გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.03.2019
საქმის ნომერი
240210017001817501
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210017001817501

(2/128-2017 წ )

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

26.03. 2019 წელი ქ. სენაკი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი ვასილ გოგინავა

 

მოსარჩელე - სს „არ--------------ა“

წარმომადგენელი - მი------- კუ-----–---–ი

 

მოპასუხე - ვ-–- გუ-–--------ა

წარმომადგენელი - ნა---- ჩხ------ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოსარჩელე სს „არ--------------ის“ სასარგებლოდ, მოპასუხის ვ-–- გუ-–--------ასათვის 8005.17 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს შემდეგ არგუმენტებზე:

2014 წლის 2 თებერვალს ხონის რაიონის სოფელ ნახახულევში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სს „არ--------------ის“ მიერ დაზღვეული FORD-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით -U------. ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულად, ხოლო 2014 წლის 14 აპრილს დამნაშავედ სს კოდექსის 276-ე მუხლით პირველი ნაწილით იქნა ცნობილი ვ-–- გუ-–--------ა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მართავდა MERSEDES-ის მარკის ავტომანქანას (სახ N B--------). სადაზღვევო კომპანიამ გადაიხადა ავტომანქანის დაზიანებით გამოწვეული ზიანი, რამაც შეადგინა 8005.17 ლარი, რასაც მოითხოვს ვ-–- გუ-–--------ასაგან.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ვ-–- გუ-–--------ას წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო. დაადასტურა ვ-–- გუ-–--------ას ბრალეული ქმედებით ავტომანქანის დაზიანების ფაქტი, თუმცა მიუთითა, რომ დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით, ავტომანქანის განადგურებულად გამოცხადების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან არ დგინდებოდა, რომ დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ღირებულება აღემატებოდა მისი საბაზრო ღირებულების 75% -ს. ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, მოპასუხის მოსაზრებით, მიყენებული ზიანის ოდენობა არ აღემატება 7122 ლარს.

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2013 წლის 12 დეკემბერს სს „არ--------------ა“ -სა და (ყოფილი შპს სადაზღვევო კომპანია არ-----------ი) სს „თი------–-----გს“ შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულება ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის შესახებ, რომლის საფუძველზეც დაზღვეული იქნა სს „თი------–-----გის“ სარგებლობაში არსებული FORD-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით -U------ და გაცემული იქნა სადაზღვევო პოლისი MHL/14-017692-401. დაზღვევა მოიცავდა ავტომანქანა FORD-ის სახ. სახელმწიფო ნომრით -U------, მთელ რიგ სადაზღვევო რისკებს, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეულ დაზიანებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-გენერალური ხელშეკრულება (12.12.2013 წ);

- სადაზღვევო პოლისი MHL/14-017692-401;

- მხარეთა განმარტებები;

 

3.2.2. 2013 წლის 2 თებერვალს ხონის რაიონის სოფელ ნახახულევში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც MERSEDES-ის მარკის ავტომანქანა სახ.N B--------, რომელსაც მართავდა ვ-–- გუ-–--------ა (მცხოვრები მარტვილის რაიონის სოფელ ლეხაინდრაოში) შეეჯახა FORD-TRANZIT-ის მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით -U------, რომელსაც მართავდა კახა ცინცაძე (ფაქტობრივად მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონის სოფელ წინსვლაში). აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავედ სს კოდექსის 276-ე მუხლით პირველი ნაწილით ცნობილი იქნა ვ-–- გუ-–--------ა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

-სისხლის სამართლის საქმის მასალები;

 

3.2.3. შემთხვევის შემდეგ, 2014 წლის 2 თებერვალს, 15:20 საათზე ორივე ავტომანქანა ევაკუატორის მეშვეობით გადაყვანილ იქნა წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მდებარე სპეციალურ ავტო საჯარიმო სადგომში შპს „იმპერია 2009“-ში. აქტის მიხედვით, დაზიანებული იყო „კაპოტი“, „ბუფერი“, „აბლიცოვკა“, მარჯვენა ორი კარი, შუშა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს „იმპერია 2009“-ს აქტები (02.02.2014 წ);

 

3.2.4.სადაზღვევო კომპანიის დაკვეთით, 2014 წლის 19 მარტს, KB MOTORS-ის სახელოსნოში, KB MOTORS-ის მიერ მიყენებული ზიანის ოდენობისა და ნარჩენების ღირებულების დადგენის მიზნით განხორციელდა ავტომობილის ინსპექტირება. ინსპექტირების აქტის მიხედვით, ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ხარისხიდან გამომდინარე, ავტომანქანის აღდგენის ღირებულება აღემატება საბაზრო ღირებულების 70%-ს. ავტომანქანის აღდგენა მიზანშეუწონელია და ის ითვლება განადგურებულად. იმავე აქტის მიხედვით, ავტომანქანის საბაზრო ღირებულება შეადგენს 7300 აშშ დოლარს, ხოლო ნარჩენების საბაზრო ღირებულება შეადგენს 2500 აშშ დოლარს (+- 20%).იგივე აქტის მიხედვით ავტომანქანა ჩამოწერილ იქნა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ჩამოწერის აქტი (19.03.2014 წ)

 

3.2.5.2014 წლის 28 მარტს სს „არ--------------ა“ -ს მიმართა სს „თი------–-----გმა“ და მოსთხოვა მიყენებული ზიანის 11 508.67 ლარის ანაზღაურება, რაც სადაზღვევო კომპანიის მიერ გადახდილ იქნა 2014 წლის 15 აპრილს. მოსარჩელემ ჩამოწერილი ავტომანქანის ნარჩენების რეალიზაციით მიიღო 2000 აშშ დოლარი (3503.40 ლარი), რაც გამოაკლო მის მიერ ანაზღაურებულ თანხას და ითხოვს მოპასუხისათვის 8005.17 ლარის ანაზღაურების დაკისრებას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საგადახდო დავალება N0 (15.04.2014 წ);

-მხარეთა განმარტებები.

 

3.2.6.სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, 2013 წლის 2 თებერვალს ხონის რაიონის სოფელ ნახახულევში, ვ-–- გუ-–--------ას ბრალეული მოქმედებით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სს „არ--------------ა“ -მ მიიღო 11 508.67 ლარის ზიანი, საიდანაც ვ-–- გუ-–--------ა მიერ სს „არ--------------ა“-სათვის ასანაზღაურებელია 8005.17 ლარი.

აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან, შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.

 

ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მისი წილი მტკიცების ფარგლებში შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, კერძოდ:

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს 2013 წლის 2 თებერვალს ხონის რაიონის სოფელ ნახახულევში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ამასთან, მხარეებს შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვ-–- გუ-–--------ას ბრალეული მოქმედებით. მხარეები დავობენ ავტომანქანის დაზიანების ხარისხზე და ასევე, მიყენებული ზიანის ოდენობაზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მას მიადგა 11 508.67 ლარის ზიანი, თუმცა ავტომანქანის ნარჩენების რეალიზაციის შედეგად მიიღო 2000 აშშ დოლარი (3503.40 ლარი) და დღეის მდგომარეობით, მოპასუხეს ასანაზღაურებელი აქვს 8005.17 ლარი.

 

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად წარმოადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი მტკიცებულებები:

 

ა)სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლის მიხედვით, ვ-–- გუ-–--------ა 2013 წლის 2 თებერვალს ხონის რაიონის სოფელ ნახახულევში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ჩადენაში ცნობილ იქნა დამნაშავედ სს კოდექსის 276-ე მუხლით პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე ვადით და მასვე დაეკირა ჯარიმა-1000 ლარი;

 

ბ)ავტომანქანის ჩამოწერის აქტი (19.03.2014 წ), რომლის მიხედვით, სადაზღვევო კომპანიის დაკვეთით, 2014 წლის 19 მარტს, KB MOTORS-ის სახელოსნოში, მიყენებული ზიანის ოდენობისა და ნარჩენების ღირებულების დადგენის მიზნით განხორციელდა FORD-TRANZIT-ის მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით -U------), ინსპექტირება. KB MOTORS-ის შეფასებით, ავტომანქანის საბაზრო ღირებულება შეადგენს 7300 აშშ დოლარს, ხოლო ნარჩენების საბაზრო ღირებულება შეადგენს 2500 აშშ დოლარს (+- 20%). იგივე აქტის მიხედვით, ავტომანქანა ჩამოწერილ იქნა;

გ)მოსარჩელის განმარტებით, ავტომანქანის ნარჩენი ნაწილების რეალიზაციით მიიღო 2000 აშშ დოლარი (3503.40 ლარი), რაც მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია;

 

დ)საგადახდო დავალება N0 (15.04.2014 წ), რომლის მიხედვით, 2014 წლის 15 აპრილს, მოსარჩელე სს „არ--------------ა“-მ სს „თი------–-----გს“ ჩაურიცხა FORD-TRANZIT-ის მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით -U------), დაზიანებით გამოწვეული ზიანი -11 508.67 ლარი;

 

ამ გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რაც გააქარწყლებდა, ან ეჭვქვეშ დააყენებდა ამ მტკიცებულებების სანდოობის ხარისხს, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. მოპასუხემ მიუთითა დაზიანების ხარისხზე მხოლოდ ზეპირად და აღნიშნა, რომ ავტომანქანა ჩამოწერას არ ექვემდებარებოდა, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა, თუმცა ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მხოლოდ მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები ამ ფაქტებს ადასტურებენ და სადავოდ არ ხდიან. თუ მხარეებისათვის ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი სადავოა, მაშინ ზეპირი განმარტება აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ზეპირად გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდეს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, თუმცა მთავარია რამდენად სარწმუნოა იგი. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ უფრო უკეთ განახორციელა თავისი საპროცესო მოვალეობა და სასამართლოს წარმოუდგინა უფრო მყარი და სანდო მტკიცებულებები, ვიდრე მოპასუხემ. მოპასუხემ სადავო გარემოების დადასტურება სათანადო მტკიცებულების წარდგენით ვერ უზრუნველყო, შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სს „არ--------------ა“ -მ ვ-–- გუ-–--------ას ბრალეული მოქმედებით მიიღო 11 508.67 ლარის ზიანი, საიდანაც ვ-–- გუ-–--------ას ასანაზღაურებელი თანხაა - 8005.27 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3016-317-ე, 992-ე, 799-ე, 832-ე, 408-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ვ-–- გუ-–--------ას მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა. სადაზღვევო კომპანიამ ავარიით დამდგარი ზიანი აანაზღაურა. ვ-–- გუ-–--------ა არ ცნობს სარჩელს და უარს ამბობს ზიანის ანაზღაურებაზე, მაშინ ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სს კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე. ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ვალდებულების მონაწილე სუბიექტს აიძულებს რაიმე მოქმედების შესრულებას, ან ასეთი მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებას. იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სხვისი ქონების დაზიანება, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. ამიტომაც მხარეთა ურთიერთობა წარმოადგენს დელიქტის საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალქო კოდექსის 992-ე მუხლით „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი”.

 

იმისათვის, რომ ვ-–- გუ-–--------ას დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, საჭიროა ერთდროულად არსებობდეს რამოდენიმე პირობა. კერძოდ: ვ-–- გუ-–--------ას ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო; მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით; მართლსაწინააღმდეგო ქმედებას უნდა მოყვეს ზიანი; ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედება (ან უმოქმედობა) მართლსაწინააღმდეგოა, თუ სუბიექტის მოქმედება არ შეესაბამება სამართლის ნორმებით დადგენილ წესს და ეწინააღმდეგება მას. კანონი იცავს სამართლით რეგულირებულ და დაცულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს. მართლსაწინააღმდეგო ქმედებით შესაძლებელია ზიანი მიადგეს საზოგადოებისა და ცალკეული პიროვნების კანონით დაცულ ფასეულობას, საკუთრებას, სახელმწიფოს ან საზოგადოებას მთლიანად. მართლსაწინააღმდეგო ქმედება იწვევს იურიდიულ პასუხისმგებლობას. მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებების ხელყოფა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია და ამისათვის გათვალისწინებულია სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირი, რომელიც სხვას მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ მოპასუხის მოქმედება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, უპირველესად უნდა დადგინდეს მისი მოქმედება კანონით დადგენილ რომელ წესს ეწინააღმდეგება.

 

,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლება-მოვალეობებს, საგზაო მოძრაობის წესებსა და პირობებს, საგზაო ნიშნებსა და საგზაო მონიშვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ზოგად მოთხოვნებს.

 

საქმეზე შეკრებილი მასალებით დადგენილია, რომ ვ-–- გუ-–--------ა არ დაემორჩილა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოძრაობის წესებს, რასაც მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა. მისი ქმედება შეფასებული იქნა დანაშაულად, რისთვისაც მას სასჯელი დაეკისრა.

 

დელიქტური ვალდებულების ერთერთი წინაპირობაა ის, რომ მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით.

 

ვ-–- გუ-–--------ას მიერ ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დაუცველობა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა.

 

დელიქტური ვალდებულება არ არსებობს ზიანის გარეშე. სასამართლო მიიჩნევს, რომDდელიქტური ვალდებულების არსებობისას, ზიანის არსებობა გამოიანგარიშება მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს დაზიანებული სიკეთის ხელყოფის ხარისხით და ხელყოფის აღმოფხვრისათვის გაწეული მატერიალური რესურსის დანაკარგებით. სასამართლომ დაადგინა, რომ FORD-TRANZIT-ის მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით -U------) დაზიანდა ვ-–- გუ-–--------ას მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დაუცველობის შედეგად, რითაც მოსარჩელემ მიიღო 8005.17 ლარის ზიანი. შესაბამისად, ზიანი უნდა განისაზღვროს 8005.17 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ერთერთი პირობაა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ განზრახი მათლწინააღმდეგო ქმედების და ზიანის არსებობა არაა საკმარისი დელიქტური ვალდებულებისათვის. სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დავალდებულებისათვის, სავალდებულოა მართლსაწინააღმდეგო ქმედება დროში წინ უსწრებდეს დამდგარ ზიანს და მხოლოდ ეს ქმედება განსაზღვრავდეს და იწვევდეს ზიანის შედეგის დადგომას (მიზეზობრივი კავშირი).

 

დადგენილია, რომ FORD-TRANZIT-ის მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით -U------)დაზიანდა ვ-–- გუ-–--------ას მართვის ქვეშ მქონე ავტო სატრანსპორტო საშუალების შეჯახების შედეგად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადგენილია განაჩენით და მხარეთა განმარტებებით. ავტომანქანის დაზიანებას წინ უსწრებდა ვ-–- გუ-–--------ას მართლსაწინააღმდეგო ქმედება. კერძოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ავარია, რამაც დააზიანა დაზღვეული ავტომანქანა. აღნიშნული მიუთითებს, მასზედ, რომ ვ-–- გუ-–--------ას მართლსაწინააღმდეგო ქმედება დროში წინ უსწრებდა შედეგს და წარმოადგენდა ამ ზიანის დადგომის ერთადერთ განმაპირობებელ გარემოებას. ანუ ვ-–- გუ-–--------ას ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

დასკვნის სახით სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ-–- გუ-–--------ა მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ. მისი მართლსაწინააღმდეგობა მდგომარეობს ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფაში. მან არ დაიცვა კანონით დადგენილი მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა. ავარიის შედეგად დაზიანდა სს „თი------–-----გის“ სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე ვ-–- გუ-–--------ა ვალდებულია აანაზღაუროს მისი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილით დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დადგენილია და სადავოც არარის ის გარემოება, რომ FORD-TRANZIT-ის მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომრით -U------) დაზღვეული იყო მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიაში და მან აანაზღაურა ის ხარჯი, რაც ავარიის შედეგად დადგა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“.

 

დადგენილია, რომ ზიანი დადგა ვ-–- გუ-–--------ას ქმედებით. შესაბამისად ვ-–- გუ-–--------ას ვალდებულებაა გადაიხადოს 8005.17 ლარი და აღმოფხვრას ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილით : ,,თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით“.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ ვ-–- გუ-–--------ას მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი - ზიანი, მოსარჩელემ, როგორც მზღვეველმა, აანაზღაურა. შესაბამისად, ის იკავებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტის ადგილს. შესაბამისად, მისი მოთხოვნა - დაზღვეული ავტომანქანის აღდგენისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დამკაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან”. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე მოსარჩელის მიერ გაღებულია ხარჯი -240.80 ლარი, რაც გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება სრულად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 257-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს „არ--------------ის“ სარჩელი მოპასუხის ვ-–- გუ-–--------ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

1.1.დაეკისროს ვ-–- გუ-–--------ას (პ/ნ2----------) სს „არ--------------ის“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ 8005.17 ლარის გადახდა.

 

2. დაეკისროს ვ-–- გუ-–--------ას (პ/ნ2----------) სს „არ--------------ის“ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ხარჯების - 240.80 ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია