გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2115-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04 მარტი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი ბორენა იობიძე
მოსარჩელე - მ--------------–---–-
მოპასუხე - შპს „პ---------------“
წარმომადგენელი - გ---–-------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „პ--------------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს უსაფუძვლოდ მიღებული 150 ლარის და მიყენებული ზიანის 30 ლარის გადახდა, ჯამში 180 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 20 ივნისს პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო დაეკისრა ჯარიმა 10 ლარის ოდენობით. მას აღნიშნული ქვითარი არ ჩაბარებია, რის გამოც ვერ მოახერხა კანონით დადგენილ ვადაში თანხის გადახდა. შემდგომში ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაეკისრა საურავი 150 ლარის ოდენობით. 2018 წლის 09 მარტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროდან მიიღო შეტყობინება. შეტყობინების თანახმად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო სააღსრულებო საქმე შპს პ---------------ს სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე, დაკისრებული ჰქონდა საურავი 150 ლარის ოდენობით. შესაბამისად, აღსრულების საფასურის გათვალისწინებით, უნდა გადაეხადა ჯამში 180 ლარი. ვინაიდან საბანკო დაწესებულებაში აქვს კრედიტი, ამიტომ იძულებული გახდა მითითებული თანხა გადაეხადა. 2018 წლის 27 მარტს საურავის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს პ--------------ში. შპს პ---------------ს დირექტორის 2018 წლის 13 აპრილის N18/5-26 ბრძანების თანახმად, საჩივარი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მის მიმართ 10 ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობისათვის დაკისრებული 150 ლარიანი საურავი. შესაბამისად, შპს პ--------------ს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 180 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს „პ---------------ს“ წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე დაჯარიმდა 2017 წლის 20 ივნისს პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო. შპს „პ---------------ს“ კონტრაქტორმა ფოსტამ შპს „დ--–----------------------“ საჯარიმო ოქმი მიიტანა ადრესატის მისამართზე, ქ. ქუთაისი, ს. გ---------- ქ. 15 N1 ბ. 64. ფოსტის კურიერი აღნიშნულ მისამართზე იმყოფებოდა ორჯერ 2017 წლის 28 და 30 სექტემბერს. შეტყობინების ბარათში საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ აღნიშნა, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარებაზე უარი განაცხადა მასთან მცხოვრებმა ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა განმეორებით. ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის გამო, 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დაერიცხა საურავი 150 ლარის ოდენობით. შემდგომი რეაგირების მიზნით შპს „პ---------------ს“ მიერ საჯარიმო ოქმი გადაიგზავნა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში. მოპასუხის განმარტებით, შპს „პ---------------“ მოქმედებდა კანონის შესაბამისად, რაც გამოიხატა მისი მხრიდან მართლზომიერად საჯარიმო ოქმის ამოწერაში, შემდგომ ფოსტის მეშვეობით ჩაბარებასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაგზავნაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ არ ცნობს სარჩელს. ჯარიმები მიდის პირდაპირ ბიუჯეტში და შპს „პ---------------“ მოკლებულია შესაძლებლობას დააბრუნოს თანხა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 20 ივნისს პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო მ--------------–---–- დაეკისრა ჯარიმა 10 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე მ--------------–---–-- 2018 წლის 09 მარტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროდან მიიღო შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. შეტყობინების თანახმად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო სააღსრულებო საქმე შპს „პ---------------ს“ სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე, დაკისრებული ჰქონდა საურავი 150 ლარის ოდენობით და აღსრულების საფასურის გათვალისწინებით, უნდა გადაეხადა ჯამში 180 ლარი.
3.2.2. მოსარჩელე მ--------------–---–-- 2018 წლის 12 მარტს 180 ლარი გადარიცხა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე 2--------, რადგან საბანკო დაწესებულებებში ჰქონდა კრედიტი და საფრთხე შეექნა მის გადახდას.
3.2.3. 2018 წლის 27 მარტს მოსარჩელე მ--------------–---–-- საურავის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „პ--------------ში“.
3.2.4. შპს „პ---------------ს“ დირექტორის 2018 წლის 13 აპრილის N18/5-26 ბრძანების თანახმად, საჩივარი დაკმაყოფილდა; ბათილად ჩაითვალა მ--------------–---–-ს მიმართ შედგენილი (ოქმის N000111460) სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული 10 ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობისათვის დარიცხული 150 ლარიანი საურავი. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ--------------–---–- უკანონოდ დაეკისრა საურავი ჯარიმის გადაუხდელობისათვის.
3.2.5. საურავის დაკისრების ბათილად ცნობის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოქალაქე მ--------------–---–- არ იყო ინფორმირებული ჯარიმის დაკისრების თაობაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შპს „პ--------------მა“ ვერ უზრუნველყო სახდელის დადების თაობაზე ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით მიეწოდებინა მოქალაქისათვის. ასევე ფაქტობრივად საურავის დაკისრების ბათილად ცნობის საფუძველი გახდა ისიც, რომ შპს „პ---------------ს“ უფლებამოსილმა პირმა სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა მ--------------–---–-სათვის გზავნილის ჩაბარების მიზნით შპს „დ--–---------------------ს“ კურიერის ქმედებებს, არასწორად მიიჩნია გზავნილი ჩაბარებულად, რამაც გამოიწვია საურავის არასწორად დაკისრება. აღნიშნულმა კი თავის მხრივ გამოიწვია სააღსრულებო ხარჯების არამართებულად დაკისრება. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „პ---------------ს“ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებმა ზიანი მიაყენა მოსარჩელე მ--------------–---–-, რაც გამოიხატა მასზე საურავის უკანონოდ დაკისრებაში და სააღსრულებო ხარჯების გაწევაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (იხ. ს.ფ. 18-21);
- სალაროს შემოსავლის ორდერი (იხ. ს.ფ. 23);
- შპს „პ---------------ს“ დირექტორის 2018 წლის 13 აპრილის ბრძანება N18/5-26 (იხ. ს.ფ. 22);
- შეტყობინების ბარათი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ (იხ. ს.ფ. 17);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელმაც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ზიანი შეიძლება წარმოიშვას ერთ-ერთი მხარის ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით. ზიანი შეიძლება წარმოიშვას აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეები ზიანის მიყენებამდე არ იმყოფებოდნენ ვალდებულებით ურთიერთობაში. ,,არასახელშეკრულებო“ ზიანი წარმოიქმნება უშუალოდ სამართალდარღვევიდან (დელიქტი), ამიტომ მას დელიქტურ ვალდებულებას უწოდებენ. ზიანი შეიძლება მიეყენოს პიროვნების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან პირის ქონებას.
ზოგადი წესის მიხედვით, დაზარალებულს ზიანს თავად მიმყენებელი უნაზღაურებს. დელიქტური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრინციპი არის ზიანის სრულად ანაზღაურება. ეს ნიშნავს, რომ დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ყველა ქონებრივი დანაკარგი, როგორც რეალური, ასევე გაშვებული მოგება. მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულს.
პასუხისმგებლობის აუცილებელი პირობაა ზიანის მიმყენებლის ბრალის არსებობა. ბრალი გამოიხატება განზრახვის ან გაუფრთხილებლობის ფორმით. განზრახ ან გაუფრთხილებელი ქმედებით მიყენებული ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას.
პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი.
სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს მისთვის დამახასიათებელი ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისადვე ხდება მტკიცების ტვირთის განაწილება დაზარალებულსა და ზიანის მიმყენებელს შორის: დაზარალებული, მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. ზიანის მიმყენებელმა, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2017 წლის 20 ივნისს პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო მ--------------–---–- დაეკისრა ჯარიმა 10 ლარის ოდენობით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ--------------–---–- უკანონოდ დაეკისრა საურავი ჯარიმის გადაუხდელობისათვის, რადგან დადგენილია, რომ შპს „პ---------------ს“ დირექტორის 2018 წლის 13 აპრილის N18/5-26 ბრძანების თანახმად, საჩივარი დაკმაყოფილდა და ბათილად ჩაითვალა მ--------------–---–-ს მიმართ შედგენილი (ოქმის N000111460) სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული 10 ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობისათვის დარიცხული 150 ლარიანი საურავი.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა ის გარემოება, შპს „პ--------------მა“ მისი მისი ქმედებით მიაყენა თუ არა ზიანი მოსარჩელე მ--------------–---–-.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ--------------–---–-- 2018 წლის 09 მარტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროდან მიიღო შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. შეტყობინების თანახმად, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო სააღსრულებო საქმე შპს „პ---------------ს“ სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე, დაკისრებული ჰქონდა საურავი 150 ლარის ოდენობით და აღსრულების საფასურის გათვალისწინებით, უნდა გადაეხადა ჯამში 180 ლარი.
დადგენილია, რომ მოსარჩელე მ--------------–---–-- 2018 წლის 12 მარტს 180 ლარი გადარიცხა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე 2--------, რადგან საბანკო დაწესებულებებში ჰქონდა კრედიტი და საფრთხე შეექნა მის გადახდას.
2018 წლის 27 მარტს მოსარჩელე მ--------------–---–-- საურავის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „პ--------------ში“. შპს „პ---------------ს“ დირექტორის 2018 წლის 13 აპრილის N18/5-26 ბრძანების თანახმად, საჩივარი დაკმაყოფილდა; ბათილად ჩაითვალა მ--------------–---–-ს მიმართ შედგენილი (ოქმის N000111460) სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული 10 ლარიანი ჯარიმის გადაუხდელობისათვის დარიცხული 150 ლარიანი საურავი.
შპს „პ---------------ს“ დირექტორის 2018 წლის 13 აპრილის N18/5-26 ბრძანების გაანალიზებით ირკვევა, რომ საურავის დაკისრების ბათილად ცნობის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მოქალაქე მ--------------–---–- არ იყო ინფორმირებული ჯარიმის დაკისრების თაობაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ შპს „პ--------------მა“ ვერ უზრუნველყო სახდელის დადების თაობაზე ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით მიეწოდებინა მოქალაქისათვის. ასევე ფაქტობრივად საურავის დაკისრების ბათილად ცნობის საფუძველი გახდა ისიც, რომ შპს „პ---------------ს“ უფლებამოსილმა პირმა სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა მ--------------–---–-სათვის გზავნილის ჩაბარების მიზნით შპს „დ--–---------------------ს“ კურიერის ქმედებებს, არასწორად მიიჩნია გზავნილი ჩაბარებულად, რამაც გამოიწვია საურავის არასწორად დაკისრება. აღნიშნულმა კი თავის მხრივ გამოიწვია სააღსრულებო ხარჯების არამართლზომიერად დაკისრება. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „პ---------------ს“ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებმა ზიანი მიაყენა მოსარჩელე მ--------------–---–-, რაც გამოიხატა მასზე საურავის უკანონოდ დაკისრებაში და სააღსრულებო ხარჯების გაწევაში. რაც შეეხება ბრალს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში უხეში გაუფრთხილებლობა სახეზეა.
შესაბამისად, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას მასზედ, რომ შპს „პ---------------“ მოქმედებდა კანონის შესაბამისად, რაც გამოიხატა მისი მხრიდან მართლზომიერად საჯარიმო ოქმის ამოწერაში, შემდგომ ფოსტის მეშვეობით ჩაბარებასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაგზავნაში, სასამართლო არ იზიარებს, რადგან საურავის დაკისრება ჩაითვალა ბათილად, ვინაიდან არ არსებობდა მისი დაკისრების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკანონო ქმედება განხორციელდა. შესაბამისად, ყოველი მომდევნო ქმედება არამართლზომიერი და ზიანის მომტანი აღმოჩნდა მოსარჩელისათვის.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
6.4. მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს, კერძოდ, მისთვის ქონებრივი ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. თავის მხრივ მოპასუხემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა მოსარჩელის მოთხოვნების უსაფუძვლობა.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხე შპს „პ--------------ს“ მოსარჩელის მ--------------–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება 180 ლარის ოდენობით, საიდანაც 150 ლარი უკანონოდ დაკისრებული საურავია, 30 ლარი - აღსრულების ხარჯები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2-14 N 3014).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა აღნიშნული ხარჯები გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე მ---------------–---–-- სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შპს „პ--------------ს“ მოსარჩელე მ--------------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება 180 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხე შპს „პ--------------ს“ მოსარჩელე მ--------------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ციცინო მოსიძე