გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030210018002608444
N 2/995-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2019 წელი ქ.ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე ლ---–- ა-------–ი
წარმომადგენლები: ლ--–- ჩ------–---–ი, რ--------- გ-----ე
მოპასუხე მ------ ქ-----
წარმომადგენელი ლ---- ა-----ე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. მოპასუხე მ------ ქ-----ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება და გამოსახლებულ იქნას საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე: ხ----ს მ----–----–-------, სოფელი ხ---------ი, მ------------ის ქ.N- და აღნიშნული უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს მესაკუთრე ლ---–- ა-------–ს.
1.2. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
1.3. მოპასუხე მ------ ქ-----ს დაეკისროს მოსარჩელე ლ---–- ა-------–ის სასარგებლოდ საქმის წარმოებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2018 წლის 25 იანვარს ლ---–- ა-------–მა გააფორმა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე: ხ----ს მ----–----–-------, სოფელი ხ---------ი, ლ-–- ქ-----სთან და მ------ ქ-----სთან. ხელშეკრულების თანახმად, მათ უფლება ჰქონდათ 2018 წლის 26 აპრილამდე გამოესყიდათ უძრავი ქონება. მათ არ გამოიყენეს ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება და დღევანდელი მდგომარეობით მოსარჩელე წარმოადგენს ნასყიდობის საგნის მესაკუთრეს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით.
მას შემდეგ, რაც მოსარჩელე გახდა უძრავი ქონების მესაკუთრე, მოპასუხე მ------ ქ-----ს არაერთხელ მიმართა, როგორც წერილობით, ასევე სიტყვიერად, გამოეთავისუფლებინა მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, მაგრამ უშედეგოდ, მოპასუხე კვლავ განაგრძობს მოსარჩელის კუთვნილი ქონების უკანონოდ ფლობას.
მოსარჩელემ მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან მოპასუხე მ------ ქ-----ს გამოსახლების მოთხოვნით მიმართა შსს ხობის რაიონულ სამმართველოს. სამმართველოს უფროსის მოადგილემ - კ--- ლ--------მ წერილობით განუმარტა, რომ კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების გამო პოლიცია უფლებამოსილი არ არის განახორციელოს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის აღკვეთის ღონისძიებები და მსგავსი საკითხის გადასაწყვეტად უნდა მიემართა სასამართლოსთვის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რეალურად მხარეთა შორის იყო გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. იმის გამო, რომ ვერ მოხდა სესხის დროულად გადახდა, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად გაფორმდა ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით. გარიგება ბათილია და შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე: ხ----ს მ----–----–-------, სოფელი ხ---------ი, საკადასტრო კოდით №4----------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ---–- ა-------–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ლ-–- ქ-----ს, მ------ ქ-----სა და ლ---–- ა-------–ს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, ლ-–- ქ-----მ და მ------ ქ-----მ მიჰყიდეს ლ---–- ა-------–ს უძრავი ქონება, მდებარე: ხ----ს მ----–----–-------, სოფელი ხ---------ი, საკადასტრო კოდით №4-----------, რაც შემოწმებული და დადასტურებულია ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. ნასყიდობის საგანი გაიყიდა 15000 ლარად. მხარეები ასევე, შეთანხმდნენ, რომ 2018 წლის 26 აპრილამდე გამყიდველს ჰქონდა საგნის გამოსყიდვის უფლება, ხოლო მყიდველს გამოსყიდვის ვადაში ეკრძალებოდა ნასყიდობის საგნის გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ლ---–- ა-------–ის სარჩელი მ------ ქ-----ს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მოპასუხე მ------ ქ-----ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ უნდა იქნას უძრავი ქონება და გამოსახლებულ უნდა იქნას საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე: ხ----ს მ----–----–-------, სოფელი ხ---------ი, მ------------ის ქ.N- (საკადასტრო კოდი 4-----------) და აღნიშნული ბინა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა ჩაბარდეს მესაკუთრე ლ---–- ა-------–ს.
ლ---–- ა-------–ის სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ უძრავი ნივთი მდებარე ხ----ს მ----–----–-------, სოფელი ხ---------ი, საკადასტრო კოდით №4----------- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ლ---–- ა-------–ის სახელზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მოპასუხე მ------ ქ-----ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ უნდა იქნას უძრავი ქონება და გამოსახლებულ უნდა იქნას საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე: ხ----ს მ----–----–-------, სოფელი ხ---------ი, მ------------ის ქ.N- (საკადასტრო კოდი 4-----------) და აღნიშნული ბინა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა ჩაბარდეს მესაკუთრე ლ---–- ა-------–ს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომლებიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ ეთანხმებოდა სასარჩელო მოთხოვნას, რადგან მხარეთა შორის არსებული შეთანხმება იყო ბათილი, მაგრამ მოპასუხეს აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია, შესაბამისად მისი პოზიცია სამართლებრივად დაუსაბუთებელია და სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მითითებას, რომ გარიგება არის ბათილი.
რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას. ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას. მოსარჩელე მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლება, რომ მოპასუხის არამართლზომიერი ქცევით ადგება უდიდესი ზიანი, ვინაიდან ვერ განკარგავს საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს, თუმცა მოსარჩელეს არ აქვს მითითებული და შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული, თუ რაში გამოიხატება მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რის გამოც საჭიროა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს დაუსაბუთებლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოპასუხე მ------ ქ-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო ხარჯების ანაზღაურება (საქართველოს სსკ-ის 53.1 მუხლი) 160 ლარის ოდენობით, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 171 ლარის ოდენობით, ფოსტის ხარჯის ანაზღაურება 15 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება მის მიერ აღნიშნული ხარჯების გაწევის ფაქტი
მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის გადახდა 120 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ლ---–- ა-------–ის სარჩელი მ------ ქ-----ს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე მ------ ქ-----ს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება და გამოსახლებულ იქნას საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე: ხ----ს მ----–----–-------, სოფელი ხ---------ი, მ------------ის ქ.N- (საკადასტრო კოდი 4-----------) და აღნიშნული ბინა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარდეს მესაკუთრე ლ---–- ა-------–ს.
3. ლ---–- ა-------–ის სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხე მ------ ქ-----ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო ხარჯების ანაზღაურება (საქართველოს სსკ-ის 53.1 მუხლი) 160 ლარის ოდენობით, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 171 ლარის ოდენობით, ფოსტის ხარჯის ანაზღაურება 15 ლარის ოდენობით.
5. მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ. ბაჟის გადახდა 120 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება (განჩინება) გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების ნაწილში შეიძლება კერძო საჩივრით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში აქტის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება სააპელაციო წესით გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე