გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/29876-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე: ქ. თ---–----------–----–----------------------–--------------------------ა;
წარმომადგენელი: მა-------------–---–ი;
მოპასუხე: შპს ''აგ-----–---------ი'';
წარმომადგენელი: ირ---–------------ე;
დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ''აგ-----–---------ის'' სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 14 716.80 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ''აგ-----–---------მა'' სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება მოხდა დადგენილ ვადაში, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმდა 7 დღის დაგვიანებით. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მიიჩნევს, რომ მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა არ მომხდარა. ამასთან, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის მხრიდან, 7 დღის ვადის გადაცილებისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 7 ივლისს ქ. თ---–----------–----–----------------------–--------------------------ას და შპს ''აგ-----–---------ის'' შორის, ელექტრონული ტენდერის შედეგების საფუძველზე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1.1.9------- ხელშეკრულება, ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე დაზიანებული ასფალტის საფარის შეკეთების სამუშაოების შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 1 051 200 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადაა - ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად-არაუგვიანეს 2015 წლის 15 ნოემბრისა.
ხელშეკრულების 3.8. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი მიწოდებულად ითვლება ორმხრივ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ობიექტის ან/და ნაწილის მიღება ფორმდება ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტით შემსყიდველის (მე-7 მუხლის 7.2. პუნქტში გათვალისწინებული პირების) და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლზე ინსპექტირებას შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ: ტექნიკური ზედამხედველობის ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია.
ხელშეკრულების 10.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების (მათ შორის 3.2. პუნქტით გათვალისწინებული ვადების) დარღვევის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის დამრღვევ მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1.1.9------- ხელშეკრულება.
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.
3.1.2. დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ მხარეებს შორის 2015 წლის 9 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმების აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა: 2015 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 9 დეკემბრის შეთანხმების აქტი.
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.
3.1.3. დადგენილია და მხარეები არ ხდიან სადავოდ, რომ მხარეთა შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოხდა, 2015 წლის 30 დეკემბერს. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის 7 (შვიდი) დღით დაგვიანებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 30 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი.
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.
3.1.4. დადგენილია, რომ აღნიშნული ვადის გადაცილებისათვის მოსარჩელემ მოპასუხეს დაარიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.2%-ის ოდენობით 7 ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც საერთო ჯამში შეადგენს - 14 716.80 ლარს. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული თანხის გადახდა მოსარჩელის მოთხოვნისა მოპასუხის მიერ არ მომხდარა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 7 მარტის წერილის ასლი.
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტაციის შესწავლისა და შეფასების შედეგად, ასევე, მხარეთა ასხნა - განმარტებებზე დაყრდნობით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება განხორციელდა ვადაგადაცილებით, მოპასუხე მხარემ უცილოდ ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულება და მისი მიღება გამოწვეული იყო მოსარჩელის ქმედებით/მიზეზით.
საქმის მასალებით, კერძოდ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ხელშეკრულების 3.8. პუნქტის თანახმად, უდავოდ დადგენილია, რომ, შესყიდვის ობიექტი მიწოდებულად ითვლება ორმხრივ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
საქმის მასალებით, კერძოდ მხარეებს შორის 2015 წლის 9 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმების აქტით დგინდება, რომ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა: 2015 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან სამუშაოები ფაქტობრივად შეასრულა 23 დეკემბრამდე, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოხდა 7 დღის დაგვიანებით. მის მიერ ვალდებულების დროულად შესრულება ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ფორმა N2-ებით, რომელშიც სამუშაოების დასრულების ვადად მითითებულია - 23 დეკემბერი. სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ფორმა N2-ში მითითება იმისა, რომ სამუშაოების დასრულდა 23 დეკემბერს, ვერ ჩაითვლება ვალდებულების შესრულებად, ვინაიდან ფორმა N2-ები წარდგენილია მოსარჩელესთან 25 დეკემბერს (იხ. ფორმა N2-ები.). ამასთან, მხარეთა შეთანხმებით დგინდება, რომ მხოლოდ სამუშაოთა შესრულება არ იყო საკმარისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. იმისათვის, რომ შესყიდვის ობიექტი მიწოდებულად ჩათვლილიყო საჭირო იყო მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის 23 დეკემბრამდე გაფორმება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ხელშეკრულებით მიხედვით შესყიდვის ობიექტი მიწოდებულად ითვლება ორმხრივ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სამოქალაქო კოდექსის მითითებული დანაწესის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ უცილოდ ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ რომ 2015 წლის 23 დეკემბრამდე მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი ქმედებების გამო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თ---–----------–----–----------------------–--------------------------ის სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 400-ე, 417-ე-420-ე, 629-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ხელშეკრულება, როგორც სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტი, არის ორმხრივი (ან მრავალმხრივი) ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულება იდება მხარეების ურთიერთთან მხვედრი, საერთო მიზნისკენ მიმართული ნების გამოხატვის შედეგად.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა - 2015 წლის 7 ივლისიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, ერთის მხრივ ქ. თ---–----------–----–----------------------–--------------------------ა და მეორეს მხრივ, შპს ''აგ-----–---------ი'' შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე ვალდებულება შეასრულა ვადის დარღვევით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ''ა'' ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს ''აგ-----–---------ის'' მოსარჩელის წინაშე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ აქვს სრულად შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებების მიხედვით მოპასუხეს დათქმულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ერიცხება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, რაც მოსარჩელის დაანგარიშების მიხედვით შეადგენს - 14 716.80 ლარს.
შეთანხმებების მიხედვით კი, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდას. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით დადგენილია, რომ შპს ''აგ-----–---------მა'' ვალდებულება სრულად არ შეასრულა დათქმულ ვადაში. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
6.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება მოხდა 7 დღით. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, რაც შეუსაბამოდ მაღალია იმის გათვალისწინებითაც რომ მოსარჩელე აღნიშნულის დაკისრებას ითხოვს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. სასამართლო მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და შეუსრულებელის ნაწილის ოდენობის და მისი ვადის გადაცილების დღეების გათავალისწინებით მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა - 14 716.80 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს - 1000 ლარამდე.
სასამართლო სწორედ ამ ოდენობით პირგასამტეხლოს მიიჩნევს გონივრულ პირგასამტეხლოდ და განმარტავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიხედულებით, პირგასამტეხლოს შემცირებისას, გასათვალისწინებელია მხარეთა შორის სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, დათქმული პირგასამტეხლო, როგორც ერთგვარი ''სანქცია'', რომელიც უნდა ესადაგებოდეს კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს, პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და ფუნქციას'' (იხ. სუსგ Nას-654-620-2015, 17.12.2015წ.). აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება მოპასუხის მიერ დაგვიანებით შესრულებული ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით, დაწესებულ საზღაურს.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამასთან, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილებული მოთხოვნის - 1000 ლარის 3% შეადგენს 30 ლარს, რომლის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. თ---–----------–----–----------------------–--------------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე შპს ''აგ-----–---------ს'' სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 1000 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს ''აგ-----–---------ს'' სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 30 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ქეთევან მამაცაშვილი