გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1403-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - შპს “In------ch”
წარმომადგენელი - ნი----------ე
მოპასუხე - შპს „ბლ-------------ა“
წარმომადგენელი - გი-----------–-–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შპს „ბლ-------------ა“-სათვის მოსარჩელე შპს „In------ch“-ის სასარგებლოდ 4 007,02 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ შპს „In------ch“-მა, რომელიც ეწევა ელექტრო მოწყობილობების იმპორტისა და რეალიზაციის სამეწარმეო საქმინობას, მიაწოდა მოპასუხეს ელექტროტექნოლოგიური საქონელი ჯერ კიდევ 2016 წელს. მხარეებს შორის 2017 წლის 31 ივლისს გაფორმდა შედარების აქტი. მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე ვალდებულება არ შეუსრულებია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. მოპასუხის წარმომადგენელმა შესაგებლით სადავოდ გახადა დავალიანების მოსარჩელის წინაშე არსებობის ფაქტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 31 ივლისს შპს „In------ch”-სა და შპს „ბლ-------------ა“-ს წარმომადგენლებს შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2017 წლის 31 ივლისის მდგომრეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენდა 4 007,02 ლარს.
მხარეებს შორის სადავო არ არის გარემოება, რომ შპს „In------ch”-სა და შპს „ბლ-------------ა”-ს შედარების აქტის გაფორმების დროისათვის არსებობდა ელექტროტექნოლოგიური საქონლის მიწოდების ურთიერთობა. ამასთან, არ არის სადავო, რომ სწორედ ამ ურთიერთობიდან გამომდინარე აღიარა მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
შედარების აქტი (ს.ფ. 22).
სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 80-91).
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4)
მოპასუხის ახსნა-განამრტება (ს.ფ. 54-55, იხ, 2019 წლის 04 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:22:52).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. შპს „ბლ-------------ა“-ს დავალიანება შპს „ In------ch” -ის მიმართ მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან გამომდინარე შეადგენს 4 007,02 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მხარეებს შორის არ არის სადავო მათ შორის ელექტროტექნოლოგიური საქონლის მიწოდების ურთიერთობის არსებობა 2017 წლის 31 ივლისის მდგომარეობით; ამავე დროს არ არის სადავო 2017 წლის 31 ივლისის შედარების აქტის ხელმოწერების ნამდვილობა.
2017 წლის 31 ივლისის აქტით მხარეებმა დაადასტურეს შპს „ In------ch” -ის მიმართ შპს „ბლ-------------ა“-ს დავალიანების არსებობა. იმ პირობებში, როცა შედარების აქტის გაფორმებისას მხარეებს შორის არსებობდა ელექტროტექნოლოგიური საქონლის მიწოდების ურთიერთობა, ამასთან არ არის სადავო შედარების აქტზე მხარეთა წარმომადგენლების ხელმოწერის ნამდვილობა, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, მოპასუხის მიერ მოსარჩელის წინაშე 4007,02 ლარის ოდენობით დავალიანების არსებობისა და აღიარების ფაქტს.
განსახილველ შემთხვევაში 2017 წლის 31 ივლისის აქტი სწორედ მტკიცების პროცესზე ახდენს გავლენას და ადასტურებს მოსარჩელის წინაშე მოპასუხის დავალიანების არსებობას.
მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები - რომელზედაც იგი ამყარებს თვის შესაგებელს. შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს. ამგვარი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე და 429-ე მუხლებია. ფულადი თანხის გადახდის ფაქტის მტკიცება ეკისრება მოვალეს.
ვალდებულებითი ურთიერთობა რომ შეწყდეს შესრულებით, გადამწყვეტია, რომ ვალდებულება შესრულდეს სრული მოცულობით, რაზეც დამოკიდებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომა. თუ ვალდებულება სრული მოცულობით არ შესრულდება, ვალდებულება შესრულებულად, ხოლო სამართლებრივი ურთიერთობა შეწყვეტილად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, შესრულების მიზნით განხორციელებული ქმედება უნდა იყოს ნაკისრი ვალდებულების შესაბამისი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427 - ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შესრულება ვალდებულების შეწყვეტას ნიშნავს და ასეთ შემთხვევაში კი კრედიტორს უფლება არ აქვს, ხელმეორედ მოითხოვოს შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი კი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით. მოპასუხე მხარეს კი ამგვარი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა კრედიტორის წინაშე ფულადი ვალდებულების შესრულების გარემოებას, სასამართლოში არ წარმოუდგენია.
მოპასუხე მხარეს თანხის გადახდია და ვალდებულების შესრულების ფაქტი სამოქალაქო კოდექსის 427-ე და 429-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ დაუდასტურებია. ამდენად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მოსარჩელის წინაშე მოპასუხის დავალიანების 4 007,02 ლარის ოდენობთ არსებობის ფაქტს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს “In------ch”-ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით მოწესრიგებას. აღნიშნული მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივად მავალდებულებელი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
დადგენილია, რომ შპს „In------ch”-სა და შპს „ბლ-------------ა”-ს შორის არსებობდა ელექტროტექნოლოგიური საქონლის მიწოდების ურთიერთობა, რომლის ფარგლებში შპს „ბლ-------------ა“-ს არ აუნაზღაურებია გამყიდველის მიერ მყიდველისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულება 4007,02 ლარი, რისი გადახდაც ეკისრება მოპასუხეს.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შეაფასოს საქმეში არსებული 2017 წლის 31 ივლისის შედარების აქტი. როგორც აღინიშნა, 2017 წლის 31 ივლისს შპს „In------ch”-სა და შპს „ბლ-------------ა“-ს წარმომადგენლებს შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2017 წლის 31 ივლისის მდგომრეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენდა 4 007,02 ლარს.
განსახილველ შემთზვევაში ვალის აღიარების, რაც წარმოადგენს ვალის დეკლარაციულ („კაუზალურ“) აღიარებას, მიზანი და დანიშნულებაა არსებული ვალდებულებისა და სამართალურთიერთობის დადასტურება, მტკიცების პროცესის გამარტივებააა და არ წარმოადგენს ვალის აღიარებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად. დეკლარაციული ვალის აღიარების სამართლებრივი შედეგი ვალის არსებობის დადასტურება და შემდგომი დავების თავიდან აცილებაა, ხოლო დავის შემთხვევაში, მტკიცების პროცესის გამარტივება.
მხარეებს შორის სადავო არ არის გარემოება, რომ შპს „In------ch”-სა და შპს „ბლ-------------ა”-ს შორის შედარების აქტის გაფორმების დროისათვის არსებობდა ელექტროტექნოლოგიური საქონლის მიწოდების ურთიერთობა. ამასთან, არ არის სადავო, რომ სწორედ ამ ურთიერთობიდან გამომდინარე აღიარა მოპასუხემ მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება. განსახილველ შემთხვევაში შედარების აქტი უზრუნველყოფს მტკიცებას დავალიანების არსებობის ფაქტისა 4007,02 ლარის ოდენობით, ხოლო ამ თანხის გადახდის ვალდებულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება შპს „ბლ-------------ა“-ს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 120,00 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50,00 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს “In------ch”-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხე შპს „ბლ-------------ას“ მოსარჩელე შპს “In------ch”-ის სასარგებლოდ დაეკისროს 4 007,02 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე შპს „ბლ-------------ას“ მოსარჩელე შპს “In------ch”-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხე შპს „ბლ-------------ას“ მოსარჩელე შპს “In------ch”-ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე