გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.03.2019
საქმის ნომერი
351210018002403263
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

# 35----------------

საქმე № 2-147-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 მარტი, 2019 წელი ქ. გარდაბანი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე

გარდაბნის მუნიციპალიტეტში - ირინე ტყეშელაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ნოზაძე

 

მოსარჩელე - მი---------–----------

მოპასუხე - სა------------------

თარჯიმანი - თალე ალიევა

დავის საგანი - ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

გათავისუფლდეს მოსარჩელე მი---------–---------- (პ/ნ 1----------) რუსთავის საქალაქო სასამართლოს 10.08.2017 წლის #2-1443-17 განჩინებით, არასრულწლოვანი შვილიშვილის - 04.05.2004 წელს დაბადებული ჯი----------–----------- სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის, თვეში 50 ლარის ოდენობით გადახდისაგან.

 

მოსარჩელის - განმარტებით, მისი შვილი - ჯა---–--------–---------- გარდაიცვალა 20.03.2003 წელს, რომელსაც ჰყავს 2004 წელს დაბადებული შვილი - ჯი----------–----------, რომელიც ცხოვრობს დედასთან, მოპასუხესთან; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 10.08.2017 წლის განჩინებით, საქმეზე #2-1443-17, დამტკიცდა მხარეებს შორის მორიგების აქტი და 10.07.2017 წლიდან მი---------–----------ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილიშვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა თვეში 50 ლარის ოდენობით, მის სრულწლოვანებამდე; მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შერყეულია, არის დიაბეტით დაავადებული, ინსულინის მომხმარებელი, ორჯერ გაუკეთდა გულზე ოპერაცია, კერძოდ სტენტირება, იმყოფება მუდმივად მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ, რადგან ექიმის დანიშნულებით, ოპერაციის შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე უნდა სვას წამლები, რაც გარკვეულ ხარჯთან არის დაკავშირებული; საკმაო რაოდენობის ვალის გამო გაყიდა მიწის ნაკვეთი, ს/კოდით 81.15.13.425; ამჟამად იმყოფება ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ფაქტიურად პენსია არის შემოსავლის ძირითადი წყარო, რომელიც მარტო წამლების შეძენაზე არ ყოფნის, რის გამოც იძულებულია სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს დაკისრებული ალიმენტის გადახდისაგან გათვისუფლება; უარს არ ამბობს დაეხმაროს შვილიშვილს, თუმცა როდესაც ექნება საშუალება, ნებაყოფლობით დაემხარება მას, მაგრამ ყოველთვიურად დაკისრებული ალიმენტის გადახდა უჭირს.

 

1.2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე სა------------------მ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან იგი დაუსაბუთებელია და არ შეიძლება არასრულწლოვანი დატოვოს კანონმა ასეთი მცირე ალიმენტის გარეშე, მითუმეტეს, რომ ბებო მუშაობს და აქვს პენსიაც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 არასრულწლოვანი ჯი----------–---------- დაიბადა 04.05.2004 წელს, მისი მშობლები არიან: დედა - სა------------------, მამა - ჯა---–--------–----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 15);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მოსარჩელის შვილი - ჯა---–--------–---------- გარდაიცვალა 20.03.2005 წელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 16).

 

3.1.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.08.2017 წლის განჩინებით, საქმეზე #2-1443-17 დამტკიცდა მორიგება, შემდეგი პირობებით: მოპასუხე მი---------–---------- იღებს ვალდებულებას თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის - 04.05.2004 წელს დაბადებული ჯი----------–----------- სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი თვეში 50 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან - 10.07.2017 წლიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სასამართლოს განჩინება #2-1443-17 (ს.ფ. 17-18).

 

3.1.4. არასრულწლოვანი ჯი----------–---------- ცხოვრობს დედასთან, მოპასუხე მხარესთან ერთდ ქალაქ გარდაბანში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (სხდომის ოქმი).

 

3.1.5 მოსარჩელე გი----------–----------- ფინანსური შემოსავლის წყარო არის მხოლოდ სახელმწიფო პენსია 180 ლარის ოდენობით, ბოლო დარიცხვით 200 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელე მი---------–----------ს ყოველთვიური მატერიალური შემოსავლის ოდენობა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.08.2017 წლის განჩინების გამოტანის შემდეგ არ შეცვლილა.

 

- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სხდომის ოქმი).

 

3.2.2 მი---------–----------მ რაიონულ პოლიკლინიკას მიმართა 2015 წლის 21 მაისს, რა დროსაც დაენიშნა ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის და უროლოგის მეთვალყურეობა; 2015 წლის 25 მაისს და 27 მაისს მიმართა სამედიცინო დაწესებულება - შპს ,,ენ მედიცის“ და ჩაიტარა ლაბორატორიული კვლევები; 2015 წლის 06 ივლისს და 29 სექტემბერს კლინიკა შპს ,,ნი-------------–-–ი“ ჩაიტარა კორონაროგრაფია და სტენტირება, ხოლო 2017 წლის 22 მაისს ჩაიტარა კლინიკა შპს ,,ნი-------------–-–ი“ ლაბორატორიული კვლევები. 2015 წლის 09 ივლისის ცნობის თანახმად, პაციენტს დაენიშნა მკურნალობა შემდეგი მედიკამენტებით: ალოტენდინი, კარდიომაგნილი, ზილტა, ტორვიტინი, ლორისტა, ზირტეკი.

 

- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამედიცინო ცნობები (ს.ფ. 23-40).

 

3.2.3 მი---------–----------მ 11.09.2017 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, 1509 მ2 ფართი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 81.15.13.425 გაასხვისა, როგორც მოსარჩელე უთითებს -ვალის დასაფარად.

 

- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რესტრიდან (ს.ფ. 19-22).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 10.08.2017 წლის განჩინებით დაამტკიცა მოსარჩელე - სა------------------ს და მოპასუხე - მი---------–-----------ს შორის მორიგება შემდეგი პირობებით: მოპასუხე მი---------–---------- იღებს ვალდებულებას თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის - 04.05.2004 წელს დაბადებული ჯი----------–----------- სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტი თვეში 50 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან - 10.07.2017 წლიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

სასამართლოს ალიმენტის გათავისუფლების მოთხოვნით მი---------–----------მ მომართა 2018 წლის 18 აპრილს, თუმცა მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 10 აგვისტოს შემდეგ მისი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა რაიმე ნიშნით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე არ გამოიკვეთა მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის იმ სახით ცვლილება, რაც გახდებოდა მოსარჩელისათვის უკვე დაკისრებული ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე, 1230-1231-ე, 1237-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის თანახმად, პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით.

 

მოცემული ნორმები მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას, ანუ ცვლილების - ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების შემთხვევაში, ბავშვი რჩება ალიმენტის გარეშე.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ მოსარჩელე მი---------–----------ს სასამართლოს განჩინებით დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილიშვილის სასარგებლოდ თვეში 50 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიღო მხარეთა მორიგების შედეგად, 2017 წლის 10 აგვისტოს. სარჩელი ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, მოსარჩელე მი---------–----------ს სასამართლოში წარმოდგენილი აქვს 2018 წლის 18 აპრილს, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელე მუდმივად მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, ამჟამად მძიმე მდგომარეობაში არის, ფაქტიურად პენსია არის მისი შემოსავლის ძირითადი წყარო, რომელიც მარტო წამლების შეძენაზე არ ყოფნის.

 

სასამართლომ ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხის განხილვისას, უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

დადგენილია, რომ ბავშვის მამა გარდაცვლილია, ბავშვი ცხოვრობს და იზრდება დედასთან ერთად. დადგენილია, რომ 10.08.2017 წლიდან ბავშვის გარდაცვლილი მამის დედას დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილიშვილის სასარგებლოდ თვეში 50 ლარის ოდენობით. დადგენილია, რომ აღნიშნული დროის შემდეგ, მოსარჩელე, ბავშვის ბებია არ ყოფილა ექიმთან ვიზიტზე, არ დასჭირვებია ქირურგიული ან სხვა რაიმე სახის სამედიცინო ჩარევა, არ ჩაუტარებია კვლევები (ანალიზები) და შესაბამისად, არ შეუცვლია მკურნალობის დანიშნულება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც იყო 10.08.2017 წლამდე, უფრო მეტიც, გაეზრდა პენსია 20 ლარით.

 

ალიმენტი წარმოადგენს საოჯახო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომას და ფარგლებს, რასაც სასამართლო განსაზღვრავს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე ბებია-პაპის მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მი---------–----------მ 11.09.2017 წელს გაყიდა მიწის ნაკვეთი, ვერ განიხილება მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების ფაქტად.

 

როგორც წესი, სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, მნიშვნელოვანია ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში იყოს ბებია-პაპის ფინანსურ მდგომარეობასთან. არასრულწლოვანთან მიმართებით, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. კანონისმიერი ვალდებულებაა, რომ პაპა და ბებიამ, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან.

 

ამასთან, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლებას, ასევე შემცირებას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას, რაც მოიაზრებს ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობას, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენს ვალდებული პირის გადახდისუუნარობაზე. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება, ან გაუქმება უნდა მოხდეს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ამასთან, ალიმენტის გადამხდელმა პირმა უნდა დაადასტუროს და წარმოადგინოს მტკიცებულებანი იმისა, რომ მას ფინანსური მდგომარეობის გამო, რაც წარმოიშვა ალიმენტის დაკისრების შემდეგ, აღარ შესწევს უნარი გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ალიმენტი არასრულწლოვანი შვილიშვილის სასარგებლოდ, რაც განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ შესძლო. შესაბამისად, არ დასტურდება ალიმენტის გადამხდელი პირის მდგომარეობის ცვლილება მატერიალური თვალსაზრისით.

 

,,საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად, უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (), სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის 2019 წლის მარტის თვისათვის შეადგენს 179.10 ლარს. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

ამდენად, არ არსებობს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 10.08.2017 წლის განჩინებით მი---------–----------სთვის არასრულწლოვანი შვილიშვილის, 04.05.2004 წელს დაბადებული ჯი----------–----------- სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის - 50 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რის გამოც მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟი უკან.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 46-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მი---------–----------ს სარჩელი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 10.08.2017 წლის განჩინებით არასრულწლოვანი შვილიშვილის - 04.05.2004 წელს დაბადებული ჯი----------–----------- (პ/ნ 1----------) სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე - მი---------–----------ს (პ/ნ 1----------) უკან დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია 18.04.2018 წელს სახელმწიფო ხაზინის სასარგებლოდ, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდზე - 30-------, საგადახდო დავალებით #1;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში (გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა №6) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ირინე ტყეშელაშვილი