განაჩენი

სისხლის სამართლის 22.03.2019
საქმის ნომერი
010100118002701766
დავის ტიპი
236 , 117 7 ვ
თარიღი
22.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002701766

საქმე #1-982/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორის _ ა-–---------–-–---–ის

ბრალდებულის - ვ------- მ-------ის

ადვოკატის _ პ----------–----ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171150918015 საქმე :

 

ბრალდებულ ვ------- მ-------ის მიმართ

მამის სახელი: თ------

დაბადებული: 0-.0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: მქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ხ--–----------------–----–----------------–--------–--------------------

 

კვალიფიკაცია :

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ“ ქ/პუნქტი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა :

 

1 - 2018 წლის 15 სექტემბერს, დღის საათებში, ვ------- მ-------ემ, ქ. ბ------–-, ლ-------------------------- სახლის წინ გაჩერებულ D-------- სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში საჭესთან მჯდომ ა------ თ----------–--ეს, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ექვსჯერ გასროლით მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

 

- გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, ვ------- მ-------ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ხ--–----------------------------------–-----–------- ქუჩაზე მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ ატარა ქ. ბ------–- ლ---------------------- სახლთან, სადაც ამ იარაღიდან გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა ა------ თ----------–--ეს. აღნიშნულის შემდეგ ცეცხლსაროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ისევ გადაიტანა სოფ. მახვილაურში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ამოღებულ იქნა 2018 წლის 17 სექტემბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა :

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის; ცეცხლსასროლი იარაღის და საბძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება;

 

2. ბრალდებულმა ვ------- მ-------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ ზემოაღნიშნულ ბრალდებებში და დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

4. სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------- მ-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები, გარდა ბრალდებულის აღიარებისა, დადასტურებულია მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:

 

5. დაზარალებულ ა------ თ----------–--ის ჩვენება; მოწმეების - მ------------------------------------–---------------------------------–--------------------–--------------------–----------–--–-----------------–-------–-–----ის ჩვენებები; 2018 წლის 15 სექტემბერს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი; ა------ თ----------–--ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი; ექიმ რაულ პაქსაძისგან ლითონის დეტალის ამოღების ოქმი; 2018 წლის 17 სექტემბერს, ვ------- მ-------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ფოტოილუსტრაცია; ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები; სტაციონარული პაციენტის - ა------ თ----------–--ის სამედიცინო ბარათი, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 18 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N006535918 დასკვნა, რომლის თანახმად, სამედიცინო საბუთების მონაცემების შესაბამისად, ა------ თ----------–--ე, 2018 წლის 15 სექტემბერს მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით მიყვანილ იქნა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში და დაესვა დიაგნოზი - მარჯვენა ბარძაყის ძვლის დიაფიზის შუა მესამედის ღია ცეცხლნასროლი ნამსხვროვანი მოტეხილობა ცდომით, მარჯვენა წვივის ძვლების დიაფიზის ღია ცეცხლნასროლი მოტეხილობა ცდომით, მარჯვენა სხივ-მაჯის ცეცხლნასროლი ღია ჭრილობა. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასრლი იარაღიდან ჭურვების გასროლის შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 18 სექტემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის N98/ბ დასკვნა, რომლის თანახმად, იარაღი მჭიდით არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; ერთი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა, განკუთვნილი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტისათვის და „სტეჩკინის“ სისტემის ავტომატური პისტოლეტისათის, აგრეთვე AP-63, P-64, PK-59 პისტოლეტებისათის და ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პისტოლეტისათვის. ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოყენებისათის; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2018 წლის 18 სექტემბრის ქიმიური ექსპერტიზის Nქ/572 დასკვნა, რომლის თანახმად, ქიმიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ უნომრო ერთ ცალ პისტოლეტის მაგვარი საგნის ლულაში არის დენთისა და დენთისათვის დამახასიათებელი ნიტრონაერთების და მათი წვის პროდუქტების კვალი და შესაბამისად ამისა მისგან ბოლო გაწმენდის შემდეგ ნაწარმოებია გასროლა; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 11 ოქტომბრის სასამართლო-ბალისტიკური ექსპერტიზის N1964/ბ დასკვნა, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ექვსი ცალი მასრა არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის, განკუთვნილი "მაკაროვის", "სტეჩკინის" და სხვა კონსტრუქციის პისტოლეტებისთვის. მასრები გასროლილია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი "მაკაროვის" კონსტრუქციის უნომრო პისტოლეტიდან. შემთხვევის ადგილიდან და ა------ თ----------–--ის სხეულიდან ამოღებული ლითონის საგნები არის ქარხნული წესით დამზადებული 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - ტყვია. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ეს საგნები გასროლილია ექსპერტიზაზე წარდგენილი "მაკაროვის" კონსტრუქციის" პისტოლეტის ლულიდან, სხეულიდან ამოღებული საგანი უვარგისია იდენტიფიკაციისთვის.

 

6. იმისთვის რათა დადგინდეს, რომ დამნაშავემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და ატარებდა, საჭიროა ორი პირობის არსებობა, კერძოდ:

 

- საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღი შეძენილი უნდა იყოს ”იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ;

 

- მას უნდა ინახავს და ატარებს პირი, ვისაც მისი შენახვისა და ტარების კანონიერი უფლება არ აქვს.

 

7. ვ------- მ-------ეს არ გააჩნია უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა საბრძოლო მასალის და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების თაობაზე.

 

8. "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქ/პუნქტის შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად;

 

9. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის "მ" ქ/პუნქტის შესაბამისად, საბრძოლო მასალაა მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შედგება მაინიციირებელი ფეთქებადი ნივთიერებისა და ჭურვისაგან (ჭურვებისაგან) და კონსტრუქციულად განკუთვნილია მისი იარაღიდან გასროლის შედეგად ობიექტის დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად;

 

10. მითითებული კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის და შენახვის უფლება ეძლევა შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, როგორი ნებართვაც ვ------- მ-------ეს არ ჰქონია. შესაბამისად, მან უკანონოდ შეიძინა, შეინახა და ატარა "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი და საბრძოლო მასალა. აღნიშნული უკანონოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთჯერადი გასროლით ბრალდებულმა ვ------- მ-------ემ ა------ თ----------–--ეს მიაყენა სხეულის მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რაც სრულად დადასტურდა სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი, მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

11. საქმის განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

12. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა" დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

13. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.

 

14. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასებისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.

 

15. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.

 

16. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

17. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

18. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვ------- მ-------ის მიერ სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული ბრალდებების დადასტურება.

 

კვალიფიკაციის შეცვლა:

 

1. სსკ-ის 117-ე მუხლი --

 

19. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ------- მ-------ემ ა------ თ----------–--ეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა, როგორც პირმა, რომელსაც ადრე ჩადენილი ჰქონდა სსკ-ის 108-ე, ან 109-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობა.

 

20. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის განაჩენით, ვ------- მ-------ე დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 19, 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. 19,108-ე მუხლით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით, 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით. სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით. დამატებით სასჯელად კი დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ვ------- მ-------ეს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით, დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

21. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით, დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის შუამდგომლობა, ცვლილება შევიდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენში და ნაცვლად სასჯელების შეკრებისა, იმ დროს ამოქმედებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მოხდა დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრა. შესაბამისად, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ვ------- მ-------ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით, 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

22. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 29 ოქტომბრის განკარგულებით, ვ------- მ-------ე შეწყალებულ იქნა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან და იმავე დღეს გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან. აჭარის პრობაციის ბიუროს უფროსის წერილის თანახმად, 2017 წლის 28 ოქტომბერს მას დაუსრულდა საპრობაციო ვადაც.

 

23. ამდენად, ვ------- მ-------ე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, ანუ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. როგორც უკვე აღინიშნა, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ-------ეს ბრალად წარედგინა სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ვ" ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ანუ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება პირის მიერ, რომელსაც ადრე ჩადენილი ჰქონდა სსკ-ის 108-ე, ან 109-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობა. მუხლის დისპოზიციიდან ნათლად ჩანს, რას მიიჩნევს კანონმდებელი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, მაკვალიფიცირებელ გარემოებად, კერძოდ, ქმედების ჩადენას პირის მიერ, რომელიც უკვე მსჯავრდებული იყო 108-ე, ან 109-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობისთვის, ანუ დასრულებული დანაშაულისთვის. მუხლის დისპოზიცია არ შეიცავს მითითებას 108-ე ან 109-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებისთვის ან დანაშაულისთვის ნასამართლები პირების შესახებ, მასში კონკრეტულადაა მითითებული 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობისთვის ნასამართლევ პირზე.

 

24. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ ვ------- მ-------ე არ არის ნასამართლევი 108-ე მუხლით გათვალისწინებული დამთავრებული მკვლელობისთვის, ნასამართლევია 19, 108-ე მუხლით - მკვლელობის მცდელობისთვის, უნდა მოეხსნას სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ვ" ქ/პუნქტით წარდგენილი ბრალდება და მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

კვალიფიკაციის შეცვლა:

 

2. სსკ-ის 236-ე მუხლი:

 

25. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ------- მ-------ეს ასევე ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის და საბძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, როგორც პირს, რომელიც ნასამართლევია სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

 

26. როგორც უკვე აღინიშნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 ივნისის განაჩენებით, ვ------- მ-------ეს სსკ-ის 19,108-ე მუხლით სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით, 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით. სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით. დამატებით სასჯელად კი დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ვ------- მ-------ეს განესაზღვრა სსკ-ის 19, 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით, 2 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

27. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 29 ოქტომბრის განკარგულებით, ვ------- მ-------ე შეწყალებულ იქნა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან და იმავე დღეს გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან. აჭარის პრობაციის ბიუროს უფროსის წერილის თანახმად, 2017 წლის 28 ოქტომბერს მას დაუსრულდა საპრობაციო ვადაც.

 

28. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლის-სამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.

 

2. სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

 

3. ნასამართლობა გაქარწყლდება:

 

ა) პირობით მსჯავრდებულისა _ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;

 

29. ამდენად, პრეზიდენტის შეწყალებით ვ------- მ-------ე გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელისგან სრულად, დარჩენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა კი დაუსრულდა ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენამდე. დამატებით სასჯელად განსაზღვრული ჯარიმის გადაუხდელობის შესახებ ინფორმაცია საქმის მასალებში არ არსებობს. ამასთან, დარჩენილ პირობით სასჯელს იხდიდა არა სსკ-ის 236-ე მუხლით დანიშნული, არამედ სსკ-ის 19,108-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელიდან. წარდგენილი ბრალდება კი გულისხმობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის - ნასამართლევი პირის მიერ (ცეცხლსასროლი იარაღის და საბძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის) კვლავ სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

30. გამომდინარე იქიდან, რომ ვ------- მ-------ეს ბრალდებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისას, სსკ-ის 236-ე მუხლით არსებული ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა, უნდა მოეხსნას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით წარდგენილი ბრალდება და მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და ამავე მუხლის მე-4 ნაწილებით.

 

31. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

32. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

33. სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

34. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

35. "ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას" (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

36. ამასთან, "ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის" მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

37. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

 

38. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ------- მ-------ის მიმართ სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტით და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ბ" ქ/პუნქტით წარდგენილი კვალიფიკაცია - არასწორია, უნდა შეიცვალოს ბრალდებულის სასიკეთოდ, ამოერიცხოს ბრალდებიდან და მის მიერ ჩადენილი ქმედებები დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი, 236-ე მუხლის მე-3 და ამავე მუხლის მე-4 ნაწილებით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

40. ამდენად, სასამართლოსთვის წარდგენილი, მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 15 სექტემბერს, დღის საათებში, ვ------- მ-------ემ, ა------ თ----------–--ეს, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, ექვსჯერ გასროლით მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედებები, გათვალისწინებული სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და ამავე მუხლის მე-4 ნაწილებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

41. ვ------- მ-------ის პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

42. ვ------- მ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულების აღიარება, მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

43. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

 

44. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

45. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

46. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

47. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

48. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ვ------- მ-------ეს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. მასვე სსკ-ის 521 მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაენიშნოს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ - 4 (ოთხი) წლით აეკრძალოს იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება. სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

50. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა (სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა) სასჯელმა უნდა შთანთქას თანაბარი ზომის და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ვ------- მ-------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. მასვე სსკ-ის 521 მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაენიშნოს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ - 4 (ოთხი) წლით აეკრძალოს იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება.

 

51. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ვ------- მ-------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :

 

52. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - ოთხი ცალი კომპაქტ დისკი, რომლებზეც ასახულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს გადაღებული ფოტოსურათები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, უნდა დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვლები, ვ------- მ-------ის სუნის ნიმუში, ნაჭერი, რომელშიც იარაღი იყო გახვეული, ანაწმენდები სტერილურ ჩხირებზე, მიკრონაწილაკების ნიმუშები დაქტილოფირებზე, მოწითალო ლაქების მქონე სიგარეტის კოლოფი, მუქი მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, ვ------- მ-------ის ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე, ავტომანქანა „მერსედესის“ წინა მარჯვენა სავარძლის ქსოვილის ორი ფრაგმენტი, ა------ თ----------–--ის სისხლის ნიმუში, ხელის კვლები დაქტილოფირებზე, ექიმ რაულ პაქსაძისგან ამოღებული ტყვია, ექვსი ცალი მასრა და ორი ცალი ტყვიის გულა-, უნდა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

- ა------ თ----------–--ის ტანსაცმელი, რეზინის ჩუსტი მოწითალო ფერის ლაქებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ვ------- მ-------ის ტანსაცმელი, ავტომობილი „მერსედესის“ მარკის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით D-------- -უნდა დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

- უნდა მოხდეს „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის, მჭიდის, ვაზნის - როგორც დანაშაულის იარაღის -- საპროცესო კონფისკაცია და გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის დანაყოფს;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებულ ვ------- მ-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ბრალდებულ ვ------- მ-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.

 

ბრალდებულ ვ------- მ-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

 

ბრალდებული ვ------- თ------ს ძე მ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და:

 

სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

მასვე სსკ-ის 521 მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაენიშნოს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ - 4 (ოთხი) წლით აეკრძალოს იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება.

 

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა უფრო მკაცრმა (სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა) სასჯელმა შთანთქას თანაბარი ზომის და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ვ------- მ-------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

მასვე სსკ-ის 521 მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაენიშნოს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, კერძოდ - 4 (ოთხი) წლით აეკრძალოს იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება.

 

მსჯავრდებულ ვ------- მ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 სექტემბრიდან.

 

ნივთმტკიცებები - ოთხი ცალი კომპაქტ დისკი, რომლებზეც ასახულია საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს გადაღებული ფოტოსურათები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვლები, ვ------- მ-------ის სუნის ნიმუში, ნაჭერი, რომელშიც იარაღი იყო გახვეული, ანაწმენდები სტერილურ ჩხირებზე, მიკრონაწილაკების ნიმუშები დაქტილოფირებზე, მოწითალო ლაქების მქონე სიგარეტის კოლოფი, მუქი მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები, ვ------- მ-------ის ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე, ავტომანქანა „მერსედესის“ წინა მარჯვენა სავარძლის ქსოვილის ორი ფრაგმენტი, ა------ თ----------–--ის სისხლის ნიმუში, ხელის კვლები დაქტილოფირებზე, ექიმ რაულ პაქსაძისგან ამოღებული ტყვია, ექვსი ცალი მასრა და ორი ცალი ტყვიის გულა- განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ა------ თ----------–--ის ტანსაცმელი, რეზინის ჩუსტი მოწითალო ფერის ლაქებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ვ------- მ-------ის ტანსაცმელი, ავტომობილი „მერსედესის“ მარკის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით D-------- - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

მოხდეს „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის, მჭიდის, ვაზნის - როგორც დანაშაულის იარაღის -- საპროცესო კონფისკაცია და გადაეცეს საქართველოს შსს შესაბამის დანაყოფს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი