გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2/35024-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე გ---------–---–ი;
მოპასუხე შპს ''კ---------ა'';
წარმომადგენელი დ--------–-----;
დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ''კ---------ას'' მოსარჩელე გ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს - 4 793.8 ლარის გადახდა.
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2015 წლის 11 დეკემბერს მოსარჩელე გ---------–---–ს და შპს ,,კ---------ას“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გამყიდველმა გ---------–---–მა იკისრა ვალდებულება მყიდველისათვის გადაეცა 8 კუბური მეტრი სერი ფერის ბუნებრივი გრანიტი, ხოლო მყიდველმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა ნასყიდობის საგნის საფასური, რომელიც შეადგენდა - 4793.8 ლარს. 2015 წლის 11 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველის მიერ ხელშეკრულების ფასის გადახდა უნდა მომხდარიყო სრულად საქონლის მიღების დღეს, კერძოდ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერისას. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. კერძოდ, შპს ''კ---------ას'' 2015 წლის 11 დეკემბერს გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგანი, რის თაობაზეც 2015 წლის 11 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ორივე მხარე აწერს ხელს. რაც შეეხება მყიდველს მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ნასყიდობის საგნის საფასურის გადახდა არ განხორციელებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს ნასყიდობის საგნის ღირებულების ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა და მიუთითა სარჩელის უსაფუძვლობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 11 დეკემბერს მოსარჩელე გ---------–---–ს და შპს ''კ---------ას'' შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გამყიდველმა გ---------–---–მა იკისრა ვალდებულება მყიდველისათვის გადაეცა 8 კუბური მეტრი სერი ფერის ბუნებრივი გრანიტი, ხოლო მყიდველმა იკისრა ვალდებულება გადაეხადა ნასყიდობის საგნის საფასური, რომელიც შეადგენდა 4793.8 ლარს.
3.1.2. 2015 წლის 11 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველის მიერ ხელშეკრულების ფასის გადახდა უნდა მომხდარიყო სრულად საქონლის მიღების დღეს, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერისას.
3.1.3. 2015 წლის 11 დეკემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც მხარეებმა წერილობით დაადასტურეს, რომ შპს ''კ---------ამ'' მოსარჩელესაგან გ---------–---–ისაგან მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგანი და მხარეებს ერთმანეთთან პრეტენზიები არ გააჩნიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 11 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება - იხ.ს.ფ. 19-20.
- 2015 წლის 11 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი - იხ. ს.ფ. 18.
- მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 427-ე, 429-ე, 477-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მყიდველმა შპს ''კ---------ამ'' გამყიდველის გ---------–---–ისაგან შეიძინა - 4793.8 ლარის ღირებულების პროდუქცია. მყიდველს არ გადაუხდია მიღებული საქონლის ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.
სასამართლო განმარტავს, სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე, 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
ერთია, როდესაც მოვალე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ასრულებს, ხოლო მეორე - მიიჩნევა თუ არა აღნიშნული შესრულება კრედიტორის მხრიდან მიღებულად და ვინ უნდა ამტკიცოს ეს (ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთთან დაკავშირებით დამატებით იხ.,Palandt, BGB, Beckische Kurs-Kommentar, 62 auflage, Verlag C.H. Beck, 2003, 570).
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.
შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში.
სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ ნასყიდობის საფასურის გადახდის მტკიცების ტვირთი ეკისრება მყიდველს, შესაბამისი მტკიცებულება სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე, შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
შესაბამისად, იგულისხმება, რომ მოპასუხეს მოსარჩელე გ---------–---–ის წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე შპს ''კ---------ას'' მიწოდებული პროდუქციის ღირებულება არ აქვს ანაზღაურებული. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ნასყიდობის საფასურის გადახდის შესახებ არ აქვს შესრულებული. შესაბამისად, მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 4793.8 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 144 ლარის ოდენობით გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე გ---------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს ''კ---------ას'' მოსარჩელე გ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს - 4793.80 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს ''კ---------ას'' მოსარჩელე გ---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს - 144 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი