განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100119002831048
N1/44-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
22.03.2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლ---- დარბაიძე
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - ოთარ ხორგუაშვილი
დაცვის მხარე
ადვოკატი - ეკატერინე მახარაშვილი
ბრალდებული - უ–---ი ა-–---------ეს ძე ს--------–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გორის რაიონი, სო----–-----–---------
კვალიფიკაცია
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, გორის რაიონის ს------–----–-------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში და სახლის ეზოში, უ–---ი ს--------–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ნ--- ა-------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 11 დეკემბერს უ–---ი ს--------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უ–---ი ს--------–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლოს გადაწყვეტილება უ–---ი ს--------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ ემყარება გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის უალტერნატივო, უტყუარი მტკიცებულებების არასაკმარისობას, რის გამოც ლოგიკურად წარმოშობილი გონივრული ეჭვი გადაწყდა ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, პუნქტი 34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).
სასამართლო განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლოს მიერ არასაკმარისად მიჩნეული მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარებოდა წარდგენილი ბრალდება და რომელთა ერთობლიობაც საფუძვლად დაედო სასამართლოს გადაწყვეტილებას უ–---ი ს--------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ
ბრალდებულის მეუღლემ, დაზარალებულმა - ნ--- ა-------–---–მა და ბრალდებულის შვილმა, მოწმე ლ---- ს--------–---–მა სასამართლო სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მათ ახლო ნათესავს (მეუღლეს, მამას).
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდების მხარის ყველა სხვა მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელ----ტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა, უ–---ი ს--------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობითაც. სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, სახეზეა სსიპ „112“-ში თავად დაზარალებულის მიერ განხორციელებული შეტყობინება სავარაუდო მუქარის შესახებ, ასევე, შემთხვევის ადგილიდან - ე.წ ,,ჩანგლის“ ამოღების ფაქტი, თუმცა, სადავოა და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ვერ დასტურდება კონკრეტული გარემოებები, ჰქონდა თუ რა საერთოდ ადგილი სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტს და განიცადა თუ არა ნ--- ა-------–---–მა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მით უმეტეს, რომ დაზარალებულმა ჩვენების მიცემაზე უარის თქმით, ფაქტობრივად, უარყო მუქარის და მისი განხორციელების რეალური საშიშროების აღქმის ფაქტი.
4. სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს ან გამოიკვლიოს რომელიმე მტკიცებულება.
მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია უ–---ი ს--------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. სასამართლო ბრალდების მხარის არგუმენტებს ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 და 24-ე ნაწილების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სწორედ დაზარალებული - ნ--- ა-------–---–ი და მისი შვილი - ლ---- ს--------–---–ი არიან პირები, რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია უ–---ი ს--------–---–ის ბრალეულობის შესახებ. დაზარალებულმა (ბრალდებულის მეუღლემ) და მოწმემ (ბრალდებულის შვილმა) სასამართლო სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ ავტონომიურ მნიშვნელობას კი განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მშობელი, მეუღლე და შვილი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ ფაქტზე, რომ ბრალდებულის მეუღლემ - ნ--- ა-------–---–მა და მისმა შვილმა - ლ---- ს--------–---–მა ისარგებლეს საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა უ–---ი სტეფნაშვილის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაზე.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მუქარის, როგორც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის ისეთ სავალდებულო ელემენტზე, როგორიცაა დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ მუქარის არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. მუქარის დროს ადამიანზე ხდება ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის დადასტურება, გარდა დაზარალებულის განცდისა, შეუძლებელია სხვა მტკიცებულებებით, რამდენადაც ფსიქოლოგიური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს. ამ შემთხვევაში, როგორც წესი, ფაქტის თვითმხილველი თუ დანაშაულის შემდეგ დაზარალებულის შემდგომი მდგომარეობის გადმომცემი მოწმეების ჩვენებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება, რამდენადაც სასიცოცხლოდ აუცილებელია უტყუარად დადგინდეს მუქარის რეალურობის სწორედ დაზარალებულის მიერ აღქმის ფაქტი.
სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, სახეზეა სსიპ „112“-ში თავად დაზარალებულის მიერ განხორციელებული შეტყობინება სავარაუდო მუქარის შესახებ და შემთხვევის ადგილიდან ე.წ ,,ჩანგლის“ ამოღების ფაქტი, თუმცა, სადავოა და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ვერ დასტურდება კონკრეტული გარემოებები, ჰქონდა თუ რა საერთოდ ადგილი სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტს და განიცადა თუ არა ნ--- ა-------–---–მა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეთა უდავო ჩვენებების იმ ნაწილს, რომელშიც ისინი გადმოსცემენ სხვადასხვა პირთა მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, სასამართლო სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს და განაჩენის დადგენისას ვერ გამოიყენებს, რადგან მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს. მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან არც ერთი არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის მამხილებელ პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რომელთა ერთობლიობა ობიექტურ პირს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის შესახებ. კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის დასადგენად საჭირო, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის კონსტიტუციური არსის ამგვარი გაგება ამჟამად არსებულ პირობებში, როდესაც მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ზუსტად და მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ირიბი ჩვენების, როგორც მტკიცებულების დასაშვებობის თუ მისი სანდოობისა და საკმარისობის კრიტერიუმები, პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განმარტებით (სისხლის სამართლის N440აპ-14 საქმე), რომლის თანახმადაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას მტკიცებულების სახით გამოიყენოს ირიბი ჩვენება: „51. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია საკონსტიტუციო სასამართლომ არ იმსჯელა 76–ე მუხლის მესამე ნაწილზე (საკანონმდებლო რედაქციის შეცვლის გამო), მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს როგორც სამოტივაციო, ისე სარეზოლუციო ნაწილებიდან გამომდინარე, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი რა საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს ირიბი ჩვენება მტკიცებულების სახით მანამ, სანამ საკანონმდებლო ორგანო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მომავალში არ შეიტანს შესაბამის ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია სამართლებრივი შეფასება მისცეს პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე სხვა მოწმეთა ჩვენებებს, წერილობით თუ ნივთიერ მტკიცებულებებს, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, საკმარისი არ არის უ–---ი ს--------–---–ის მსჯავრდებისათვის. უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებების არასაკმარისობა კი საფუძველს აცლის გამამატყუნებელი განაჩენისათვის მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უ–---ი ს--------–---–ი უნდა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
უ–---ი ს--------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. გონივრული ეჭვი კი, რომელიც ლოგიკურად წარმოიშვა საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლომ გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ.
აქვე სასამართლო იხსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას, საქმეზე „ვასილიოს სტავროპოულოსი საბერძნეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმად, „როგორც კი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოდ შევა ძალაში, ეს გამართლება ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის საფუძვლითაც რომ იყოს დადგენილი, დაუშვებელია ბრალეულობის მიმართ ეჭვის გამოხატვა, რაც მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეუთავსებელია უდანაშაულობის პრეზუმფციასთან... სასამართლოს მიაჩნია, რომ „in dubio pro reo” პრინციპის შესაბამისად, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის განსაკუთრებული ასპექტია, არ უნდა არსებობდეს არანაირი თვისობრივი სხვაობა მტკიცებულებათა არარსებობის საფუძველზე გათავისუფლებასა და უდანაშაულობის დადგენის შედეგად გათავისუფლებას შორის, როდესაც პირის უდანაშაულობის მიმართ არავითარი ეჭვი არ არსებობს. სინამდვილეში, გამამართლებელი გადაწყვეტილებები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება დასაბუთებით, რომელსაც სისხლის სამართლის საქმის განმხილველი მოსამართლე წარმოადგენს, პირიქით, კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გამამართლებელ განაჩენს პატივი უნდა სცეს ხელისუფლების ყველა შტომ.“
5. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, – ნადგურდება.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ,,ჩანგალი“, რომელიც ინახება საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მესამე განყოფილებაში უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. უ–---ი ს--------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. უ–---ი ს--------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველოფით გაუქმდეს. გირაოს შემტანს - ლ---- ს--------–---–ს (პ/ნ 5----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
3. უ–---ი ს--------–---–ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ,,ჩანგალი“, რომელიც ინახება, საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს მესამე განყოფილებაში განადგურდეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლ---- დარბაიძე