გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.03.2019
საქმის ნომერი
190210118002629606
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
07.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-2500-18

(საქმე N190210118002629606)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

07 მარტი, 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე - მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

მოსარჩელე - სს ,, ლ-----ი ‘’

წარმომადგენელი - ე-–------ ა------–---–-, ა-- ხ------–---–-

 

მოპასუხე - შპს „--------“, შპს „ნ------------ი“, კს „ხ------------------ა“

წარმომადგენელი - მ------- მ--–------, ნ---- ნ-------–---–- (შპს „--------“, კს „ხ------------------ა“)

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ ანაზღაურება გაუწეველი მომსახურების ღირებულების 11 498 ლარისა და პირგასამტეხლოს 12 000 ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 23 498 ლარს, ასევე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 720 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულება მომსახურეობის შესახებ, რომლის თანახმადაც შემსრულებლები სოლიდარულად ვალდებულნი იყვნენ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მოეხდინათ სს „ლ-----ის“ პროდუქციის მუდმივი წარმოდგენა სარეალიზაციოდ მათ მფლობელობაში არსებულ ობიექტში (შემდგომში ობიექტი), მდებარე მისამართზე: კ--------- N15, “ს--------------ი“, ასევე პროდუქციის რეკლამირება.

 

მოპასუხეების მიერ დაირღვა ხელშეკრულების პირობა, ასევე დაიკეტა მოპასუხეების მფლობელობაში არსებული ობიექტი და შესაბამისად, მათ არ უზრუნველყვეს ლომისის პროდუქციის მუდმივი წარმოდგენა სარეალიზაციო ობიექტში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სარჩელზე დადგენილი წესით შესაგებელი წარმოადგინეს მოპასუხე - შპს „--------ს“, შპს „ნ------------ის“ და კს „ხ------------------ის“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც სარჩელი არ ცნეს.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხეების შპს „--------“-ს და კს „ხ------------------ა“ -ს წარმომადგენლებმა ნ---- ნ-------–---–მა და მ------- მ--–-----მა ასევე არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ მათ არ დაურღვევიათ ხელშეკრულების პირობები, მათი მხრიდან სრულდება ვალდებულება ჯეროვნად და ამასთან, ხელშეკრულებით არის კიდევ დრო, მოპასუხეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ამ პერიოდში.

შპს „ნ------------ი“ -ს წარმომადგენელი სასამართლო სხდომას არ დასწრებია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მხარეთა შორის არსებობდა ხელშეკრულება მომსახურეობის შესახებ, რომლის თანახმადაც შემსრულებლები სოლიდარულად ვალდებულნი იყვნენ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მოეხდინათ სს „ლ-----ის“ პროდუქციის მუდმივი წარმოდგენა სარეალიზაციოდ მათ მფლობელობაში არსებულ ობიექტში (შემდგომში ობიექტი), მდებარე მისამართზე: ქ.რ--------, კ--------- N15, “ს--------------ი“, ასევე პროდუქციის რეკლამირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 20 იანვრის მხარეთა შორის დადებული N Lona-S/02-Feb-18 4:31:20 PM ხელშეკრულება.

 

3.1.2. ხელშეკრულების თანახმად, ლ-----ი ვალდებული იყო გადაეხადა მომსახურების ღირებულება, რომელიც შეადგენდა 12 000 ლარს. ლ-----ის მხრიდან მომსახურების მთლიანი თანხის გადახდა მოხდა შპს „--------ს“ საბანკო ანგარიშზე 2018 წლის 15 თებერვალს, ჯამში: 12,000 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო დავალება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2018 წლის 20 იანვრის მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მეორე პუნქტით განსაზღვრულია, რომ შპს „--------“, შპს „ნ------------ი“, კს „ხ------------------ა“, როგორც „შემსრულებელი“, ერთობლივად ყიდულობს ლ-----ის მიერ წარმოებულ და იმპორტირებულ ლუდს და ლიმონათს (პროდუქცია) და უზრუნველყოფს მათ რეალიზაციას მის მფლობელობაში არსებულ ობიექტში, ხელშეკრულების 3.1.2. პუნქტის შესაბამისად პროდუქციის რალიზაციის ობიექტია - „ს--------------ი’. მისამართი : ქ.რ--------, კ--------- #15.

 

ხელშეკრულების 3.1.6. პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში უნდა მომხდარიყო ჯამურად 200 000 ლარის ღირებულების პროდუქციის (ლუდი და ლიმონათი) შესყიდვა, ხოლო პროდუქციის ღირებულება განისაზღვრებოდა ყოველი თვის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში შემსრულებელს, ლ-----სა და დისტრიბუტორს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით ( სამმხრივი აქტით).

 

მოპასუხეების მიერ დაირღვა ხელშეკრულების 3.1.2. პუნქტის პირობა, ასევე დაიკეტა მოპასუხეების მფლობელობაში არსებული ობიექტი და შესაბამისად, მათ არ უზრუნველყვეს ლ-----ის პროდუქციის მუდმივი წარმოდგენა სარეალიზაციო ობიექტებში.

 

მოპასუხეებს, რომლებიც წარმოადგენენ შემსრულებელს, ასეთი შინაარსის ე.წ. სამმხრივი აქტები, რაც მათი მხრიდან ლ-----ისგან პროდუქციის შესყიდვას დაადასტურებდა, არ წარმოუდგენიათ. ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხოლოდ სასაქონლო ზედნადებები ცალსახად არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ შესყიდვის ფაქტი დადასტურდეს, პროდუქციის მიწოდება განხორციელდა მიღება-ჩაბარების აქტის გარეშე და მეორეც, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები ეხება შპს „პრაღა“-ს, რომელიც არ არის ხელშეკრულების მონაწილე მხარე (შემსრულებელი), ხოლო სადაც შპს „--------“-ა მითითებული, აქაც მიწოდება მოხდა სხვა მისამართზე მდებარე ობიექტზე და არა კ--------- #15-ში მდებარე ობიექტზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: მხარეთა ახსნა-განმარტება,მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები.

 

3.2.2. ხელშეკრულების 3.1.7. პუნქტი წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებს პირგასამტეხლოს 4.1 პუნქტში მითითებული ღირებულების 100%-ის ოდენობით, ხოლო 4.1. პუნქტის მიხედვით კი - წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შემსრულებლის ობიექტში პროდუქციის გაყიდვების სტიმულირებისა და მარკეტინგული პოზიციონირების ღირებულება შეადგენს 12 000 ლარს, რომელიც მოიცავს მომსახურების ღირებულებას და რომელსაც ლ-----ი გადაუხდის შპს „--------“-ს ე.ი. ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 12 000 ლარის ოდენობით.

 

ლ-----ის მხრიდან მომსახურების მთლიანი თანხის გადახდა მოხდა შპს „--------ს“ საბანკო ანგარიშზე 2018 წლის 15 თებერვალს, 12 000 ლარის ოდენობით, ამდენად, მოპასუხეს მიღებული აქვს აღნიშნული თანხა, რასაც თავადაც ადასტურებს, ხოლო მისი მხრიდან ვალდებულება შესრულებული არ არის.

 

მოპასუხეთა მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ იქნა შესრულებული. ხელშეკრულების არსებითი პირობა იყო შემსრულებელს ( მოპასუხე) ლ-----ის პროდუქციის რეალიზაცია მოეხდინა კონკრეტულ მისამართზე და კონკრეტულ ობიექტზე - „ს--------------ი“, მისამართი : ქ.რ--------, კ--------- #15.

 

მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი იქნა სასაქონლო ზედნადებები, რომელთა ნაწილი მიუთითებს, რომ შპს ნატახტარი აწვდის შპს „პრაღას“ ლიმონათს, მისამართზე - ქ.რ--------, კ--------- ქ.#--, ხოლო ნაწილი ზედნადებების ამავე მისამართზე შპს „--------“-სთვის მიწოდებას ადასტურებს. აღნიშნული ზედნადებები მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა მიჩნეული მხარეთა შორის დადებული 2018 წლის 20 იანვრის ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების შესრულების მტკიცებულებად, რადგან შპს „პრაღა“ არ წარმოადგენს ხელშეკრულების მონაწილე სუბიექტს, ხოლო თუნდაც ამ ობიექტზე საქმიანობას აწარმოებდეს კ.ს. „ხ------------------ა“ ან შპს „--------“. მოსარჩელისთვის მნიშვნელოვანი პირობა იყო სწორედ ხელშეკრულებაში მითითებულ ობიექტზე - მდებარე ქ.რ--------, კ--------- N15, “ს--------------ი“, მომხდარიყო ლ-----ის პროდუქციის რეალიზაციადა არა კ--------- #----ში მდებარე ობიექტზე.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეთა მიერ ჯეროვნად არ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება - მოეხდინა პროდუქციის შესყიდვა და რეალიზაცია იმ კონკრეტულ ობიექტში, რაც ხელშეკრულების მნიშვნელოვან და არსებით პირობას წარმოადგენდა. აღნიშნული ობიექტი ამჟამად არ ფუნქციონირებს, რასაც ადასტურებს თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. წარმოდგენილია 2018 წლის 20 მარტის საიჯარო ხელშეკრულება , რაც ადასტურებს რომ კ.ს „ხ------------------ა“ ( მოპასუხე და ხელშეკრულების მონაწილე მხარე) , რომელიც ფუნქციონირებდა მისამართზე- ქ.რ--------, კ--------- გამზ.#15 - იჯარით იღებს ფართს შპს „პრაღა“-სგან მისამართზე - ქ. რ--------, კ--------- გამზირი, #-- და ამ მისამართზე აგრძელებს საქმიანობას, ასევე ამ პერიოდის შემდგომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით პროდუქციას მიღებაც ხდება მითითებულ მისამართზე მდებარე ობიექტზე . ამდენად ფაქტი, რომ ობიექტი, სადაც მოპასუხეებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის რეალიზაცია უნდა მოეხდინათ - მდებარე ქ.რ--------, კ--------- N15, “ს--------------ი - ამჟამად დაკეტილია დასტურდება ზემოაღნიშნულით.

 

მტკიცებულება: 2018 წლის 20 მარტის საიჯარო ხელშეკრულება, სასაქონლო ზედნადებები.

 

3.2.3. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის მიხედვით ხელშეკრულება ძალაში შედის 2018 წლის 20 იანვარს და მოქმედებს ორი წლის ვადით, ხოლო 3.1.6. პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ჯამურად უნდა მომხდარიყო 200 000 ლარის ღირებულების ლუდის და ლიმონათის შესყიდვა. ამ ვადის განმავლობაში მოპასუხეთა პოზიციით მათ აქვთ უფლება შესარულონ აღნიშნული ვალდებულება.

 

სს „ლ-----ი“-ს წარმომადგენლის განმარტებით, იმის გამო რომ 2018 წლის იანვრიდან სარჩელის შემოტანის მომენტამდე 2018 წლის სექტემბრამდე მოპასუხე არ ასრულებდა ვალდებულებას, ხელშეკრულებაში მითითებულ ობიექტზე პროდუქციის რეალიზაციას არ ახდენდა, ამჟამად კი ობიექტი დაკეტილია , მათი მხრიდან მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა, ხოლო გაუწეველი მომსახურების საფასურის უკან დაბრუნება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო იქნა მოთხოვნილი.

 

მოსარჩელის განმარტებით, მტკიცებულება რომელიც მოპასუხეების ვალდებულებების არ შესრულებას დაადასტურებდა არ არსებობს ბუნებაში. თუ მოპასუხეები შეეცდებიან საპირისპიროს მტკიცებას, ისინი ვალდებულნი იქნებიან თავად წარმოადგინონ ვალდებულების შესრულებლის დამადასტურებელი მტკიცებულება. ვალდებულების შეუსრულებლობას ისიც ადასტურებს, რომ არ არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად მოპასუხეების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას დაადასტურებდა.

 

მტკიცებულება : მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.4. სს ლ-----ს ხელშეკრულებით, კერძოდ ხელშეკრულების 3.1.7 პუნქტის მიხედვით, უფლება აქვს შემსრულებლებს სოლიდარულად დააკისროს (მოსთხოვოს) პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 100% ოდენობით, რაც ამ შემთხვევაში შეადგენს 12 000 ლარს.

 

მტკიცებულება : 2018 წლის 20 იანვრის ხელშეკრულება.

 

თუმც სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ოდენობით პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს, რადგან იგი იმავე ოდენობის თანხაა, რაც ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოსარჩელემ შეძლო დადასტურება იმის, რომ მათ მიერ მოპასუხისათვის გადარიცხული იქნა თანხა (ე.წ. გაუწეველი მომსახურების ღირებულება), რომ მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება, რის გამოც აღნიშნული თანხა უკან უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს ვალდებულების დამრღვევს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 405-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-465-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით სს „ლ-----სა“ და მოპასუხეებს - შპს „--------ს“, შპს „ნ------------ის“, კს „ხ------------------ას“ შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის დანაწესის მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის 484-ე მუხლის მიხედვით კი ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძლია უარი თქვას თავისი ვალდებულებების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს არ შეასრულებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მიხედვით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი. არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;

როგორც სასამართლომ დაადგინა, ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე - ქ.რ--------, კ--------- N15, “ს--------------ი, სადაც პროდუქციის რეალიზაცია უნდა მომხდარიყო, ობიექტი აღარ ფუნქციონირებს. ამჟამად შპს „პრაღა“, მდებარე ქ. რუსთავში, კ--------- 28-ში წარმოადგენს მოპასუხის საქმიანობის ობიექტს. ამდენად, დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება არავითარი შედეგის მომტანი არ იქნებოდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

შპს „ლ-----ი“-სთვის ხელშეკრულების არსებითი პირობა იყო მათი პროდუქციის რეალიზაცია კონკრეტულ ობიექტში, რაც არ შესრულებულა მოპასუხეთა მხრიდან, მათ ამ მომსახურებისთვის ლ-----ისგან მიიღეს 12 000 ლარი, რაც დადასტურებული ფაქტია, მოსარჩელის მოთხოვნა ამ თანხის შემცირებული ოდენობით - 11 498 ლარის დაკისრების (უკან დაბრუნები) თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს მოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

ამავე კოდექსის 464-ე მუხლი მითითებს სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებზე:

სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

ხოლო 465- ე მუხლის დანაწესი განსაზღვრავს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

ამდენად, მოპასუხეები შპს „--------“, შპს „ნ------------ი და კს „ხ------------------ა“, როგორც “შემსრულებელი“ - მონაწილე მხარე ხელშეკრულების -წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს და სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ვალდებულების შესრულება სოლიდარულად უნდა დაეკისროს სამივე მოპასუხეს.

 

6.3. მოპასუხეებმა სასამართლო სხდომაზე სადავოდ გახადეს როგორც გაუწეველი მომსახურების ღირებულების გადახდის საკითხი, ასევე პირგასამტეხლოს (ჯარიმის) თანხის ოდენობა და მიუთითეს, რომ პირგასამტეხლოს ( ჯარიმის ) ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012). სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი შეხედულებისამებრ, თუ მიიჩნევს, რომ ის არის შეუსაბამოდ მაღალი. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან და დარღვევის პერიოდიდან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება და მოპასუხისათვის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ შემცირებული სახით - 2000 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღურება უნდა დაეკისროს დაკისრებული თანხის შესაბამისი ოდენობით.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძებისათვის და 720 ლარი სასარჩელო მოთხოვნებისათვის.

 

მოპასუხეებს შპს „--------ს“, შპს „ნ------------ის“, კს „ხ------------------ას“ უნდა დაეკისროს მოსარჩელე სს „ლ-----ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ნაწილის ანაზღაურება 404.94 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დანარჩენი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე კს „ხ------------------ას“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ.რ--------, კ--------- გამზირი, #--, სართული 1, 186.81 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0------------------.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „ლ-----ის“ სარჩელი მოპასუხეებს შპს „--------ს“, შპს „ნ------------ის“, კს „ხ------------------ას“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

2. მოპასუხეებს შპს „--------ს“, შპს „ნ------------ის“, კს „ხ------------------ას“ დაეკისროთ სოლიდარულად სს „ლ-----ის“ სასარგებლოდ გაუწეველი მომსახურების ღირებულების 11 498 ლარის და პირგასამტეხლოს 2000 ლარის, სულ 13 498 ლარის გადახდა.

სს „ლ-----ის“ მოთხოვნა მოპასუხეებზე პირგასამტეხლოს 10 000 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოპასუხეებს შპს „--------ს“, შპს „ნ------------ის“, კს „ხ------------------ას“ დაეკისროს მოსარჩელე სს „ლ-----ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 404.94 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დანარჩენი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე კს „ხ------------------ას“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ.რ--------, კ--------- გამზირი, #--, სართული 1, 186.81 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0------------------ დარჩეს უცვლელად.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი