გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.04.2019
საქმის ნომერი
330210018002729228
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/33671-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელეები - ერ---------------ე

წარმომადგენელი - ნი---------–--ე

 

მოპასუხე - სს „მი--------------ი“

წარმომადგენელი - ან-------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. სს „მი--------------ს“ ერ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს - „მწვანე თამასუქის“ შეძენის შესახებ №1--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 30 464 ევროს გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 22 აგვისტოს ერ---------------ესა და სს „მი--------------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება №1--- „მწვანე თამასუქის“ შეძენის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით, ემიტენტი (სს„მი--------------ი”) კისრულობდა ვალდებულებას განეხორციელებინა თამასუქის ემისია, ხოლო თამასუქის შემძენი ყიდულობდა ამ თამასუქს შეთანხმებულ ფასში. აღნიშნული ხელშეკრულებით საემისიო ღირებულება შეადგენდა 31 000 ევროს, წლიური პროცენტი, კი 11%-ს. საპროცენტო სარგებლის გაცემა უნდა მომხდარიყო ყოველთვიურად. დაფარვის თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 22 აგვისტო.

 

2017 წლის 22 აგვისტოს ზემოთ აღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება. კერძოდ, წლიური პროცენტი განისაზღვრა 10.2%-ით, ხოლო დაფარვის თარიღად მიეთითა 2018 წლის 22 აგვისტო. მოპასუხემ დაარღვია მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ვერ განახორციელა შეთანხმებული პირობებით ყოველთვიურად საპროცენტო სარგებლის გაცემა.

 

2018 წლის 05 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა „მწვანე თამასუქის“ შეძენის შესახებ №1--- ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას. აღნიშნული შეთანხმებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის სს „მი--------------ს“ მოსარჩელის მიმართ გააჩნდა ფულადი დავალიანება - 31 000 ევროს ოდენობით, რომელიც სს „მი--------------ს“ უნდა გადაეხადა 10 კალენდარული წლის განმავლობაში, ყოველთვიური თანაბარი გადახდებით.

 

მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოთ აღნიშნული შეთანხმებაც. მის მიერ ფულადი დავალიანება გადახდილ იქნა მხოლოდ ნაწილობრივ - 536 ევროს ოდენობით. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს - 30 464 ევროს.

 

ერ---------------ემ სს „მი--------------ს“ გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, თუმცა უშედეგოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა შესაგებელში მითითებული არ არის იმ ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, რის საფუძველზეც იგი არ ცნობს სარჩელს. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სს „მი--------------ი“ ყოველთვის მზად იყო, რომ გადაეხადა თანხა, თუმცა იგი წარმოადგენს საფინანსო ორგანიზაცის, რომელიც დამოკიდებულია მესამე პირებზე, რომელთანაც იმყოფება სასესხო ურთიერთობებში. ამ ეტაპზე გაძნელებულია ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხად გაცემული თანხების დაბრუნება და აქედან გამომდინარე, თამასუქის შემძენებს ვერ უხდიან შეთანხმებით გათვალისწინებულ თანხებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 22 აგვისტოს სს „მი--------------სა“ (თამასუქის ემიტენტი) და ერ---------------ეს (თამასუქის შემძენი) შორის გაფორმდა №1--- ხელშეკრულება პროცენტიანი მარტივი - „მწვანე თამასუქის“ შეძენის შესახებ, რომლითაც თამასუქის ემიტენტმა იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა პროცენტიანი თამასუქის ემისია თამასუქის შემძენის სახელზე და გადაეცა თამასუქიდან გამომდინარე, ემიტენტის მიმართ სათამასუქო მოთხოვნების უფლებები, ხოლო თამასუქის შემძენმა, თავის მხრივ, იკისრა ვალდებულება შეეძინა თამასუქი მხარეთა შორის შეთანხმებულ ფასში და მიეღო თამასუქიდან გამომდინარე ყველა უფლება (ხელშეკრულების მე-2 მუხლი).

 

ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, თამასუქის საეიმისიო ღირებულება განისაზღვრა 31 000 ევროს ოდენობით, ხოლო წლიური პროცენტი - 11%-ით, რომელიც თამასუქის ემიტენტს - სს „მი--------------ს“ უნდა გადაეხადა ყოველთვიურად. თამასუქის დაფარვის თარიღად განისაზღვრა - 2017 წლის 22 აგვისტო.

 

ერ---------------ემ თამასუქის შესაძენად სს „მი--------------ს“ გადაუხადა საემისიო ღირებულება - 31 000 ევრო.

 

აღნიშნული ხელშეკრულებისა და თამასუქის შემძენის მიერ საემისიო ღირებულების გადახდის საფუძველზე, 2016 წლის 22 აგვისტოს სს „მი--------------ის“ (ინდოსანტი) მიერ განხორციელდა №2-----------851 მარტივი საფინანსო თამასუქის გაცემა, რომლითაც ამ უკანასკნელმა იკისრა უპირობო ვალდებულება დადგენილ ვადაში (22.08.2017წ.) ერ---------------ისათვის (ინდოსატი) 31 000 ევროს გადახდის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 22.08.2016წ. ხელშეკრულება „მწვანე თამასუქის“ შეძენის შესახებ (იხ. ს.ფ. 18-19);

- სალაროს შემოსავლის ორდერი (იხ. ს.ფ. 17);

- თამასუქი (იხ. ს.ფ. 16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. 2017 წლის 22 აგვისტოს სს „მი--------------სა“ (თამასუქის გამცემი) და ერ---------------ეს (თამასუქის შემძენი/თამასუქის მფლობელი) შორის გაფორმდა შეთანხმება №1--- პროცენტიანი მარტივი - „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის საფუძველზეც აღნიშნულ ხელშეკრულებაში შეიცვალა წლიური პროცენტის ოდენობა და განისაზღვრა - 10.2%-ით. ასევე, შეიცვალა თამასუქის დაფარვის თარიღი და განისაზღვრა - 22.08.2018წ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 22.08.2017წ. შეთანხმება „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (იხ. ს.ფ. 20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.3. 2018 წლის 05 ივლისს სს „მი--------------სა“ და ერ---------------ეს შორის, №1--- პროცენტიანი მარტივი - „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულების საფუძველზე, გაფორმდა შეთანხმება აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.

 

შეთანხმების 1-ლი პუნქტით, შეთანხმების დადების დღისათვის არსებული მოვალის (სს „მი--------------ი“) ფულადი დავალიანება კრედიტორის (ერ---------------ე) მიმართ განისაზღვრა - 31 000 ევროს ოდენობით, რომელიც ამავე შეთანხმების 1.2 პუნქტის თანახმად, მოვალეს უნდა დაეფარა ათი წლის განმავლობაში თანაბარი რაოდენობის თანხის - 768.85 ლარის, კრედიტორის საბანკო ანგარიშზე აღრიცხვის გზით, ყოველი თვის 25 რიცხვის ჩათვლით.

 

შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ გადახდის გრაფიკის სამჯერ დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორის გადაწყვეტილებით წინამდებარე შეთანხმება შესაძლებელია შეწყდეს და კრედიტორს წარმოეშვება უფლება დარჩენილი ფულადი დავალიანების დაბრუნება მოითხოვოს დაუყოვნებლივ (იხ.ს.ფ. 21).

 

შეთანხმების მე-4 პუნქტის თანახმად, წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული პროცენტიანი მარტივი - „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულების (22.08.2016; 2-----------851) დანართს, რომელსაც ფულადი ვალდებულების ოდენობის, ვალუტისა და შესრულების წესის ნაწილში გააჩნია ხელშეკრულებისა და 2-----------851 თამასუქთან მიმართებაში უპირატესი ძალა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 05.07.2018წ. შეთანხმება პროცენტიანი მარტივი - „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (იხ. ს.ფ. 21);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.4. სს „მი--------------ის“ მიერ დარღვეულ იქნა მასსა და ერ---------------ეს შორის 2016 წლის 22 აგვისტოს დადებული №1--- ხელშეკრულებითა (პროცენტიანი მარტივი - „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ) და მის საფუძველზე გაცემული 2-----------851 თამასუქით, ასევე 22.08.2017წ. და 05.07.2018წ. შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ თამასუქის განაღდება არ განხორციელებულა. ხოლო, 05.07.2018წ. შეთანხმებით განსაზღვრული დავალიანებიდან გადახდილი აქვს მხოლოდ - 536 ევრო. დარჩენილი დავალიანება სს „მი--------------ს“ დღემდე არ გადაუხდია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 22.08.2016წ. ხელშეკრულება „მწვანე თამასუქის“ შეძენის შესახებ (იხ. ს.ფ. 18-19);

- 22.08.2017წ. და 05.07.2018წ. შეთანხმება (იხ. ს.ფ. 20-21);

- სალაროს შემოსავლის ორდერი (იხ. ს.ფ. 17);

- თამასუქი (იხ. ს.ფ. 16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.5. 2018 წლის 15 ოქტომბერს ერ---------------ემ სს „მი--------------ს“ გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება, რომლითაც აცნობა 05.07.2018წ. შეთანხმებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობის შესახებ და განუსაზღვრა დამატებით გაფრთხილებიდან 10 დღის ვადა დავალიანების დასაფარად, თუმცა უშედეგოდ.

 

აღნიშნული წერილობითი შეტყობინება სს „მი--------------ს“ ჩაბარდა 2018 წლის 01 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეტყობინება და უკუგზავნილი (იხ. ს.ფ. 22-23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ერ---------------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, მე-400 მუხლებით;

„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, 29-30-ე, 37-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

 

''თამასუქის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად - ''თამასუქი'' არის ფასიანი ქაღალდი, დოკუმენტი, რომლითაც მისი გამცემი პირი კისრულობს უპირობო ვალდებულებას გადაიხადოს თამასუქში ნაჩვენები თანხა პირადად ან სხვა პირს ავალებს მის გადახდას. თამასუქი შეიძლება იყოს გადასაპირებელი (ტრატა) და მარტივი (ხოლო თამასუქი); მარტივი თამასუქით მისი გამცემი კისრულობს ვალდებულებას თვითონ გადაიხადოს თამასუქში მითითებული თანხა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს სს „მი--------------სა“ (თამასუქის ემიტენტი) და ერ---------------ეს (თამასუქის შემძენი) შორის გაფორმდა №1--- ხელშეკრულება პროცენტიანი მარტივი - „მწვანე თამასუქის“ შეძენის შესახებ, რომლითაც თამასუქის ემიტენტმა იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა პროცენტიანი თამასუქის ემისია თამასუქის შემძენის სახელზე, ხოლო თამასუქის შემძენმა, თავის მხრივ, იკისრა ვალდებულება შეეძინა თამასუქი მხარეთა შორის შეთანხმებულ ფასში.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ერ---------------ემ თამასუქის შესაძენად სს „მი--------------ს“ გადაუხადა საემისიო ღირებულება - 31 000 ევრო, ხოლო სს „მი--------------მა“ (ინდოსანტი) 22.08.2016წ. განახორციელა №2-----------851 მარტივი საფინანსო თამასუქის გაცემა, რომლითაც ამ უკანასკნელმა იკისრა უპირობო ვალდებულება დადგენილ ვადაში ერ---------------ისათვის (ინდოსატი) 31 000 ევროს გადახდის თაობაზე.

 

2017 წლის 22 აგვისტოს სს „მი--------------სა“ და ერ---------------ეს შორის გაფორმდა შეთანხმება №1--- პროცენტიანი მარტივი - „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის საფუძველზეც აღნიშნულ ხელშეკრულებაში შეიცვალა წლიური პროცენტის ოდენობა და განისაზღვრა - 10.2%-ით. ასევე, შეიცვალა თამასუქის დაფარვის თარიღი და განისაზღვრა - 22.08.2018წ.

 

„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, ინდოსამეტი პასუხს აგებს აქცეპტისა და თამასუქის გადახდისათვის, თუ სხვა რამ არ არის დათქმული.

 

როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული სს „მი--------------მა“ აიღო უპირობო ვალდებულება თამასუქში ნაჩვენები თანხა - 31 000 ევრო გადაეხადა ერ---------------ისათვის 2018 წლის 22 აგვისტოს.

 

თუმცა, ვინაიდან მის მიერ დადგენილ ვადაში ვერ განხორციელდა თამასუქის განაღდება, 2018 წლის 05 ივლისს სს „მი--------------სა“ და ერ---------------ეს შორის №1--- პროცენტიანი მარტივი - „მწვანე თამასუქის“ შეძენის ხელშეკრულების საფუძველზე, კვლავ გაფორმდა შეთანხმება აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. შეთანხმებით განისაზღვრა, რომ მოვალეს - სს „მი--------------ს“ კრედიტორის - ერ---------------ის მიმართ გააჩნდა ფულადი დავალიანება - 31 000 ევროს ოდენობით, რომელიც უნდა დაეფარა ათი წლის განმავლობაში თანაბარი რაოდენობის თანხის 768.85 ლარის, კრედიტორის საბანკო ანგარიშზე აღრიცხვის გზით, ყოველი თვის 25 რიცხვის ჩათვლით. შეთანხმების მესამე პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ გადახდის გრაფიკის სამჯერ დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორის გადაწყვეტილებით წინამდებარე შეთანხმება შესაძლებელია შეწყდეს და კრედიტორს წარმოეშვება უფლება დარჩენილი ფულადი დავალიანების დაბრუნება მოითხოვოს დაუყოვნებლივ (იხ.ს.ფ. 21).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, თამასუქი შეიძლება გაიცეს გადასახდელად შემდეგი ვადების გათვალისწინებით: ა) წარდგენისთანავე; ბ) წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; გ) გაცემიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; დ) განსაზღვრულ დღეს.

 

''თამასუქის შესახებ'' საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, “თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული თამასუქი გადახდილი უნდა იქნეს მისი წარდგენისთანავე. თამასუქი გადასახდელად წარდგენილი უნდა იქნეს გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში. თამასუქის გამცემის მიერ ეს ვადა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. აღნიშნული ვადები შეიძლება შეამციროს ინდოსანტმა.

 

''თამასუქის შესახებ'' საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, თამასუქის მფლობელს შეუძლია წარუდგინის სარჩელი ინდოსანტს თამასუქის გამცემს და სხვა ვალდებულ პირებს შემდეგ შემთხვევებში: ა) გადახდის ვადის დადგომისას; ბ) გადაუხდელობისას. ხოლო, გადახდის ვადის დადგომამდე შემდეგ შემთხვევებში: ა) როდესაც უარი იყო ნათქვამი თამასუქის მთელი თანხისა და მისი ნაწილის აქცეპტებზე; ბ) როდესაც მოვალის გადახდისუნარიანობა საეჭვოა, მიუხედავად იმისა, გაუკეთა თუ არა მან აქცეპტება თამასუქს; თუ მან შეაჩერა თავისი გადასახადების შეტანა, რაც არაა დადასტურებული სასამართლო წესით, ან როდესაც იძულებითი გადახდევინებისათვის მიქცევამ შედეგი არ გამოიღო. გ) როდესაც საეჭვოა იმ თამასუქის გამცემის გადახდისუნარიანობა, რომელიც აქცეპტებას არ ექვემდებარება

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, სს „მი--------------ს“ ერ---------------ისათვის თამასუქის საემისიო ღირებულება - 31 000 ევროს ოდენობით, უნდა გადაეხადა 2018 წლის 22 აგვისტოს. თუმცა, აღნიშნულ ვადაში სს „მი--------------ის“ მიერ თანხის გადახდა და 22.08.2016წ. თამასუქის განაღდება არ მომხდარა. დადგენილია, ასევე, რომ მას არც 05.07.2018წ. შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები შეუსრულებია. კერძოდ, სს „მი--------------ს“ აღნიშნული შეთანხმებით განსაზღვრული დავალიანებიდან გადახდილი აქვს მხოლოდ - 536 ევრო. დარჩენილი დავალიანება, კი დღემდე არ გადაუხდია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერ---------------ე სსკ-ის 361-ე და მე-400, ასევე ''თამასუქის შესახებ'' საქართველოს კანონის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილია მოითხოვოს საემისიო თანხის დარჩენილი ნაწილის დაბრუნება.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ერ---------------ის სარჩელი მოპასუხე სს „მი--------------ის“ მიმართ „მწვანე თამასუქის“ შეძენის შესახებ №1--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 30 464 ევროს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 2 720 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: თამასუქის ან ჩეკის თაობაზე სარჩელზე – 100 ლარს, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე – შესაბამისად 150 და 300 ლარს.

 

ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე სს „მი--------------ს“ მოსარჩელე ერ---------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 100 ლარის გადახდა.

 

ამასთან, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა - 2620 ლარის ოდენობით.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს 3 000 ლარის ოდენობით იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 25). დავის საგნის ღირებულებისა და საქმის სირთულის გათვალისწინებით, წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯი ანაზღაურებას ექვემდებარება გონივრულ ფარგლებში, თუმცა არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იურიდიული მომსახურების ღირებულება უნდა განისაზღვროს და მოპასუხეს გადასახდელად დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4%-მდე, რაც განსახილველ დავაში შეადგენს - 1500 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ერ---------------ის სარჩელი სს „მი--------------ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხე სს „მი--------------ს“ მოსარჩელე ერ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს „მწვანე თამასუქის“ შეძენის შესახებ №1--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 30 464 ევროს გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.

 

2. მოპასუხე სს „მი--------------ს“ მოსარჩელე ერ---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ - 1500 ლარის გადახდა.

3. ერ---------------ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 15 ნოემბერს სს ,,თი---------ში“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 2720.00 ლარიდან - 2620.00 ლარი, რაც განთავსებული იქნა ხაზინის ერთიან ანგარიშზე N30-------- ბანკის კოდი TR-----2.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე