გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№030210018002547460
№2/849-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 მარტი 2019 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
მოსარჩელე თ--------–-–--ა
წარმომადგენელი ე----–------ია
მოპასუხე შპს "ა--------------“
წარმომადგენელი გ----------------–---–ი
დავის საგანი სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის
ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ბათილად იქნას ცნობილი: 2015 წლის 19 ოქტომბრის, 2016 წლის 8 თებერვლის, 2018 წლის 08 იანვრის წერილები (მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ), ასევე ცნობა საშტატო ერთეულის რეორგანიზაციის შესახებ, შპს „ა--------------ს“ დაცვის სამსახურის რესტრუქტურიზაციის გეგმა და გათავისუფლების ბრძანება.
1.2.აღდგენილ იქნას თ--------–-–--ა შპს „ა--------------ს“ დაცვის სამსახურის თანამშრომლის თანამდებობაზე.
1.3. შპს „ა--------------ს“ თ--------–-–--ას სასარგებლოდ დაეკისროს განაცდურის 17 500 ლარის (დასაბეგრი) 28 თვის ხელფასი.
1.4.სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
2008 წლის მარტის თვეში მოსარჩელემ მუშაობა დაიწყო შპს „ა--------------ს“ ხ-----–-- უსაფრთხოების დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე, ხოლო 2012 წლის 1 აგვისტოს მასსა და შპს „ა--------------ს“ შორის გაფორმდა უვადო შრომითი ხელშეკრულება. დასაბეგრი ხელფასი განისაზღვრა 625 ლარით. ის მასზე დაკისრებულ ფუნქციას კეთილსინდისიერად ასრულებდა, მას ხელმძღვანელობისგან შენიშვნა ან დისციპლინური სახდელი არ მიუღია. მისი ფუნქციები გაწერილი იყო სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებში, მას 2015 წლის ოქტომბრის თვეში ეცნობა, რომ სტრუქტურული ცვლილებების გამო ა---–--------–-- ზონაში არ იქნა გათვალისწინებული დაცვის სამსახურის თანამშრომლის თანამდებობა. ამავე დროს გადაუხადეს ერთვის თვის სარგო.
მიუხედავად მრავალგზის მცდელობისა მიეღო წერილობითი დასაბუთება, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების შესახებ, მას შეტყობინება მოსარჩელისგან არ მიუღია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.
მოპასუხის მტკიცებით მოთხოვნა უსაფუძვლო და ხანდაზმულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.2012 წლის 01 აგვისტოს მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით, დამქირავებელი არის შპს „ა--------------“, დაქირავებული თ--------–-–--ა. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია 2012 წლის 1 აგვისტოდან, განუსაზღვრელი ვადით. დაქირავებული ანგარიშვალდებულია დაცვის განყოფილების უფროსის წინაშე, რომელიც ასევე ზედამხედველობას უწევს თანამშრომელს. დაქირავებულის დასაბეგრი ხელფასი შეადგენს 625 ლარს თვეში. წინა თვის ანაზღაურების გადახდა მოხდება ყოველთვიურად, წინა თვის სამუშაო ანგარიშის წარდგენისას. დაქირავებულის სამუშაო ადგილი და დრო განსაზღვრული იქნება დამქირავებლის მიერ. დამქირავებელი იღებს ვალდებულებას დააზღვიოს თანამშრომელი ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევით.
3.2.კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმების თანახმად, თ--------–-–--ა კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მიზნით თანხმობას აცხადებს შემდეგზე: ა) მისი შპს „---------------–-“ მუშაობის და მის შემდგომ პერიოდში არ გამოიყენებს პირდაპირ ან არაპირდაპირ ნებისმიერ კონფიდენციალური ინფორმაციის კოპირებას და არ მიაწოდებს მას ნებისმიერ პირს შპს „ა--------------ს“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, აგრეთვე ის აცხადებს თანხმობას შპს „ა--------------ს“ მოთხოვნისთანავე და მისი სამუშაოს დასრულებისთანავე დროულად დააბრუნოს შპს „ა--------------ს“ ქონება კონფიდენციალური ინფორმაციის ყველა ასლის ჩათვლით; ბ) შპს „---------------–-“ მუშაობის მანძილზე „ა--------------ს“ ცალსახა ნებართვის გარეშე არ ჩაერთვება და არ დაინტერესდება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ (როგორც ინდივიდი, პარტნიორი, მეწილე, დირექტორი, თანამდებობის პირი, აგენტი, თანამშრომელი, რწმუნებული, გამსესხებელი, ან ნებისმიერი სხვა სახით) ნებისმიერი საქმიანობით, რომელიც კონკურირებს „ა--------------სთან“; გ) მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, აცნობიერებს, რომ „ა--------------ს“ მიადგება შეუქცევადი ზიანი, რომ კანონით „ა--------------სთვის“ გათვალისწინებული ანაზღაურება იქნება არაადეკვატური და რომ „ა--------------“ უფლებამოსილი იქნება გამოიყენოს სამართლებრივი დაცვის საშუალება რომელიც ხელს შეუშლის წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევას, გარდა ნებისმიერი გადაუდებელი დროებითი და კანონით გთვალისწინებული ნებისმიერი სხვა სამართლებრივი დაცვის საშუალებისა. წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში „ა--------------“ უფლებამოსილი იქნება ამოიღოს მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების აღსრულებისთვის გაღებული ყველა სახის სასამართლო ხარჯები, მათ შორის წარმომადგენლის მომსახურების ხარჯები.
3.3.მომსახურების აღწერის შესაბამისად, ძირითადი ფუნქციები არის: უზრუნველყოს ვიზუალური/ფიზიკური დაცა, სასტუმროს, ოფისის, თხილის პლანტაციების, სარემონტო ფართის, ხანძრის საწინააღმდეგო საშუალებებისა და სამუშაო გარემოს შემოწმება, უზრუნველყოს ყველა დაცვის მექანიკური სისტემების ფუნქციონირება, ამოწმებს და აფიქსირებს მათ ქმედითუნარიანობას, ამოწმებს განგაშის სისტემებს, გასაღებების და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შესაბამის თანამშრომლებზე განაწილებას, უზრუნველყოფს შენობებსა და პლანტაციებზე მომსვლელთა დაშვებას, პასუხობს ოფისის დაცვის ტელეფონზე, საგანგაშო პროცედურების ცოდნა და უზრუნველყოფა, უზრუნველყოფს ოფისის, საწყობის, ბაზისა და პლანტაციების შესასვლელის დაცვას, ცვლაში მომხდარი შემთხვევების აღრიცხვა/რეგისტრაციას. თანამდებობრივი მოთხოვნები: 21 წელს გადაცილებული, უნდა შეეძლოს მცოცავი გრაფიკით მუშაობა და ორგანიზაციაში მიღებული პროცედურების შესრულება, კოლეგიალური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები, საშუალო სკოლის განათლების დიპლომი, მიზანშეწონილია გამოცდილება დაცვის სამსახურში, მაგრამ არა აუცილებელი.
3.4.შპს „ა--------------ს“ უსაფრთხოების დაცვის სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობების მიხედვით, შპს „ა--------------ს“ შიდა უსაფრთხოების დაცვის ობიექტები დაყოფილია 5 საგუშაგოდ. საგუშაგო N1 - დაცვის თანამშრომლები ვალდებული არიან 09 საათზე გადაიბარონ ოფისში განლაგებული მატერიალური ფასეულობები და ტექნიკა, აღნიშნული ყოველდღიურად აისახოს ჩანაწერის სახით მიღება-ჩაბარების ჟურნალში, რაიმე სახის დარღვევების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დაცვის ხელმძღვანელს. საგუშაგო N2 - დაცვის თანამშრომელი ვალდებულია წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე. ჩაიბარონ მანქანა-ტრაქტორთა პარკის ტერიტორიაზე ნუსხის მიხედვით არსებული ტექნიკა, ასევე საწვავი და სხვა სახის ღირებულებანი. აწარმოოს მთელი ღამის განმავლობაში შემოვლები მათი დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტების ტერიტორიაზე და ქონების ხელყოფის რაიმე კვალის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ დაცვის ხელმძღვანელობას. დაცვის თანამშრომლებს უფლება აქვთ მონაცვლეობით ყოველი 2 საათის გასვლის შემდეგ დაისვენონ სამუშაო ოთახში. კატეგორიულად ეკრძალებათ განაწესში მყოფი ორო დაცვის თანამშრომლის ერთად სამუშაო ოთახში ყოფნა. საგუშაგო N3 – „ე“ სექტორში სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე დაცვის თანამშრომლები 2 კაცის შემადგენლობით 24 საათიან რეჟიმში სამოქმედო ტერიტორიაზე აწარმოებენ შემოვლებს. მონაცვლეობით 2 საათის ინტერვალით ისვენებენ პირად მფლობელობაში მყოფ ავტომანქანაში. მორიგეობის ჩაბარების შემდეგ ახსენებენ ხელმძღვანელობას გაწეული მუშაობის და აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ, საგუშაგო N4 - შემოვლის ჯგუფი 18 საათიდან დაცვის ორი თანამშრომლის შემადგენლობით აწარმოებენ შემოვლებს პლანტაციების მთელს პერიმეტრზე, იცავენ ასევე სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებულ ტექნიკას. ქონების ხელყოფის რაიმე კვალის აღმოჩენის შემთხვევაში იცავენ შემთხვევის ადგილს და დაუყოვნებლივ უკავშირდებიან დაცვის ხელმძღვანელობას. 09 საათზე ახსენებენ ხელმძღვანელობას გაწეული მუშაობისა და აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ. საგუშაგო N5 - ანალოგიური უფლება-მოვალეობებით სარგებლობს საგუშაგო N5, განლაგებული ხ----- რაიონის სოფელ ხ-----–-- ტერიტორიაზე, აღნიშნულის შესრულებაზე კონტროლი და პასუხისმგებლობა ეკისრება სოფ. ხ----- „ა--------------ს“ დაცვის თანამშრომელს თ--------–-–--ას, ხოლო მისი ადგილზე არ ყოფნის დროს ვ--------------იას. საერთო კონტროლი ჯგუფების მუშაობაზე ეკისრება „ა--------------ს“ უსაფრთხოების დაცვის უფროსის თანაშემწეს ვ-------------იას.
3.5.“ა--------------ს“ გენერალური საქმეთა დეპარტამენტის მენეჯერის და კ-------- ჰ---- კოორდინატორის მ--------------ას 2018 წლის 08 იანვრის წერილის თანახმად, თ--------–-–--ა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია ორგანიზაციაში მომხდარი სტრუქტურული ცვლილებების გამო.
3.6.შპს „ა--------------ს“ ადამიანური რესურსების ოფიცრის რ. დ-------–იას 2015 წლის 19 ოქტომბრის წერილის შესაბამისად, შპს „---------------–-“ მომხდარი სტრუქტურული ცვლილებების გამო დაცვის სამსახურის თანამშრომლის თანამდებობა ა---–--------–-- ზონაში არ იქნა გათვალისწინებული შპს „ა--------------ს“ 2015 წლის 20 ნოემბრის ახალ სტრუქტურულ სქემაში, აღნიშნული სტრუქტურული ცვლილებების პირობებია: 1. კომპანია იღებს ვალდებულებას გადაიხადოს ერთი თვის ხელფასის ოდენობის საკომპენსაციო და 24 დღის გამოუყენებელი შვებულების თანხა, 2. თ--------–-–--ა ვალდებულია სრულად შეასრულოს შიდა განაწესით გათვალისწინებული პროცედურები და დააბრუნოს მის სახელზე აღრიცხული „ა--------------ს“ კუთვნილი ინვენტარი, 3. 2015 წლის 20 ნოემბერი არის თ--------–-–--ასა და კომპანია „ა--------------ს“ შორის კონტრაქტის შეწყვეტის ფაქტიური თარიღი.
3.7.ა--------------ს" გენერალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მ--------------ას 2015 წლის 01 ოქტომბრის დაცვის სამსახურის რესტრუქტურიზაციის გეგმა ჩამოყალიბდა შემდეგი სახით, ხელმძღვანელი: დაცვის სამსახურის საოპერაციო ოფიცერი მონაცემების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი: დაცვის ადმინისტრაციის ოფიცერი, ბაზებზე პასუხისმგებელი პირები: 1. ჭ----–------ დაცვის სამსახურის პასუხისმგებელი პირი, 2. ა---–--------–-- დაცვის სამსახურის პასუხისმგებელი პირი, 3. გ-------- დაცვის სამსახურის პასუხისმგებელი პირი, 4. ვ------------ დაცვის სამსახურის პასუხისმგებელი პირი, 5. წ--–-------- დაცვის სამსახურის პასუხისმგებელი პირი. ჭ----–------ ბაზის რიგითი ოფიცრების რაოდენობა განისაზღვრა 13 დაცვის ოფიცრით, ა---–--------–-- ბაზის ოფიცრების რაოდენობა განისაზღვრა 9 დაცვის ოფიცრით, გ-------- ბაზის ოფიცრების რაოდენობა განისაზღვრა 6 დაცვის ოფიცრით, წ--–-------- ბაზის ოფიცრების რაოდენობა განისაზღვრა 6 დაცვის ოფიცრით, ვ------------ ბაზის ოფიცრების რაოდენობა განისაზღვრა 7 დაცვის ოფიცრით.
3.8."ა--------------ს" ადამიანური რესურსების ოფიცრის რ--------- დ-------–იას 2018 წლის 05 დეკემბრის ცნობის მიხედვით, 2015 წელს ა---–--------–-- რეგიონში ირიცხებოდა 13 საშტატო ერთეული, რეორგანიზაციის შემდეგ ირიცხება 10 საშტატო ერთეული.
3.9."ა--------------ს" გენერალური დირექტორის დ-----–---------–-------–აჩას 2015 წლის 19 ოქტომბრის ბრძანების თანახმად, 2015 წლის 20 ნოემბერს, შპს "ა--------------ს" უსაფრთხოების დაცვის განყოფილებაში შეტანილ იქნა საორგანიზაციო ცვლილებები, ორგანიზაციული სქემის გაუმჯობესების მიზნით.
3.10.შპს "ა--------------ს" ადამიანური რესურსების ოფიცრის რ--------- დ-------–იას 2015 წლის 6 ნოემბრის გათავისუფლების ბრძანების საფუძველზე ფორმდება ADZ 06.11.2015/023 ბრძანება გათავისუფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც, კომპანიის დაცვის თანამშრომელი - თ--------–-–--ა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "ო" ქვეპუნქტის "სხვა ობიექტური გარემოება", რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას". ორგანიზაციული ცვლილებების გამო, კერძოდ, დაცვის სამსახურის დეპარტამენტში ორგანიზაციული სქემის გაუმჯობესების მიზნით, 2015 წლის 20 ნოემბრიდან გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან.
3.11.თ--------–-–--ას 2017 წლის 21 დეკემბრის განცხადების მიხედვით, ის 2012 წლის 1 აგვისტოს შრომითი ხელშეკრულების მიხედვით დასაქმებული იყო შპს "ა--------------ს" უსაფრთხოების დაცვის სამსახურის თანამშრომლის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით. 2015 წლის 19 ოქტომბრის წერილის თანახმად, ის გათავისუფლებულია აღნიშნული თანამდებობიდან სტრუქტურული ცვლილებების გამო, მისთვის უცნობია თუ რა სტრუქტურული ცვლილებები მოხდა საწარმოში.
3.12.შპს "ა--------------ს" გენერალურ საქმეთა დეპარტამენტის მენეჯერის და კ-------- ჰ---- კოორდინატორის მ--------------ას 2018 წლის 08 იანვრის წერილის მიხედვით, თ--------–-–--ა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია ორგანიზაციაში მომხდარი სტრუქტურული ცვლილებების გამო. აღნიშნული შეტყობინება მისთვის გადაცემულ იქნა 2015 წლის 19 ოქტომბერს და მისი მოთხოვნის საფუძველზე ასევე გადაეცა 2016 წლის 8 თებერვალს.
3.13.2015 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმის მიხედვით, თ--------–-–--ასა და შპს "ა--------------ს" შორის ხელშეკრულება შეწყვეტილია "ა--------------ს" ინიციატივით სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძველზე. ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის თარიღი არის 2015 წლის 20 ნოემბერი (მოცემული ფორმის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში). სამუშაო საათების ანაზღაურება: 24 საათი, ხელშეკრულების შეწყვეტის კომპენსაცია: ერთი თვის ხელფასი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
თ--------–-–--ას სარჩელი შპს „ა--------------ს“ მიმართ 2015 წლის 19 ოქტომბრის, 2016 წლის 8 თებერვლის, 2018 წლის 08 იანვრის წერილების (მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ), ასევე ცნობის საშტატო ერთეულის რეორგანიზაციის შესახებ, შპს „ა--------------ს“ დაცვის სამსახურის რესტრუქტურიზაციის გეგმის, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, თ--------–-–--ას შპს „ა--------------ს“ დაცვის სამსახურის თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენის, განაცდურის 17 500 ლარის (დასაბეგრი) 28 თვის ხელფასის შპს „ა--------------სთვის" დაკისრებისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს შრომის კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
"დასაქმების შეწყვეტის შესახებ" შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) N158 კონვენციის მე-4 მუხლის მიხედვით, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობის პირობებში, რაც დაკავშირებულია დასაქმებულის შესაძლებლობებთან, ქცევის წესთან ან საწარმოს ოპერაციულ საჭიროებასთან.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128–ე მუხლების პირველი ნაწილით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
იმავე კოდექსის 129–ე მუხლის მე–3 ნაწილით ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.
2013 წლის ცვლილებებით შრომის კოდექსმა ახლებურად დაარეგულირა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და პროცედურა. კერძოდ, დადგინდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე წინასწარი შეტყობინების ვალდებულება მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებლად არის მიჩნეული ორგანიზაციული ცვლილებები სამუშაო ძალის შემცირებით.
შრომის კოდექსის 38-ე მუხლი ადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დასაქმებულისათვის შეტყობინების გაგზავნის ვალდებულებას.
ასეთი რეგულირება შეესაბამება ევროპის სოციალური ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის მიხედვითაც აღიარებულია თოთოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება.
შრომით დავასთან დაკავშირებით სასარჩელო ხანდაზმულობის 30 დღიანი ვადის დადგენა, სპეციალურ ნორმად უნდა იქნას მიჩნეული.
საქმეში არსებული 2015 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმის მიხედვით, თ--------–-–--ასა და შპს "ა--------------ს" შორის ხელშეკრულება შეწყვეტილია "ა--------------ს" ინიციატივით სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძველზე. ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნის თარიღი არის 2015 წლის 20 ნოემბერი (მოცემული ფორმის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შეტყობინება სამუშაოდან დათხოვნის შესახებ მოსარჩელემ მიიღო 19.10.2015 წელს.
მოსარჩელემ სარჩელი შპს "ა--------------ს" მიმართ სასამართლოში აღძრა 2018 წლის 29 იანვარს.
სწორედ ასეთ სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას ადგენს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 38–ე მუხლი.
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-? ?????? პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
ამავე კოდექსის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-? ?????? პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
ამავე კოდექსის ნე-4 ნაწილის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე.
ამავე კოდექსის მე-5 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
ამავე კოდექსის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
ამავე კოდექსის მე-7 ნაწილის მიხედვით, თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.
ნიშანდობლივია, რომ ადვილია ორგანიზაციული ცვლილებების დასაბუთება, ვინაიდან ამგვარი ცვლილებები მეტწილად დამსაქმებლის დისკრეციულ უფლებამოსილებას უკავშირდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130–ე მუხლით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მოსარჩელემ უფლების დარღვევის შესახებ შეიტყო 19.10.2015 წელს შესაბამისად სარჩელი აღძრულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144–ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
იმავე კოდექსის 145–ე მუხლით მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც, მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
მოცემულ სარჩელში მთავარი მოთხოვნაა გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, ხოლო დამატებითი – გათავისუფლების უკანონობის გამო დამსაქმებრის ბრალით მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, რომლის მოთხოვნის უფლება ეფუძნება საქართველოს შრომის კოდექსის 32–ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნები ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლით გათვალისწინებული დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები გამოიტანება ისეთ საქმეებზე, რომლებიც პირთა უმნიშვნელოვანეს ინტერესებს შეეხება, ესენია: 1) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; 2) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახდელის დაკისრების შესახებ; 3)მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; 4) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ასევე ყველა სხვა საქმეზე, მხოლოდ მაშინ, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს (იგულისხმება კრედიტორი) მნიშვნელოვაინი ზიანი მიაყენოს, ან თუ თავად გადაწყვეტილების აღსრულება საერთოდ შეუძლებელი აღმოჩნდება.
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეუძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენის გარეშე სასამართლოს არა აქვს იურიდიული საფუძველი მოახდინოს გადაწყვეტილების აღსრულება.
თუ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაწყვეტილების მიქცევის საფუძვლები არ არსებობს, სასამართლოს უფლება აქვს სარჩელის უზრუნველყოფისათვის დადგენილი წესების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
დასაშვებია პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, რომელიც კი კანონიერ ძალაში არ არის შესული, მაგრამ დაუყოვნებლივ აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლისის წესით, თუ სახეზე იქნება კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოებები. პირველყოვლისა, ამისათვის, აუცილებელია მოსარჩელის განცხადება. თავის განცხადებაში მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობა და წარადგინოს განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა გამოც სასამართლო აქტის აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მოსარჩელისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს ან საერთოდ თავად აღსრულება გახდეს შეუძლებელი.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელეს სარჩელზე გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 100 ლარის ოდენობით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესებით უნდა დარჩეს სახ. ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. თ--------–-–--ას სარჩელი შპს „ა--------------ს“ მიმართ 2015 წლის 19 ოქტომბრის, 2016 წლის 8 თებერვლის, 2018 წლის 08 იანვრის წერილების (მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ), ასევე ცნობის საშტატო ერთეულის რეორგანიზაციის შესახებ, შპს „ა--------------ს“ დაცვის სამსახურის რესტრუქტურიზაციის გეგმის, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, თ--------–-–--ას შპს „ა--------------ს“ დაცვის სამსახურის თანამშრომლის თანამდებობაზე აღდგენის, განაცდურის 17 500 ლარის (დასაბეგრი) 28 თვის ხელფასის შპს „ა--------------სთვის" დაკისრებისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.N3) მეშვეობით.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე