გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1625-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.03.2019 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი
სხდომის მდივანი სალომე გურგუჩიანი
მოსარჩელე: სს ,,თ----------ი“
წარმომადგენელი: მ-----------------ა
მოპასუხე: ლ---------------ა; ლ--–-------------ე
წარმომადგენელი: თ------------------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ლ---------------ასა და ლ--–-------------ეს დაეკისროთ სოლიდარულად სს „ლ--------------ს“ სასარგებლოდ დავალიანების გადახდა 9141.41 ლარის ოდენობით.
1.2. მოპასუხეებს ლ---------------ასა და ლ--–-------------ეს დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 274.25 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარჩელის საფუძვლები
სარჩელის თანახმად, მოსარჩელესა და ლ---------------ას შორის გაფორმდა სესხოს ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მე-2 მოპასუხე - ლ--–-------------ესთან გაფრომდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, მასქიმალური 5000 აშშ დოლარის პასუხისმგებლობის ფარგლებში.
მოპასუხეების დავალიანება შეადგენს ჯამში 9141.41 ლარის; მათ შორის: ძირი - 4668.10 ლარი; პროცენტი - 2455.27 ლარი; პირგასამტეხლო - 2000 ლარი და დაზღვევა 5.04 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხეებმა ლ---------------ამ და ლ--–-------------ემ სასამართლოს მომართეს შესაგებლით და განმარტეს, რომ საკრედიტო ვალდებულების დაფარვის შესაძლებლობა აღარ გააჩნიათ, ხოლო სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 8 ოქტომბერს სს „თ----------სა“ და მოპასეხე ლ---------------ას შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სამომხმარებლო სესხის პირობებით; კრედიტის თანხა 5100 ლარი; კრედიტის ვადა 1089 დღე; საკომისიო კრედიტის გაცემისთვის 112 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი 20.55%; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 25.57%; კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველთვიური მინიმალური შენატანის 190.1 ლარის გადახდის გზით; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5% ( ნაწილობრივ დაფარვის საკომისიო 2%); ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სიცოცხლის დაზღვევა საწყისი სადაზღვევო თანხა 5100 ლარი; სადაზღვევო ხარჯი 61.36 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (სარჩელი/შესაგებელი);
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2686634-8105747 (იხ. ს.ფ.16-39)
3.1.2. 2015 წლის 8 ოქტომბერს საბანკო კრედიტია ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა სს „ თ----------სა“ და ლ--–-------------ეს შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის N1----------- ხელშეკრულებით და თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრა 5000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (სარჩელი/შესაგებელი);
- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ 40-43).
3.1.3. უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება პირგასამტეხლოს შემცირების შემდეგ, შეადგენს 9141.41 ლარს. რომელშიც თანხის ძირი არის 4681.10 ლარი; პროცენტი-2455.27 ლარი, პირგასამტეხლო 2000 ლარი, ხოლო დაზღვევა 5.04ლარი. დღეის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს 9141,41 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი (სარჩელი/შესაგებელი);
- სს“თ----------ის“ ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ.46);
- გადახდების ისტორია (იხ. ს.ფ. 44-45);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს არ დაუსახელებიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''თ----------ი“-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 895-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შორის წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში სს „თ----------სა“ და ლ---------------ას შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად შესრულდა ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის 5100 ლარის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, ი/მ ლ---------------ამ საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს სრულად არ აუნაზღაურა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''თ----------ი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაწილის - 4668.10 ლარის დაბრუნება.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 2455.27 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული სარგებელი გადახდილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ 2015 წლის 08 ოქტომბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა სს ,,თ----------სა“ და ლ--–-------------ეს შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის N1----------- ხელშეკრულებით და თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობა განისაზღვრა 5000 ლარით, შესაბამისად სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული თანხა სოლიდარულ თავდებსაც უნდა დაეკისროს.
6.2. როგორც უკვე აღინიშნა საქმეში დაცული მტკიცებულებების საფუძველზე დგინდება, რომ მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად და მხარეთა შორის გაფორმებულ გარიგებაში ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ანაზღაურება გათვალისწინებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მოსაზრებით მოპასუხეებისთვის პირგასამტეხლოს სახით 2000 ლარს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, სს „ტ-----------“-ს მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია, უნდა შემცირდეს და მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მხოლოდ 100 ლარის გადახდა.
6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშველოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
წარმოდგენილ შემთხვევაში ხელშეკრულებით დადგენილ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი) რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგლებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორინტირებული. ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს, მით უფრო როდესაც საკითხი ეხება საკრედიტო დაწესებულებას, რომლის საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისი სახელმწიფო ბაჟი 214.24 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს ლ---------------ასა და ლ--–-------------ეს, სს „თ----------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 7141.41 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4681.1 ლარი, პროცენტი - 2455.27 ლარი, დაზღვევა - 5.04 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 100 ლარი.
2. მოპასუხეებს ლ---------------ასა და ლ--–-------------ეს, სს „თ----------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 214.24 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი კოპალიანი