გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2019
საქმის ნომერი
330210018002580303
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2---3-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი

მოსარჩელე სს “ ხა-–--------------------–ო”

წარმომადგენელი ირ---–-----------ა

მოპასუხეები ლე-–---–-------–ი, ნუგ------–---–---–ი

დავის საგანი თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხეებს ლე-–---–-------–ს და ნუგ------–---–---–ს სს “ხა-–--------------------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 41 081.38 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 36935.58 ლარი, პროცენტი - 2673.72 ლარი, პირგასამტეხლო - 1472.08 ლარი.

1.2.გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ლე-–---–-------–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: მც-----, სოფელი მი---–---–-, ს/კ 7----------- აუქციონზე რეალიზაცია.

1.3. იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულება მოხდეს მოპასუხეების ლე-–---–-------–ის და ნუგ------–---–---–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერ სხვა ქონებაზე;

1.4. მოსარჩელე ასევე მოითხოვს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისას დადგინდა, რომ სასარჩელო მოთხოვნაში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის შეცდომა, კერძოდ ჯამური ოდენობა ნაცვლად 41 101.38 ლარისა შეადგენს 41 081.38 ლარს. (იხ. სხდომის ოქმი 27.02.2019 წ)

 

2.მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ ძირითადი თანხის ნაწილი აქვთ გადახდილი, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერიდან. რაც შეეხება სარგებელის და პირგასამტეხლოს ოდენობას, მიიჩნიეს არაგონივრულად და მოითხოვეს მათი შემცირება. სასარჩელო მოთხოვნა ასევე არ ცნეს იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილშიც.

 

საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას მოპასუხეებმა იშუამდგომლეს გადაწყვეტილების აღსრულების ერთი წლის ვადით განაწილვადების თაობაზე.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 7 აპრილს სს „ხა-–--------------------–ოს“, ლე-–---–-------–ს და ნუგ------–---–---–ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #0--------- ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც იმავე მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 40 000 ლარი, 72 თვით წლიური 13%-ის ოდენობით.

 

3.1.2. ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ან/და დაგირავებული ქონების (უზრუნველყოფილი ობიექტების) რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე წარმოშობილი ყველა ვალდებულების მთლიანად შესასრულებლად, კლიენტის ვალდებულებები ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხების ტოლი ოდენობით. ასეთ შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია დანაკლისი თანხის (შეუსრულებელი ვალდებულების) გადახდა მოსთხოვოს კლიენტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ 18-24)

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ 25)

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ 26)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 27-28)

 

3.1.3. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად „სს „ხა-–--------------------–ოს“ და ლე-–---–-------–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკის დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე: მც-----, სოფელი მი---–---–-, ს/კ 7-----------.

 

3.1.4. ხელშეკრულების 2.1.13 პუნქტის მიხედვით, იპოთეკარს უფლება აქვს მიიღოს დანაკლისი თანხა პირადი მოვალის სხვა ქონებიდან იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ძირითადი ხელშეკრულების ან/და დამატებითი ხელშეკრულების თანახმად პირად მოვალის მიერ იპოთეკარის წინაშე არსებული მთელი ვალის დასაფარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 29-36)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 37-40)

 

3.1.5. მოსარჩელემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეებს სესხის სახით გადასცა 40 000 ლარი მიმდინარე ანგარიშზე ჩარიცხვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ 41-53)

 

3.1.6. მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2018 წლის 30 ივლისის მდგომარეობით მათი დავალიანება შეადგენს 41 081.38 ლარს საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 36935.58 ლარი, პროცენტი - 2673.72 ლარი, ჯარიმა 1472.08 ლარი.

 

ირკვევა, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა ხორციელდებოდა 2018 წლის 10 ივლისამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 54)

- განცხადება ფაქტობრივი გარემოების დაზუსტების შესახებ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო არაგონივრულია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხის შესაგებელი, ახსნა-განმარტება, სხდომის ოქმი

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს “ხა-–--------------------–ოს“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 316-ე, 361-ე, 417-ე 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, მუხლებით;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 263-ე, 2681-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

მოცემულ შემთხვევაში “ხა-–--------------------–ოს“, ნუგ------–---–---–ს და ლე-–---–-------–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხეთა მხრიდან ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, მოპასუხეებმა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიიღეს სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურდა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''ხა-–--------------------–ო'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადასახდელად დარჩენილი კრედიტის ძირითადი თანხის - 36 935.58 ლარის გადახდა.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 2673.72 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეებს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

6.3. საქმეში დაცული მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

სასამართლოს მოსაზრებით მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს 1472 ლარის დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, სს „ხა-–--------------------–ოს“ მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს 2-ჯერ და მოპასუხეებს დაეკისროთ 736.04 ლარის გადახდა.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად „სს „ხა-–--------------------–ოს“ და ლე-–---–-------–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკის დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე: მც-----, სოფელი მი---–---–-, ს/კ 7-----------.

 

ამავე ხელშეკრულების 2.1.13 პუნქტის მიხედვით, იპოთეკარს უფლება აქვს მიიღოს დანაკლისი თანხა პირადი მოვალის სხვა ქონებიდან იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ძირითადი ხელშეკრულების ან/და დამატებითი ხელშეკრულების თანახმად პირად მოვალის მიერ იპოთეკარის წინაშე არსებული მთელი ვალის დასაფარად.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეთა მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს მოპასუხის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

 

ასევე დასაბუთებულია სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთა საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის თაობაზე, რადგან მხარეთა მიერ იპოთეკის და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებში გათვალისწინებული იქნა მოვალეთა სხვა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობაც.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 13.6 პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების შესახებ, ამდენად სასარჩელო მოთხოვნის ეს ნაწილიც დასაბუთებულია.

 

6.7. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს უარი უნდა ეთქვათ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

მითითებული ნორმა სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, გარკვეული დროით გაახანგრძლივოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვალე მიუთითებს ამგვარი მექანიზმის გამოყენების ობიექტურ საჭიროებაზე და სარწმუნოდ დაასაბუთებს თავის პოზიციას. კანონის ამგვარი დანაწესი განპირობებულია სასამართლოს მხრიდან ორივე მხარის ინტერესთა დაცვისას გონივრული და სამართლიანი ბალანსის არსებობის აუცილებლობით, ვინაიდან გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი, შეძლებისდაგვარად, უნდა მოერგოს მოვალის ობიექტურ ინტერესებსაც, თუ ეს უკანასკნელი დაადასტურებს, რომ აღსრულების განაწილვადება გამოწვეულია საპატიო გარემოებებით, რომელთა კონკრეტული საშეღავათო ვადის გასვლის შემდეგ აღმოფხვრა ხელს შეუწყობს და გააუმჯობესებს მისი მხრიდან გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობას.

ზემოთ მითითებული ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას სასამართლო მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა ვალდებულების ხასიათი, მისი შეუსრულებლობის ვადა, ოდენობა და მიზეზები, რამაც გამოიწვია ნაკისრი მოვალეობების შეუსრულებლობა. ამავდროულად, სასამართლო აფასებს, რა შედეგის მომტანია საშეღავათო მექანიზმების გამოყენება კრედიტორისათვის. მოცემულ შემთხვევაში აღსასრულებელი გადაწყვეტილებით სასამართლომ მოპასუხეებს დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ფინანსური ვალდებულების შესრულება 40 345.34 ლარის ოდენობით, რაც უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.

დასახელებული საპროცესო ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების გადადების საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მხარეთა ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა შეფასება. მხარემ უნდა დაასაბუთოს და ამასთანავე, მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების აღსრულების გადადების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველის არსებობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას მოპასუხეებმა ვერ დაასაბუთეს მათი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის შეუსაბამო ფინანსურ ვითარება. მოპასუხეთა ზეპირსიტყვიერი განმარტება (ყოველგვარი დასაბუთების გარეშე) არ წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების საპროცესო-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად მათი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვიანიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 1211.92 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „ხა-–--------------------–ოს“ სარჩელის დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1.მოპასუხეებს ლე-–---–-------–ს და ნუგ------–---–---–ს სს “ხა-–--------------------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 40 345.34 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 36935.58 ლარი, პროცენტი - 2673.72 ლარი, ჯარიმა 736.04 ლარი.

 

1.2.გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ლე-–---–-------–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: მც-----, სოფელი მი---–---–-, ს/კ 7----------- აუქციონზე რეალიზაცია.

 

1.3. იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულება მოხდეს მოპასუხეების ლე-–---–-------–ის და ნუგ------–---–---–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერ სხვა ქონებაზე;

 

1.4. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2. მოპასუხეებს ლე-–---–-------–ს და ნუგ------–---–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 1211.92 ლარი.

 

3. მოპასუხეებს ლე-–---–-------–ს და ნუგ------–---–---–ს უარი ეთქვათ გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებაზე.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი