გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.03.2019
საქმის ნომერი
820210018002318248
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820210018002318248 (2-106/2018)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით გელაშვილი

სხდომის მდივანი ნაირა აბაშიძე

მოსარჩელე - შპს ,,კ-----ი’’

წარმომადგენელი - თ-----------------ე

მოპასუხე - ნ-------------–----ე

წარმომადგენელი - ნ-------------ე

მოპასუხე - ნ------–----–--ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება, ნივთის რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ნ-------------–----ესა და ნ------–----–--ეს მოსარჩელე შ.პ.ს. „კ-----ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2210 (ორიათას ორას ათი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა და თანხის ამოღების მიზნით მოხდეს მოპასუხეების ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაცია.

 

1.2. მოპასუხეებს დაეკისროთ სასამართლოს ხარჯები და საადვოკატო მომსახურების თანხა 200 ლარი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

2016 წლის 01 აგვისტოს შ.პ.ს. „კ-----სა“ და ნ-------------–----ეს შორის გაფორმდა სალომბარდო ხელშეკრულება №157, რომლის თანახმადაც ნ-------------–----ემ შ.პ.ს. „კ-----ისაგან“ სამი თვის ვადით აიღო სესხი 3000 (სამიათასი) აშშ დოლარი.

 

ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად სესხის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და გაცემული იქნა ყოველთვიურად 6%-ში. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად მსესხებელი ვალდებული იყო ყოველთვიურად კრედიტორზე გადაეხადა პროცენტი 180 (ასოთხმოცი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მსესხებლის მიერ ფულადი ვალდებულების შესასრულებლად გადახდილი თანხიდან პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარგებელი და ბოლოს სესხის ძირი თანხა.

 

ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად სესხის ან სესხის %-ის დაგვიანების შემთხვევაში მსესხებელს კრედიტორის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, სესხის ოდენობის 0.5 % აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა I---------I ა/მანქანის სარეგისტრაციო R------; ა/მანქანის გამოშვების წელი 2004, ა/მანქანის ტიპი სატვირთო ფურგუნი, ა/მანქანის ფერი-თეთრი, ძრავის მოცულობა 2800, ა/მანქანის სარეგისტრაციო მოწმობის A-------.

 

ხელშეკრულების 4.5. პუნქტის თანახმად მსესხებელი კრედიტორს საკუთრების უფლებით გადასცემს ა/მანქანას I---------I, ა/მანქანის სარეგისტრაციო R-----; ა/მანქანის გამოშვების წელი 2004, ა/მანქანის ტიპი სატვირთო ფურგუნი, ა/მანქანის ფერი-თეთრი, ძრავის მოცულობა 2800, ა/მანქანის სარეგისტრაციო მოწმობის A-------, ხოლო „კრედიტორი“ მსესხებელს დროებით სარგებლობაში განკარგვის (მართვის) უფლებით გადასცემს უზრუნველყოფის საგანს.

 

2016 წლის 01 აგვისტოს შპს „კ-----სა“'და ნ------–----–--ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №157, რომლის თანახმადაც ნ------–----–--ე ღებულობდა ვალდებულებას სოლიდარული ვალდებულებით უზრუნველეყო ნ-------------–----ესა და შპს „კ-----ს“ შორის 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული №157 სესხისა და სესხის უზრუნველყოფის ხელშეკრულებაში არსებული ვალდებულებები. თავდებობის ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად კრედიტორი უფლებამოსილია თავდების ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი პირადი ქონებიდან მოთხოვოს და მოახდინოს სესხის, სესხის სარგებლის და ასევე პირგასამტეხლოს ამოღება.

 

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნ-------------–----ემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და შპს „კ-----ის“ მიმართ წარმოეშვა დავალიანება 3 660 (სამიათას ექვსასსამოცი) აშშ დოლარი, რის გამოც 2017 წლის 23 სექტემბრის ა/მანქანის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სესხით უზრუნველყოფის საგანი ა/მანქანა I---------I, ა/მანქანის სარეგისტრაციო R-----; ა/მანქანის გამოშვების წელი 2004, ა/მანქანის ტიპი სატვირთო ფურგუნი, ა/მანქანის ფერი-თეთრი, ძრავის მოცულობა 2800, ა/მანქანის სარეგისტრაციო მოწმობის A------- გასხვისებული იქნა. ნასყიდობის საგანი გაიყიდა 1450 (ერთიათას ოთხას ორმოცდაათი) აშშ დოლარად.

 

2018 წლის 01 თებერვალს მდგომარეობით ნ-------------–----ეს შ.პ.ს. „კ-----ის“ მიმართ გააჩნია დავალიანება 2210 (ორიათას ორას ათი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, კერძოდ: სესხის ძირი თანხა: 3000 ა.შ.შ დოლარი, სესხის ორი თვის პროცენტი 360 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილების 20 დღის - 300 აშშ დოლარი სულ 3 660 აშშ დოლარი, რომელსაც გამოაკლდა ა/მანქანის რეალიზაციით მიღებული თანხა 1450 აშშ დოლარი. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს დაუყონებლივ გაასხვისოს სესხისთვის უზრუნველყოფილი საგანი და ფასი განსაზღვროს თავისი შეხედულებისამებრ. ასევე აღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით ხელშეკრულების 3.8 პუნქტის შესაბამისად უნდა მოხდეს მსესხებლის საკუთრებაში რიცხული ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ნივთის რეალიზაცია.

 

აქედან გამომდინარე მხარეებს შორის წარმოიშვა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სსკ 361 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, რაც უხეშად იქნა დარღვეული მოპასუხეების მიერ, კერძოდ მსესხებლის მიერ გადაცილებულ იქნა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაბრუნების ვადა. ამდენად სამოქალაქო კოდექსის თანახმად მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, დროულად და ჯეროვნად, მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხე მხარე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო მსესხებელი რამოდენიმეჯერ იქნა გაფრთხილებული ზეპირი ფორმით (სატელეფონო შეტყობინება), რაც უშედეგო აღმოჩნდა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მოითხოვს, რომ მოპასუხეებს ნ-------------–----ესა და ნ------–----–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 2210 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა. ასევე რეალიზაცია გაუკეთდეს მოპასუხეების ნებისმიერ უძრავ ან მოძრავ ქონებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ნ-------------–----ემ და ნ------–----–--ემ 2018 წლის 02 აპრილს სასამართლოში წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ სცნეს და მიუთითეს, რომ 2016 წლის 01 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით არაგონივრულია, რაც უნდა შემცირდეს.

 

მოსარჩელის მიერ რეალიზებული ავტომანქანა ,,ი-----’’ გაცილებით ძვირად ღირებული იყო ვიდრე ის იქნა რეალიზებული მოსარჩელის მიერ. როგორც წესი საკრედიტო დაწესებულება ნივთს აფასებს მისი ღირებულების 30 %-ში. შესაბამისად მოსარჩელემ არაკეთილსინდისიერად იაფად გაასხვისა დაგირავებული ავტომანქანა, რითაც მან მისივე ბრალეულობით არ მიიღო ის შემოსავალი, რაც შეეძლო მიეღო, შესაბამისად მოპასუხეები ასეთ შემთხვევაში არ არიან ვალდებულები აუნაზღაურონ მოსარჩელე მოთხოვნილი თანხები, რომელიც მან მისივე ბრალეულობით ვერ მიიღო დაგირავებული ნივთის რეალიზაციიდან რეალურად მისაღები თანხები.

 

მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ სესხის გაცემისთანავე გადახდილი იქნა ერთი თვის პროცენტი, ასევ შემდეგ გადაიხადა ორი თვის პროცენტი და მეოთხე თვის პროცენტი, რომ ვერ გადაიხადა დაუბრუნა ლომბარდს ავტომანქანა. მოპასუხე მხარემ ასევე აღნიშნა, რომ სარჩელი არასწორად აღიძრა ხელვაჩაურში, კერძოდ ხელშეკრულების 4.9 პუნქტით მოთხოვნით უნდა მიემართათ ხელშეკრულების მოქმედების ადგილის მიხედვით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთვის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2016 წლის 01 აგვისტოს შ.პ.ს. „კ-----სა“ და ნ-------------–----ეს შორის გაფორმდა სალომბარდო ხელშეკრულება №157, რომლის თანახმადაც ნ-------------–----ემ შ.პ.ს. „კ-----ისაგან“ სამი თვის ვადით აიღო სესხი 3000 (სამიათასი) აშშ დოლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი სამოქალაქო საქმეზე (ს.ფ. 2-15);

- სალომბარდო ხელშეკრულება (ს.ფ. 23-25);

- მოსარჩელის და მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი);

 

3.2. სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა I---------I ა/მანქანის სარეგისტრაციო R------; ა/მანქანის გამოშვების წელი 2004, ა/მანქანის ტიპი სატვირთო ფურგუნი, ა/მანქანის ფერი-თეთრი, ძრავის მოცულობა2800, ა/მანქანის სარეგისტრაციო მოწმობის A-------

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი სამოქალაქო საქმეზე (ს.ფ. 2-15);

- სალომბარდო ხელშეკრულება (ს.ფ. 23-25);

- მოსარჩელის და მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი);

 

3.3. 2016 წლის 01 აგვისტოს შპს „კ-----სა“ და ნ------–----–--ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №157, რომლის თანახმადაც ნ------–----–--ე ღებულობდა ვალდებულებას სოლიდარული ვალდებულებით უზრუნველეყო ნ-------------–----ესა და შპს „კ-----ს“ შორის 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული №157 სესხისა და სესხის უზრუნველყოფის ხელშეკრულებაში არსებული ვალდებულებები.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი სამოქალაქო საქმეზე (ს.ფ. 2-15);

- სალომბარდო ხელშეკრულება (ს.ფ. 23-25);

- მოსარჩელის და მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი);

- თავდების ხელშეკრულება (ს.ფ. 27-28);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნ-------------–----ემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და შპს „კ-----ის“ მიმართ წარმოეშვა დავალიანება 3660 (სამიათას ექვსასსამოცი) აშშ დოლარი, რის გამოც 2017 წლის 23 სექტემბრის ა/მანქანის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სესხით უზრუნველყოფის საგანი ა/მანქანა I---------I, ა/მანქანის სარეგისტრაციო R-----; ა/მანქანის გამოშვების წელი 2004, ა/მანქანის ტიპი სატვირთო ფურგუნი, ა/მანქანის ფერი-თეთრი, ძრავის მოცულობა 2800, ა/მანქანის სარეგისტრაციო მოწმობის A------- გასხვისებული იქნა. ნასყიდობის საგანი გაიყიდა 1450 (ერთიათას ოთხას ორმოცდაათ) აშშ დოლარად.

 

2018 წლის 01 თებერვალს მდგომარეობით ნ-------------–----ეს შ.პ.ს. „კ-----ის“ მიმართ გააჩნია დავალიანება 2210 (ორიათას ორას ათი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, კერძოდ: სესხის ძირი თანხა: 3000 ა.შ.შ დოლარი, სესხის ორი თვის პროცენტი 360 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილების 20 დღის - 300 აშშ დოლარი სულ 3 660 აშშ დოლარი, რომელსაც გამოაკლდა ა/მანქანის რეალიზაციით მიღებული თანხა 1450 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი სამოქალაქო საქმეზე (ს.ფ. 2-15);

- სალომბარდო ხელშეკრულება (ს.ფ. 23-25);

- თავდების ხელშეკრულება (ს.ფ. 27-28);

- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი);

 

3.2.2. მოპასუხეები გაფრთხილებული იქნა ვალდებულების შესრულებაზე და ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელ სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე, მაგრამ ვალდებულება არ იქნა შესრულებული.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი სამოქალაქო საქმეზე (ს.ფ. 2-15);

- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი);

 

3.2.3. მოპასუხის დავალიანება, სასარჩელო მოთხოვნით შპს ,,კ-----ი’’-ს მიმართ შეადგენს 2210 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი სამოქალაქო საქმეზე (ს.ფ. 2-15);

- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (სხდომის ოქმი);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 30)

 

3.2.4. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით სარჩელი არასწორად აღიძრა ხელვაჩაურში, კერძოდ ხელშეკრულების 4.9 პუნქტით მოთხოვნით უნდა მიემართათ ხელშეკრულების მოქმედების ადგილის მიხედვით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთვის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარჩელები სასამართლოს წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, რომლის მიხედვითაც სარჩელები, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან, სასამართლოს წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მითითებული საკანონმდებლო ნორმა ძალაშია 2018 წლის 29 მარტიდან, ხოლო განსახილველ საქმეზე სარჩელი სასამართლოში აღიძრა 2018 წლის 22 თებერვალს, მოპასუხე ნ-------------–----ის საცხოვრებელი ადგილია ხელვაჩაური, სოფ. ქვ----------ა, ამდენად საქმის განხილვის დროს მოცემული სარჩელი განსახილველად ექვემდებარება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვისა და მხარეების ახსნა-განმარტებისა მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,კ-----ი’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 867-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მითითებული გარემოებები ცხადყოფს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 01 აგვისტოს შ.პ.ს. „კ-----სა“'და ნ-------------–----ეს შორის გაფორმდა სალომბარდო ხელშეკრულება №157, რომლის თანახმადაც ნ-------------–----ემ შ.პ.ს. „კ-----ისაგან“ სამი თვის ვადით აიღო სესხი 3000 (სამიათასი) აშშ დოლარი. მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რაც არ მოახდინა და დაარღვია ხელშეკრულების პირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, ნ-------------–----ემ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს თანხების გადახდევინება, შესაბამისად, მისი მოთხოვნა მითითებულ ნაწილში დასაბუთებულია.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,კ-----ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის - 2210 (ორიათას ორას ათი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა.

 

6.2. მოპასუხე მხარემ ასევე სადავო გახადა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

2016 წლის 01 აგვისტოს შ.პ.ს. „კ-----სა“ და ნ-------------–----ეს შორის სალომბარდო ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად სესხის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და გაცემული იქნა ყოველთვიურად 6%-ში. ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად სესხის ან სესხის პროცენტის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში მსესხებელს კრედიტორის სასარგებლოდ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრება პირგასამტეხლო, სესხის ოდენობის 0.5 % აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

უდავოა, რომ 2016 წლის 01 აგვისტოს ხელშეკრულებებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო და შეთანხმდნენ მის ოდენობაზე. ხელშეკრულებაზე თანხმობით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, რითაც მან აიღო ვალდებულება შეასრულოს ისინი, დათქმულ დროს კეთილსინდისიერად და ჯეროვნად. დადგენილია რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა შესრულებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე მხარის ფინანსურ მდგომარეობას, კრედიტორის ეკონომიურ ინტერესს და სხვა გარემოებებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს გადასახდელად უნდა დაეკისროთ 20 დღის პირგასამტეხლო - 300 აშშ დოლარი, რაც არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას და არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 01 აგვისტოს შპს „კ-----სა“ და ნ------–----–--ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №157, რომლის თანახმადაც ნ------–----–--ემ აიღო სოლიდარული ვალდებულება უზრუნველეყო ნ-------------–----ესა და შპს „კ-----ს“ შორის 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული №157 სესხისა და სესხის უზრუნველყოფის ხელშეკრულებაში არსებული ვალდებულებები. შესაბამისად იგი წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს;

 

6.4. მოპასუხე მხარის განმარტებით სესხის უზრუნველყოფის საშუალება ავტომანქანა მოსარჩელემ არაკეთილსინდისიერად იაფად გაასხვისა, ვინაიდან ავტომანქანა გაცილებით ძვირი ღირდა, რითაც მან მისივე ბრალეულობით არ მიიღო ის შემოსავალი, რაც შეეძლო მიეღო.

 

დადგენილია, რომ სესხის უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა I---------I. ხელშეკრულების 4.5. პუნქტის თანახმად მსესხებელი კრედიტორს საკუთრებაში გადასცემს ა/მანქანას, ხოლო კრედიტორი მსესხებელს დროებით სარგებლობაში მართვის უფლებით გადასცემს უზრუნველყოფის საგანს.

 

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნ-------------–----ემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და შპს „კ-----ის“ მიმართ წარმოეშვა დავალიანება 3 660 (სამიათას ექვსასსამოცი) აშშ დოლარი, რის გამოც 2017 წლის 23 სექტემბრის ა/მანქანის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სესხით უზრუნველყოფის საგანი ა/მანქანა გასხვისებული იქნა 1450 აშშ დოლარად.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს დაუყონებლივ გაასხვისოს სესხის უზრუნველყოფილი საგანი და ფასი განსაზღვროს თავისი შეხედულებისამებრ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

რაიმე სახის მტკიცებულება მოპასუხე მხარეს მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად, გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქმეში წარმოდგენილი საგადასახადო დავალებებით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 163.35 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურების ხარჯი 200 ლარის ოდენობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეებს ნ-------------–----ეს და ნ------–----–--ეს მოსარჩელე შ.პ.ს. „კ-----ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საადვოკატო მომსახურების თანხა 200 ლარის და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის 163.35 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე შპს ,,კ-----ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს ნ-------------–----ესა (პ/ნ 6----------) და ნ------–----–--ეს (პ/ნ 6----------) მოსარჩელე შ.პ.ს. „კ-----ი“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2210 (ორიათას ორას ათი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა და თანხის ამოღების მიზნით მოხდეს მოპასუხეების ნებისმიერი უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაცია.

 

3. მოპასუხეებს ნ-------------–----ესა (პ/ნ 6----------) და ნ------–----–--ეს (პ/ნ 6----------) მოსარჩელე შ.პ.ს. „კ-----ი“-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 163.35 ლარის და საადვოკატო მომსახურების თანხის 200 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დავით გელაშვილი