გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.01.2019
საქმის ნომერი
330210118002303939
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4443-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 იანვარი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

მოსარჩელე - შპს ,,ე-------–------- +“

წარმომადგენელი - ა----------------ი

მოპასუხე - 1 - ბ----------------ე

წარმომადგენელი - გ-----------–--ე

2 - შპს ,,ჯ-----–--ი“

წარმომადგენელი - თ-------------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბ----------------ესა და შპს „ჯ-----–--ს“ სოლიდარულად დაეკისროთ 9000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: უძ----- ქო----------------ს - შპს „ე-------–------- +ს“ დირექტორს დაუკავშირდა ბ----------------ე მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის გასხვისების ან სხვა ფორმით განკარგვის შესახებ. მხარეთა შეთანხმებით უძ----- ქო----------------ს უნდა მოეძიებინა ბ----------------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის (მდებარე ქ. თ---–--–------------–---–----------, ს-------------------) შეძენით ან სხვა ფორმით აქტივის მიღების მსურველი პირი, ხოლო სანაცვლოდ ბ----------------ეს უნდა გადაეხადა მიღებული შემოსავლის/აქტივის 3%. სააგენტოს დირექტორმა მოიძია შპს „ჯ-----–--ი.“ ბ----------------ესა და შპს „ჯ-----–--ს“ შორის შპს „ე-------–------- +-ის“ შუამავლობით შედგა შემდეგი შეთანხმება: ბ----------------ის მიწის ნაკვეთი უნდა დატვირთულიყო აღნაგობის უფლებით და მშენებლობის დასრულების შემდგომ მოხდებოდა უძ----- ქონების გაცლა მიწის ნაკვეთის ნასყიდობის საფასურის სანაცვლოდ. შპს „ჯ-----–--ი“ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ ბ----------------ეს გადასცემდა მის მიერ აშენებული შენობა-ნაგებობიდან 530 კვ.მ-ს ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში. მოლაპარაკების წარმოებისას ბ----------------ის საშუამავლო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება სოლიდარულად იკისრა შპს „ჯ-----–--მაც.“ მხარეთა შეთანხმების შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. შეთანხმების მიუხედავად, მოპასუხეებმა არ აანაზღაურეს შუამავლობის საფასური. ხელშეკრულების შესაბამისად ბ----------------ე მიიღებს 498 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, რომლის 3% არის 14 940 აშშ დოლარი, მაგრამ მოსარჩელე ითხოვს მხოლოდ 9 000 აშშ დოლარის ანაზღაურებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

 

2.1. მოპასუხე ბ----------------ე აღნიშნავს, რომ 2017 წლის 26 სექტემბერს მოპასუხეებს შორის ნამდვილად გაფორმდა ხელშეკრულება, მაგრამ ხელშეკრულება არ დადებულა მოსარჩელის შუამავლობით.

 

2.2. მოპასუხე შპს „ჯ-----–--ი“ აღნიშნავს, რომ მათთვის უცნობია, ბ----------------ემ მიმართა თუ არა მოსარჩელეს შუამავლობისათვის. მოსარჩელეს არ დაუკავშირებია მხარეები ერთმანეთისათვის. შპს „ჯ-----–--ის“ დირექტორი მანამდე იცნობდა ბ----------------ეს, ამასთან თავად ბ----------------ე ცდილობდა ინვესტორის მოძიებას და განთავსებული ჰქონდა საჯარო პუბლიკაციები, რომლის მეშვეობითაც შპს „ჯ-----–--მა“ შეიტყო მისი დაინტერესების შესახებ. შპს „ჯ-----–--ს“ არ აუღია ვალდებულება, სოლიდარულად გადაეხადა საშუამავლო მომსახურების საზღაური. მიმოწერის, რომელიც მოპასუხემ წარმოადგინა, ადრესატია კა--------------–---, რომელიც შპს „ჯ-----–--ის“ თანამშრომელი არ არის.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1 ბ----------------ეს (მესაკუთრე, პირველი მოპასუხე) ეკუთვნის ქ.------–--–-----------–---–-----------ში მდებარე 1112 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს-------------------.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 33).

 

3.1.2 2017 წლის 26 სექტემბერს პირველ მოპასუხეს და შპს „ჯ-----–--ს“ (მეორე მოპასუხე, მეაღნაგე) შორის დაიდო აღნაგობის უფლების მინიჭებისა და უძ----- ქონების გაცვლის წინარე ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად პირველი მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაიტვირთა აღნაგობის უფლებით და მეაღნაგემ მასზე შენობა-ნაგებობის აშენების ვალდებულება იკისრა, რომელიც, მშენებლობის დასრულების შემდგომ, საკუთრებაში უნდა გადაეცეს მეაღნაგეს, ხოლო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, მესაკუთრეს მეაღნაგე გადასცემს აშენებულ შენობა-ნაგებობაში 530 კვ.მ კომერციულ ფართს ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობაში.

 

ხელშეკურლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრიში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ხელშეკრულება (ს.ფ. 35-45);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 33).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. აღნაგობისა და უძ----- ქონების გაცვლის წინარე ხელშეკრულება არ დადებულა შპს „ე-------–------- +-ის“ (მოსარჩელე, შუამავალი) შუამავლობით.

 

მეორე მოპასუხეს არ უკისრია შუამავლობის საფასურის გადახდის სოლიდარული ვალდებულება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსკ-ის) 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ Nას-944-894-2015). მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას (იხ. სუსგ ას-1227-1150-2015, ას-1051-991-2015).

 

მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მან, ვინც ითხოვს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს ასეთი ვალდებულების არსებობა.

 

სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ შეძლო.

 

მოსარჩელემ წარმოადგინა ელექტრონული მიმოწერა კა--------------–---სთან (მოსარჩელის მტკიცებით, მეორე მოპასუხის თანამშრომელი და ამ საკითხებში საკონტაქტო პირი) იმის დასადასტურებლად, რომ პირველი და მეორე მოპასუხე მოსარჩელემ დააკავშირა ერთმანეთთან, ხელშეკრულება მათი შუამავლობის შედეგად დაიდო და მეორე მოპასუხემ სოლიდარულად იკისრა შუამავლობის საზღაურის გადახდის ვალდებულება.

 

მეორე მოპასუხემ უარყო ის ფაქტი, რომ კა--------------–--- მათი თანამშრომელია და, მით უმეტეს, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. მეორე მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, კა--------------–--- მათ გარკვეულ მომსახურებას უწევდა ხელშეკრულების საფუძველზე, მაგრამ სადავო საკითხზე მისთვის რაიმე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ მიუნიჭებიათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდება, რომ კ--------------–--ეს სადავო სამართალურთიერთობაში მეორე მოპასუხის სახელით მოქმედების უფლებამოსილება ჰქონდა, წარმოდგენილი მიმოწერა არ ადასტურებს, რომ მან მეორე მოპასუხის სახელით რაიმე ვალდებულება იკისრა.

 

მიმოწერის შინაარსი მრავალნაირად ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. მიმოწერაში კა--------------–--- აღნიშნავს, რომ როგორც ბე------- გახდა მისთვის ცნობილი, მას გადასახდელი აქვს 3% - 4200 აშშ დოლარი, თუმცა არ ირკვევა, საუბარია თუ არა პირველ მოპასუხეზე და აღნაგობის ხელშეკრულების დასადებად გაწეულ შუამავლობაზე. მიმოწერაში ასევე არსადაა ნახსენები, რომ მეორე მოპასუხე სოლიდარულად კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს შუამავლობის საზღაური. გარდა ამისა, მიმოწერაში მოსარჩელის დირექტორი აღნიშნავს, რომ „ბე-------- მომსახურების თანხაზე გვაქვს ასეთი შეთანხმება: 1. თანხა მშენებლების ხელშეკრულების გაფორმებიდან 8000 $ 2. ან ფართებით მშენებლობის დასრულების შემდეგ 28-30 კვ. ერთ ოთახიანი“ (ს.ფ. 27-32). სარჩელში მითითებულია პირველ მოპასუხესთან შეთანხმებული სრულიად სხვა პირობა და საზღაურის ანგარიშში ბინის გადაცემა მოსარჩელეს არც უხსენებია.

 

მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა სატელეფონო ზარების ამონაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელეს არაერთი ზარი აქვს განხორციელებული ბ----------------ის ნომერზე, ასევე ნომერზე, რომელიც, მოსარჩელის განმარტებით, ეკუთვნის კა--------------–---ს.

 

როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ კა--------------–--- მეორე მოპასუხის თანამშრომელია ან სადავო ურთიერთობაში რაიმე უფლებამოსილებით აღჭურვილი პირია, შესაბამისად, მასთან სატელეფონო კომუნიკაცია არავითარ გარემოებას არ ამტკიცებს ამ დავის ფარგლებში.

 

რაც შეეხება პირველი მოპასუხის ნომერზე განხორციელებულ ზარებს, სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ პირველ მოპასუხეს განთავსებული ჰქონდა განცხადებები, ასევე ბანერი მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე და არაერთი უძ----- ქო---------------- ურეკავდა, მათ შორის მოსარჩელეც.

 

მეორე მოპასუხე აღნიშნავს, რომ სწორედ ამ ბანერიდან გაიგეს, რომ პირველი მოპასუხე დაინტერესებული იყო მიწის ნაკვეთზე ინვესტორის მოძიებით და ისინი მოსარჩელეს არ დაუკავშირებია ერთმანეთთან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთ-ერთი მტკიცებულებაა მხარის ახსნა-განმარტება, მაგრამ მხოლოდ ახსნა-განმარტების საფუძველზე რაიმე გარემოებს დადგენა შეიძლება, თუ მეორე მხარე სადავოდ არ გახდის მას. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ პირველი და მეორე მოპასუხე მან დააკავშირა ერთმანეთთან და აღნაგობის ხელშეკრულება ამის შედეგად დაიდო. მოპასუხეები უარყოფენ ამ ფაქტს. პირველი მოპასუხე ასევე უარყოფს, რომ შუამავლობის ხელშეკრულება ჰქონდა მოსარჩელესთან დადებული. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც სადავო ფაქტობრივ გარემოებებს დაადასტურებდა, შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აღნაგობის ხელშეკრულება მოსარჩელის შუამავლობით არ დადებულა და არც მეორე მოპასუხეს უკისრია მოსარჩელის წინაშე რაიმე ვალდებულება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-ე, 746-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივი მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ამ მუხლის პირველი და მეორე წინადადებებისაგან განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილია.

 

„საშუამავლო საქმიანობად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ისეთი სახის საქმიანობა, რომლის მიზანიც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ძირითადი ხელშეკრულების დადებაა. იმ შემთხვევაში თუ შუამავალი მესამე პირს ვერ მოიძიებს, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ხოლო შემკვეთს - ანგარიშსწორების ვალდებულება (შდრ. სსკ-ის 744-ე მუხლის კომენტარი, www.gccc.ge). საშუამავლო ხელშეკრულებით განსაზღვრული გასამრჯელოს ანაზღაურების დაკისრებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მხარეთა შეთანხმება შუამავლობის გზით ხელშეკრულების დადებაზე“ (იხ. სუსგ ას-304-287-2017).

 

სამოქალაქო კოდექსის 746-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი და მეორე წინადადებების თანახმად თუ შემკვეთმა განსაზღვრული დროის განმავლობაში უარი უნდა თქვას სხვა მაკლერის გამოყენებაზე (ექსკლუზიური დავალება), მაშინ მაკლერი ვალდებულია ამ დროის მანძილზე ხელი შეუწყოს ხელშეკრულების დადებას. თუ შემკვეთი მოქმედებს პირველ წინადადებაში აღნიშნული ვალდებულების საწინააღმდეგოდ, მაშინ მაკლერს შეუძლია – თუ ხელშეკრულება დადებულია სხვა მაკლერის გამოყენებით – მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლი შუამავლობის გასამრჯელოს გადახდას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შუამავლობას შედეგად ხელშეკრულების დადება მოჰყვა. სასამართლო ეთანხმება მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას, რომ ნორმის ეს ჩანაწერი არ გულისხმობს უშუალოდ ხელშეკრულების შემუშავებაში შუამავლის მონაწილეობის აუცილებლობას, არამედ საკმარისია ისიც, თუ შუამავალმა შემკვეთი ხელშეკრულების დადებით დაინტერესებულ პირთან დააკავშირა და, საბოლოოდ, მათ შორის ხელშეკრულება შედგა. კოდექსის ეს ნორმა გამორიცხავს წარუმატებელი შუამავლობისათვის რაიმე ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ შუამავლობის ხელშეკრულების შემკვეთი არ იზღუდება და იგი უფლებამოსილია, შუამავლის დაუხმარებლად, დამოუკიდებლად მოიძიოს ხელშეკრულების დადებით დაინტერესებული პირები ან ერთდროულად ისარგებლოს რამდენიმე შუამავლის მომსახურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემკვეთსა და მაკლერს შორის მოქმედებს ექსკლუზიური დავალება (სსკ-ის 746-ე მუხლი).

 

სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ ას 15-29-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ მოსარჩელე პირველ მოპასუხეს უწევდა შუამავლობის მომსახურებას. ეს გარემოება დადასტურებულად რომც იქნეს მიჩნეული, რაც მთავარია, არ დასტურდება, რომ პირველი და მეორე მოპასუხე ერთმანეთთან მოსარჩელემ დააკავშირა და, მით უმეტეს, არ დასტურდება ის, რომ აღნაგობისა და უძ----- ქონების გაცვლის წინარე ხელშეკრულება მოსარჩელის შუამავლობით დაიდო, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა პროცესის ხარჯების განაწილების საფუძველი არ არსებობს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „ე-------–------- +-ის“ სარჩელი მოპასუხეების ბ----------------ისა და შპს „ჯ-----–--ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია