გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.03.2019
საქმის ნომერი
330210019002829853
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
14.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1690 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 მარტი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკა ზარნაძე

სხდომის მდივანი ინგა ყაველაშვილი

მოსარჩელე ნ---- ა---------–---–-

წარმომადგენელი მ----- ჩ--------

მოპასუხე ვ----– გ---------

წარმომადგენელი ხ------- კ--------

დავის საგანი განქორწინება, ალიმენტის გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ---- ა---------–---–სა და ვ----– გ---------ს შორის 2011 წლის 1-----------ს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;

1.2. მოპასუხე ვ----– გ----------ათვის არასრულწლოვანი შვილის, ზ------ გ---------- (დაბადებული 2012 წლის 1--------------ს), ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 16 ივლისიდან) ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელე ნ---- ა---------–---–- და მოპასუხე ვ----– გ--------- დაქორწინდნენ 2011 წლის 1-----------ს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2012 წლის 1-------------ს შეეძინათ შვილი ზ------ გ---------. მხარეები რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არასრულწლოვანი ზ------ გ--------- ცხოვრობს დედასთან, ნ---- ა---------–---–თან ერთად. მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მოპასუხე თავს არიდებს შვილის მიმართ მშობლის ვალდებულების შესრულებას. იგი არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდაში და არ ეხმარება მას ფინანსურად. არასრულწლოვან ზ------ გ---------ს ნორმალური აღზრდისათვის ესაჭიროება ჯანსაღი კვება, სამედიცინო მომსახურების მიღება, სწავლა და სხვადასხვა აქტივობები, რაც მატერიალურ ხარჯთან არის დაკავშირებული. ალიმენტის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა მეტ-ნაკლებად საკმარისია არასრულწლოვანი ზ------ გ---------- ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის. მოპასუხე მხარე ვალდებულია მონაწილეობდეს არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში (სარჩელი, 2019 წლის 14 მარტის სხდომის ოქმი);

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ცნობს მოთხოვნას ნ---- ა---------–---–თან ქორწინების შეწყვეტის შესახებ;

2.2. მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას ზ------ გ---------- (დაბადებული 2012 წლის 1-------------ს) ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხე თანახმაა შეწყდეს ქორწინება მოსარჩელე ნ---- ა---------–---–თან. მოპასუხე არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას, შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი ზ------ გ---------- რჩენასა და აღზრდაში. ამ ეტაპზე მოპასუხე არ არის დასაქმებული და არ აქვს შემოსავალი, რის გამოც იგი ვერ შეძლებს ალიმენტის სახით ყოველთვიურად თანხის გადახდას არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ. ამასთან, მოპასუხე მიიჩნევს, რომ ალიმენტის თანხა არ მოხმარდება მხოლოდ ზ------ გ---------- ინტერესებს. მოსარჩელე მხარეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი პირველი ქორწინებიდან, რომლის რჩენის ვალდებულება ვ----– გ---------ს არ გააჩნია (შესაგებელი, 2019 წლის 14 მარტის სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე ნ---- ა---------–---–- და მოპასუხე ვ----– გ--------- რამდენიმე წელია ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 14 მარტის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 14 მარტის სხდომის ოქმი).

3.1.2. არასრულწლოვანი ზ------ გ--------- ცხოვრობს მოსარჩელესთან ნ---- ა---------–---–თან;

მხარეებს შორის დაძაბული ურთიერთობაა და მოპასუხე ვ----– გ--------- ვერ ახერხებს ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან ზ------ გ---------სთან;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 14 მარტის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 14 მარტის სხდომის ოქმი).

3.1.3. ვ----– გ---------- ფაქტობრივ საცხოვრებელი მისამართია ფ----------–--------------------------------. იგი რეგისტრირებულია ამავე მისამართზე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 14 მარტის სხდომის ოქმი);

_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 14 მარტის სხდომის ოქმი).

_სსგს ფ-----ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 07 დეკემბერს გაცემული საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 100).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. ნ---- ა---------–---–- და ვ----– გ--------- დაქორწინდნენ 2011 წლის 1-----------ს. თანაცხოვრების პერიოდში, 2012 წლის 1-------------ს შეეძინათ შვილი ზ------ გ---------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქ. თბილისის N- ქორწინების სახლის მიერ 2011 წლის 1-----------ს გაცემული ქორწინების მოწმობა მ---------, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 15);

_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2012 წლის 28 სექტემბერს გაცემული დაბადების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 26);

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფ-----ს სამსახურის მიერ 2010 წლის 9 აგვისტოს გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 16).

3.2.2. ტ------------------ე (მოპასუხე ვ----– გ---------- მამა) გარდაიცვალა 2018 წლის 1---------------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ფ-----ს სამსახურის მიერ 2010 წლის 9 აგვისტოს გაცემული დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N--- (ს.ფ. 16).

_სსგს ფ-----ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2018 წლის 18 ოქტომბერს გაცემული გარდაცვალების მოწმობა N5----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 99).

3.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შეწყდა ქორწინება ნ---- ა---------–---–ს და ვ----– გ---------ს შორის, ქორწინების რეგისტრაციის თარიღი 2011 წლის 1-----------ი (ქორწინების მოწმობა მ---------, აქტის ჩანაწერი N-----------) და მოპასუხე ვ----– გ---------ს 2012 წლის 1-------------ს დაბადებული ზ------ გ---------- ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 16 ივლისიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით, დაკმაყოფილდა ვ----– გ---------- განცხადება, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება და მიეცა მოპასუხეს ვ----– გ---------ს შესაგებლის წარმოსადგენად ვადა;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 19 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, საქმე N---------- (ს.ფ. 27-32, 37);

_აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 26.10.2018 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 82-83);

_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინება (ს.ფ. 121-122).

3.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, მოსარჩელე ნ---- ა---------–---–ს 2018 წლის იანვრის თვიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 12 თებერვლის მიმართვა N2---------- (ს.ფ. 147).

3.2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, მოპასუხე ვ----– გ---------- მიერ 2018 წლის იანვრის თვიდან შემოსავლის მიღება არ ფიქსირდება;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 12 თებერვლის მიმართვა N2---------- (ს.ფ. 147).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. მოპასუხე ვ----– გ---------მ ცნო სარჩელი განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს;

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა მატერიალურ მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 178 (ას სამოცდათვრამეტი) ლარის ოდენობით.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122 - ე, 1106-ე, 1127-ე, 1212-1214-ე 1198-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

მოსარჩელე ნ---- ა---------–---–- და მოპასუხე ვ----– გ--------- დაქორწინდნენ 2011 წლის 1-----------ს (3.2.1).

 

სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

ნ---- ა---------–---–სა და ვ----– გ---------ს შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია და მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე (3.1.1).

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. მოპასუხე ვ----– გ---------მ ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ და მიუთითა, რომ მხარეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ამდენად, სარჩელი ნ---- ა---------–---–სა და ვ----– გ---------ს შორის განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოსარჩელე ნ---- ა---------–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი 2012 წლის 1-------------ს დაბადებული ზ------ გ---------. (3.2.1).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ---- ა---------–---–- და მოპასუხე ვ----– გ--------- ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ზ------ გ--------- იზრდება დედასთან, ნ---- ა---------–---–თან (3.1.1., 3.1.2).

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2018 წლის 01 იანვრიდან მოსარჩელე ნ---- ა---------–---–ს არ უფიქსირდება შემოსავალი. სარჩელის მიხედვით, მოპასუხე ვ----– გ--------- თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას და საერთოდ არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდაში. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვან ბავშვს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, მოპასუხე ვ----– გ---------ს 2018 წლის იანვრის თვიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება (3.2.5). მოსარჩელის მხარე თავის განმარტებაში ადასტურებს, რომ მოპასუხე მხარე არ მუშაობდა არც ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში და არც ქორწინების შეწყვეტის შემდეგ ცდილობს დასაქმებას, შემოსავლის მიღებას. მოპასუხე მხარის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება. მოპასუხის განმარტებით, მას მოსარჩელე მხარე არ აძლევს საშუალებას ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილთან. მოპასუხეს შვილის მიმართ ვალდებულებებთან ერთად აქვს უფლებებიც.

 

არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები, უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, არ არის დასაქმებული არც მოსარჩელე და არც მოპასუხე მხარე. საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ რაიმე სახით შემოსავლის მიღება. მოპასუხე ვ----– გ--------- თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არ არის თანახმა გადაიხადოს ალიმენტი არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის მიზნით, ვინაიდან მოპასუხე მიიჩნევს, რომ ალიმენტის თანხა არ მოხმარდება მხოლოდ ზ------ გ---------- ინტერესებს. მოსარჩელე მხარეს ჰყავს არასრულწლოვანი შვილი პირველი ქორწინებიდან, რომლის რჩენის ვალდებულება ვ----– გ---------ს არ გააჩნია.

 

სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 14.03.2019წ.). სახელმწიფოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის ოდენობა 2019 წლისათვის შეადგენს 178.6 ლარს (იანვრის თვეში) და 179.1 ლარს (თებერვლის თვეში). სასამართლო განუმარტავს ორივე მხარეს, რომ მათ თანაბარი მოვალეობა აქვთ იზრუნონ შვილზე. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი ხელფასის სახით, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესად დასაცავი ინტერესებიდან გამომდინარე, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის მაქსიმალური ოდენობით - 178 (ას სამოცდათვრამეტი) ლარით. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის კომპონენტების გათვალისწინებით, რაც აუცილებელი მინიმალური ნორმატივია ადამიანის არსებობისთვის, ბავშვის რჩენის თანხაც მასვე უნდა შეესაბამებოდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკის, მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობიდან გამომდინარე, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ზ------ გ----------ათვის უნდა განისაზღვროს 178 (ას სამოცდათვრამეტი) ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. - 7.2. საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე ნ---- ა---------–---–-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით. (ს.ფ. 18-19);

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნ---- ა---------–---–- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელწმიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ ნ---- ა---------–---–-ს (პირადი №0----------- სარჩელი მოპასუხე ვ----– გ---------- (პირადი №-----------) მიმართ:

 

2. შეწყდეს ქორწინება ნ---- ა---------–---–ს (დაბადებული 1-----–-–-- 7------ს, პირადი №0----------- და ვ----– გ---------ს (დაბადებული 1----–-–-- 0-----–--ს, პირადი №-----------) შორის რეგისტრირებული 2011 წლის 1-----------ს (ქორწინების მოწმობა №---------, სააქტო ჩანაწერი №8----------);

 

3. დაეკისროს მოპასუხე ვ----– გ---------ს (პირადი №-----------) არასრულწლოვანი ზ------ გ---------- (დაბადებული 2012 წლის 1-------------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 16 ივლისიდან) ყოველთვიურად 178 (ას სამოცდათვრამეტი) ლარის გადახდა;

 

4. დაუბრუნდეს ნ---- ა---------–---–ს (პირადი №0----------- მის მიერ 2018 წლის 1-----–---, სახელმწიფო ბაჟის სახით (საგადახდო დავალება №0, სს ,,თიბისი ბანკი”, მიმღები: ქ. თბილისი, ,,სახელმწიფო ხაზინა”, მიმღების ანგარიში 300773150) გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარი;

 

5. დაეკისროს მოპასუხე ვ----– გ---------ს (პირადი №-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ე. ზარნაძე