გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2019
საქმის ნომერი
330210018002743830
კატეგორია
დავის ტიპი
ინტელექტუალური საკუთრება
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე #2/34683-18

14 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე სოსო ღურწკაია

სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე

მოსარჩელეები: შპს ,,გლ-----–------ა", შპს ,,ინ----–-------------ი"

წარმომადგენელი პა-----------ე

მოპასუხე წარმომადგენლები: შპს ,,მი-------------------–------------ი" მზ----------–-ა, ზვ-----------–-ა

დავის საგანი სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე შპს ,,მი-------------------–------------ს" აეკრძალოს სასაქონლო ნიშნის ,,GO---------D" (ქართულ ენაზე ,,გო-–----------დ") გამოყენება ნიცის კლასიფიკაციის 41-ე კლასით გათვალისწინებული მომსახურებისთვის, მათ შორის, კონკურსის და დაჯილდოების ფარგლებში გამოყენება, საქონელზე ან შეფუთვაზე დატანა, ამ ნიშნით საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან/და საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი და ექსპორტი, ამ ნიშნით მომსახურების შეთავაზება ან/და გაწევა, ამ ნიშნის რეკლამისთვის ან/და საქმიან ქაღალდზე გამოყენება, საქონლის შესაფუთ საშუალებაზე, ეტიკეტზე და ა.შ. დატანა, შესაფუთი მასალის ან შეფუთვის შეთავაზება, მიმოქცევაში შეტანა, გასაღება ან გასაღებისთვის მომზადება, იმპორტი და ექსპორტი. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შპს ,,გლ-----–------ა" და შპს ,,ინ----–-------------ი" წარმოადგენენ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში (საქპატენტში) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის - ,,GO---------D" (ქართულ ენაზე ,,გო-–----------დ") თანამფლობელებს. სასაქონლო ნიშანი მოსარჩელეების სახელზე რეგისტრირებული იქნა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (,,საქპატენტის") 2009 წლის 27 იანვრის #1----- გადაწყვეტილებით და მის საფუძველზე გაცემული იქნა შესაბამისი მოწმობა (M-----). სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია ნიცის კლასიფიკაციის 41-ე კლასში განსაზღვრული მომსახურების მიმართ, რაც მოიცავს კონკურსის და დაჯილდოების ორგანიზებას. სასაქონლო ნიშნის სარეგისტრაციო მონაცემების მიხედვით, მოსარჩელეების კუთვნილი სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს გრაფიკულ გამოსახულებას, რომელშიც მოცემულია სიმბოლო - ,,GO---------D" და ფერთა ერთობლიობა - ოქროსფერი, შავი, ნაცრისფერი. მოპასუხე შპს ,,მი-------------------–------------ი" სისტემატურად არღვევს სასაქონლო ნიშანზე მოსარჩელეების განსაკუთრებულ უფლებას. კერძოდ, მოპასუხე მის მიერ ორგანიზებულ არაერთ ღონისძიებაზე, რომელიც ასევე კონკურსის და დაჯილდოების სახეს ატარებს, უნებართვოდ იყენებს მოსარჩელეების კუთვნილ სასაქონლო ნიშანს - ,,GO---------D". აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მოპასუხე შპს ,,მი-------------------–------------ს" აეკრძალოს სასაქონლო ნიშნის ,,GO---------D" (ქართულ ენაზე ,,გო-–----------დ") გამოყენება ნიცის კლასიფიკაციის 41-ე კლასით გათვალისწინებული მომსახურებისთვის, მათ შორის, კონკურსის და დაჯილდოების ფარგლებში გამოყენება, საქონელზე ან შეფუთვაზე დატანა, ამ ნიშნით საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან/და საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი და ექსპორტი, ამ ნიშნით მომსახურების შეთავაზება ან/და გაწევა, ამ ნიშნის რეკლამისთვის ან/და საქმიან ქაღალდზე გამოყენება, საქონლის შესაფუთ საშუალებაზე, ეტიკეტზე და ა.შ. დატანა, შესაფუთი მასალის ან შეფუთვის შეთავაზება, მიმოქცევაში შეტანა, გასაღება ან გასაღებისთვის მომზადება, იმპორტი და ექსპორტი. (იხ. სარჩელი, ტომი 1, ს. ფ. 4-8, იხ. 2019 წლის 05 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე შპს ,,მი-------------------–------------ი" სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: შპს ,,მი-------------------–------------ი" 2015 წლიდან რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და ამ პერიოდიდან ახორციელებს კონკურსის და დაჯილდოების ორგანიზებას. მოპასუხე კონკურსის ორგანიზებისას იყენებს საკუთარ საფირმო სახელწოდებას - ,,M------------ GO---------D" და არა მოსარჩელეების სასაქონლო ნიშანს. ამასთან, მოპასუხის მიერ გამოყენებული ნიშანი აშკარად განსხვავდება მოსარჩელეების სასაქონლო ნიშნისგან, კერძოდ, მოპასუხის მიერ გამოყენებულ ნიშანში, სიტყვაში ,,G-----" ასო ,,E" გამოსახულია გვირგვინთან ერთად. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს 43 ქვეყანაში ტარდება კონკურსი სახელწოდებით - ,,GO---------D", რომელიც არის ანალოგიური კონკურსების დაჯილდოების სიმბოლური სახელი. ამდენად, მოპასუხე არ არღვევს მოსარჩელეების განსაკუთრებულ უფლებას სასაქონლო ნიშანზე - ,,GO---------D". გარდა ამისა, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომ მის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი დავის განხილვის დროს ძალაშია. საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ მოპასუხის მიერ გამოყენებული ნიშანი მოსარჩელეების სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია. (იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 47-49, იხ. 2019 წლის 05 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში შპს ,,ინ----–-------------ის" და შპს ,,გლ-----–------ას" სახელზე რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი - ,,GO---------D", გამოსახულებით ელემენტებთან და ფერებთან (ოქროსფერი, ყვითელი, თეთრი, შავი, ნაცრისფერი) ერთად. სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებული იქნა ნიცის კლასიფიკაციის 41-ე კლასში განსაზღვრული მომსახურების - კონკურსის და დაჯილდოების ორგანიზება, მიმართ. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის 2009 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 16-17) - 2008 წლის 04 ივნისის შეტყობინება (ტომი 1, ს.ფ. 18-19) - #M----- მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 20) 3.1.2. შპს ,,მი-------------------–------------ი" ახორციელებს სილამაზის კონკურსის და დაჯილდოების ორგანიზებას, რა დროსაც მოპასუხე იყენებს ნიშანს - ,,M------------ GO---------D". სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ვიდეო-მასალა (ტომი 1, ს.ფ. 29) - მხარეთა ახსნა-განმარტება

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხის მიერ კონკურსის და დაჯილდოების ორგანიზებისას გამოყენებული ნიშანი - ,,M------------ GO---------D" მოსარჩელეების სასაქონლო ნიშნის - ,,GO---------D", მსგავსია.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელეები ითხოვენ მოპასუხისთვის სასაქონლო ნიშნის ,,GO---------D" გამოყენების აკრძალვას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, აღნიშნული სასაქონლო ნიშანი ,,საქპატენტში" რეგისტრირებულია მათ სახელზე ნიცის კლასიფიკაციის 41-ე კლასში განსაზღვრული მომსახურების - კონკურსის და დაჯილდოების, - მიმართ. მოპასუხე კი, მის მიერ ორგანიზებულ არაერთ ღონისძიებაზე, რომელიც ასევე კონკურსის და დაჯილდოების სახეს ატარებს, უნებართვოდ იყენებს მოსარჩელეების კუთვნილ სასაქონლო ნიშანს - ,,GO---------D", რითაც არღვევს სასაქონლო ნიშანზე მოსარჩელეების განსაკუთრებულ უფლებას.

 

მოპასუხე მხარე აღნიშნულ გარემოებას არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მოპასუხე კონკურსის ორგანიზებისას იყენებს საკუთარ საფირმო სახელწოდებას - ,,M------------ GO---------D" და არა მოსარჩელეების სასაქონლო ნიშანს. ამასთან, მოპასუხის მიერ გამოყენებული ნიშანი აშკარად განსხვავდება მოსარჩელეების სასაქონლო ნიშნისგან, კერძოდ, მოპასუხის მიერ გამოყენებულ ნიშანში, სიტყვაში ,,G-----" ასო ,,E" გამოსახულია გვირგვინთან ერთად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისთვის უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა მოსარჩელეების სახელზე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს „GO---------D" და მოპასუხის მიერ გამოყენებულ ნიშანს ,,M------------ GO---------D" შორის ისეთი მსგავსება, რომელსაც შეუძლია მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა.

 

სადაო გარემოების დადგენის მიზნით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ვიდეომასალა) დადგენილია, რომ შპს ,,მი-------------------–------------ი“ ახორციელებს სილამაზის კონკურსის და დაჯილდოების ორგანიზებას და ამ ღონისძიებების ჩატარებისას იყენებს ნიშანს - ,,M------------ GO---------D". ამასთან, 2017 წელს, კონკურსის ორგანიზებისას გამოყენებულ ნიშანში - ,,M------------ GO---------D", სიტყვაში ,,G-----" ასო ,,E" გამოსახული იქნა გვირგვინთან ერთად (იხ. ვიდეომასალა, ტომი 1, ს.ფ. 29, იხ. საქმიანი ქაღალდი, ტომი 1, ს.ფ. 69).

 

ამდენად, მოპასუხის მიერ გამოყენებული ნიშანი შეიცავს მოსარჩელეების სასაქონლო ნიშანს - ,,GO---------D". ამასთან, ამ სიტყვათა შეხამებას მოპასუხის მიერ გამოყენებულ ნიშანში უკავია დომინანტური ადგილი, ხოლო ნიშნის სხვა ნაწილები აღწერილობითია და მიუთითებს კონკურსის გამარჯვებულების სქესზე - M--------–-) და M---------–-). შესაბამისად, ეს ელემენტი არაგანმასხვავებელუნარიანი და აღწერილობითია მომსახურების მიმართ, რის გამოც გამოყენებული ნიშნის დატვირთვა გადადის სწორედ მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირებულ სადავო სიტყვათწყობაზე - ,,GO---------D". გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეების სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია ფერებთან ერთად - ოქროსფერი, ყვითელი, თეთრი, შავი, ნაცრისფერი. მოპასუხის მიერ გამოყენებული ნიშანიც გადმოცემულია ანალოგიურ ფერებში შავი და ოქროსფერი (იხ. ვიდეომასალა, ტომი 1, ს.ფ. 28-29). სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ორ ნიშანს განსხვავებულობას არ სძენს ის ფაქტი, რომ მოპასუხის მიერ გამოყენებულ ნიშანში სიტყვაში ,,G-----" ასო ,,E" გამოსახულია გვირგვინთან ერთად. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხის მიერ გამოყენებული ნიშნის ძირითადი ელემენტია სიტყვათშეხამება - ,,GO---------D", რომლის ერთი ასოს განსხვავებულად გადმოცემა მომხმარებლის აღქმაში ვერ შესძენს ნიშანს განსხვავებულობას.

 

ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ გამოყენებული ნიშანი მოსარჩელეების კუთვნილ სასაქონლო ნიშანთან მიმსგავსებულია იმგვარად, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. სასამართლო თვლის, რომ ასევე მსგავსია (თუ არა იდენტური) ის მომსახურება, რომლის მიმართაც მოპასუხე იყენებს სადაო სასაქონლო ნიშანს. კერძოდ, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მოსარჩელეებს სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებული აქვთ კონკურსის და დაჯილდოების მიმართ. თავის მხრივ, მოპასუხე სადაო სასაქონლო ნიშნის გამოყენებით ახორციელებს სილამაზის კონკურსის და დაჯილდოების ორგანიზებას (იხ. ვიდეომასალა). სასამართლოს აზრით, სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავ გარემოებას არ წარმოადგენს მოპასუხის მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ორგანიზებას უწევს ბიზნეს დაჯილდოებას, ხოლო მოპასუხე ატარებს კონკურსს საკუთარი სამოდელო სააგენტოს მოდელებს შორის. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეებს სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებული აქვთ ზოგადად კონკურსის და დაჯილდოების მიმართ ანუ მოსარჩელეების სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია ყველანაირი კრიტერიუმით ჩატარებული კონკურსის და დაჯილდოების, მათ შორის სილამაზის კონკურსის, მიმართ.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის მიერ გამოყენებული ნიშნის მოსარჩელეების სასაქონლო ნიშანთან მსგავსების დასადასტურებლად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა საამისოდ განკუთვნადი მტკიცებულება - ექსპერტიზის დასკვნა და აღნიშნული გარემოება არ შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები თვითონ წყვეტენ რა გარემოებები დაუდონ საფუძვლად თავიანთ მოთხოვნებს და რა მტკიცებულებებით დაადასტურონ ეს გარემოებები. ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს კონკრეტული გარემოების დასადასტურებლად მხოლოდ საამისოდ განკუთვნადი მტკიცებულების წარდგენას, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავა ეხება სასაქონლო ნიშნის გამოყენებას, რომლის ფარგლებშიც დასადგენ გარემოებას წარმოადგენს მოპასუხის მიერ გამოყენებული ნიშნის მსგავსება მოსარჩელეების კუთვნილ სასაქონლო ნიშათან. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოების დადგენის მიზნით კანონი რაიმე სახის სპეციალური მტკიცებულების, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნის, წარდგენის ვალდებულებას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოპასუხე მხარის მითითება მოსარჩელის მიერ სათანადო მტკიცებულების წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მოპასუხის მიერ გამოყენებული ნიშანი მოსარჩელეების სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო მომსახურება იდენტური და იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.

 

3.2.2. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე მხარე ითხოვს მოპასუხისთვის სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვას. მოსარჩელეების წარმომადგენლის მითითებით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში მოსარჩელეებს რეგისტრირებული აქვთ სასაქონლო ნიშანი - ,,GO---------D", რომელზეც განსაკუთრებული უფლების დარღვევას ახორციელებს მოპასუხე. სარჩელთან ერთად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის 2009 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება მოსარჩელეების სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე (ტომი 1, ს.ფ. 16-17), ასევე რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 20).

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ახსნა-განმარტების ეტაპზე, მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ დავის განხილვის დროისთვის მოსარჩელეების სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ძალაშია.

 

ამდენად, მოპასუხემ სადაოდ გახადა მოსარჩელეების სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ძალაში ყოფნის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოება (მოსარჩელეების სახელზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ძალაში ყოფნის შესახებ) წარმოადგენს ახალ გარემოებას, რომლის თაობაზეც მოპასუხე მხარეს შესაგებელში და საქმის მომზადების სტადიაზე არ მიუთითებია. მოპასუხის წარმომადგენელმა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნა ამის თაობაზე. ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთა საპატიო მიზეზის არსებობა, რის გამოც აღნიშნული გარემოება არ იქნა მითითებული შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე. მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ის საქმის წარმოებაში ჩაერთო მაშინ, როდესაც უკვე დანიშნული იყო სასამართლოს მთავარი სხდომა, რის გამოც არ შეეძლო საქმის მომზადების სტადიაზე გაეხადა სადაო მითითებული გარემოება. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მხარეს აკისრებს ვალდებულებას საქმის მომზადების ეტაპზე მიუთითოს საქმის ყველა გარემოება. ამასთან, კანონი არ ადგენს გამონაკლისს ამ წესიდან საქმეში მხარის წარმომადგენლის ჩაბმის ეტაპის გათვალისწინებით. შესაბამისად, მოპასუხე მხარის წარმომადგენლის საქმეში სასამართლოს მთავარი სხდომის ეტაპზე ჩაბმა, ვერ ჩაითვლება საპატიო მიზეზად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ინ----–-------------ის" და შპს ,,გლ-----–------ას" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6, 45-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელეები ,,სასაქონლო ნიშნების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-6 და 45-ე მუხლების საფუძველზე ითხოვენ მოპასუხისთვის სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვას. ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამრეწველო საკუთრების დაცვის ობიექტებია პატენტები, სასარგებლო მოდელები, სამრეწველო დიზაინები, სასაქონლო ნიშნები, მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები, წარმოშობის აღნიშვნები და ადგილწარმოშობის დასახელებები, აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთა. ამავე კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით, სასაქონლო ნიშნებზე განსაკუთრებული უფლებების მოპოვებისა და დამცავი დოკუმენტების ძალაში შენარჩუნების წესებს არეგულირებს მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობა. ,,სამრეწველო საკუთრების დაცვის“ პარიზის კონვენციის 10bis მუხლის თანახმად, (1) კავშირის ქვეყნები ვალდებული არიან უზრუნველყონ კავშირის ქვეყნების მოქალაქეები არაკეთილსინდისიერი კონკურენციისაგან ეფექტიანი დაცვით. (2) არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აქტს შეადგენს კონკურენციის ნებისმიერი აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის პატიოსან ჩვევებს. (3.1.) ისეთი ხასიათის მქონე ყველა ქმედება, რომელსაც შეუძლია რაიმე გზით გამოიწვიოს აღრევა კონკურენტის დაწესებულების, საქონლის, სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის მიმართ. „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინი ,,ინტელექტუალური საკუთრება” მოიცავს სასაქონლო ნიშანსაც. ამავე შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად, ნებისმიერი ნიშანი, ან ნიშანთა ერთობლიობა, რომელსაც უნარი შესწევს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება განასხვაოს სხვა საწარმოთა საქონლის ან მომსახურებისაგან, შეიძლება წარმოადგენდეს სასაქონლო ნიშანს. ,,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ ,,ქონებას“ წარმოადგენს, შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდგომ, სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72, ECHR2007-I/.)" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილება გადაწყვეტილება, საქმე #ას-1285-1223-2014). ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ" ქვეპუნქტის მიხედვით, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ,,ინ----–-------------ი" და შპს ,,გლ-----–------ა" წარმოადგენენ სასაქონლო ნიშანზე - ,,GO---------D“, განსაკუთრებული უფლების მფლობელებს. აღნიშნული ნიშანი მოსარჩელეებს რეგისტრირებული აქვთ ნიცის კლასიფიკაციის 41-ე კლასში გათვალისწინებული მომსახურების - კონკურსის და დაჯილდოების ორგანიზება, - მიმართ. შპს ,,მი-------------------–------------ი“ ახორციელებს სილამაზის კონკურსის და დაჯილდოების ორგანიზებას და ამ ღონისძიებების ჩატარებისას იყენებს ნიშანს - ,,M------------ GO---------D". ამასთან, 2017 წელს, კონკურსის ორგანიზებისას გამოყენებულ ნიშანში - ,,M------------ GO---------D", სიტყვაში ,,G-----" ასო ,,E" გამოსახული იქნა გვირგვინთან ერთად. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ გამოყენებული ნიშანი - ,,M------------ GO---------D", მოსარჩელეების სასაქონლო ნიშნის - ,,GO---------D" მსგავსია, ხოლო მომსახურება იდენტური და იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა (იხ. 3.2.1. ფაქტობრივი გარემოება). ამდენად, მოპასუხე არღვევს სასაქონლო ნიშანზე მოსარჩელეების განსაკუთრებულ უფლებას, რაც მოსარჩელე მხარეს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების შეწყვეტა. ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება: ა) სასაქონლო ნიშნის დატანა საქონელზე ან მის შეფუთვაზე; ბ) ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით; გ) სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მომსახურების შეთავაზება ან გაწევა; დ) სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება: ა) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა შესაფუთ საშუალებაზე, ეტიკეტზე და ა.შ.; ბ) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის ან შეფუთვის შეთავაზება, მიმოქცევაში შეტანა, გასაღება ან გასაღებისათვის მომზადება, მათი იმპორტი ან ექსპორტი. სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ შესაგებელში, ასევე დავის განხილვის დროს მოპასუხე მიუთითებდა, რომ მის მიერ გამოყენებული ნიშანი არ იყო მოსარჩელეების სასაქონლო ნიშნის მსგავსი, ასევე მოსარჩელეს არ ჰქონდა წარმოდგენილი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ძალაში ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულება. მითითებული გარემოებები სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული (იხ. 3.2.1 და 3.2.2. ფაქტობრივი გარემოებები). რაც შეეხება მოპასუხე მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი კონკურსს ატარებს თავისი საფირმო სახელწოდებით - ,,მი-------------------–------------ი". ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საფირმო სახელწოდება, ანუ ფირმა არის სახელი, რომლითაც საქმიანობს მეწარმე სუბიექტი. ამასთან, ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საწარმოს საფირმო სახელწოდების მითითება წარმოადგენს საწარმოს რეგისტრაციის ერთ-ერთ პირობას. ამდენად, კომპანიის საფირმო სახელწოდებით მოპასუხეს შეუძლია გამოვიდეს საქმიან ურთიერთობებში. რაც შეეხება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საფირმო სახელწოდების გამოყენებას, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონი არ კრძალავს სასაქონლო ნიშნად კომპანიის საფირმო სახელწოდების გამოყენებას, თუმცა ამგვარი ქმედების განხორციელების წინაპირობად განიხილავს მის რეგისტრაციას. ამდენად, კომპანიის საფირმო სახელწოდება უპირობოდ არ ანიჭებს კომპანიას ამ სახელის ყველა სფეროში გამოყენების უფლებას. როგორც ზემოთ აღინიშნა, საფირმო სახელწოდება განკუთვნილია კომპანიის სამეწარმეო საქმიანობისთვის და იგი უპირობოდ არ წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,გლ-----–------ას" და შპს ,,ინ----–-------------ის" სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. მოსარჩელეების მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 200 ლარის ოდენობით.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელეები ითხოვენ მათ საკუთრებაში არსებული სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვას.

 

,,სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე (ინტელექტუალური საკუთრება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 152-ე მუხლის მიხედვით, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლით, სასაქონლო ნიშანი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მისი რეგისტრაციის მომენტიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლით დაცულ ,,ქონებას“ წარმოადგენს, შესაბამისად, რეგისტრაციის პროცედურების დასრულების შემდგომ, სასაქონლო ნიშანი ხდება საკუთრების ობიექტი და მასზე ვრცელდება დაცვის ყველა სამართლებრივი რეგულაცია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება Anheuser-Busch Inc. v. Portugal [GC], no. 73049/01, §§ 66-72) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის განჩინება, საქმე #ას-1285-1223-2014).

 

ამდენად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს წარმოადგენს. შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვის მოთხოვნით აღძრული სარჩელი მიზნად ისახავს სასაქონლო ნიშანზე მოსარჩელეების ქონებრივი უფლების დაცვას, თუმცა ვინაიდან, ამ ნაწილში, დავის საგნის ფასის განსაზღვრა შეუძლებლია, სარჩელის დავის საგნის ფასი უნდა განისაზღვროს 4000 ლარით (თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტისა). შესაბამისად, მოცემულ სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 120 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს უნდა დაუბრუნდეთ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 80 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. შესაბამისად, შპს ,,მი-------------------–------------ს" მოსარჩელეების შპს ,,გლ-----–------ას" და შპს ,,ინ----–----------------ს" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 120 ლარის გადახდა მოსარჩელეების მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს ,,გლ-----–------ას" და შპს ,,ინ----–-------------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს:

მოპასუხე შპს ,,მი-------------------–------------ს" აეკრძალოს სასაქონლო ნიშნის ,,GO---------D" (ქართულ ენაზე ,,გო-–----------დ") გამოყენება ნიცის კლასიფიკაციის 41-ე კლასით გათვალისწინებული მომსახურებისთვის, მათ შორის, კონკურსის და დაჯილდოების ფარგლებში გამოყენება, საქონელზე ან შეფუთვაზე დატანა, ამ ნიშნით საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან/და საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი და ექსპორტი, ამ ნიშნით მომსახურების შეთავაზება ან/და გაწევა, ამ ნიშნის რეკლამისთვის ან/და საქმიან ქაღალდზე გამოყენება, საქონლის შესაფუთ საშუალებაზე, ეტიკეტზე და ა.შ. დატანა, შესაფუთი მასალის ან შეფუთვის შეთავაზება, მიმოქცევაში შეტანა, გასაღება ან გასაღებისთვის მომზადება, იმპორტი და ექსპორტი;

 

2. მოპასუხე შპს ,,მი-------------------–------------ს" მოსარჩელეების შპს ,,გლ-----–------ას" და შპს ,,ინ----–-------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 120 ლარის გადახდა მოსარჩელეების მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

3. შპს ,,გლ-----–------ას" და შპს ,,ინ----–-------------ს" დაუბრუნდეთ 80 ლარი სარჩელზე 2018 წლის 29 ოქტომბერს, სს ,,თიბისი ბანკში" (საგადასახადო დავალება #1---------), სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 ლარიდან, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300 773 150;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოსო ღურწკაია