გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 411210019002815855
საქმე N 2/20–19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 მარტი, 2019 წელი ქ. კასპი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მაგისტრატი სასამართლო კასპის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე დავით პაპუაშვილი
სხდომის მდივანი სოფიო ზანდუკელი
მოსარჩელე: სს „ლ-------------ი“
წარმომადგენელი: ნ---- გ--–-–---–-
მოპასუხეები: ა-–---------- ო-----ე, მ--–---- კ--–--ე
დავის საგანი: სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ა-–---------- ო-----ეს და მ--–---- კ--–--ეს სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3 669 (სამიათას ექვსასსამოცდაცხრა) ლარის და 20 თეთრის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სს ,,ლ-------------ი"–სა და ა-–---------- ო-----ეს შორის, 2013 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, ა-–---------- ო-----ემ სესხად მიიღო 4 900 ლარი, წლიური 16 საპროცენტო სარგებლით, 48 თვის ვადით, 2017 წლის 1 დეკემბრამდე. მსესხებელმა დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი, რის შემდგომაც ერიცხება პირგასამტეხლო 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ა-–---------- ო-----ის მიერ ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა მ--–---- კ--–--ის სოლიდარული თავდებობით. თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 6 629,03 ლარით.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე მ--–---- კ--–--ემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე კი ნაწილობრივ ცნო ბანკის წინაშე არსებული დავალიანება, კერძოდ დაეთანხმა სესხის ძირ თანხას – 2 142,92 ლარს, და განმარტა, რომ ძირითად მოვალეს წარმოადგენდა ა-–---------- ო-----ე, რომ ის არის ძირითადი მსესხებლის უკანონო მოპყრობის მსხვერპლი. მას აქვს მძიმე ეკონომიური მდგომარეობა და ვერ შეძლებს აღნიშნული თანხის გადახდას, ხოლო პროცენტისა და ჯარიმის (პირგასამტეხლოს) ნაწილში კი სარჩელს არ ცნობს, ვინაიდან იგი შეუსაბამოდ მაღალია.
2.2. მოპასუხე ა-–---------- ო-----ემ შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა; შესაბამისად მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს საკრედიტო ხელშეკრულების პირობები და სესხის დაფარვის გრაფიკი.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სს "ლ-------------ს" და ა-–---------- ო-----ეს შორის, 2013 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, ა-–---------- ო-----ემ სესხად მიიღო 4 900 ლარი, წლიური 16 საპროცენტო სარგებლით, 48 თვის ვადით, პირგასამტეხლო 0.5 % ყოველ გადაცილებულ დღეზე. 2016 წლის 1 ივლისიდან მსესხებელმა დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი.
მტკიცებულება: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 0002/2013/31612; სესხის დაფარვის გრაფიკი; 2019 წლის 17 იანვრის ცნობა ს/ს „ლ-------------იდან“; ამონაწერი ა-–---------- ო-----ის პირადი ანგარიშიდან; მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. ა-–---------- ო-----ის მიერ ბანკის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა მ--–---- კ--–--ის სოლიდარული თავდებობით 6 629,03 ლარის ფარგლებში.
მტკიცებულება: სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება; მხარეთა ახსნა–განმარტება.
3.2.3. ა-–---------- ო-----ის დავალიანება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3 669,20 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2 142,92 ლარი, პროცენტი - 811,28 ლარი, ჯარიმა 715 ლარი.
მტკიცებულება: 2019 წლის 17 იანვრის ცნობა ს/ს „ლ-------------იდან“; ამონაწერი ანგარიშიდან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ლ-------------ის'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ სესხის ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
მოცემულ შემთხვევაში სს „ლ-------------სა“ და ა-–---------- ო-----ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სასესხო ხელშეკრულებების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხისათვის შეიძლება მხარეები შეთანხმდნენ სარგებელზე თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე და 868-ე მუხლებისა.
დადგენილია, რომ სს ,,ლ-------------ი"–სა და ა-–---------- ო-----ეს შორის 2013 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, ა-–---------- ო-----ემ სესხად მიიღო 4 900 ლარი, წლიური 16 საპროცენტო სარგებლით, 48 თვის ვადით და წარმოეშვა შეთანხმებული პირობებით და ვადაში სესხის დაბრუნების ვალდებულება. დადგენილია, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან მსესხებელმა დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების შესრულებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად დათქმულ დროსა და ადგილას.
იმავე კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია, შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს განამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს. ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია იმავე კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება.
იმავე კოდექსის 411-ე მუხლი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას მიუღებელი შემოსავლისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, სს ,,ლ-------------ი” ითხოვს ზიანის ანაზღაურებას არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანისათვის, რაც გამოიხატა კრედიტის სახით გაცემული თანხის დაუბრუნებლობაში, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით.
ამასთან, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს.
მოპასუხე ა-–---------- ო-----ემ მიიღო სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება.
ა-–---------- ო-----ეს, ასევე თავდებ მ--–---- კ--–--ეს, გაეგზავნა შეტყობინება დავალიანების დაფარვის შესახებ, თუმცა დავალიანება დაფარული არ არის. მათვე განემარტათ მოსალოდნელი შედეგები.
დადგენილია, რომ მოპასუხეთა დავალიანება სს „ლ-------------ის“ მიმართ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3 669,20 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2 142,92 ლარი, პროცენტი - 811,28 ლარი, ჯარიმა 715 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილებით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად; თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
საქმეზე წარმოდგენილი 2013 წლის 11 დეკემბრის მ--–---- კ--–--ის განცხადებებით სოლიდარული თავდებობის თაობაზე და იმავე დღით დათარიღებული თავდებობის N0002/2013/31612-1 ხელშეკრულების საფუძველზე, მ--–---- კ--–--ემ იკისრა ვალდებულება ა-–---------- ო-----ის საკრედიტო ხელშეკრულებასთან მიმართებაში როგორც თავდებმა, რომელიც აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულებით სოლიდარულად აგებდა პასუხს N0002/2013/31612 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შესრულებაზე 6 629,03 ლარის ფარგლებში.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებითა და წარმოდგენილი შესაგებლის მიხედვით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სოლიდარულ თავდებ პირთან მ--–---- კ--–--ესთან მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქმეზე წარმოდგენილი 2013 წლის 11 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით სს „ლ-------------ისა“ და ა-–---------- ო-----ის მიერ განსაზღვრული იქნა პირგასამტეხლოს არსებობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით. რაც შეეხება 2013 წლის 11 დეკემბრის თავდებობის ხელშეკრულებას, აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, „თავდებობით სრულადაა უზრუნველყოფილი ამ მუხლში აღწერილი მსესხებლის საკრედიტო ვალდებულებები, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, კრედიტები, დარიცხული საპორცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და საურავი, სასამართლო/არბიტრაჟის პროცესთან დაკავშირებული ხარჯები“.
შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა როგორც ძირითადი თანხის, ასევე სარგებლისა და პირგასამტხელოს ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით.
რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლს, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია შუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რომელიც უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოს სოლიდარულად დაეკისროთ შემცირებული პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით.
ყოვლივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ სარჩელი მოპასუხეების ა-–---------- ო-----ის და მ--–---- კ--–--ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს სრულად ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში კი - ნაწილობრივ.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ 2019 წლის 22 იანვარს გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 55,04 ლარის ოდენობით.
ა-–---------- ო-----ესა და მ--–---- კ--–--ეზე სოლიდარულად დასაკისრებელი თანხიდან - 3 154,20 ლარიდან მოპასუხემ ძირითადი თანხის - 2 142,92 ლარის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა სცნო, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 2 142,92 ლარის 3% - 32,14 ლარი.
იმის გამო, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ 811,28 ლარი და 200 ლარი, სულ 1011,28 ლარი, ხოლო ჯარიმის ნაწილში 515 ლარზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟის სახით ა-–---------- ო-----ეს და მ--–---- კ--–--ეს უნდა დაეკისროთ, პროპორციულად, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 15 ლარი, ხოლო დარჩენილი 7,90 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიება:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს „ლ-------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა ა-–---------- ო-----ის და მ--–---- კ--–--ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხეებს ა-–---------- ო-----ეს (პირ. N 2----------) და მ--–---- კ--–--ეს (პირ. N 2----------) მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ (ს/კ N 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 11 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება - ძირითადი თანხა - 2 142 (ორიათას ასორმოცდაორი) ლარი და 92 თეთრი, პროცენტი - 811 (რვაას თერთმეტი) ლარი და 28 თეთრი, ასევე შემცირებული ჯარიმა (პირგასამტეხლო) – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სულ 3 154 (სამიათას ასორმოცდათოთხმეტი) ლარი და 20 თეთრი.
1.2. სს ,,ლ-------------ის" სარჩელი ა-–---------- ო-----ესა და მ--–---- კ--–--ეზე პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი 715 (შვიდასთხუთმეტი) ლარიდან 515 (ხუთასთხუთმეტი) ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე სს „ლ-------------ს“ 2019 წლის 22 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 55 (ორმოცდათხუთმეტი) ლარიდან და 04 თეთრიდან (საგადახდო დავალება N 5151775900) დაუბრუნდეს 32 (ოცდათორმეტი) ლარი და 14 თეთრი.
3. მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ მიერ 2019 წლის 22 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 55 (ორმოცდათხუთმეტი) ლარიდან და 04 თეთრიდან (საგადახდო დავალება N 5151775900) 7 (შვიდი) ლარი და 90 თეთრი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
4. მოპასუხეებს ა-–---------- ო-----ეს და მ--–---- კ--–--ეს მოსარჩელე სს „ლ-------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 15 (თხუთმეტი) ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატაში (მის: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით კასპის მაგისტრატი სასამართლოს (მის: კასპი, გიორგი სააკაძის ქ. N 124) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: დავით პაპუაშვილი