გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.08.2018
საქმის ნომერი
330310117001941670
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3785-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

03 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნანა ჭიჭილეიშვილი

სხდომის მდივანი - ნათია ფურელიანი

 

მოსარჩელე - შპს ,,ბ------’’;

დირექტორები - ამ---------------; გი----------ა;

წარმომადგენლები - ი-------------ე; გუ-----------------ე;

 

მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

წარმომადგენელი - მა---------–---ი;

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ს--–--------–--ე;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 სექტემბრის N5/46327 წერილი.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 26 აპრილის N1-1/181 ბრძანება.

 

1.3. დაევალოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ქ. თბილისში, მ---------------------–------------------------ით რეგისტრირებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის წესით, საბაზრო ფასად, შპს ,,ბ------სთვის’’ საკუთრებაში გადაცემის შესახებ მთავრობის სხდომაზე ინიცირების წარდგენა.

 

მოსარჩელე მხარის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 1 დეკემბრის N28.15.563 დადგენილების თანახმად, დაკმაყოფილდა შპს ,,ს--------’’ თხოვნა და საწარმოოო ბაზრის მოსაწყობად დაუმაგრდა 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, მ-----------------------. აღნიშნული დადგენილების თანახმად, დამტკიცდა თბილისში, მ---------------------ში შპს ,,ს--------’’ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის გეგმა, სადაც ზუსტად არის მითითებული აღნიშნული ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ზომები და ფართობი. გეგმა შეთანხმებულია ქ. თბილისის მთავარ არქიტექტორთან. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე N2/1083) დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი - შპს ,,ბ------’’ წარმოადგენს შპს ,,ს--------’’ სამართალმემკვიდრეს, შესაბამისად, ის უფლებები და მოვალეობები, რაც გააჩნდა შპს ,,სარანგს’’, გადაეცა შპს ,,ბ------’’. მოსარჩელე განმარტავს, რომ 1994 წლიდან შპს ,,ბ------’’ (ყოფილი შპს ,,ს-------’’) კანონიერად სარგებლობდა ქ. თბილისში, მოსკოვის გ---------------ში მდებარე 300 კვ.მ მიწის ნაკვეთითა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობით. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო უძრავ ნივთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.06.2016 წ. N8-------------- გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 13.06.2016 წ. N1/1-1912 ბრძანება. შპს ,,ბ-------’’ 2016 წლის 29 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 13.06.2016 წ. N1/1-1912 ბრძანების მოქმედების შეჩერებისა და თბილისში, მოსკოვის გ---------------ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (ს.კ. 01.17.11.007.0--) საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. 2016 წლის 29 ივლისის საჩივრის პასუხად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 7 სექტემბრის N5/46327 წერილით უპასუხა, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნია ს.კ. 01.17.11.007.0---ით რეგისტრირებული უძრავი ნივთის ელექტრონული აუქციონის წესით გასხვისება. 2016 წლის 7 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 სექტემბრის N5/46327 წერილი გასაჩივრდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და მოთხოვნილ იქნა მისი ბათილად ცნობა და თბილისში, მ---------------------ში (ს.კ. 01.17.11.007.0--) მდებარე უძრავი ნივთის შპს ,,ბ------სთვის’’ საბაზრო ღირებულებით საკუთრებაში გადაცემა, რაზედაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 26 აპრილის N1-1/181 ბრძანებით მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არსებობს კანონიერი საფუძველი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ს.კ. 01.17.11.007.0---ით რეგისტრირებული უძრავი ნივთი საბაზრო ფასად გადაეცეს შპს ,,ბ------’’ საკუთრებაში. შესაბამისად მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით და ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაგებელი შპს ,,ბ------ს’’ სარჩელზე არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით და მისი მიღების დროს ადგილი არ ჰქონია შეცდომას დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში. ამასთან, მოსარჩელეს არ აქვს სადავო უძრავი ქონების პრივატიზების უპირატესი უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდი ხნის მანძილზე კანონიერად ფლობდა სადავო უძრავ ქონებას, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავსი უპირატესობის მინიჭების შესაძლებლობას სახელმწიფო ქონების პრივატიზების დროს. შესაბამისად, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 1 დეკემბრის N28.15.563 დადგენილების თანახმად, დაკმაყოფილდა შპს ,,ს--------’’ მოთხოვნა საწარმოოო ბაზრის მოსაწყობად 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ, თბილისის ხორცკომბინატის მიერ გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე, მდებარე ქ. თბილისი, მ-----------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 1 დეკემბრის N28.15.563 დადგენილება (ს.ფ. 17-18)

- სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2011 წლის 14 დეკემბრის N AA2011045056-03 საარქივო ცნობა (ს.ფ. 16)

 

3.1.2. შპს ,,ბ------’’ (ს.კ. 206046152) წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს. სამართლებრივი ფორმა - შპს. სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 21.06.1996 წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირების რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 11.04.2013 წ. (ს.ფ. 49-50);

 

3.1.3. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე N2/1083) დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი: შპს ,,ბ------’’ მდებარე მ-------------------- წარმოადგენს შპს ,,ს--------’’ სამართალმემკვიდრეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება (საქმე N2/1083) (ს.ფ. 22);

 

3.1.4. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 ივნისის N1/1-1912 ბრძანებით დადგინდა: უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მიემართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, განახორციელოს დანართ N1-ში მითითებულ უძრავ ნივთზე (მდებ: ქ. თბილისი, მ--------------------) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 ივნისის N1/1-1912 ბრძანება და დანართი N1 (ს.ფ. 134-135);

 

3.1.5. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, მ-----------------------, ს.კ. 01.17.11.007.0--, დაზუსტებული ფართობი: 300.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2016 წლის 16 ივნისიდან აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 ივნისის N1/1-1912 ბრძანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 26.09.2016 წ. (ს.ფ. 65-66);

 

3.1.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 27 ივნისის N21-11/56451 მიმართვის მიხედვით, შპს ,,ბ------’’ (ს.ნ 206046152) 2016 წლის 27 ივნისის მდგომარეობით გადახდილი აქვს არასასოფლო დანიშნულების მიწის გადასახადში 487 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 27.06.2016 წლის N21-11/56451 მიმართვა (ს.ფ. 32);

 

3.1.7. შპს ,,ბ-------’’ 2016 წლის 13 ივლისს N9219/21 საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 13.06.2016 წ. N1/1-1912 ბრძანების მოქმედების შეჩერებისა და თბილისში, მოსკოვის გ---------------ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (ს.კ. 01.17.11.007.0--) საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2016 წლის 29 ივლისის N04/4909 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კომპეტენციის გათვალისწინებით შემდგომი რეაგირების მიზნით გადაუგზავნა შპს ,,ბ------ს’’ დირექტორის N9219/21 განცხადება (საჩივარი).

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 7 სექტემბრის N5/46327 წერილით შპს ,,ბ------’’ აცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნია განახორციელოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული N01.17.11.007.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვა ელექტრონული აუქციონის ფორმით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ბ------ს’’ დირექტორის 2016 წლის 13 ივლისის N9219/21 საჩივარი (ს.ფ. 132-133);

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2016 წლის 29 ივლისის N04/4909 წერილი (ს.ფ. 36);

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 სექტემბრის N5/46327 წერილი (ს.ფ. 37);

 

3.1.8. 2016 წლის 7 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა N1/1-3391 ბრძანება ,,ქ. თბილისში, მ---------------------ში მდებარე 300 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ის (ს/კ. N01.17.11.007.0--) ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ’’, სააწყის საპრივატიზებო საფასურად განისაზღვრა 45000 (ორმოცდახუთი ათასი ) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასკვნა (ს.ფ. 212-213);

 

3.1.9. შპს ,,ბ------ს’’ დირექტორმა 2016 წლის 7 ოქტომბერს N13276/21 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 სექტემბრის N5/46327 წერილი და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და თბილისში, მ---------------------ში (ს.კ. 01.17.11.007.0--) მდებარე უძრავი ნივთის შპს ,,ბ------სთვის’’ საბაზრო ღირებულებით საკუთრებაში გადაცემა. შპს ,,ბ-------’’ საჩივარში განმარტა, რომ ს.კ. 01.14.11.007.0---ით რეგისტრირებული უძრავი ნივთი 21 წლის განმავლობაში იყო მის მფლობელობაში და მიაჩნია, რომ შპს ,,ბ------’’ სხვა პირებთან მიმართებით აქვს უპირატესი უფლება, საჯარო აუქციონის გარეშე საბაზრო ფასად შეიძინოს მრავალი წლის მანძილზე მის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,ბ------ს’’ დირექტორის 2016 წლის 7 ოქტომბრის N13276/21 ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 159-164);

 

3.1.10. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 ოქტომბრის N6/52774 კორესპონდენციის საფუძველზე შეწყდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 ოქტომბრის N1/1-3391 ბრძანების საფუძველზე გამოცხადებული N760 ელექტრონული აუქციონი, ვინაიდან 2016 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარდგენილ იქნა შპს ,,ბ------ს’’ ადმინისტრაციული საჩივარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასკვნა (ს.ფ. 206-208)

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 12 ოქტომბრის N6/52774 წერილი (ს.ფ. 211);

 

3.1.11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 26 აპრილის N1-1/181 ბრძანებით შპს ,,ბ------ს’’ (ს.ნ. 206046152) 2016 წლის 7 ოქტომბრის N13276/21 ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 26 აპრილის N1-1/181 ბრძანება (ს.ფ. 45-48);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ბ------ს’’ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულება’’, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 სექტემბრის №5/46327 გადაწყვეტილება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 26 აპრილის №1-1/181 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 სექტემბრის №5/46327 გადაწყვეტილების, როგორც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

 

6.2. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1 მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ − ქონების სააგენტო). ამავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონება არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი და უძრავი ნივთები, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე; ,,ბ’’ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა არის სახელმწიფო ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემა, პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა, რეალიზაცია, ლიზინგის ფორმით გაცემა, განაწილება და განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ,,გ’’ პუნქტის თანახმად, პრივატიზება არის ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური და იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა ამ კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულება’’, რომლის 1.2 მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო(შემდგომში სააგენტო) არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამავე წესის მე-2 მუხლის თანახმად, სააგენტოს მიზნებია: ა)სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; ბ) სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა; გ)სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში პარტნიორის(აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელება; დ)კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება. ამავე წესის 3.1მუხლის ,,ქ’’ ქვეპუნქტის თანახმად სააგენტოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს ქონების, მათ შორის, უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების, ასევე, სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების სახელმწიფოს საკუთრებად მიღებას ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.

 

დასახელებული სამართლებრივი ნორმების დანაწესიდან გამომდინარე სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განეკუთვნება სახელმწიფო ქონების ფლობა, მართვა და განკარგვა.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების განკარგვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით.

 

6.3. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმებია: ა)აუქციონი; ბ)პირდაპირი მიყიდვა: ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა; ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე; გ)უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს ქონების მმართველი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმებით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით, 63 და მე-10 მუხლებით დადგენილი წესით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ქონების მმართველის მიერ, ამავე კანონის 181 მუხლით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ბ-------’’ 2016 წლის 13 ივლისს N9219/21 საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 ივნისის N1/1-1912 ბრძანების მოქმედების შეჩერება და თბილისში, მოსკოვის გ---------------ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის (ს.კ. 01.17.11.007.0--) საკუთრებაში გადაცემა.

 

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 ივნისის N1/1-1912 ბრძანების თანახმად, უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მიემართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, განახორციელოს დანართ N1-ში მითითებულ უძრავ ნივთზე (მდებ: ქ. თბილისი, მ--------------------) სახელმწიფო საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე დგინდება, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, მ-----------------------, ს.კ. 01.17.11.007.0--, დაზუსტებული ფართობი: 300.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2016 წლის 16 ივნისიდან აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 ივნისის N1/1-1912 ბრძანება.

 

დადგენილია ასევე, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2016 წლის 29 ივლისის N04/4909 წერილით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს კომპეტენციის გათვალისწინებით შემდგომი რეაგირების მიზნით გადაუგზავნა შპს ,,ბ------ს’’ დირექტორის N9219/21 განცხადება (საჩივარი).

 

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 7 სექტემბრის N5/46327 წერილით შპს ,,ბ------’’ აცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნია განახორციელოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული N01.17.11.007.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვა ელექტრონული აუქციონის ფორმით.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კერძოდ, როგორც აღინიშნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის 7 სექტემბრის N5/46327 წერილით შპს ,,ბ------’’ აცნობა, რომ სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნია განახორციელოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული N01.17.11.007.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების განკარგვა ელექტრონული აუქციონის ფორმით.

 

სასამართლო ყურადღება ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1994 წლის 1 დეკემბრის N28.15.563 დადგენილების თანახმად, დაკმაყოფილდა შპს ,,ს--------’’ მოთხოვნა საწარმოოო ბაზრის მოსაწყობად 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის დამაგრების შესახებ, თბილისის ხორცკომბინატის მიერ გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე, მდებარე ქ. თბილისი, მ-----------------------.

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე N2/1083) დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი: შპს ,,ბ------’’ მდებარე მ-------------------- წარმოადგენს შპს ,,ს--------’’ სამართალმემკვიდრეს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებისას სარგებლობს ყველა იმ უფლებითა და მოვალეობით, რაც მინიჭებული აქვს მესაკუთრეს საქართველოს კანონმდებლობით. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, როგორც სახელმწიფო ქონების მესაკუთრე, თავისუფალია თავის არჩევანში, მოახდენს თუ არა მისი ქონების განკარგვას და ეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებას, და არა ვალდებულებას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარის კანონიერი უფლებისა და თავისუფლების, კანონიერი ინტერესის შეზღუდვა ან მათი განხორციელებისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე მათთვის კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი რაიმე უპირატესობის მინიჭება ან რომელიმე მხარის მიმართ რაიმე დისკრიმინაციული ზომების მიღება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევაში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ აღიარებას, რომლებიც იმყოფებიან თანაბარ პირობებში, ხოლო მმართველობის კანონიერება გულისხმობს, რომ თანაბარ გარემოებებში მყოფი ადამიანებისათვის მოხდეს თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. კანონის წინაშე თანასწორობა მოითხოვს პირის უფლების კანონით უზრუნველყოფილ ისეთივე დაცვაზე, რითაც სარგებლობს სხვა, მსგავს პირობებსა და გარემოებებში. შესაბამისად, მსგავსი მოცემულობების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ერთგვაროვანი მიდგომები.

 

სასამართლო უთითებს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სახელმწიფო ქონებათა განკარგვაზე და ელექტრონული აუქციონის გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება მის დისკრეციულ უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება.

 

სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა. მოცემული დანაწესი, სასამართლოს მოსაზრებით, აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი და ამით ის ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პასუხისმგებლობით გაითვალისწინოს კანონის ნორმის მიზნები და კონკრეტული გარემოებები. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს, რაც იმას გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებული საშუალებებიდან უნდა გამოიყენოს ის, რომელიც ყველაზე ნაკლებად ზიანის მომტანია პირის კანონიერი ინტერესებისა და უფლებებისათვის. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ თავისი კომპეტენციის გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღო გადაწყვეტილება მოთხოვნილი უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ.

 

ამასთან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის არგუმენატაციაზე, რომლის თანახმად, იგი თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს, იმ გარემოებას, რომ ის 21 წლის განმავლობაში კანონიერად ფლობდა ქ. თბილისში, მოსკოვის გამზირის N25-ში მდებარე უძრავ ქონებას (ს.კ. 01.14.11.007.0--), აღნიშნულის საფუძველზე შპს ,,ბ------’’ სხვა პირებთან მიმართებით აქვს უპირატესი უფლება, საჯარო აუქციონის გარეშე საბაზრო ფასად შეიძინოს მრავალი წლის მანძილზე მის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთი, შესაბამისად მას უნდა მიენიჭოს უპირატესობა მითითებული ქონების პრივატიზებისას, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირთათვის მსგავსი უპირატესობის მინიჭების შესაძლებლობას სახელმწიფო ქონების პრივატიზების დროს, შესაბამისად, მოსარჩელის აღნიშნული არგუმენატაცია სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შპს ,,ბ------ს“ კანონიერ უფლებებზე პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება და არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობისადმი მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა, რამეთუ პირის კანონიერ უფლებასა და ინტერესში მოიაზრება არა ,,უბრალო უპირატესობა’’, რომელიც შესაძლოა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული რაიმე ქმედებით შეიზღუდოს, არამედ ისეთი უფლება და ინტერესი, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების საფუძველზეა წარმოშობილი და განმტკიცებული.

 

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ,, ბ------ს“ სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 სექტემბრის №5/46327 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსათვის ქ. თბილისში, მ---------------------–------------------------ით რეგისტრირებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის წესით, საბაზრო ფასად, შპს ,,ბ------სთვის’’ საკუთრებაში გადაცემის შესახებ მთავრობის სხდომაზე ინიცირების დავალების თაობაზე უსაფუძვლოა და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას ასევე წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 26 აპრილის №1-1/181 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც შპს ,,ბ------“ უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის განმხილველმა ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 07 სექტემბრის №5/46327 გადაწყვეტილება მიჩნეული იქნა კანონიერად და ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2017 წლის 26 აპრილის №1-1/181 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ბ------ს“ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 ივნისის განჩინებით შპს ,,ბ------ს“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აეკრძალა უძრავი ნივთის (მდებარე: ქ. თბილისში, მ------------------------ში, საკ. კოდი: 01.17.11.007.0--) გასხვისება და მესამე პირებზე სარგებლობის უფლებით გადაცემა სასამართლოში დავის საბოლოო დასრულებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების ისეთ სახეს, რომლის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება და მისი აღსრულების ხელშეწყობა. ამ თვალსაზრისით, მაშინ როდესაც შპს ,,ბ------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა სახეზე არარის სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ბ------ს“ მიერ აღძრულ სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ბ------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აეკრძალა უძრავი ნივთის (მდებარე: ქ. თბილისში, მ------------------------ში, საკ. კოდი: 01.17.11.007.0--) გასხვისება და მესამე პირებზე სარგებლობის უფლებით გადაცემა სასამართლოში დავის საბოლოო დასრულებამდე - გაუქმდეს.

 

3. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნანა ჭიჭილეიშვილი