გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210018002612051
საქმე №2/1695-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 მარტი, 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - გ-------------ე
წარმომადგენელი - თ----------–-–--ე
მოპასუხე - გ------------------ი (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ნივთის საკუთრებაში დაბრუნება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 04 მაისს გ-------------ესა (პ/ნ: 5---------0) და გ------------------ს (პ/ნ: 5----------) შორის გორის რაიონის სოფელ კარალეთში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობაზე (ს/კ: №6-.4-.2-.---) გაფორმებული უკან გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.
1.2. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გ-------------ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხოს უძრავი ქონებები მდებარე გორის რაიონის სოფელ კარალეთში, საკადასტრო კოდებით: 1. №6-.4-.2-.7-- და №6-.4-.2-.7--. (ნაკვეთების წინა ნომერი: №6-.4-.2-.---)
2. მოსარჩელის პოზიცია
გ-------------ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე გორის რაიონის სოფელ კარალეთში, ს/კ: 6-.4-.2-.---. გ-------------ეს სურდა იპოთეკური სესხის აღება თავისი კუთვნილი უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №6-.4-.2-.---) იპოთეკით დატვირთვით. ამ მიზნით იგი ზურაბ ბითაძის და მაკლერის, ქეთევან ბალიაშვილის მეშვეობით, დაუკავშირდა გ------------------ს, რომელმაც თანხის გასესხებაზე, უზრუნველყოფის გარანტიით თანხმობა გამოთქვა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გ------------------ი გ-------------ეს სამი თვის ვადით 6000 აშშ დოლარს ასესხებდა, რაზეც სარგებლის სახით თვეში 300 აშშ დოლარს გადაუხდიდა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად მხარეებმა საჯარო რეესტრში დაარეგისტრირეს ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 6 900 აშშ დოლარი, საიდანაც 6000 აშშ დოლარი სესხი იყო, 900 აშშ დოლარი კი 3 თვის სარგებელი, გამოსყიდვის ვადად - სამი თვე. გ-------------ე აღნიშნულ ქონებას როგორც მესაკუთრე განაგებდა, რაზედაც გ------------------ს პრეტენზია არასდროს გამოუთქვამს.
მოსარჩელის განმარტებით, იგი გ------------------ს უხდიდა თანხას, კერძოდ, 2015 წლის ივნისი-ივლისი-აგვისტო გადაუხადა ყოველთვიურად 300 აშშ დოლარი სარგებლის სახით, ხოლო 2015 წლის დეკემბრის შემდეგ (გამოსყიდვის უფლების გაუქმების შემდეგ) გადაუხადა 5500 აშშ დოლარი, მთლიანობაში 6 400 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა ვეღარ მოახერხა, რის გამოც ზემოაღნიშნული ქონების გასხვისება გადაწყვიტა, რაზეც გ------------------ი დასთანხმდა. მიწის ნაკვეთს სათანადო მისასვლელი გზა არ ჰქონდა და საჭირო გახდა სხვა მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვა. ამისთვის კი საჭირო გახდა აწ უკვე გ------------------ის სახელზე რეგისტრირებული სადავო მიწის ნაკვეთის დაყოფა, რომელიც გ-------------ემ მოაგვარა, დაყოფილ უძრავ ნივთებს ცალ-ცალკე საკადასტრო კოდი მიენიჭა და ხარჯებიც თვითონ გაიღო. ამის შემდეგ გ------------------მა გ-------------ეს განუცხადა, რომ 2018 წლის 24 აგვისტომდე თუ 7000 (შვიდი ათას) აშშ დოლარს არ გადაუხდიდა, აღნიშნულ უძრავ ქონებებს სხვაზე გადააფორმებდა.
სასამართლო სხდომაზე გ-------------ემ დამატებით მიუთითა, რომ 2015 წლის დეკემბრის შემდეგ. ანუ მას შემდეგ, რაც გ------------------მა საბოლოოდ თავის სახელზე დაარეგისტრირა უძრავი ქონება, გ-------------ეს უთხრა როცა ექნებოდა თანხა მაშინ გადაეხდა ნაწილ-ნაწილ. გ-------------ის განმარტებით, მან 2016 წლის მაისის თვეში გ------------------ს გადაუხადა 2400 აშშ დოლარი, შემდეგ 3 თვე ყოველთვიურად 300-300 აშშ დოლარს უხდიდა, შემდეგ ვეღარ უხდიდა, 2018 წლის აპრილ-მაისში კი კიდევ 2500 აშშ დოლარი გადაუხადა, თუმცა 2018 წლის აგვისტოში, სანამ სარჩელს შემოიტანდა, გ------------------მა დღე დაუთქვა თუ 6000 აშშ დოლარს არ მიიტანდა, თვითონ გაყიდიდა მიწის ნაკვეთებს, რასაც თვითონაც ცდილობდა, კლიენტებიც მიიყვანა, შეთანხმებაც ჰქონდათ რომ 12 000 აშშ დოლარად გაყიდვის შემთხვევაში რაც ეკუთვნოდა, 6400 აშშ დოლარს, გ------------------ი მიიღებდა, მაგრამ არ მიწის ნაკვეთი გაიყიდა.
3. მოპასუხის პოზიცია
გ------------------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მასა და გ-------------ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით და არა სესხის ხელშეკრულება. მოსარჩელემ ხელშეკრულებით დადგენილი ამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ არ გამოისყიდა აღნიშნული ქონება, რის შემდეგაც ვალდებულებისა და შეზღუდვის გარეშე აღრიცხა თავის სახელზე. გ-------------ეს სარჩელის აღძვრამდე არ გამოუთქვამს პრეტენზია, რომ უძრავი ქონება მას არ ეკუთვნოდა, თუმცა ეკონომიკური მდგომარეობის გამო გამოსყიდვის შემთხვევაში თანახმა იქნებოდა გამოესყიდა გ-------------ეს აღნიშნული ქონება.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2015 წლის 28 დეკემბრიდან გორის რაიონის სოფელ კარალეთში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, ს/კ: 6-.4-.2-.--- საკუთრების უფლებით, რეგისტრირებულია გ------------------ის სახელზე, რომელშიც უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება უკან გამოსყიდვის უფლებით 04/05/2015 დამოწმებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 2015 წლის 28 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. 2015 წლის 04 მაისს გ-------------ესა და გ------------------ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება უკან გამოსყიდვის უფლებით, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა გორის რაიონის სოფელ კარალეთში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, ს/კ: 6-.4-.2-.---, ხოლო ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 6 900 აშშ დოლარით.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 2015 წლის 08 მაისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- 2015 წლის 04 მაისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება უკან გამოსყიდვის უფლებით.
4.2.2. გორის რაიონის სოფელ კარალეთში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, ს/კ: №6-.4-.2-.---, 2018 აგვისტოს თვეში დაიყო ორ ნაწილად - №6-.4-.2-.7-- და №6-.4-.2-.7--
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 2015 წლის 21 და 22 აგვისტოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
4.2.3. გ------------------ის საკუთრებაში რეგისტრირებულ №6-.4-.2-.7-- და №6-.4-.2-.7-- უძრავი ნივთების სასარგებლოდ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბრძანებით, მუნიციპალიტეტის კუთვნილ №6-.4-.2-.2-- მიწის ნაკვეთის 191 კვ.მ ფართობზე გავრცელდა სერვიტუტის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 2018 წლის 11 მაისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
4.2.4. 2015 წლის 28 დეკემბრიდან გორის რაიონის სოფელ კარალეთში მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით, ს/კ: 6-.4-.2-.--- (გამიჯვნის შემდეგ ს/კ: №6-.4-.2-.7-- და №6-.4-.2-.7--) შეზღუდვისა და ვალდებულების გარეშე რეგისტრირებულია გ------------------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 2015 წლის 28 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
4.2.5. 2015 წლის 04 მაისს გ-------------ესა და გ------------------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებას უკან გამოსყიდვის უფლებით.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- მხარეთა განმარტებები;
- 2015 წლის 04 მაისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება უკან გამოსყიდვის უფლებით.
მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ გ------------------თან სესხის ხელშეკრულება გააფორმა 3 თვის ვადით, 5% სარგებლით, 2019 წლის 20 მარტს სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება თვეში 5%-ად და სარგებელი უნდა ეხადა მანამ, სანამ მთლიანად არ დაფარავდა მიღებულ თანხას. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თავდაპირველად სამი თვის განმავლობაში იხდიდა სარგებელს 300 აშშ დოლარს. მას შემდეგ რაც უძრავი ქონება სრულად დაირეგისტრირა (მისთვის ცნობილი გახდა 2016 წლის მაისის თვეში), ხეთაგურმა უთხრა, რომ ნაწილ-ნაწილ, შეძლებისდაგვარად გადაეხდა მიწის თანხა, რის შემდეგაც, 2016 წლის მაისში 2400 აშშ დოლარი გადასცა, შემდეგ 3 თვე ყოველთვიურად 300 აშშ დოლარს უხდიდა, შემდეგ, 2018 წლის აპრილ-მაისში კიდევ 2500 აშშ დოლარი გადაიხადა, რაც გამოვიდა მიწის საფასური 5800 აშშ დოლარი და სარგებლის სახით 900 აშშ დოლარი. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც გ------------------მა საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული გამოსყიდვის უფლება გააუქმა და მთლიანად დაირეგისტრირა უძრავი ქონება, პროცენტი აღარ უნდა გადაეხადა და მხოლოდ მიწის საფასურს იხდიდა (იხ. 2-.-3.1019წ. სხდომის ოქმი (ახსნა-განმარტებისა და შეკითხვების ეტაპი).
საქმეში წარმოდგენილია მხარეებს შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის სადავო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გ------------------მა 6900 აშშ დოლარად გ-------------საგან შეიძინა გორის რაიონის სოფელ კარალეთში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდი 6-.4-.2-.---, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას მოპასუხესთან ნასყიდობის ხელშეკრულება არ დაუდია, ვინაიდან რეალურად არც მოსარჩელეს სურდა ქონების გაყიდვა და მან გიორგი სამხარაძესთან დადო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. თავის მხრივ მოპასუხე კატეგორიულად არ ეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებას, ვინაიდან მან გ-------------ესთან დადო ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით და მხოლოდ ნასყიდობის ნება გამოავლინეს, ისინი სესხის პირობებზე არ შეთანხმებულან. შეთანხმდენ კონკრეტულად გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის არსებით პირობებზე.
ფაქტობრივად, საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად. საბოლოოდ რეალურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად საჭიროა მხარეებმა საკუთარი არგუმენტები გაამყარონ შესაბამისი მტკიცებულებებით, მხარეთა არგუმენტების დამტკიცება კი შესაძლებელია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად და ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება მათ მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებულია სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია (სსკ 102-ე მუხლი). მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. მოცემულ შემთხვევაში სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს. მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარიგება სესხისა და იპოთეკის არსით. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება სესხის ხელშეკრულებით, სესხის სახით თანხის გადაცემის ან მიღების ხელწერილით, ვალის აღიარების ხელშეკრულებით, პროცენტის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებით ან სხვა მტკიცებულებით, რაც პირდაპირ ან ირიბად დაადასტურებდა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობას. თავის მხრივ მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს დაამტკიცოს ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა.
მოსარჩელემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად წარმოადგინა სარჩელი და ზეპირი განმარტება, რომლითაც ფაქტობრივად აღიარა მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა (როდესაც მან მიუთითა, რომ მას შემდეგ, რაც გ------------------მა საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი, სარგებელი აღარ უნდა გადაეხადა და უნდა დაეფარა მიწის საფასური) მტკიცებულების სახით კი მის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელეკრულება. სხდომაზე მიუთითა, რომ მას არ ჰქონია ამ ბინის გაყიდვის რეალური მიზანი. ამასთანავე, მოპასუხისაგან სესხის მიღების შემდგომ, მისი დაფარვის მიზნით, 3 თვე ყოველთვიურად უხდიდა სესხისათვის გათვალისწინებულ პროცენტს. მოსარჩელეს თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად არ წარმოუდგენია წერილობითი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება.
სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების არსებობას სჭირდება შესაბამისი მტკიცება. თუ მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მხარეთა შორის არსებობდა არა ნასყიდობა, არამედ სესხი, მაშინ მას ამის სათანადო მტკიცებულებაც უნდა გააჩნდეს. თუ მოსარჩელემ სესხის აღებაში გადაიხადა სამაკლერო მომსახურების ღირებულება, როგორც იგი მიუთიტებს სარჩელში, მაშინ მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი მტკიცებულება. ასევე, თუ მის მიერ გადახდილია რამდენიმე თვის პროცენტი, მაშინ ამის შესახებ მითითებული უნდა იყოს რომელიმე დოკუმენტში, კერძოდ, პროცენტის გადახდის წესი ასახული უნდა იყოს კონკრეტულ მტკიცებულებებში. თუ მოსარჩელეს ექნება სესხის სახით ფულადი თანხის გადაცემის ხელშეკრულება, ხელწერილი, ვალის აღიარების ხელწერილი, მტკიცებულება პროცენტის არსებობისა თუ მისი გადახდის შესახებ, გადახდის გრაფიკი ან სხვა მსგავსი მტკიცებულება, ასეთ შემთხვევაში ლოგიკური აზროვნების საფუძველზე სასამართლოს შეექმნებოდა შინაგანი რწმენა, რომ მხარეებს შორის დადებულია სესხის და არა ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელეს ასეთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მის მიერ მითითებული არგუმენტების საწინააღმდეგოდ არსებობს მხარეებს შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება დადებულია მარეგისტრირებელ ორგანოში მხარეთა მონაწილეობით, მასზე შესრულებული ხელმოწერა სადავო არ გამხდარა, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა სხვაობა ნასყიდობასა და სესხის არსს შორის და სასამართლო შორსაა იმ მოსაზრებისაგან, რომ მოსარჩელე ერთმანეთისაგან ვერ არჩევს რა განსხვავებაა სესხსა და ნასყიდობას შორის და რომ მოსარჩელე ვერ მიხვდა რა შედეგი მოჰყვებოდა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას და რა შედეგი მოჰყვებოდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას.
ამასთან, საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ ასახავს სესხს, გარდა თავად მხარის ახსნა-განმარტებისა და მოწმის სახით დაკითხული მოსარჩელის მეუღლის, ანუში მღებრიშვილის ჩვენებისა, რომელიც, გარდა იმისა, რომ დაინტერესებული პირის ჩვენებაა, გარკვეულ შემთხვევებში წინააღმდეგობაში მოდის თავად გ-------------ის განმარტებებთან. ამიტომ სასამართლო იზიარებს მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომელიც უფრო მყარი და დამაჯერებელია - კონკრეტულ შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომელიც უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებაა ვიდრე მოსარჩელის ზეპირი განმარტება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------------ის სარჩელი გ------------------ის მიმართ მათ შორის 2015 წლის 04 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 56-ე, 81-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 477-ე, 509-ე, 623-ე, 624-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები;
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენცია
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლით: ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. 2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.
6.2. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში.
სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღებისას, ორივე მხარის პატივსადები ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაბრად.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ უძრავ ქონებაზე მდებარე გორის რაიონის სოფელ კადალეთში, საკადასტრო კოდი 6-.4-.2-.--- არაკანონირად დაკარგა საკუთრების უფლება, რითაც დაირღვა მისი, როგორც მესაკუთრის კონსტიტუციური უფლება. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთრების უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან. მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა დადგინდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.
საქმეში წარმოდგენილია მხარეებს შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის სადავო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, გ------------------მა გ-------------ისგან 6 900 აშშ დოლარად შეიძინა გორის რაიონის სოფელ კარალეთში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდი 6-.4-.2-.---. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან მოპასუხესთან დადო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და არა ნასყიდობის ხელშეკრულება. თავის მხრივ მოპასუხე კატეგორიულად არ ეთანხმება მოსარჩელესთან სასესხო ურთიერთობის არსებობას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს და დაიცვას საკუთრების უფლება ნებისმიერი ხელყოფისაგან და მოპასუხემ ხელყო თუ არა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, უნდა შეფასდეს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით.
განსახილველ შემთხვევაში პირველ რიგში უნდა დადგინდეს ბათილია თუ არა მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. უძრავი ნივთის გამყიდველი, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს მხარეებს შორის რეალურად სხვა, სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობაზე.
6.3. სადავო გარემოებების დასადგენად, სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სსკ-ის 317-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულება ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნდეთ მოთხოვნის უფლება, საჭიროა ისინი ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყვნენ ერთმანეთთან, ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულება წარმოშობილია მათ შორის დადებული ხელშეკრულებიდან, რომელიც ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი და მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. გარიგების (ხელშეკრულების) დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. შესაბამისად, მხარეთა შორის ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს ვალდებულებითი სამართლის მარეგულირებელი ნორმებით.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ, კანონის ფარგლებში, თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, ჯდებოდეს მორალის ფარგლებში და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს (სკ-ის 54-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებული გარიგება მთლიანად შეესაბამება მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით გარიგების დადებისა და უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით გასხვისებისათვის კანონით დადგენილ ყველა წესს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება მდებარე - გორის რაიონის სოფელ კარალეთში, საკადასტრო კოდი 6-.4-.2-.---. ამ ქონებასთან დაკავშირებით, მან მოპასუხესთან დადო გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება. მოპასუხემ მოსარჩელისგან შეიძინა უძრავი ქონება და გადაიხადა 6 900 აშშ დოლარი. ისინი შეთანხმდენ, რომ მოსარჩელეს უფლება ექნებოდა 3 თვის ვადაში გადაეხადა ხელშეკრულებაში მითითებული თანხა და ქონებაზე აღედგინა საკუთრების უფლება. ამ ტიპის შეთანხმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლით რეგულირებული შეთანხმებაა. დასახელებული ნორმით, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობას ახასიათებს გარკვეული თავისებურებანი, კერძოდ, გამყიდველს უფლება აქვს გასხვისებული ნივთი გამოისყიდოს დათქმულ ვადაში, მყიდველს კი უფლება არ აქვს უარი თქვას სასყიდლის მიღებასა და ქონების თავდაპირველი მესაკუთრისათვის დაბრუნებაზე. სახელშეკრულებო ვალდებულება მესაკუთრეს უზღუდავს მესაკუთრეს უფლებას, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს გამოსყიდვის უფლებით შეძენილ ქონებას გამოსყიდვისათვის დათქმული ვადის გასვლამდე. თავის მხრივ გამყიდველსაც დაკისრებული აქვს ვალდებულება - გამოსყიდვითი ფუნქცია განახორციელოს მხოლოდ გამოსყიდვისათვის დათქმულ ვადაში. თუ ის არ ისარგებელებს გამოსყიდვის ვადაში გამოსყიდვის უფლებით, მაშინ მას ესპობა უფლება სხვა დროსაც გადაიხადოს ღირებულება და გამოისყიდოს ქონება. რა თქმა უნდა ქონების გამოსყიდვის უფლება მას არ ერთმევა ვადის გასვლის შემდეგაც, მაგრამ ამ ვადის გასვლის შემდეგ ნივთის გაყიდვის უფლება ენიჭება მის ნამდვილ მესაკუთრეს და ის ვალდებული აღარაა იმავე ფასში, ან თუნდაც განსხვავებულ ფასში მიყიდოს კუთვნილი ქონება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ დათქმულ ვადაში ვერ გადაუხადა მოპასუხეებს ქონების გამოსყიდვის საფასური, შესაბამისად მათ ხელიდან გაუშვეს ყველა ის საშეღავათო უფლება, რაც მინიჭებული ჰქონდა გამოსყიდვის უფლების ფარგლებში.
საერთო ჯამში გამოსყიდვის უფლებით დადებულ ნასყიდობას მოსარჩელე ბათილ გარიგებად მიიჩნევს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ხელშეკრულება არ გამოხატავს მხარეთა მიერ გამოხატულ ნამდვილ ნებას ნასყიდობაზე და ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაა.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმების მიხედვით გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილი წესისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩნვენებით, ბათილია.
6.9. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)”.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით ორივე მხარის მიერ ნების გამოვლენა და ამ ნების ასახვა შესაბამის დოკუმენტში. ამასთან, გარიგების შინაარსზე ზეგავლენას არ ახდენს მხოლოდ ერთი მხარის ნების გამოვლენა. ორივე მხარის ნება უნდა იყოს თანხვედრაში. გარიგების შინაარსს პირველ რიგში განსაზღვრავს ოფერენტი. სწორედ წინადადების მიცემაზეა დამოკიდებული თანხმობის შინაარსიც. დაუშვებელია წინადადების მიმცემმა ნება გამოავლინოს ქონების ნასყიდობაზე, მეორე მხარემ მიიღოს ასეთი ნება (თუნდაც თანხის აუცილებლად მიღების მოტივით) და შემდეგ მისი ნების გამოვლენა განმარტოს ისე, როგორც მის საქმეს სჭირდება. გარიგების რეალურ შინაარსად დადგენილი უნდა იქნეს ის შინაარსი, რაზეც შთავაზებული წინადადებაა გამოხატული და რა წინადადებაც მიიღო მეორე მხარემ. ხელშეკრულება არის ორი ან მეტ პირს შორის დადებული გარიგება და მის დასადებად ცალმხრივი ნების გამოვლინება არაა საკმარისი. მისი ნამდვილობისათვის სავალდებულოა ორივე მხარის ურთიერთშეთანხმება გარიგების არსებითი პირობების შესახებ და შეთანხმების შემდეგ ნების გამოვლენის თაობაზე შედგნილ დოკუმენტზე ხელის მოწერა. ასეთი პირობა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, 1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, სარჩელის წარდგენა ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს დარღვეული უფლების არსებობას. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისი გარიგებისათვის მოქმედი წესები, ხოლო იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ გარიგება შეიცავს ბათილად ცნობის რომელიმე საფუძველს, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს მოსარჩელემ.
6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს საქონელი. ამავე კოდექსის 509-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხოციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე.
6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გასაცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულების არსი - თანხის გადაცემა და თანხის დაბრუნების ვალდებულება - გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების მსგავსია, ორივე შემთხვევაში მევალემ კრედიტორს უნდა დაუბრუნოს მიღებული თანხა, როგორც ნივთის გაყიდვით მიღებული, ისე სესხის ხელშეკრულებით მიღებული თანხა, მაგრამ სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში, აუცილებელია დადგინდეს შეთანხმება სესხზე და სესხის არსებით პირობებზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ამის დასადასტურებლად მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლის მიხედვით კი მოსარჩელე თვითონ იყო ვალდებული ზეპირი განმარტებით გადმოცემული არგუმენტები დაესაბუთებინა მყარი მტკიცებულებებით და მას არათუ ასეთი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, არამედ მან სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ მას შემდეგ რაც გ------------------მა საკუთრებაში დაირეგისტრირა უძრავი ნივთი, სარგებლის გადახდა აღარ ეკუთვნოდა და მხოლოდ მიწის საფასურს იხდიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ თუნდაც სესესხო ურთიერთობა ყოფილიყო მხარეებს შორის, შემდგომში დაადასტურა მათ შორის დადებული ხელშეკრულება (სკ 61 მუხლი).
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მხარეებმა ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურად ან მოჩვენებით დადებით დაფარეს სხვა გარიგება. ასევე ვერ დაამტკიცა, რომ მხარეები შეთანხმდნენ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებაზე და მიუხედავად ამისა, გარიგება გაფორმდა ნასყიდობის სახით. შესაბამისად, სასამართლოს მიერ მისი არგუმენტები არ იქნა გაზიარებული.
რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ იგი აწარმოებდა უძრავი ნივთის გამიჯვნისათვის აუცილებელ მოქმედებებს და ხარჯებიც მან გასწია, ვერ გამოდგება მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის დასადასტურებლად, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას გამოიკვეთა ორივე მხარის სურვილი აღნიშნული უძრავი ნივთის გაყიდვისა და მათი კუთვნილი წილის მიღებისა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განხილვის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკმარისია დასკვნის გასაკეთებლად, რომ სადავო გარიგება არ წარმოადგენს მოჩვენებით ანდა თვალთმაქცურ გარიგებას, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ გ-------------ეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 534 ლარის ოდენობით. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მისი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, გ-------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8-ე, 55-, 243-ე, 244-ე, 248-249-e, 257-ე, 364-ე, 369-e მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე გ-------------ის სარჩელი მოპასუხე გ------------------ის მიმართ, მხარეებს შორის 2015 წლის 04 მაისს დადებული უკან გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. გ-------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 534 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი