის ზემოაღნიშნული პროდუქციის ღირებულების 29 866.87 ლარის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და მიუთითა სარჩელის უსაფუძვლობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 24 დეკემბრიდან 2017 წლის 23 დეკემბრამდე შპს ''P-------A''-მ შპს ''ჯ---------ს'' მიაწოდა სხვადასხვა სახის (როგორც ალკოჰოლური, ასევე არა ალკოჰოლური) პროდუქცია, რომლის საერთო ღირებულება დღგ-ს ჩათვლით წარმოადგენდა - 89 964 ლარს. მოპასუხე მხარემ ვერ განახორციელა მიწოდებული პროდუქციის რეალიზაცია, შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე უკან დაიბრუნებდა მიწოდებულ პროდუქციას.
3.1.2. მოპასუხემ დაიწყო მიწოდებული პროდუქციის დაბრუნება მოსარჩელისათვის და დააბრუნა - 60 097.13 ლარის ღირებულების პროდუქცია.
3.1.3. მოპასუხემ მოსარჩელეს გაუწია მარკეტინგული მომსახურება, რაშიც მოსარჩელის მიერ გადახდილია - 3750 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სასაქონლო ზედნადებები, საგადასახდო ანგარიშფაქტურები - იხ.ს.ფ. 20-36.
- საგადასახადო დავალებები (იხ. ს.ფ. 42-46).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მკიცებულებების შესწავლისა და შეფასების, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე შპს ''ჯ---------ს'' მიწოდებული პროდუქციიდან მოსარჩელესათვის - 29 866.87 ლარის პროდუქცია არ აქვს დაბრუნებული და არც მისი ღირებულება აქვს ანაზღაურებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოსარჩელე ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის დასადასტურებლად მიუთითებს, სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე, რომელიც დადასტურებულია მყიდველის მიერ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მხარეებს შორის წარმოიშვა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა და ელექტრონული ფორმით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მოხდა ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმება, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №886 ბრძანებით დამტკიცებული ''გადასახადების ადმინისტრირების შესახებ'' მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით – პირის მიერ ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარდგენილი დოკუმენტი/წერილი, ასევე საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით შექმნილი და გაგზავნილი დოკუმენტი/წერილი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ/გაგზავნილ, პირადი ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებულ დოკუმენტს/წერილს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციაზე გადასვლის შესახებ გადასახადის გადამხდელის განცხადების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო ორგანო უზრუნველყოფს გადასახადის გადამხდელის გადაყვანას კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე და მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობებს მას ავტორიზაციის შესახებ. თუ განცხადება არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს უგზავნის წერილობით უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებისა და პაროლის დაკარგვის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ვიდეოზარის/წერილობითი განცხადების მეშვეობით მიმართოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნული სახელწოდების/პაროლის აღდგენის მიზნით.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე ეხება ელექტრონულ ანგარიშ-ფაქტურებს, რომელიც დადგენილი წესით დადასტურებას საჭიროებს. ელექტრონული ფორმით საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დასადასტურებლად პირი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა იყოს ავტორიზებული, ანუ პირს უნდა ჰქონდეს ელექტრონული სისტემის წვდომისთვის საჭირო ინფორმაცია: პირადი ნომერი და პაროლი, რაც მხოლოდ მომხმარებლისთვის არის ცნობილი. საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ელექტრონულად დადასტურებულია მოპასუხე შპს ''ჯ---------ს'' სახელით. ამდენად, ასეთი დადასტურებით მხარეები ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმდნენ. ამასთან ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები შეიცავს ყველა იმ მონაცემს, რაც წერილობითი ხელშეკრულებისთვის არის საჭირო: ''გამყიდველი''-შპს ''P-------A'', საიდენტიფიკაციო ნომერი - 4--------, ''მყიდველი''- შპს ''ჯ---------'', საიდენტიფიკაციო ნომერი - 4--------, ხელშეკრულების საგანი - სხვადასხვა სახის პროდუქცია, ნასყიდობის ფასი - თითოეული ანგარიშფაქტურით არის განსაზღვრული. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და ამის დამადასტურებელი მტკიცებულება სწორედ ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურაა. ამასთან, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის დავალიანება შეადგენს - 29 866.87 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 361-ე, 427-ე, 429-ე, 477-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მყიდველმა შპს ''ჯ---------ა'' გამყიდველის შპს ''P-------A''-სგან შეიძინა - 89 964 ლარის ღირებულების პროდუქცია. მყიდველს სრულად არ გადაუხდია მიღებული საქონლის ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
სასამართლო განმარტავს, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
ერთია, როდესაც მოვალე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს, ხოლო მეორე - მიიჩნევა თუ არა აღნიშნული შესრულება კრედიტორის მხრიდან მიღებულად და ვინ უნდა ამტკიცოს ეს (ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით დამატებით იხ.,Palandt, BGB, Beckische Kurs-Kommentar, 62 auflage, Verlag C.H. Beck, 2003, 570).
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.
შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში.
სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ნასყიდობის საფასურის გადახდის მტკიცების ტვირთი ეკისრება მყიდველს, შესაბამისი მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
შესაბამისად, იგულისხმება, რომ მოპასუხეს მოსარჩელე შპს ''P-------A''-ს წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს ''ჯ---------ს'' მიწოდებული პროდუქციიდან მოსარჩელესათვის - 29 866.87 ლარის პროდუქცია არ აქვს დაბრუნებული და არც მისი ღირებულება აქვს ანაზღაურებული. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნასყიდობის საფასურის გადახდის შესახებ არ აქვს შესრულებული. შესაბამისად მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 29 866.87 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 896 ლარის ოდენობით გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ''P-------A''-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს ''ჯ---------ს'' მოსარჩელე შპს ''P-------A''-ს სასარგებლოდ დაეკისროს - 29 866.87 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს ''ჯ---------ს'' მოსარჩელე შპს ''P-------A''-ს სასარგებლოდ დაეკისროს - 896 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი