გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/27073-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვერა დობორჯგინიძე
სხდომის მდივანი გვანცა ტურაშვილი
მოსარჩელე: ო-–----------–---–ი, პ/ნ 0----------
წარმომადგენელი: გ----------------–---–ი
მოპასუხე: ე------------------ა, პ/ნ 1----------
წარმომადგენელი: თ------------–---–ი
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ე------------------ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დ----------------------------–---------------- საკადასტრო კოდი N-----------------------, და აღნიშნული უძრავი ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში (მოპასუხის ნივთებისგან განთავისუფლებული) გადაეცეს ბინის მესაკუთრეს, ო-–----------–---–ს.
1.2. ე------------------ას ო-–----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ბინის ქირის გადახდა 7 900 ლარის ოდენობით 2--- წლის ივნისიდან 2--- წლის 17 აგვისტომდე პერიოდისთვის და კომუნალური და სატელეკომუნიკაციო ხარჯის ანაზღაურება 682 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ უკანონო მფლობელობიდან ბინის გამოთხოვის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე იშუამდგომლა.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეებს შორის 2--- წლის 16 იანვარს გაფორმდა ქირავნობის ხელშეკრულება და მოპასუხე გარკვეული დროის განმავლობაში, ქირის თანხას, 300 ლარს, ყოველთვიურად იხდიდა. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს რამდენიმე თვის დავალიება ერიცხებოდა, მოსარჩელემ მასთან 2--- წლის 1 იანვარს ქირავნობის ხელშეკრულება გააგრძელა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ქირის თანხა მოპასუხეს, როგორც სოციალურად დაუცველს, გ------------ ერიცხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქირის თანხას მოპასუხე გ------------ რეგულარულად ღებულობდა, მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება არ დაფარა და არც ბინა დაცალა. ამასთან, მოსარჩელეს კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯიც წარმოეშვა, მათ შორის, ე.წ. „-------–------ის“ მოწყობილობების, რომლებშიც მოსარჩელემ ჯამში 150 ლარი გადაიხადა, რის გამოც, მოსარჩელე იძულებული იყო, მოემართა სასამართლოსთვის.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელემ განმარტა, რომ ის ბინის ქირას იხდიდა, თუმცა არა აქვს ქირის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. თანხის დაკისრების მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოპასუხემ განმარტა, რომ მასთან არის მოსარჩელის კუთვნილი ორი სატელევიზიო მოწყობილობა, რომელთა ღირებულებაც მოსარჩელის განმარტებით 25 და 125 ლარია, თუმცა, რაიმე სახის კომუნალური გადასახადი მოპასუხეს არ წარმოშობია, რადგან მოსარჩელემ მას დიდი ხანია შეუწყვიტა კომუნალური მომსახურების მიღების შესაძლებლობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ბინა, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ყ-------------------------–----------------, საკადასტრო კოდი N-----------------------, რეგისტრირებულია ო-–----------–---–ის საკუთრებად (ს.ფ. 37-38).
3.1.2. 2--- წლის 16 იანვრის ქირავნობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ე------------------ას ქირავნობის უფლებით სარგებლობაში გადაეცა ო-–----------–---–ის კუთვნილი ბინა საკადასტრო კოდით N-----------------------. ხელშეკრულება გაფორმდა ერთი წლის ვადით, ყოველთვიურად ქირის სახით 300 ლარის გადახდის პირობით. 2--- წლის 1 იანვარს, მხარეთა შორის გაფორმდა ახალი ქირავნობის ხელშეკრულება იგივე პირობებით, ერთი წლის ვადით (ს.ფ. 24-36).
3.1.3. მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ე----------------- ცხოვრობს სადავო ბინაში, რაც მოსარჩელის ნებას ეწინააღმდეგება.
3.1.4. მ---–------- რაიონის გამგეობის წერილებით დადგენილია, რომ ე------------------ 2----2--- წლებში ბინის ქირის საკომპენსაციოდ მ---–------- რაიონის გ------------ მიღებული აქვს 7 200 ლარი, თვეში 300 ლარის ოდენობით ქირის დაფარვის მიზნით. 2--- წლის იანვრის თვიდან, ე------------------ას განცხადების საფუძველზე, ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა ახალ გამქირავებელთან, ახალ მისამართზე (ს.ფ. 14-15).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმეზე დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის ქირა 2--- წლის ივნისის თვიდან არ გადაუხდია.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასების სტანდარტი, რაც ფორმულირებულია დასახელებული კოდექსის 105-ე მუხლში. აღნიშნულის მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებები გამოკვლეულ უნდა იქნეს სრული და ობიექტური განხილვის გონივრული განსჯის შედეგად, რა დროსაც სასამართლოს მათი ერთობლიობაში შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად უყალიბდება შინაგანი რწმენა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულების (ამ შემთხვევაში - ქირის გადახდის) შესრულების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ევალებოდა. მოპასუხე არ შედავებია ქირის სახით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობას და განმარტა, რომ ამ ოდენობით დავალიანება მოპასუხეს გასტუმრებული აქვს. ამასთან, მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც ქირის თანხის გადახდის თაობაზე მოპასუხის მიერ მითითებულ სადავო ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის ქირა არ გადაუხდია 2--- წლის ივნისის თვიდან.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოსარჩელე სადავო ბინის მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინას ფლობის უფლების გარეშე ფლობს, სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს ბინით სარგებლობისთვის ქირის დაკისრების ნაწილში, ხოლო კომუნალური და სატელეკომუნიკაციო ხარჯის ანაზღაურების ნაწილში, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის (მფლობელთა) ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი, გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ამდენად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე აღძრული სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო ბინის მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხე ამ ბინაში ცხოვრობს მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულება შეწყვეტილია. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებაში. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ო-–----------–---–ის სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს - მოპასუხე ე------------------ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ უნდა იქნეს სადავო ბინა და ის თავისუფალ მდგომარეობაში უნდა გადაეცეს მოსარჩელე ო-–----------–---–ს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 553-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 567-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ო-–----------–---–სა და ე------------------ას შორის არსებობდა ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც დასრულდა 2--- წელის დეკემბერში, ქირავნობის ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძველზე. ამასთან, საქმეზე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის ქირა არ გადაუხდია 2--- წლის ივნისის თვიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე ქირის სახით 7900 ლარის გადახდის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
კომუნალური და სატელეკომუნიკაციო ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს გარემოებაზე, რომ მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის მიერ სადავო თანხის გაღებისა და ამ თანხის მოპასუხეზე დაკისრების საფუძვლიანობას დაადასტურებდა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, მოპასუხემ სადავოდ არ გახადა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის მფლობელობაშია მოსარჩელის კუთვნილი I- ტელევიზიის ორი მოწყობილობა, რომელთა ღირებულებაც, მოსარჩელის განმარტების თანახმად, ჯამში 150 ლარია, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გადახდის ქვითრით (ს.ფ. 23). საქმის განხილვისას, მოპასუხემ გამოთქვა მზადყოფნა, სხდომაზე წარმოედგინა და გადაეცა მოსარჩელისთვის მისი კუთვნილი სადავო მოწყობილობები, რისი შესაძლებლობაც მოპასუხეს საქმის განხილვის გადადებით მიეცა, თუმცა, სადავო მოწყობილობები მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა კომუნალური და ტელესაკომუნიკაციო ხარჯის მოპასუხეზე დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს 150 ლარის ფარგლებში, დანარჩენ ნაწილში ამ მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის გამო.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა მოპასუხის მძიმე სოციალური მდგომარეობა, მოპასუხის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები და გარემოება, რომ მოპასუხეს სხვა საცხოვრებელი არა აქვს და მიიჩნია, რომ მოსარჩლის შუამდგომლობა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, რათა მოპასუხეს ალტერნატიული საცხოვრებლის მოძიების შესაძლებლობა მიეცეს.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 8582 ლარით (7900+682) და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შეადგენს 8582 ლარის 3%-ს, 257 ლარსა და 46 თეთრს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი ჯამში 377 ლარისა და 46 თეთრის ოდენობით (ს.ფ. 45, 46). მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილია იურიდიული მომსახურებისათვის 1000 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ. 39).
ვინაიდან თანხის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა მოთხოვნის 94% (150+7900=8050; 8050:8582x100=94%), მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 242 ლარისა და 10 თეთრის ოდენობით. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 15 ლარი და 36 თეთრი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მოსარჩელეს ეთქვა უარი, ხოლო 120 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს უკან, როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 343 ლარისა და 28 თეთრის ოდენობით (8582 ლარის 4%).
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 41-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 2591-ე, 268-ე-270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ო-–----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ე------------------ას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, დ----------------------------–---------------- საკადასტრო კოდი N-----------------------, და აღნიშნული უძრავი ნივთი თავისუფალ მდგომარეობაში (მოპასუხის ნივთებისგან განთავისუფლებული) გადაეცეს ბინის მესაკუთრეს, ო-–----------–---–ს.
3. ე------------------ას ო-–----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ბინის ქირის ანაზღაურება 7 900 ( შვიდი ათას ცხრაასი) ლარის ოდენობით.
4. ე------------------ას ო-–----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სატელევიზიო მოწყობილობების ღირებულების ანაზღაურება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. ე------------------ას ო-–----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 242.10 ლარის (ორას ორმოცდაორი ლარი და ათი თეთრი) ოდენობით.
6. ო-–----------–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 15.36 ლარი (თხუთმეტი ლარი და ოცდათექვსმეტი თეთრი) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი.
7. მოსარჩელე ო-–----------–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 2--- წლის 1-------------- გადახდილი 120 (ას ოცი) ლარი, რომელიც გადახდილია სს „თიბისი ბანკის“ მეშვეობით, შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150, საგადასახადო დავალება N----------.
8. ე------------------ას ო-–----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 343.28 ლარის (სამას ორმოცდასამი ლარი და ოცდარვა თეთრი) ოდენობით.
9. მოსარჩელის შუამდგომლობა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
10. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ვერა დობორჯგინიძე