გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2019
საქმის ნომერი
831210018002746731
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

831210018002746731

საქმე №2/234-2018წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 მარტი, 2019 წელი ქ. ბაღდათი

შესავალი ნაწილი

ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი - ირმა ჭუმბაძე

მოსარჩელე - შპს მ----–----

წარმომადგენელი - თე---- ქა-----–--–-–---–ი

მოპასუხე - ივ--- ჩო------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ივ--- ჩო------ეს დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 450 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 150 ლარი, საკომისიო - 30 ლარი, პირგასამტეხლო - 270 ლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 14 ივლისს მოპასუხე ივ--- ჩო------ესა და შპს ,,K----ს“ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება #L-240174, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 150 ლარის ოდენობით 30 დღის ვადით. კომპანიასა და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ, ხდება ელექტრონულად, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის მიერ ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 150 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 30 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, 2015 წლის 13 აგვისტოს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად მსესხებელს ხელშეკრულების 8.4 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 პროცენტის ოდენობით, რამაც შეადგინა 1615.5 ლარი, 1077 ვადაგადაცილებულ დღეზე. 2017 წლის 07 აპრილს შპს ,,K----სა“ შპს ,,მ----–----“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს მ----–---- გახდა კრედიტორი, მოთხოვნის მფლობელი აღნიშნულს სესხზე (მოთხოვნაზე).

 

1.2. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ვინაიდან 2017 წლის 07 აპრილს შპს ,,K----სა“ შპს ,,მ----–----“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მ----–----“ გახდა კრედიტორი, მოთხოვნის მფლობელი აღნიშნულს სესხზე (მოთხოვნაზე), ამიტომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სწორედ 2017 წლის 07 აპრილიდან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ივ--- ჩო------ემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლის თანახმად არ ცნობს სარჩელს, არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და განმარტავს, მათ შორის ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 14 ივლისს და აქედან გამომდინარე მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხე ივ--- ჩო------ემ განმარტა, რომ ადასტურებს სარჩელში მითითებულ გარემოებებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2015 წლის 14 ივლისს მოპასუხე ივ--- ჩო------ესა და შპს ,,K----ს“ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება #L-240174, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 150 ლარის ოდენობით 30 დღის ვადით.

 

3.1.2. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 150 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 30 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, 2015 წლის 13 აგვისტოს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 14 ივლისის სესხის ხელშეკრულება (იხ. ს. ფ. 13-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. 2017 წლის 07 აპრილს შპს ,,K----სა“ შპს ,,მ----–----“ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მ----–----“ გახდა კრედიტორი, მოთხოვნის მფლობელი აღნიშნულ სესხზე (მოთხოვნაზე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება (იხ. ს. ფ. 30-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელე მხარის განმარტებით დადგენილია, რომ 2017 წლის 07 აპრილს შპს ,,K----სა“ შპს მ----–---- შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს მ----–----“ გახდა კრედიტორი, მოთხოვნის მფლობელი აღნიშნულ სესხზე (მოთხოვნაზე), თუმცა ამის შესახებ მოპასუხე მხარისთვის ცნობილი არ ყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული, შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 144-ე, 316-317-ე, 319-ე, 623-625-ე, 626-ე, 365-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი. დადგენილია, რომ 2015 წლის 14 ივლისს მოპასუხე ივ--- ჩო------ესა და შპს ,,K----ს“ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება #L-240174, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა 150 ლარის ოდენობით 30 დღის ვადით. ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 07 აპრილს შპს ,,K----სა“ შპს ,,მ----–----’’ შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მ----–----’’ გახდა კრედიტორი, მოთხოვნის მფლობელი აღნიშნულ სესხზე (მოთხოვნაზე). თუმცა ამის შესახებ მოპასუხე ივ--- ჩო------ისათვის ცნობილი არ ყოფილა. 6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს, ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. 6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით, კანონი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო. სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის მეტად მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. თუ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადითაა დადებული, უფლების დარღვევის შესახებ პირი შეიტყობს მხოლოდ მაშინ, როცა მოითხოვს შესრულებას, ხოლო მეორე მხარე არ შეასრულებს იმ მოქმედებას, რომლის შესრულებაც ევალებოდა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ თავისი უფლებების დარღვევის შესახებ შეიტყო 2015 წლის 13 აგვისტოს, როცა სესხი 150 ლარი და მასზედ რიცხული სარგებელი უნდა დაებრუნებინა მოპასუხეს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიჩნეული უნდა იქნეს 2015 წლის 13 აგვისტო. 6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას შესრულებაზე. სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავiსი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას. ამიტომაა, რომ კანონი უფლებას აძლევს მოვალეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, კერძოდ, ვალის გადახდაზე. ვალდებული პირის მიერ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალის აღიარების ან კრედიტორისათვის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალების მიცემის შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან დაიწყება და მოვალეს უფლება არა აქვს უარი განაცხადოს მათზე. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის როგორც 137-ე, ისე 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი უკავშირდება მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებას, სადაც მოვალე გამოხატავს ნებას, იძლევა დაპირებას ვალდებულების შესრულების თაობაზე და არა ფაქტის აღიარებას, სადაც მოვალე ახდენს მარტოოდენ ვალდებულების ფაქტის კონსტატაციას (უზენაესი სასამართლოს განმარტება, იხ. საქმე #ას-374-347-2010). შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას მასზედ, რომ, ვინაიდან მოპასუხემ შესაგებლით აღიარა სასესხო ვალდებულება, თანახმად სკ-ის 137-ე მუხლისა, უნდა შეწყდეს ხანდაზმულობის ვადა და მისი ათვლა დაიწყოს თავიდან. სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხემ შესაგებელში მოახდინა მხოლოდ სესხის ფაქტის აღიარება, ანუ ვალდებულების ფაქტის კონსტატაცია და არა ვალდებულების აღიარება. მას არ გამოუხატავს ნება, არ მიუცია დაპირება ვალდებულების შესრულების თაობაზე. პირიქით, მან უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. 6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 6.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე ივ--- ჩო------ეს მოსარჩელე შპს ,,მ----–----ს“ მიმართ დღეის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება. საქმის განხილვისა და მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად სასამართლომ დაადგინა, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. 7. სასამართლო ხარჯები: საქა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოც მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე შპს ,,მონლაინma“ სარჩელის აღძვრისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ----–----ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4-5 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი: ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე