გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/35459-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
5 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე სს “თ-----------”
წარმომადგენელი თეონა კვინიკაძე
მოპასუხეები შპს „პ-----------–--------ი“, დ----- გ---–---ი
წარმომადგენელი ლევან გუგუშვილი
დავის საგანი ხელშეკრულებიდან გასვლა, თანხის დაკისრება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ხელშეკრულებიდან გასვლის გზით, აღდგეს პირვანდელი მდგომარეობა და მოპასუხეებს შპს „პ-----------–--------ს“ და დ----- გ---–---ს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ავანსის სახით გადახდილი 10 000 ლარი ასევე პირგასამტეხლო 400 აშშ დოლარი.
სარჩელის მიხედვით, 2018 წლის 24 აპრილს მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობისა და თანმდევი მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა 110 ერთეული სიგნალიზაციის მოწყობილობის მყიდველისათვის გადაცემა, მისი მონტაჟი და შემდგომი მომსახურება. თითოეული მოწყობილობის ღირებულება მონტაჟის ჩათვლით შეადგენდა 94 აშშ დოლარს, ხოლო მთლიანად 110 ერთეული სიგნალიზაციის 10 340 აშშ დოლარს. მხარეები შეთანხმდნენ გადახდის პირობებზე და განსაზღვრეს, რომ ხელშეკრულების ღირებულებიდან 10 000 ლარს მოსარჩელე ავანსის სახით გადაურიცხავდა მოპასუხეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან და ინვოისის წარდგენიდან 10 საბანკო დღეში, ხოლო დანარჩენი თანხის გადახდა მოხდებოდა ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოს მიხედვით. დადგინდა, რომ ავანსის გადახდიდან 60 კალენდარული დღის ვადაში მოხდებოდა საქონლის სრული მიწოდება, ხოლო მონტაჟი უნდა განხორციელებულიყო საქონლის სრულად მიწოდებიდან 30 კალენდარულ დღეში.
მოსარჩელემ ავანსირების ვალდებულება შესრულდა დროულად და მოპასუხეს ანგარიშზე ჩარიცხა 10 000 ლარი. მოპასუხემ დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა და არ მოახდინა სიგნალიზაციის მოწყობილობის დამონტაჟება, მოპასუხემ 110-ის ნაცვლად მხოლოდ 10 ერთეული მოწყობილობა გადასცა მოსარჩელეს.
კომპანიის დირექტორმა ავანსის სახით აღებული თანხის გახარჯვა არ განახორციელა ბანკის წინაშე არსებული კომპანიის ვალდებულების შესრულების მიზნით, რაც დასტურდება ამონაწერით კომპანიის ანგარიშიდან და საგადახდო დავალებით. მიუხედავად იმისა, რომ დირექტორისთვის ცნობილი იყო ვალდებულების დარღვევის თაობაზე, მან არ მიმართა ყველა ზომას რომ ავანსად ჩარიცხული თანხა მოპასუხე კომპანიის ვალდებულების შესრულებას მოხმარებოდა. ბანკმა დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, მიმართა წერილობით ორივე მოპასუხეს და განსაზღვრა ავანსის სახით ჩარიცხული 10 000 ლარის დაბრუნების ვადა, თუმცა უშედეგოდ.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „პ-----------–--------მა“ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ჩამოყალიბებულ ახსნა-განმარტებაში სასარჩელო მოთხოვნა ცნო სრულად.
2.2. მოპასუხე დ----- გ---–---მა სარჩელი არ ცნო.
(სხდომის ოქმი 5.03.2019წელი, 14:27:09)
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 24 აპრილს შპს „პ-----------–--------ს“ (გამყიდველი) და სს თიბისი ბანკს (მყიდველი) შორის გაფორმდა ნასყიდობის და მისი თანმდევი მომსახურების ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად გამყიდველი ვალდებულია მყიდველს მიაწოდოს და დაამონტაჟოს 110 ერთეული სიგნალიზაციის მოწყობილობა. თითოეულის ღირებულება შეადგენს 94 აშშ დოლარს, ხოლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 10 340 აშშ დოლარით.
3.1.2. ხელშეკრულების დანართი #1-ის მე-5 პუნქტში მხარეები შეთანხმდნენ გადახდის პირობებზე, კერძოდ ხელშეკრულების ღირებულებიდან 10 000 ლარი, ავანსის სახით გადაირიცხება ხელშეკრულების ხელმოწერიდან 10 საბანკო დღეში.
სახელშეკრულებო ღირებულების 20%-ის გადახდა მოხდება შესრულებული სამონტაჟო სამუშაოების შესაბამისად მხარეთა შორის გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 საბანკო დღის განმავლობაში, გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის ჯამური ღირებულების შესაბამისად.
დარჩენილი თანხის გადახდა მოხდება სამუშაოების დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 საბანკო დღის განმავლობაში, გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის ჯამური ღირებულების შესაბამისად.
3.1.3. მონტაჟისა და მოწყობილობების მიწოდების ვადა განისაზღვრა დანართი #1-ის მე-5 პუნქტით და დადგინდა, რომ ავანსირებიდან 60 კალენდარულ დღეში მოხდება საქონლის სრული მიწოდება. სრული მონტაჟი განხორციელდება საქონლის მიწოდებიდან 30 კალენდარულ დღეში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის და მისი თანმდევი მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ 21-25)
- ხელშეკრულების დანართი #1 (ს.ფ 26)
3.1.4. 2018 წლის 27 აპრილს მოსარჩელემ ავანსის სახით - 10 000 ლარი ჩაურიცხა შპს „პ-----------–--------ს“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგადახდო დავალება (ს.ფ 27)
3.1.5. უდავო გარემობაა, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით შეთანხმებული სიგნალიზაციის მოწყობილობების გადაცემა-მონტაჟი, ხოლო 110 ერთეული სიგნალიზაციის მოწყობილობის ნაცვლად მოსარჩელეს გადასცა მხოლოდ 10 ერთეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს „თ-----------ს“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე, 464-ე მუხლებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
მოპასუხე შპს „პ-----------–--------მა“ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ჩამოყალიბებულ ახსნა-განმარტებაში მის მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ცნო სრულად, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამავე მოპასუხეთა მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ კომპანიასთან ერთად ფულადი ვალდებულების შესრულება იურიდიული პირის დირექტორსაც უნდა დაეკისროს, ვინაიდან დ----- გ---–---ისთვის ცნობილი იყო ვალდებულების დარღვევის თაობაზე და მან არ მიმართა ყველა ზომას, რათა ავანსად ჩარიცხული თანხა კომპანიის ვალდებულების შესრულებას მოხმარებოდა.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს: არსებობს თუ არა დირექტორის მიმართ სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და მისი ქმედება შეესაბამება თუ არა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის მოქმედების სტანდარტს.
დირექტორის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, საგულისხმოდ იქნა მიჩნეული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი, რომელიც ზრუნვის მოვალეობას მოითხოვს დირექტორისაგან, რაც გულისხმობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა, „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის (დირექტორი) მოვალეობები სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ა) გულმოდგინება, ბ) ერთგულება და გ) კეთილსინდისიერება. გულმოდგინების მოვალეობა გულისხმობს, დირექტორის მიერ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელსაც მიიღებდა ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე პირი.
ერთგულების მოვალეობა მოიცავს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას.
კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი.
დირექტორს გონივრულად უნდა სწამდეს, რომ მოქმედებს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ფიდუციური მოვალეობის საფუძველი, კეთილსინდისიერების ზოგადი სტანდარტია.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, დ----- გ---–---ს, როგორც შპს „პ-----------–--------ის“ დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები შპს „პ-----------–--------ის“ წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალოებას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად.
კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“).
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის, როგორც დირექტორის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების თვალსაზრისით, მოსარჩელემ მიუთითა, რომ კომპანიის დირექტორმა ავანსის სახით აღებული თანხის გახარჯვა არ განახორციელა ბანკის წინაშე არსებული კომპანიის ვალდებულების შესრულების მიზნით, რაც დასტურდება ამონაწერით კომპანიის ანგარიშიდან და საგადახდო დავალებით.
საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია შპს „პ-----------–--------ის“ საბანკო ამონაწერი, რომელიც ნათლად ასახავს ხელშეკრულების დადების შემდგომ პერიოდს 2018 წლის აპრილის თვიდან ამავე წლის ივლისის თვის ჩათვლით.
მასში გადმოცემული თითოეული საბანკო ოპერაცია ადასტურებს, რომ დ----- გ---–---ი საბანკო ტრანზაქციებს ახორციელებდა ნასყიდობის და მისი თანმდევი მომსახურების ხელშეკრულების შესრულების მიზნით, კერძოდ სიგნალიზაციის მოწყობილობების შესაძენად.
წერილობითი მტკიცებულების არსებობის პირობებში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მხოლოდ ზეპირსიტყვიერ ახსნა განმარტებას და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ----- გ---–---ი კეთილსინდისიერად მოქმედებდა კომპანიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად უნდა დავასკვნათ, რომ სასარჩელო განცხადებაში მოპასუხედ დასახელებული დ----- გ---–---ის მიმართ ნასყიდობის და მისი თანმდევი მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის სოლიდარულად დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება და სასარჩელო მოთხოვნა ამავე მოპასუხის მიმართ არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე შპს „პ-----------–--------მა“ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი - 166.04 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხე შპს „პ-----------–--------ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 166.04 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „თ-----------“-ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე შპს „პ-----------–--------ს“ სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 10 000 ლარის და პირგასამტეხლოს 400 აშშ დოლარის გადახდა.
2. სს თ-----------ს სარჩელი მოპასუხე დ----- გ---–---ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხე შპს „პ-----------–--------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სს ”თ-----------ს” მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 166.04 ლარი.
4. სს „თიბისი ბანკს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 06/12/2018 წელს #13 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 166.04 ლარი.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე