გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/24062-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
კახა კომლაძის მდივნობით
მოსარჩელე სს „ლ------“
წარმომადგენელი ელ--------------–---–-, ა----------–---–-
მოპასუხე შპს „ა--------“
წარმომადგენელი მი----–-----------, თა------------
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება,პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ა--------სათვის“ მოსარჩელე სს „ლ------ს“ სასარგებლოდ გაწეული მომსახურების ღირებულების 5 000 ლარისა და პირგასამტეხლოს 5 000 ლარის გადახდის დაკისრება.
2017 წლის 15 ივლისს სს „ლ-------“ და შპს „ა--------“ შორის დაიდო NL--------------- 1:17:12 PM ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა სს „ლ------ს” პროდუქციის გაყიდვების სტიმულირებისა და მარკეტინგული პოზიციონირებისათვის დისტრიბუტორისაგან შემსრულებლის მიერ სს „ლ------ს“ წარმოებული და იმპორტირებული ლუდისა და ლიმონათის შესყიდვა და აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია მის მფლობელობაში არსებულ ობიექტში, მდებარე მისამართზე: რ----------–--------------, ბარი „ვ--–---–-“. ხელშეკრულება დაიდო 2018 წლის 15 ივლისამდე.
ხელშეკრულების თანახმად, „შემსრულებელი“ ვალდებული იყო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოეხდინა სს „ლ------ს“ პროდუქციის მუდმივი წარმოდგენა სარეალიზაციოდ ობიექტში, ასევე პროდუქციის რეკლამირება. ხელშეკრულების 3.1.6. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში შემსრულებელს უნდა შეესყიდა 100 000 ლარის ღირებულების ლუდი და ლიმონათი.
ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების ღირებულება შეადგენდა 5 000 ლარს. სს „ლ------ს“ მიერ მომსახურების მთლიანი თანხის გადახდა მოხდა 2017 წლის 10 აგვისტოს.
მოპასუხის მიერ არ იქნა გაწეული მომსახურება, კერძოდ, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების 3.1.2. და 3.1.6. პუნქტები და არ უზრუნველყო სს „ლ------ს“ პროდუქციის მუდმივი წარმოდგენა სარეალიზაციოდ თავის ობიექტებში და არ შეისყიდა ასევე 100 000 ლარის ღირებულების პროდუქცია. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო სს „ლ------“ უფლება აქვს შემსრულებელს პირგასამტეხლოს სახით დააკისროს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება, რაც შეადგენს 5 000 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ ძირითადი თანხის და პირგასამტეხლოს - 500 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 15 ივლისს სს „ლ-------“ და შპს „ა--------“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა სს „ლ------ს” პროდუქციის გაყიდვების სტიმულირებისა და მარკეტინგული პოზიციონირებისათვის დისტრიბუტორისაგან შემსრულებლის მიერ სს „ლ------ს“ წარმოებული და იმპორტირებული ლუდისა და ლომონათის შესყიდვა და აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია მის მფლობელობაში არსებულ ობიექტში, მდებარე მისამართზე: რ----------–--------------, ბარი „ვ--–---–-“. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 ივლისამდე.
ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტით „შემსრულებელი“ ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში უზრუნველყოს პროდუქციის მუდმივად წარმოდგენა სარეალიზაციოდ მის მფლობელობაში არსებულ ობიექტში.
ხელშეკრულების 3.1.6. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში „შემსრულებელი“ ვალდებულია ჯამურად შეისყიდოს 100 000 (ასი ათასი) ლარის ღირებულების ლუდი (მათ შორის იმპორტირებული) და ლიმონათი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 2017 წლის 15 ივლისს NL--------------- ხელშეკრულება
3.1.2. ხელშეკრულების 3.1.7. პუნქტით, „შემსრულებელი“ ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების 3.1.2. პუნქტის დარღვევის შემთხვევაში სს „ლ------“ გადაუხადოს პირგასამტეხლო 4.1 პუნქტში მითითებული ღირებულების აუთვისებელი ოდენობით მოთხოვნიდან 5 საბანკო დღეში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 2017 წლის 15 ივლისს NL--------------- ხელშეკრულება
3.1.3. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შემსრულებლის ობიექტში პროდუქციის გაყიდვების სტიმულირებისა და მარკეტინგული პოზიციონირების ღირებულება შეადგენს 5000 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 2017 წლის 15 ივლისს NL--------------- ხელშეკრულება.
3.1.4. სს „ლ------ს“ მიერ მომსახურების მთლიანი თანხის გადახდა მოხდა 2017 წლის 10 აგვისტოს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
- N17-------- საგადასახადო დავალება.
3.1.3. შპს „ა---------“ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ხელშეკრულების 3.1.2. და 3.1.6. პუნქტების შესაბამისად, არ შეისყიდა 100 000 ლარის ღირებულების პროდუქცია და შესაბამისად არ უზრუნველყო თავის ობიექტებში სს „ლ------ს“ პროდუქციის მუდმივი წარმოდგენა სარეალიზაციოდ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი და თვლის, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე, მე-3 მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 394-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
აღნიშნული მუხლი განამტკიცებს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. მოპასუხეს რომ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სს „ლ-------“ და შპს „ა--------“ შორის დაიდო NL--------------- 1:17:12 PM ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა სს „ლ------ს” პროდუქციის გაყიდვების სტიმულირებისა და მარკეტინგული პოზიციონირებისათვის დისტრიბუტორისაგან შემსრულებლის მიერ სს „ლ------ს“ წარმოებული და იმპორტირებული ლუდისა და ლიმონათის შესყიდვა და აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია მის მფლობელობაში არსებულ ობიექტში.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულების 3.1.2. და 3.1.6. პუნქტებით.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
დადგენილია, რომ ხელშეკრულება შეიცავს შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, კერძოდ, შპს „ა--------“ ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების 3.1.2. პუნქტის დარღვევის შემთხვევაში სს „ლ------“ გადაუხადოს პირგასამტეხლო 4.1 პუნქტში მითითებული ღირებულების აუთვისებელი ოდენობით (ამ შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით) მოთხოვნიდან 5 საბანკო დღეში.
მოვალე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას 4500 ლარის ფარგლებში, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ის არღვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ Nას-1560-1463-2012).
სასამართლოს მიაჩნია, რომ დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლო 5000 ლარის ოდენობით წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს და სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 500 ლარით, რა ნაწილშიც მოპასუხემ ცნო სარჩელის მოთხოვნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე შპს „ა--------ს“ წარმომადგენელმა გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელის მოთხოვნა ძირითადი თანხის 5000 ლარისა და პირგასამტეხლოს - 500 ლარის ნაწილში.
ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, 5500 ლარის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელე სს „ლ------“ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარიდან 165 ლარი, ხოლო დარჩენილი ბაჟის ნაწილი ჩაითლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად,რადგან 4500 ლარის ნაწილში სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება სასამართლოს არ გამოუყენებია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე, 208-ე, 49-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „ლ------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ
1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „ა--------“ მოსარჩელე სს „ლ------ს“ სასარგებლოდ 5 000 ლარისა და პირგასამტეხლოს 500 ლარის გადახდა.
2. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „ლ------“ 2018 წლის 10 აგვისტოს N- საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარიდან 165 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია