გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.03.2019
საქმის ნომერი
330310019002867954
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1408-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

25 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ მეშველიანი

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

 

მოსარჩელე - მი----–--------–---–ი

 

მოპასუხე - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო

წარმომადგენელი - მა-------------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილება.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მი----–--------–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილება მომზადებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და მოპასუხის მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენით, მი----–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 6 თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:

- გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განაჩენი (პირადი საქმე).

 

3.2. დადგენილია, რომ მი----–--------–---–ს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 19 ივლისიდან, სასჯელის მოხდა დასრულდება 2021 წლის 19 იანვარს. სასჯელის ფაქტობრივად მოხდის საშეღავათო ვადა - 2/3 შესრულდა 2018 წლის 19 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:

– სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 24-28);

- მი----–--------–---–ის პირადი საქმე.

 

3.3. მი----–--------–---–ი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორის 2015 წლის 13 იანვრის №--- ბრძანებით განთავსებულ იქნა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2017 წლის 03 მაისის №---- ბრძანებით სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება და ანთავსებულ იქნა №- პენიტენციური დაწესებულებაში. 2016 წლის 17 მაისს შესახლებულ იქნა №- პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:

– სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 24-28);

- მი----–--------–---–ის პირადი საქმე.

 

3.3. დადგენილია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივი საბჭომ 2018 წლის 21 დეკემბერს, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა შუამდგომლობა მი----–--------–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე. საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები და მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, ფაქტი, რომ წახალისებულია. თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილია, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელბის მძიმე დაზიანება და სიცოცხლის მოსპობა. ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულის შესახებ საკითხის განხილვისას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა, რა გარემოებაში და ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, საბჭომ ამ ეტაპზე, მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მი----–--------–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:

– სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 24-28);

- მი----–--------–---–ის პირადი საქმე.

 

3.4. დადგენილია, რომ მი----–--------–---–ი წარსულში ნასამართლობის არმქონეა. ჩადენილ დანაშაულს, მტკივნეულად განიცდის. მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი შემთხვევითი იყო და თვითონაც მძიმედ დაშავდა, ტრაგედიას სრულიად აცნობიერებს და სინანულს განიცდის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:

– სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 24-28);

- მი----–--------–---–ის პირადი საქმე.

 

3.5. მი----–--------–---–ი სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია რამდენჯერმე: 2015 წლის 15 მაისს N--- ბრძანებით გამოეცხადა „მადლობა“; 2015 წლის 23 ოქტომბრის N---- ბრძანებით მიეცა „დამატებითი ხანმოკლე პაემნის“ უფლება; 2015 წლის 15 მაისის N--- ბრძანებით გამოეცხადა „მადლობა“; 2015 წლის 20 ოქტომბრის N--- ბრძანებით მიეცა „დამატებითი ხანმოკლე პაემნის“ უფლება; 2017 წლის 26 სექტემბრის N---- ბრძანებით მიეცა „დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის“ უფლება. მსჯავრდებული ჩარიცხულია N8 დაწესებულების სამეურნეო მომსახურეობაში. იგი მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებს. არის თავაზიანი, როგორც თანასაკნელების, ისე ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართაც. მსჯავრდებულის განცხადებით გაიარა კომპიუტერული პროგრამის შესწავლის 3 თვიანი კურსი და მიიღო სერტიფიკატი.

 

დახასიათებაში მსჯავრდებულთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებსა (მიდრეკილება ემოციური აგრესიისკნ, ანტისოციალური ქცევის ტენდენცია, ფსიქოლოგიური მოწყვლადობა და ა.შ) და დამცავ ფაქტორებთან (მაგ: ქცევის შეცვლის მოტივაცია სოციალური მხარდაჭერა და ა.შ) დაკავშირებით მითითებულია, რომ განსაკუთრებული სახის რისკ-ფაქტორები არ გამოვლენილა, მისი ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველთა ბაზაში. რაც შეეხება დამცავ ფაქტორებს, მსჯავრდებულს აქვს ხანგრძლივი შრომითი გამოცდილება ავტოსარემონტო საქმეში და სრომაზე ორიენტირებული ცხოვრების წესი. კეთილსინდისიერად შრომობს საპატიმრო დაწესებულების სამეურნეო სამსახურში, რისთვისაც მიღებული აქვს მადლობა. ავლენს ემოციურ კავშირსა და პასუხისმგებლობის გრძნობას ოჯახის წევრების მიმართ, განსაკუთრებით აღელვებს ორი მცირეწლოვანი შვილის მდგომარეობა. არის თავმდაბალი და თავაზიანი პიროვნება. აღნიშნავს, რომ ადრე ნასამართლევი არასოდეს ყოფილა და კრიმინალი ყოველთვის უცხო იყო მისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგომ მტკიცებულებას:

- დახასიათება (53-57);

- სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 24-28);

- მი----–--------–---–ის პირადი საქმე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მი----–--------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში სპეცილური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივმა საბჭომ პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმსჯელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით. საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები და მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, ფაქტი, რომ წახალისებულია. თუმცა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მთვრალ მდგომარეობაში ჩადენილია, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელბის მძიმე დაზიანება და სიცოცხლის მოსპობა. ადგილობრივი საბჭოს მიერ მსჯავრდებულის შესახებ საკითხის განხილვისას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა, რა გარემოებაში და ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, საბჭომ ამ ეტაპზე, მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილებით შუამდგომლობა მი----–--------–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271 მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ძალაში დატოვოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ; ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; გ) ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო უფლებამოსილია მსჯავრდებული შეაფასოს პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გარემოებების შესაბამისად − სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში. პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილი კი ადგენს, რომ შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქცევას სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტებს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, მიღწეულია თუ არა სასჯელის მიზანი, და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების წესი და პირობები უფრო დეტალურად რეგლამენტირებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესით“. აღნიშნული წესის მე-13 მუხლი განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომელთა შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა. კერძოდ, მითითებული მუხლის თანახმად, შეფასების კრიტერიუმებია: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

სასამართლო იზიარებს საბჭოს პოზიციას მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათთან მიმართებაში, თუმცა მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, სასჯელის მიზნის მიღწევადობასა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საკითხებს. სასამართლო განმარტავს, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებასა და მათი პრიორიტეტების დადგენას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანსა და პრინციპებს. სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებაზე, რომელიც ადგენს, თუ პირს სასჯელის სახით დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა, იგი შეიძლება პირობით ვადამდე გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ სსპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა.

 

პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია კავშირშია ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. სასამართლოს მოსაზრებით, თითოეული კრიტერიუმის შეფასებისას, პირობით ვადამდე განთავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია საბოლოოდ დადგინდეს, სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე, გამოსწორებულია თუ არა მსჯავრდებული და მისი გამოსწორებისათვის საჭირო არის თუ არა დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, ანუ მიღწეულ იქნა თუ არა სასჯელის მიზანი მისი რესოციალიზაციის კუთხით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებული წახალისებულია ხუთჯერ, 2015 წლის 15 მაისს №--- ბრძანებით გამოეცხადა „მადლობა“; 2015 წლის 23 ოქტომბრის №---- ბრძანებით მიეცა „დამატებითი ხანმოკლე პაემნის“ უფლება; 2016 წლის 17 მაისის №--- ბრძანებით გამოეცხადა „მადლობა“; 2016 წლის 20 ოქტომბრის №--- ბრძანებით მიეცა „დამატებითი ხანმოკლე პაემნის“ უფლება; 2017 წლის 26 სექტემბრის №---- ბრძანებით მიეცა „დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის“ უფლება. საგულისხმოა წახალისების ღონისძიებების გამოყენების საფუძველი - მსჯავრდებული გამოირჩევა კარგი ყოფაქცევით, თავაზიანობას იჩენს ადმინისტრაციის წარმომადგენლების და ასევე, მის საკანში განთავსებული მსჯავრდებული პირების მიმართ; სისტემატურად ახორციელებს შრომით საქმიანობას, რაც ხელს უწყობს შრომითი უნარჩვევების გამომუშავებაში და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებაში, კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

 

დადგენილია, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული ჩარიცხულია №- დაწესებულების სამეურნეო მომსახურეობაში. იგი მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებს. არის თავაზიანი, როგორც თანასაკნელების, ისე ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართაც. მსჯავრდებულის განცხადებით გაიარა კომპიუტერული პროგრამის შესწავლის 3 თვიანი კურსი და მიიღო სერტიფიკატი.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დახასიათებასა და გადაწყვეტილებაში აღნიშნულ მსჯავრდებულთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებსა (მიდრეკილება ემოციური აგრესიისკნ, ანტისოციალური ქცევის ტენდენცია, ფსიქოლოგიური მოწყვლადობა და ა.შ) და დამცავ ფაქტორებს (მაგ: ქცევის შეცვლის მოტივაცია სოციალური მხარდაჭერა და ა.შ), რომლის თანახმად, განსაკუთრებული სახის რისკ-ფაქტორები არ გამოვლენილა, მისი ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველთა ბაზაში. რაც შეეხება დამცავ ფაქტორებს, მსჯავრდებულს აქვს ხანგრძლივი შრომითი გამოცდილება ავტოსარემონტო საქმეში და შრომაზე ორიენტირებული ცხოვრების წესი. კეთილსინდისიერად შრომობს საპატიმრო დაწესებულების სამეურნეო სამსახურში, რისთვისაც მიღებული აქვს მადლობა. ავლენს ემოციურ კავშირსა და პასუხისმგებლობის გრძნობას ოჯახის წევრების მიმართ, განსაკუთრებით აღელვებს ორი მცირეწლოვანი შვილის მდგომარეობა. არის თავმდაბალი და თავაზიანი პიროვნება. აღნიშნავს, რომ ადრე ნასამართლევი არასოდეს ყოფილა და კრიმინალი ყოველთვის უცხო იყო მისთვის.

 

ყურადსაღებია მი----–--------–---–ის დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულის მიმართ, ნანობს და გაცნობიერებული აქვს ჩადენილი ქმედება, თავს მიიჩნევს დამნაშავედ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული, სასამართლოს მოსაზრებით, იძლევა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულს გათავისუფლების შემდეგ სურს საზოგადოებასთან რეინტეგრაცია, მის მიმართ მიღწეულია სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი გამოსწორებისათვის საჭირო აღარ არის დანიშნული სასჯელის მთლიანად მოხდა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ქმნის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საფუძველს.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მი----–--------–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე მხარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი;

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოპასუხე, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ელი, მე-2, მე-12, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მი----–--------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 21 დეკემბრის №---------- გადაწყვეტილება;

 

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს დაევალოს, კანონით დადგენილ ვადაში, მი----–--------–---–ის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;

 

4. მი----–--------–---–ს დაუბრუნდეს მოცემულ სარჩელზე რ---------------–-–--–-ს მიერ 2019 წლის 20 თებერვალს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (სასი) ლარი (სს „თიბისი ბანკი“, ბანკის კოდი - TBCBGE22; სახაზინო კოდი - 300773150);

 

5. მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე თამარ მეშველიანი