გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.02.2019
საქმის ნომერი
080310016001646717
კატეგორია
დავის ტიპი
საერთო სახელმწოფო და ადგილობრივ გადასახადებთან დაკავშირებით
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310016001646717

№3/ 2277-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 თებერვალი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ანა გარიჭიძე

 

მოსარჩელე - მ-----ე გ-----

წარმომადგენელი - ჯ------- ქ--------–-–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ა--------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.

წარმომადგენელი - ე-----–------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 1 ივნისის N15508 ბრძანება, რომლითაც განუხილველი დარჩა მ-----ე გ-----ს ადმინისტრაციული საჩივარი.

 

1.2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ-----ე გ-----ს N13174/2/16 ადმინისტრაციული საჩივარი.

 

1.3. დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს განიხილოს მ-----ე გ-----ს ადმინისტრაციული საჩივარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ინდ. მეწარმე ,,მ-----ე გ-----ს’’ შემოწმება, რომლის საფუძველზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 09.11.2015 წლის N41982 ბრძანებით და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 ნოემბრის N081-268 საგადასახადო მოთხოვნით ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 21 939,57 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახდელი 9729 ლარი, ჯარიმა - 4864 ლარი და საურავი - 6846,57 ლარი. აღნიშნული მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული იქნა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2016 წლის 1 ივნისის N15508 ბრძანებით საჩივარი დატოვა განუხილველი გასაჩივრების ვადის გასლის გამო. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელემ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 

მოსარჩელე გასაჩივრებულ აქტებს უკანონოდ მიიჩნევს და ითხოვს მათ ბათილად ცნობას, მხარე მიუთითებს, რომ მას სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება თანხის დაკისრების თაობაზე ჩაბარდა 2016 წლის 24 თებერვალს, როდესაც გახსნა გზავნილი, შესაბამისად ამ მომენტიდან უნდა იქნეს ათვლილი გასაჩივრების ვადა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს.

 

2.2. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დადგენილია, რომ მ-----ე გ----- რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად 2014 წლის 25 დეკემბრიდან, საიდენტიფიკაციო კოდი - 6----------; იურიდიული მისამართი: ბათუმი, ტ----ის ქ. N10, ბ.4.

 

ცესკოს ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემების თანახმად, მ-----ე გ----- რეგისტრირებულია შემდეგ მისართზე: ბათუმი, ტ----ის ქ. N10, ბ.4.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

- ცესკოს ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემები;

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2015 წლის 6 ნოემბერს შედგა ი.მ. ,,მ-----ე გ-----ს’’ საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე 2015 წლის 9 ნოემბერს გამოიცა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N41982 ბრძანება, რომლის თანახმად, ინდ. მეწარმე ,,მ-----ე გ-----ს’’ საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 14593 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 9729 ლარი, ჯარიმა - 4864 ლარი. ინდ. მეწარმე ,,მ-----ე გ-----ს’’ დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 9729 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 9729 ლარი.

 

აღნიშნული ბრძანების საფუძველზე სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 9 ნოემბერს გამოიცა N081-268 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, ინდ. მეწარმე ,,მ-----ე გ-----ს’’ გადასახდელად დაერიცხა სულ - ძირითადი გადასახადი: 9729 ლარი; ჯარიმა: 4864 ლარი; საურავი: 6846,57 ლარი; სულ 21439,57 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 6 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი (ს.ფ. 60-73).

- აუდიტის დეპარტამენტის N41982 ბრძანება (იხ. ს.ფ. 58).

- 2015 წლის 9 ნოემბერს გამოიცა N081-268 საგადასახადო მოთხოვნა (იხ. ს.ფ 57).

 

3.1.3. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2015 წლის 9 ნოემბრის N081-268 საგადასახადო მოთხოვნა გაეგზავნა მ-----ე გ-----ს 2015 წლის 16 ნოემბერს - ქ. ბათუმში, ტ----ის ქ. 10, ბ.4-ში, რომელიც დაბრუნდა ჩაუბარებლობის მოტივით 2015 წლის 26 ნოემბერს. განმეორებით ისევ გაეგზავნა 2016 წლის 26 ნოემბერს ქ. ბათუმში, ტ----ის ქ. 10, ბ.4-ში, რომელიც დაბრუნდა ისევ ჩაუბარებლობის მოტივით 2015 წლის 3 დეკემბერს.

 

შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 9 დეკემბრის N46868 ბრძანების თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელისთვის წერილობითი და ელექტრონული დოკუმენტების ჩაბარება ვერ მოხერხდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული წესით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2015 წლის 9 დეკემბერს განხორციელდა ი.მ მ-----ე გ-----ს მიმართ გამოცემული 2015 წლის 10 ნოემბრის N081-268 საგადასახადო მოთხოვნის სსიპ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge ) განთავსება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო შეტყობინება;

- ინფორმაცია საგადასახადო მოთხოვნის გაგზავნის შესახებ.

- 09.12.2015 წლის N46868 ბრძანება, დანართი.

 

3.1.4. გადასახადის გადამხდელის (ელექტრონული) ფაილის თანახმად, ი.მ. მ-----ე გ-----ს მიერ 10.11.2015 წლის საგადასახადო მოთხოვნის ელექტრონულად გაცნობის თარიღად ფიქსირდება 24.02.2016წ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადამხედლის ფაილი.

 

3.1.5. დადგენილია, რომ მ-----ე გ-----მ 2015 წლის 9 ნოემბრის N081-268 საგადასახადო მოთხოვნა სსიპ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა 2016 წლის 23 მარტს.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 1 ივნისის N15508 ბრძანებით ფ/პ მ-----ე გ-----ს 2016 წლის 23 მარტის საჩივარი დარჩა განუხილველი, იმ მოტივით, რომ გასული იყო საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების ვადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 1 ივნისის N15508 ბრძანება.

 

3.1.6. დადგენილია, რომ მ-----ე გ-----მ საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს და აუდიტის დეპარტამენტის 10.11.2015 წლის N081-268 საგადასახადო მოთხოვნის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 1 ივნისის N15508 ბრძანების გაუქმება მოითხოვა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ-----ე გ-----ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჩივარი (იხ. ს.ფ. 12-15).

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-20).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს საგადასახდო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ- სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამავე კოდექსის 202-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

მითითებულ ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 1 ივნისის N15508 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებს და მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნებთან მიმართებაში სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.2. (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით) საქართველოს საგადასახდო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, თვეებით, დღეებით ან/და იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ არ არის მითითებული, დღე არის კალენდარული დღე. სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღისა, თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოქმედება, რომლის განხორციელებისათვის დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით − ამ ვადის ბოლო დღის 24 საათამდე. ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, თუ მოქმედების განხორციელების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ მოქმედება ხორციელდება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით, მოქმედება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 9 ნოემბრისა N081-268 საგადასახადო მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელს მ-----ე გ-----ს გაეგზავნა 2015 წლის 16 ნოემბერს მისამართზე: ქ. ბათუმი, ტ----ის ქ. 10, ბ.4, რომელიც დაბრუნდა ჩაუბარებლობის მოტივით 2015 წლის 26 ნოემბერს. იგივე გზავნილი ადრესატს განმეორებით გაეგზავნა 2016 წლის 26 ნოემბერს იმავე მისამართზე - ქ. ბათუმი, ტ----ის ქ. 10, ბ.4, რომელიც დაბრუნდა ასევე ჩაუბარებლობის მოტივით, 2015 წლის 3 დეკემბერს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელისთვის წერილობითი და ელექტრონული დოკუმენტების ჩაბარება ვერ მოხერხდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული წესით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2015 წლის 9 დეკემბერს განხორციელდა 2015 წლის 10 ნოემბრის N081-268 საგადასახადო მოთხოვნის საჯარო შეტყობინება სსიპ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge ).

 

6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება;

 

ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

 

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია

 

ამავე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

 

მე-11 ნაწილის მიხედვით, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

 

ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაცულია გადასახადის გადამხდელისათვის შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული დოკუმენტის ჩაბარების კანონით განსაზღვრული წესი. მოსარჩელის იურიდიულ მისამართზე დოკუმენტაცია გაგზავნილი იქნა ფოსტის მეშვეობით და მას შემდეგ, რაც ადრესატს ორჯერ არ ჩაბარდა გზავნილი, ელექტრონული რესურსის გამოყენების გზით, საჯარო გამოქვეყნების წესით განხორციელდა საგადასახადო მოთხოვნის გამოქვეყნება/ჩაბარება.

 

ამდენად, იქიდან გამომდინარე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2015 წლის 9 დეკემბერს განხორციელდა 2015 წლის 10 ნოემბრის N081-268 საგადასახადო მოთხოვნის საჯარო შეტყობინება სსიპ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge ), აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით მ-----ე გ-----ს ჩაბარდა 2015 წლის 29 დეკემბერს, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 30 დღიანი ვადა ამოეწურა 2016 წლის 28 იანვარს. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 10 ნოემბრის N081-268 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე მ-----ე გ-----მ სსიპ შემოსავლების სამსახურს მიმართა 2016 წლის 23 მარტს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ მ-----ე გ-----მ გაუშვა შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რაც ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.

 

გამომდინარე იქიდან, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები ძალაში დარჩა, ასევე არ არსებობს მესამე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 1 ივნისის N15508 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, გათვალისწინებით იმისა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება არ დაეკისრებათ.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

1. მ-----ე გ-----ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. /ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ლელა მილდენბერგერი