გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210018002257695
№2-131/18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე მ------------ე
წარმომადგენელი ე------------–--ე
მოპასუხე სსიპ „აჭ-----------------------ო“
წარმომადგენელი ი------–-----
დავის საგანი - აუცილებელი გზით სარგებლობისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დავალდებულდეს მოპასუხე სსიპ „აჭ-----------------------ო“ გამოუყოს მოსარჩელე მ------------ეს აუცილებელი გზის მოწყობისათვის მიწის ნაკვეთი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მ------------ის საკუთრებაში ირიცხება ხელვაჩაურის რაიონი, სოფელ სარფში მდებარე 1001 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N22.30.01.161.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონი, სოფელ სარფში მდებარე მ------------ის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია N22.30.01.161, შემოფარგლულია სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთით საკადასტრო კოდით N22.30.01.348. ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მ------------ის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთს არა აქვს კავშირი საჯარო გზასთან და მისი საჯარო გზასთან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში და მოპასუხის მფლობელობაში რიცხული მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით N22.30.01.348, გამოყენებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ამონაწერები.
- საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
- ექსპერტიზის დასკვნა.
3.2.2. 2017 წლის 8 აგვისტოს მ------------ემ განცხადებით მიმართა სსიპ „აჭარის ა.რ. ს----------------ოს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საჯარო გზასა და მის საკუთრებაში რიცხულ 1001 კვმ მიწის ნაკვეთთან დამაკავშირებელი აუცილებელი გზის მოწყობისათვის ფართის გამოყოფის თაობაზე და მოითხოვა სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის ან ხანგრძლივი სარგებლობის უფლებით (სერვიტუტი) განკარგვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების ნებართვის საფუძველზე, რაზედაც მოპასუხის 2017 წლის 13 სექტემბრის 09/1084 წერილით უარი ეთქვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- მ------------ის წარმომადგენლის განცხადება.
- სსიპ აჭ-----------------------ოს წერილი.
-აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის 06.11.2017წ. ბრძანება.
3.2.3. ლევან სამხარაულის სახელობის ესპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ივლისის დასკვნის თანახმად მ------------ის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთს, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი სარფი ს/კ N22.30.01.161, არ გააჩნია აუცილებელი მისასვლელი გზა. გზის მოწყობა კი შესაძლებელია სარფი-ბათუმის მთავარი გზიდან იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება კვლევაში მითითებული შენიშვნები. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ ვინაიდან ხელვაჩაურის რაიონი, სოფელ სარფში მდებარე მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდით N22.30.01.161 და N22.30.01.348) რელიეფი წარმოადგენს რთულ კატეგორიას, მისასვლელი გზის მოსაწყობად საჭიროა მოხდეს ადგილის გეოლოგიურად შეწავლა, შესაბამისი პროექტის შედგენა და შემდგომში გზის მშენებლობის განხორციელება აღნიშნული პროექტის შესაბამისად. გარდა აღნიშნულისა რადგანაც ზ/აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებულია წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი ჯიშის ხეები, აღნიშნულიც უნდა იქნეს გათვალისწინებული პროექტის შედგენისას. ამასთან ამავე დასკვნის თანახმად მ------------ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი აუცილებელი გზა უნდა იქნეს მოწყობილი სარფი-ბათუმის მთავარი გზიდან სამშენებლო ნორმების და წესების მიხედვით და გზის სიგანე უნდა შეადგენდეს 3 მეტრს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის დასკვნა.
3.2.4. დადგენილია, რომ ინჟინერ გეოლოგი შ--------------ის მიერ ჩატარებლი იქნა მ------------ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის საინჟინრო გეოლოგიური კვლევა, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ის ტერიტორია, სადაც უნდა მოხდეს მ------------ის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის გაყვანა მდებარეობს 700 -ით დახრილ ფერდობზე, პერსპექტივაში გზის მშენებლობის მიზნებისათვის საჭიროა აღნიშნულ მონაკვეთზე ბათუმი-სარფის გზატკეცილის მიმდებარედ მოეწყოს 3 მ სიმაღლის რკინაბეტონის საყრდენი კედელი, გზის გაყვანის დროს კლდოვანი ქანების ნგრევა უნდა მოხდეს სატეხი ჩაქუჩის გამოყენებით, ყოვლად დაუშვებელია ფეთქებადი სამუშაობის წარმოება. საყრდენი კედლის არმირება უნდა მოხდეს კონსტრუქტორის რჩევებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ი.ს. „GeoloG”-ის ინჟინერ გეოლოგი შ--------------ის საინჟინრო გეოლოგიური კვლევა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: მოსარჩელე მ------------ეს უნდა დაუდგინდეს ხელვაჩაურის რაიონი, სოფელ სარფში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან საკადასტრო კოდით N22.30.01.161 აუცილებელი მისასვლელი გზა და იგი მოწყობილ უნდა იქნეს ტექნიკური თვალსაზრისით ისე, როგორც მითითებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ივლისის N004828418 ექსპერტიზის დასკვნაში და ი.ს. „GeoloG”-ის ინჟინერ გეოლოგი შ--------------ის საინჟინრო გეოლოგიური კვლევაში, რა შემთხვევაშიც მისასვლელი გზა მოწყობილი უნდა იქნეს სარფი-ბათუმის მთავარი გზიდან დასკვნაში მითითებული შენიშვნების და საინჟინრო გეოლოგიური კვლევის გათვალისწინებით, ასევე მოპასუხე სსიპ აჭ-----------------------ოს წარმომდგენლების მეთვალყურეობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 170-ე, 174-ე, 180-ე მუხლები, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, მხოლოდ ვალდებულების ძალითაა კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის არ არსებობს არანაირი სახელშეკრულებო ურთიერთობა, ასევე ვალდებულება არ წარმოშობილა არც დელიქტისა და უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების წარმოშობის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძველი.
დადგენილია და მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ ხელვაჩაურის რაიონი, სოფელ სარფში მდებარე მ------------ის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია N22.30.01.161, შემოფარგლულია სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთით საკადასტრო კოდით N22.30.01.348. ასევე დადგენილია, რომ მ------------ის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთს არა აქვს კავშირი საჯარო გზასთან და მისი საჯარო გზასთან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში და მოპასუხის მფლობელობაში რიცხული მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით N22.30.01.348, გამოყენებით.
ლევან სამხარაულის სახელობის ესპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ივლისის დასკვნის თანახმად მ------------ის საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოწყობა შესაძლებელია სარფი-ბათუმის მთავარი გზიდან იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდება ამავე კვლევაში მითითებული შენიშვნები.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.
სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. ამავე ნორმის მეორე ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.
6.2. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ არსებობს მ------------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების როგორც სამართლებრივი, ასევე ფაქტობრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი წინასწარ არის გადახდილი. სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას კი მოსარჩელის წარმომადგენელმა უარი განაცხადა მოპასუხეზე მოსარჩელის მიერ გაწეული ყველა სასამართლო თუ არასასამართლო ხარჯის, მათ შორის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხეზე დაკისრებაზე (იხ. სხდომის ოქმი).
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად და შესაბამისად არ არსებობს მოპასუხეზე მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლო და არასასამართლო ხარჯების დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს მ------------ის სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. მოსარჩელე მ------------ეს დაუდგინდეს ხელვაჩაურის რაიონი, სოფელ სარფში მდებარე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან, საკადასტრო კოდით N22.30.01.161, აუცილებელი მისასვლელი გზა და იგი მოწყობილ იქნეს ტექნიკური თვალსაზრისით ისე, როგორც მითითებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 ივლისის N004828418 ექსპერტიზის დასკვნაში და ი.ს. „GeoloG”-ის ინჟინერ გეოლოგი შ--------------ის საინჟინრო გეოლოგიურ კვლევაში, რა შემთხვევაშიც მისასვლელი გზა მოწყობილი უნდა იქნეს სარფი-ბათუმის მთავარი გზიდან დასკვნაში მითითებული შენიშვნების და საინჟინრო გეოლოგიური კვლევის გათვალისწინებით, ასევე მოპასუხე სსიპ აჭ-----------------------ოს წარმომადგენლების მეთვალყურეობით.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე