განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100118002700467
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/276-18 25 თებერვალი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031231018003)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: თამთა როყვა, ცაცა ებრალიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: სულეიმან ისმაილოვი
ბრალდებული: ა-–---- ჰ-------ი
მამის სახელი: აიდინ
დაბადებული: 1----–-–--------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–-----------–--------------
თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ა-–---- ჰ-------ი გასამართლებული იქნა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 28 აპრილს, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. იყო რა ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვისათვის, ა-–---- ჰ-------მა კვლავ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 0,126423 გრამი, რაც ამოღებული იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 23 ოქტომბერს 13:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ საბირქენდში ჩატარებული ა-–---- ჰ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
უდავოდ ცნობილი 2018 წლის 23 ოქტომბრის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად დადგენლია, რომ ა-–---- ჰ-------ს ქ. მარნეულში, სოფელ საბირქენდის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაუტარდა ჩხრეკა, რა დროსაც მისი ჯინსის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მწვანე ფერის ქაღალდში გახვეული ღია მოყავისფრო ფერის ფხვნილი, სპეციფიკური სუნით. ასევე, ამოღებული იქნა შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან თეთრი ფერის ერთგრამიანი ინსულინის ნემსი.
ასევე უდავოდ ცნობილი ქიმიური ექსპერტიზის N3047/სქ-3479/ქრ დასკვნის თანახმად ა-–---- ჰ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული და ექსპერტიზაზე წარდგენილი წითელი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში გადახვეული მწვანე-თეთრით ქაღალდის ნაჭერში შეფუთული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით -0,2651 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 0,1262 გრამის ოდენობით.
- 1მლ-ანი ერთჯერადი მოხმარების ე.წ. ,,ინსულინის“ ცარიელი შპრიცის შიდა კედლებზე არსებული მოყავისფრო ფერის სითხის წვეთები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 0,000223 გრამის ოდენობით.
- ჰეროინის საერთო წონა შეადგენს - 0,126423 გრამს.
2018 წლის 23 ოქტომბრის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N7022247 დასკვნის თანახმად ა-–---- ჰ-------ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფი, ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა) მოხმარების ფაქტი.
მოწმე სამირ ისმაილოვის ჩვენებით დასტურდება, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ა-–---- ჰ-------ს თანამშრომელთან ერთად ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროაც მისი ჯინსის შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მწვანე ფერის ქაღალდში გახვეული ღია მოყავისფრო ფერის ფხვნილი და ერთი ცალი ერთ მილიგრამიანი ინსულინის ნემსი.
2.2. ჩადენილი არაერთგზის.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 28 აპრილის განაჩენით ა-–---- ჰ-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად მას დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
2018 წლის 23 ოქტომბრის ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს წერილიდან ირკვევა რომ ა-–---- ჰ-------ს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 28 აპრილის განაჩენის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის დინება დაეწყო 2017 წლის 28 აპრილს, ხოლო გამოსაცდელი ვადა უნდა დაესრულებინა 2020 წლის 28 აპრილს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია რომ ა-–---- ჰ-------ს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია.
საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ა-–---- ჰ-------ი ნასამართლევი იყო რა სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მას კვლავ დაუდასტურდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. შესაბამისად, მას ბრალად უნდა შეერაცხოს არაერთგზისობა.
საქმის არსებითი განხილვისას ა-–---- ჰ-------მა თავსი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ა-–---- ჰ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ა-–---- ჰ-------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების ბეთქილი გერლიანის და სამირ ისმაილოვის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 23 ოქტომბრის პირადი ჩხრეკის ოქმი, 2017 წლის 28 აპრილის განაჩენი, ქიმიური ექსპერტიზის N 3047/სქ-3479/ქრ დასკვნა, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N7022247 დასკვნა.
სასამართლომ მოახდინა უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ა-–---- ჰ-------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ა-–---- ჰ-------ი იყო რა გასამართლებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, მან კვლავ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ევროპულმა კომისიამ საქმეში Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v Greece (The Greek case), ”გონივრულ ეჭვს მიღმა” სტანდარტი განმარტა, როგორც ”არა ისეთი ეჭვი, რომელიც მხოლოდ დაფუძნებულია თეორიულ შესაძლებლობაზე ან წარმოშობილია რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დასკვნები, არამედ ეჭვი, რომლის მიზეზები გამომდინარეობს წარდგენილი ფაქტებიდან”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა-–---- ჰ-------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.1. ა-–---- ჰასნოვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
6.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ა-–---- ჰ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, ალამზ ჰ-------ის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ოჯახურ მდგომარეობას (დაავადებულია ჰეპატიტით, კმაყოფაზე ჰყავს შვილები, არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი) და აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ალამზ ჰ-------ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მესამე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5(ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად უნდა გაუქმდეს ა-–---- ჰ-------ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად უნდა მიექცეს აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის 11 თვის და 26 დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ა-–---- ჰ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ა-–---- ჰ-------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთმევა: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 15 (თხუთმეტი) წლით უნდა ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
7.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არ აქვს იგი ნადგურდება.
- საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მოთავსებული ქაღალდში და ინსულინის შპრიცი უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა-–---- ჰ-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5(ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს ა-–---- ჰ-------ის მიმართ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მიექცეს აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის 11 (თერთმეტი) თვის და 26 (ოცდაექვსი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ა-–---- ჰ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.
ა-–---- ჰ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 23 ოქტომბრიდან.
საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ა-–---- ჰ-------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ა-–---- ჰ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ნარკოტიკული საშუალება მოთავსებული ქაღალდში და ინსულინის შპრიცი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე