განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002625335
საქმე №1/349-18
გორის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 თებერვალი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი
სხდომის მდივანი ანა ტეტუნაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ო----- ხორგუაშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ო----- მ-------ის ძე ა-----–---ი - დაბადებული 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. თბილისში, დ-----------–-----–-----------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუქტით.
დისპოზიცია: ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის.
სხდომის სახე - სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ო----- ა-----–---მა, რომელიც ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და კ--- წ----–--ემ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, 2018 წლის 18 აპრილს ღამის საათებში, კარების დაზიანების გზით, უკანონოდ შეაღწიეს ქ. გორში, ც------–-----------–--–----ში მდებარე შპს ,,მ---------ის“ ოფისში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ 2 (ორი) ცალ ,,ჰ------ს“ ფირმის მობილურ ტელეფონს, რითაც შპს ,,მ---------ს“ მიაყენეს 1300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო გადაწყვეტილება, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით, მხოლოდ პრეიუდიციის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.“ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პრეიუდიუციულად დადგენილი გარემოება (ფაქტი) დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს და გონივრულობის თვალსაზრისით, არც დავას ექვემდებარება. შესაბამისად, საპროცესო ეკონომიის გათვალისწინებით, მხარეებიც მტკიცებითი პროცედურებისგან თავისუფლდებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან.“ აღნიშნული ნორმის დანაწესი, საქმის არსებითი განხილვისას პრეიუდიციის რეალიზაციის შესაძლებლობას წარმოადგენს.
წინასასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქმეზე არსებული მტკიცებულებები სრულად იქნა უდავოდ ცნობილი. შესაბამისად, განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია სამართლებრივი მსჯელობა წარმართოს უდავო მტკიცებულებათა ფარგლებში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე მიღების მიუხედავად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია გაითვალისწინოს მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმები, კერძოდ, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ბარბერა, მესაგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა, ხოლო საქმეზე ბელიჩე რუსეთის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ეროვნული სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, რადგან მას აქვს უპირატესი შესაძლებლობა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებები განხილული უნდა იქნას (შეფასდეს) დადგენილი სტანდარტის (რელევანტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა) ფარგლებში და დადგინდეს შესაბამისი ფაქტების არსებობა ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის დისპოზიციურ შემადგენლობასთან, კერძოდ:
ქურდობა, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი აწესებს სასჯელს ქურდობისთვის. სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალ უფლებას. ქურდობის შემადგენლობის არსებობისათვის, აუცილებელია, რომ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ნივთის მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ადგილი ექნება, ასევე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა, დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხორციელდება სხვებისგან შეუმჩნევლად. ქურდობა, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, შედეგიანი დანაშაულია და დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის მოძრავ ნივთს და რეალური შესაძლებლობა აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს იგი, მიუხედავად იმისა, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულის ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. ო----- ა-----–---ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიზანს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება წარმოადგენდა, რაც მან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენით სისრულეში მოიყვანა.
ქურდობის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზემოთ, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა. მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის ღირებულებით, რაც ფასშია გამოხატული. ო----- ა-----–---ის მიერ ჩადენილი ქურდობით შპს ,,მ---------ს“ მიადგა 1300 (ათას სამასი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. ქურდობისათვის დამძიმებულია პასუხისმგებლობა თუ იგი ჩადენილია სადგომში უკანონო შეღწევის გზით. სადგომი არის შენობა-ნაგებობები, რომლებიც ადამიანთა და ფასეულობათა განსათავსებლად არის გამიზნული. ო----- ა-----–---მა კარების დაზიანების გზით, უკანონოდ შეაღწია ქ. გორში, ც------–-----------–--–----ში მდებარე შპს ,,მ---------ის“ ოფისში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 2 (ორი) ცალ ,,ჰ------ს“ ფირმის მობილურ ტელეფონს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების დაუფლების ცნებაში იგულისხმება ქურდობა, რომელშიც მონაწილეობს ორი ან მეტი პირი, წინასწარ შეთანხმებული ქურდობის ჩასადენად. ,,წინასწარ შეთანხმებაში“ ივარაუდება ორი ან მეტი პირის შეთანხმება, რომელსაც ადგილი აქვს დანაშაულის უშუალოდ განხორციელებამდე. ო----- ა-----–---მა წინასწარი შეთანხმებით კ--- წ----–--ესთან ერთად განახორციელა ქურდობა და შესაბამისად ობიექტური მხრივ დანაშაულში მონაწილეობდა ორივე როგორც თანაამსრულებელი.
ქურდობა იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის, ეს არის პერსონალური ნიშნით დამძიმებული ქურდობის შემადგენლობა, რომელიც ახასიათებს სუბიექტს და გამკაცრებულია პასუხიმგებლობა ასეთ პირთა მიმართ, როგორც ერთგვაროვან დანაშაულთა ჩამდენი პირების მიმართ. ო----- ა-----–---ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით,თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით ასევე 2016 წლის 11 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით გასამართლებულია ქურდობისათვის.
საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოხატული პოზიციის (განმარტების) მიხედვით ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო ქურდობაში, სრულად დაეთანხმა მტკიცებულებებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი ბრალდებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუქტით გათვალისწინებული კვალიფიკაცია, მართებულია.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა. შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ო----- ა-----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანებს ჩადენილს, გამოხატავს მზაობას, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ექნება ანალოგიური ხასიათის დანაშაულის ჩადენას. მან ასევე უდავო სამართალწარმოების წესით ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას
ო----- ა-----–---ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებად უნდა ჩაითვალოს დანაშაულის რეციდივი, ვინაიდან იგი წინათ ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა და მისი შედეგების გათვალისწინება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლო ვალდებულია მხედველობაში მიიღოს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ო----- ა-----–---ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან. ო----- ა-----–---ის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა რიგს, რომელიც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალ უფლებას. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუქტით გათვალისწინებული ქმედება მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 10 წლამდე ვადით.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას - საქმის განხილვისას უდავოდ, პრეიუდიციულად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
რაც შეეხება უშუალოდ სასჯელის დანიშვნას, ვინაიდან სახეზეა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენა, მაშინ როცა დადგინდა რომ ბრალდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ო----- ა-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 5 (ხუთი) წელი, მასვე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ამ ბრალდების საქმეზე დაკავების მომენტიდან. სისხლის სამართლის საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ აღნიშნული განაჩენი არ გასაჩივრებულა, შესულია კანონიერ ძალაში და საბოლოოა) განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რომლის თანახმად, ,,ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.“
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო----- ა-----–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენმა შთანთქოს გორის რაიონული სასამართლო 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ო----- ა-----–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, საიდანაც 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლით საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 5 (ხუთი) წლით გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლით თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განსაზღვრული საზოაგადოებისათვის სასარგებლოი შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.
ო----- ა-----–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 5 მაისიდან 2019 წლის 17 თებერვლის ჩათვლით სასჯელის მოხდილი პერიოდი. ო----- ა-----–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 18 თებერვლიდან.
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში, ასევე საზო სასარ შრომის სახია და ყოველდღიური ხანზგლიო ვის განსაზრვრა უზრუნველყოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განსახლველ სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხი გადაწყდეს 1/52-19 საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი