გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/36217-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - ანი ჯაჭვაძე
მოსარჩელე - ი----- ზ---–-–---–ი
მოპასუხე - სს „მ---------------ი“
წარმომადგენლები - ა--------–---–ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს „მ---------------ს“ მარტივი საფინანსო (სოლო) N2-------------- თამასუქის დაბრუნების სანაცვლოდ, ი----- ზ---–-–---–ის, როგორც თამასუქის შემძენი პირის სასარგებლოდ დაეკისროს 5 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხე სს ,,მ---------------ს“ დაეკისროს საფინანსო (სოლო) N2-------------- თამასუქის საფუძველზე მისაღები სარგებლის გადახდა, რომელიც 2018 წლის თებერვლიდან სარჩელის შეტანის დროისთვის შეადგენს 450 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2016 წლის 14 ნოემბერს, სს ,,მ---------------ს“ და ი----- ზ---–-–---–ს შორის დაიდო პროცენტიანი - ,,მ–--------------ის“ შეძენის ხელშეკრულება N1---, ხელშეკრულების მიხედვით საემისიო ღირებულება შეადგენდა 5 000 აშშ დოლარს, წლიური 11% საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. 2016 წლის 14 ნოემბერს გადაეცა მარტივი საფინანსო (სოლო) თამასუქი, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 14 ნოემბრამდე არსებული პერიოდი.
2017 წლის ოქტომბრამდე მოსარჩელე იღებდა შეთანხმებულ სარგებელს შესაბამის დოკუმენტებზე ხელმოწერის შემდგომ ნაღდი ანგარიშსწორების გზით, ხოლო 2017 წლის ნოემბრიდან სარჩელის შემოტანის დროისთვის არ მიუღია არანაირი სარგებელი; მოპასუხის განმარტებით კომპანიას აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რის გამოც იგი მოკლებულია შესაძლებლობას გადაუხადოს სარგებელი. 2018 წლის 14 ნოემბერს ამოიწურა ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა როგორც ძირითადი თანხა, ასევე სარგებელი, თუმცა მოპასუხე, რომელსაც დაყადაღებული აქვს უძრავი-მოძრავი ქონება, უარს აცხადებს ვალდებულების შესრულებაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი არ არიდებს თავს ვალდებულების შესრულებას, თუმცა, როდესაც მოსარჩელე მხარემ მიმართა თანხის დაბრუნების თაობაზე, თამასუქის ვადა ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2-------ს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელი ი----- ზ---–-–---–ის სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 14 ნოემბერს სს ,,მ---------------სა’’ (თამასუქის ემიტენტი) და ი----- ზ---–-–---–ს (თამასუქის შემძენი) შორის გაფორმდა პროცენტიანი მარტივი - ,,მ–--------------ის’’ შეძენის ხელშეკრულება #1---.
აღნიშნული ხელშეკრულების მეორე მუხლის თანახმად თამასუქის ემიტენტი ახორციელებს პროცენტიანი თამასუქის ემისიას, ხოლო თამასუქის შემძენი პირი ყიდულობს თამასუქს მხარეთა შორის შეთანხმებულ ფასში.
ხელშეკრულების 3.5 პუნქტის თანახმად, საემისიო ღირებულებად განისაზღვრა 5000 აშშ დოლარი.
ხელშეკრულების 3.6 პუნქტის თანახმად წლიური პროცენტი განისაზღვრა 11%-ით. 3.7. პუნქტით - საპროცენტო სარგებლის გაცემის პერიოდულობა განისაზღვრა ყოველთვიურად.
ხელშეკრულების 3.10 პუნქტის თანახმად, თამასუქის განაღდება შესაძლებელია თამასუქის შემძენი პირისათვის გადაცემიდან 24 თვის შემდეგ.
ხელშეკრულების 3.11 პუნქტის თანახმად, წინმამდებარე თამასუქი არის ბლოკირებული .ბლოკირებული თამასუქი არ ექვემდებარება გასხვისებას, დაბრუნებას/განაღდებას და სხვა ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებას ამ ხელშეკრულების 3.10. პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულება N1--- (ს.ფ 21);
- 2-------------- თამასუქი (ს.ფ.23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება ( იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.2. ი----- ზ---–-–---–ის მიერ თამასუქის შესაძენად გადახდილ იქნა 5000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 22).
3.1.3. მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის წარდგენილ იქნა თამასუქის განაღდების მოთხოვნა, თუმცა თანხის გადახდა დღემდე არ განხორციელებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება ( იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2-------ს გადაწყვეტილებით ი----- ზ---–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სს ,,მ---------------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სამი თვ8ის სარგებლის 135 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2-------ს გადაწყვეტილება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 911-ე, 915-ე მუხლები
საქართველოს კანონი „თამასუქის შესახებ“
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია ფასიანი ქაღალდების ბრუნვიდან წარმოშობილი ურთიერთობის საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 911-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ვინმე გასცემს დოკუმენტს, რომლითაც ის დოკუმენტის მფლობელს გადახდას ჰპირდება, მაშინ მფლობელს შეუძლია მოითხოვოს გადახდა დაპირების თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ამის უფლება არ ჰქონდა.
დადგენილია რომ, 2016 წლის 14 ნოემბერს სს ,,მ---------------სა’’ (თამასუქის ემიტენტი) და ი----- ზ---–-–---–ს (თამასუქის შემძენი) შორის გაფორმდა პროცენტიანი მარტივი - ,,მ–--------------ის’’ შეძენის ხელშეკრულება #1---.
2016 წლის 14 ნოემბერს ი----- ზ---–-–---–ს გადაეცა მარტივი საფინანსო (სოლო) თამასუქი, რომლის თანახმადაც სს ,,მ---------------მა’’ აიღო უპირობო ვალდებულება გადაუხადოს თამასუქის მფლობელს _ ი----- ზ---–-–---–ს 5000 აშშ დოლარი 2018 წლის 14 ნოემბერს.
,,თამასუქის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს თამასუქის გაცემის, თავდებობის, გადახდის, გამოყენების, გადაცემის წესს, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო აქტებთან ერთად-თამასუქიდან გამომდინარე შედეგებსა და პრეტენზიებს. ამ კანონში გამოყენებულ სახელწოდებებს, თუ არსებობს განსაკუთრებული მითითება, აქვს შემდეგი მნიშვნელობა: „თამასუქი“-ფასიანი ქაღალდი, დოკუმენტი, რომლითაც მისი გამცემი პირი კისრულობს უპირობო ვალდებულებას გადაიხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა პირადად ან ან სხვა პირს ავალებს მის გადახდას; მარტივი თამასუქით მისი გამცემი კისრულობს ვალდებულებას თვითონ გადაიხადოს თამასუქში მითითებული თანხა;
,,თამასუქის შესახებ’’ საქართველოს კანონის მეშვიდე მუხლის თანახმად, თამასუქის გამცემი პასუხისმგებელია თამასუქის გადახდისათვის, მას შეუძლია მოიხსნას პასუხისმგებლობა აქცეპტზე, მაგრამ არ შეუძლია მოიხსნას თამასუქის გადახდის პასუხისმგებლობა. არანაირ პირობას, რომლითაც იგი იხსნის პასუხისმგებლობას გადახდისათვის, ძალა არა აქვს.
,,თამასუქის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19-ე მუხლის თანახმად, თამასუქის გამცემს შეუძლია განსაზღვროს აქცეპტის წარდგენის ვადა. თუ ვადა განსაზღვრული არ არის, თამასუქი, რომელიც ექვემდებარება გადახდას წარდგენიდან ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში, აქცეპტისათვის უნდა წარედგინოს გაცემის დღიდან ერთი წლის განმავლობაში.
,,თამასუქის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, თამასუქი შეიძლება გაიცეს გადასახდელად შემდეგი ვადების გათვალისწინებით:
ა) წარდგენისთანავე;
ბ) წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში;
გ) გაცემიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში;
დ) განსაზღვრულ დღეს.
2) თამასუქს, რომელშიც მითითებულია გადახდის სხვაგვარი ვადა, ძალა არ აქვს.
2016 წლის 14 ნოემბერს ი----- ზ---–-–---–ზე გაცემულ მარტივ საფინანსო (სოლო) თამასუქში განსაზღვრული იქნა ვალდებულების შესრულების ვადა - 2018 წლის 14 ნოემბერი.
,,თამასუქის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის თანახმად, მფლობელი თამასუქისა, რომელიც უნდა გადაიხადონ დადგენილ დღეს ან გაცემიდან ან წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში, ვალდებულია წარადგინოს ის გადახდის დღეს ან მომდევნო ორი სამუშაო დღიდან ერთ-ერთ დღეს.
,,თამასუქის შესახებ’’ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ თამასუქის მფლობელს თამასუქის გასანაღდებლად წარდგენის უფლება წარმოეშვება და შესაბამისად თამასუქის გამცემს - გადახდის ვალდებულება, თამასუქით დადგენილი ვადის დადგომისას. განსახილველ შემთხვევაში - 2018 წლის 14 ნოემბერს.
სამოქალქო კოდექსის 915-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ემიტენტი მოვალეა შეასრულოს თავისი ვალდებულება მხოლოდ მაშინ, თუ მას გადასცემენ ფასიან ქაღალდს.
მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის წარდგენილ იქნა თამასუქის განაღდების მოთხოვნა, თუმცა თანხის გადახდა თამასუქის გამცემს დღემდე არ განუხორციელებია, რასაც მოპასუხე მხარე ხსნის შექმნილი ფინანსური პრობლემებით.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ი----- ზ---–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა სს ,,მ---------------ისთვის“ 5 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებლის დაკისრების თაობაზე, სასამართლო მიუთითებს ,,თამასუქის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, თამასუქში, რომლის გადახდა სავალდებულოა წარდგენისთანავე, ანდა წარდგენიდან განსაზღვრულ დროში, თამასუქის გამცემს შეუძლია დათქვას, რომ თამასუქის თანხას დაერიცხება პროცენტები, რომლის განაკვეთიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს თამასუქში. თუ ასეთი აღნიშვნა არ არის, პროცენტის შესახებ ჩანაწერს ძალა არა აქვს.
მხარეთა შორის 2016 წლის 14 ნოემბერს გაფორმებული პროცენტიანი მარტივი - "მ–--------------ის" შეძენის #1--- ხელშეკრულების 3.6. პუნქტის თანახმად განსაზღვრულ იქნა რომ თამასუქის თანხას დაერიცხებოდა წლიური 11%, ხოლო ხელშეკრულების 3.7. პუნქტით - საპროცენტო სარგებლის გაცემის პერიოდულობა განისაზღვრა ყოველთვიურად. ანუ ხელშეკრულების თანახმად, თამასუქის მფლობელს ჯამში, 2 წლის მანძილზე სარგებლის სახით უნდა მიეღო 1100აშშ დოლარი, თვეში დაახლოვებით _ 45აშშ დოლარი.
საქმის მასალებით, კერძოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2017 წლის ოქტომბრამდე მას მიღებული აქვს შეთანხმებული სარგებელი; ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2-------ს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ი----- ზ---–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსაპასუხე სს"მ---------------ს" მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სამი თვის სარგებლის 135აშშ დოლარის გადახდა. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა სს"მ---------------ს" დაეკისროს 2018 წლის თებერვლიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 თვის სარგებლის 450აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 435.5 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 243-ე, 244-ე, 248- 250-ე, 257-ე, 2591, 364-ე 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი----- ზ---–-–---–ის სარჩელი სს „მ---------------ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე სს „მ---------------ს“ მოსარჩელე ი----- ზ---–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 5 450 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
3. მოპასუხე სს „მ---------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 435.5 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი