გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.02.2019
საქმის ნომერი
330310018002764913
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №3/7797-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

6 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი გიორგი ჩიქოვანი

მოსარჩელე - ლ---------–--ე

წარმომადგენელი - გ-----------ა

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - რ---------------–-----ი

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 6 დეკემბრის №M---------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, ლ---------–--ის მიერ უცხოეთში - კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლეს სასწავლო დაწესებულება „პ---------–------------------------–-----ს აკადემიაში“ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2012 წლის 5 აპრილს კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - „პ---------–------------------------–----------------ის“ მიერ გაცემული D--------- ბაკალავრის დიპლომის თანახმად, ლ---------–--ემ 2012 წელს დაამთავრა კერძო სააქციო საზოგადოება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება პ---------–------------------------–----------------ა“ და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფილოლოგიაში.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- დიპლომი D--------- (ს.ფ. 25-26)

- დიპლომის დანართი (ს.ფ. 27-28);

 

3.2. 2018 წლის 19 ნოემბერს ლ---------–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

 

2018 წლის 26 ნოემბრის №M---------------- წერილით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საკითხის გადაწყვეტისათვის ლ---------–--ეს მოეთხოვა, 10 დღის ვადაში, ცენტრში წარედგინა, სწავლის პერიოდში უ-------ში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

ლ---------–--ემ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით მიმართა და აცნობა, რომ სწავლება მიმდინარეობდა დისტანციურ რეჟიმში. ამდენად, სწავლის პერიოდში მას უ-------ში არ უცხოვრია. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ვერ წარადგენდა მოთხოვნილ დოკუმენტაციას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 19 ნოემბრის განცხადება (ს.ფ 62-64);

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2018 წლის 26 ნოემბრის №M---------------- წერილი (ს.ფ. 23);

- ლ---------–--ის განცხადება (ს.ფ. 24);

 

3.3. სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 6 დეკემბრის №M---------------- წერილით ლ---------–--ეს ეცნობა, რომ ლ---------–--ის მიერ ცენტრში წარდგენილი N1------ განცხადებით მიწოდებული ინფორმაცია არ ცვლიდა გარემოებებს, რადგან ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი და ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას არ შეცვლილა. ამავე წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტიც.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 6 დეკემბრის №M---------------- წერილი (ს.ფ. 21-22).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 6 დეკემბრის №M---------------- წერილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად: 1. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის მოსთხოვოს განმცხადებელს წარადგინოს სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია კანონით გათვალისწინებული საბუთის ან ინფორმაციის გარდა. 2. დაუშვებელია ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული წარმოების შეჩერება ან განცხადების განხილვაზე უარის თქმა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება პ---------–------------------------–----------------ის მიერ 2012 წლის 5 აპრილს გაცემული D--------- ბაკალავრის დიპლომის თანახმად, ლ---------–--ემ 2012 წელს დაამთავრა კერძო სააქციო საზოგადოება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება პ---------–------------------------–----------------ა“ და მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფილოლოგიაში.

 

მოცემული დავის ფარგლებში დადგენილია, 2018 წლის 19 ნოემბერს ლ---------–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ განმცხადებელი ითხოვდა საქართველოდან უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარებას. 2018 წლის 26 ნოემბრის №M---------------- წერილით სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საკითხის გადაწყვეტისათვის ლ---------–--ეს მოეთხოვა, 10 დღის ვადაში, ცენტრში წარედგინა, სწავლის პერიოდში უ-------ში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

დადგენილია, რომ ლ---------–--ემ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 2018 წლის 3 დეკემბრის განცხადებით მიმართა და აცნობა, რომ სწავლება მიმდინარეობდა დისტანციურ რეჟიმში. ამდენად, სწავლის პერიოდში მას უ-------ში არ უცხოვრია. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ვერ წარადგენდა მოთხოვნილ დოკუმენტაციას.

 

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 6 დეკემბრის №M---------------- წერილით ლ---------–--ეს ეცნობა, რომ ლ---------–--ის მიერ ცენტრში წარდგენილი N1------ განცხადებით მიწოდებული ინფორმაცია არ ცვლიდა გარემოებებს, რადგან ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი და ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას არ შეცვლილა. ამავე წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტიც. აღნიშნული საფუძვლად დაედო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას. ამავე წერილში მოსარჩელე მხარეს განემარტა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, რომელთა თანახმადაც, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომის თაობაზე არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

სასამართლო აღნიშნულ მუხლთან მიმართებით განმარტავს, რომ კოდექსი დაუშვებლად აცხადებს უკვე განხილულ და გადაწყვეტილ საკითხზე ახალი განცხადების წარდგენის შესაძლებლობას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი საკითხის გადაწყვეტაში გულისხმობს განცხადებაზე ან საჩივარზე უარის თქმას. ამასთანავე კოდექსი განმარტავს, თუ რა შემთხვევაში არსებობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ხელახალი მიმართვის შესაძლებლობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება აღნიშნული მუხლით განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე, კანონშეუსაბამოა, რადგან მოსარჩელე მხარეს სხვა დროს ამავე მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ მიუმართავს. ასევე ლ---------–--ის განცხადება არ ეფუძნებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არ იყო უფლებამოსილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად ლ---------–--ის განცხადება განუხილველად დაეტოვებინა, არამედ ცენტრს უნდა ეხელმძღვანელა იმ გარემოებებით და მტკიცებულებებით, რომლებიც არსებობდა ადმინისტრაციული წარმოებისას.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განათლების მიღება არის ფაქტი, რომელიც ამა თუ იმ კვალიფიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლების შედეგად შეძენას გულისხმობს. უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკადემიური ხარისხი არის კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ამავე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარება იმ სამართლებრივი ჩარჩოს გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს, რაც არსებობდა განათლების მიღების პროცესში და არა შემდგომში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენებით. ამგვარი მიდგომა შესაძლოა გამართლებული იყოს თუ ნორმის ახლებური მოწესრიგება პირის უფლებათა რეალიზების უკეთესი საშუალებაა, ვიდრე ამას მანამდე არსებული ნორმის ფარგლები განაპირობებდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ლ---------–--ის მიერ სწავლების დასრულების მომენტში მოქმედი ნორმატიული აქტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების მიზნებისთვის ადგენდა მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილებას, მოეთხოვა პირის საზღვარგარეთ ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. თუმცა აღნიშნული წესი სავალდებულო ხასიათს არ ატარებდა და მხოლოდ კონკრეტული გადასაწყვეტი საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე შესწავლის საჭიროებას განსაზღვრავდა. ამასთან, ცვლილებებამდე არსებული საკანონმდებლო თუ ნორმატიული აქტის შინაარსი არ გამორიცხავდა უცხოეთში სწავლების ამა თუ იმ ფორმით მიღებული განათლების აღიარების შესაძლებლობას.

 

მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დისტანციური სწავლება არის სწავლების ფორმატი, რომელიც ამა თუ იმ საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაძლოა იყოს სწავლების ძირითადი ფორმა. დისტანციური სწავლება შექმნილია სპეციალურად სტუდენტისთვის ან სტუდენტთა ჯგუფისთვის, რომლებიც ტრადიციულ აუდიტორიაში ან კაბინეტში ფიზიკურად არ იმყოფებიან. ეს არის პროცესი, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის სწავლას, როდესაც ინფორმაციის წყარო და მიმღები ერთმანეთისგან დროით, სივრცით ან ორივე შემთხვევაში დაშორებულნი არიან. ამასთან, დისტანციური სწავლებისათვის სივრცის რაიმე სახით შეზღუდვა დაუშვებელია, ვინაიდან სწავლების ეს ფორმა სწორედ სწავლების ადგილისაგან მოშორებით სასწავლო კურსის გავლას გულისხმობს.

 

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტი განმარტავს ელექტრონული სწავლების შინაარსს, კერძოდ ელექტრონული სწავლება არის საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული, თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე სტუდენტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება. ამავე კანონის 474 მუხლის თანახმად: 1. ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სტუდენტის (გარდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სტუდენტისა) სტუდენტთან ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისა და სხვა მიზნებისათვის. 2. ელექტრონული სწავლება ხორციელდება ასინქრონული ან/და სინქრონული კომუნიკაციის ფორმით. ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული − როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ელექტრონული სწავლების ან ნაწილობრივ ელექტრონული სწავლების გამოყენებით დაძლევის შემდეგ პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და ეძლევა ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. ელექტრონული სწავლების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

 

ამდენად, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა იცნობს ელექტრონული სწავლების ფორმას, რომელიც სტუდენტისა და მასწავლებლის დისტანცირების პირობებში სასწავლო პროგრამის განხორციელებას გულისხმობს. უდავოა, რომ უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლებას სტუდენტი ღებულობს იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც ეს დაწესებულება არის ავტორიზებული და გავლილი აქვს პროგრამული აკრედიტაცია. სასამართლო ვერ გაიზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სასწავლო დაწესებულების ქვეყნის გარეთ მიღებული განათლება ვერ ჩაითვლება უცხოეთში (ამ ქვეყანაში) მიღებულ განათლებად, ვინაიდან განათლების მიღება არის ფაქტი, რომელიც სასწავლო პროგრამის დაძლევის შედეგად კვალიფიკაციის მინიჭებას გულისხმობს. შესაბამისად, განათლება იმ ქვეყანაში მიღებულად ჩაითვლება, სადაც უშუალოდ ფუნქციონირებს სასწავლო დაწესებულება და სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. მაგალითისათვის, სასამართლო პარალელს გაავლებს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ ელექტრონული სწავლების ფორმასთან. ამ შემთხვევაშიც, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები პირის მიერ ელექტრონული სწავლების ფორმით განათლების მიღების ადგილად ჩაითვლება სასწავლო დაწესებულების ფუნქციონირების ადგილი და არა განათლების მიმღები პირის ადგილსამყოფელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. განათლების მიღების ადგილს ასევე ადასტურებს თავად განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი დიპლომი, რომლის ერთ-ერთი სავალდებულო რეკვიზიტია ადგილი, სადაც გაიცა დიპლომი (უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების - დიპლომისა და პროფესიული დიპლომის ფორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №1---- ბრძანების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი).

 

ამდენად, უდავოა, რომ ლ---------–--ის მიერ არჩეული სწავლების ფორმა - დისტანციური სწავლება აღიარებულია უმაღლესი განათლების მიღების პროცესში. შესაბამისად, ლ---------–--ემ განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია წარადგინა იმ ფორმით, რა ფორმითაც იგი არსებობდა, რაც სადავო საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების აუცილებლობას ჰქმნიდა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 6 დეკემბრის №M---------------- წერილით ლ---------–--ის განცხადების, საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილზე დაფუძნებით, განუხილველად დატოვება არ გამომდინარეობას სადავო საკითხის სწორი სამართლებრივი შეფასებიდან. მოსარჩელე მხარემ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენისათვის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინა ინფორმაცია, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა ლ---------–--ის განაცხადზე ადმინისტრაციული წარმოება განეხორციელებინა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სრული დაცვით, კერძოდ საკითხის სრულყოფილი გამოკვლევისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად მიეღო გადაწყვეტილება ლ---------–--ის მიერ უცხოეთში - კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლეს სასწავლო დაწესებულება „პ---------–------------------------–-----ს აკადემიაში“ მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებასთან დაკავშირებით.

 

6.3. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

 

სასამართლოს მოსაზრებით, პირის კერძო ინტერესი - ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი, დანართი), შესაბამისი კვალიფიკაცია, შეძლოს პროფესიით მუშაობა, განახორციელოს როგორც საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული განათლების მიღების, ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმით გარანტირებული განათლების უფლების რეალიზაცია, არის უპირატესი იმ საჯარო ინტერესთან შედარებით, რომელიც საქმის მასალების შესწავლისა და მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური კანონმდებლობის ფორმალურ დაცვას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხისადმი ფორმალური მიდგომით უგულვებელყო პირის უფლება დისტანციური სწავლებით მიღებული განათლების აღიარებით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით ხელმისაწვდომი გახდეს დასაქმების ბაზარი, სამომავლო განათლება და სხვა უფლებები. საქმეში დაცულია ლ---------–--ის სახელზე კერძო სააქციო საზოგადოება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება პ---------–------------------------–----------------ის მიერ გაცემული დიპლომი. ამდენად მოპასუხემ - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს ლ---------–--ის სახელზე გაცემული დიპლომის დანართი ან/და შეფასების ფურცელი, ის თუ რა საგნები აქვს გავლილი და სწავლების საათობრივი დატვირთვა, ასევე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო სხვა აუცილებელი გარემოებები. ამდენად, სასამართლო დავის გადაწყვეტისას ვერ შეაფასებს ლ---------–--ის მიერ მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან. აღნიშნული გარემოება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებული უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე საკითხის ხელახალი გამოკვლევისას.

 

აღნიშნული მსჯელობისა და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ---------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის 2018 წლის 6 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების - ლ---------–--ის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისათვის საჭირო აუცილებელი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ---------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 6 დეკემბრის №M---------------- გადაწყვეტილება და დაევალოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საკითხის სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ---------–--ის 2018 წლის 19 ნოემბრის განცხადების მოთხოვნასთან დაკავშირებით;

 

3. მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს მოსარჩელის - ლ---------–--ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხის 100 ლარის ანაზღაურება;

 

4. მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს სანოტარო მომსახურების ხარჯის - 1-.80 ლარის და საადვოკატო მომსახურების 5-- ლარის ანაზღაურება ლ---------–--ის სასარგებლოდ;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მეშვეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე - თბილისი გრიგოლ რობაქიძის ქ. №7ა).

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე