გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.04.2019
საქმის ნომერი
340210118002689335
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210118002689335

საქმე #2/861-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

(შესავალი ნაწილი)

03.04.2019 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - სს ,,თი---------ი”

წარმომადგენელი - თა------------ე

მოპასუხეები - გი---------–-–---–ი, თე------------–-–---–ი

წარმომადგენელი - ბე--------–---–ი

დავის საგანი: საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):

1.1. მოპასუხე გი---------–-–---–ს დაეკისროს 2018 წლის 01 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 4 332.03 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3 209.03 ლარი და ჯარიმა 1 123 ლარი.

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი გი---------–-–---–სა და თე------------–-–---–ს შორის 2018 წლის 16 ივლისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფე-–------------ი (საკადასტრო კოდი №51---------5) და გი---------–-–---–ი საჯარო რეესტრში აღირიცხოს უძრავი ქონების მესაკუთრედ.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: სს „თი---------ს“ და გი---------–-–---–ს შორის 01.02.2018 წელს განვადების ფარგლებში საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაიდო, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე 3 210 ლარის ოდენობის კრედიტი გაიცა. კრედიტის ვადა 382 დღით განისაზღვრა და მისი დაფარვა ყოველი თვის 18 რიცხვში 269.40 ლარის გადახდით უნდა განხორციელებულიყო. ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 2 ლარი და 1.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

მოპასუხემ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება 2018 წლის 22 აპრილს დაარღვია და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად თანხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა. მოსარჩელე შეეცადა მოპასუხესთან მოლაპარაკებას მორიგების მიზნით, თუმცა მოლაპარაკების პარალელურად მოპასუხემ განაცხადი შეიტანა საჯარო რეესტრში და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება თავის შვილს თე------------–-–---–ს აჩუქა. მართალია გი---------–-–---–ს ნებისმიერ დროს შეეძლო ქონების გაჩუქება თუ კი მართლა ჩუქების განზრახვა ექნებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულება ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით დაიდო. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ვინაიდან თე------------–-–---–ი მოპასუხის შვილია, მან იცოდა ბანკის წინაშე არსებული ვალდებულების შესახებ და მათ შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, ამიტომ იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

(სარჩელის დაზუსტება იხილეთ 03.04.2019 წლის სხდომის ოქმი)

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხეებმა ერთობლივი შესაგებელი წარმოადგინეს. მოპასუხე გივი მჭდლიშვილმა სარჩელი ძირი თანხის - 3 209.03 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო. დანარჩენ ნაწილში მოპასუხეებმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2018 წლის 01 თებერვალს სს „თი---------სა“ და გი---------–-–---–ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სესხად 3 210 ლარი მიიღო. თანხის დაბრუნება ყოველთვიურად 269.40 ლარის გადახდით უნდა მომხდარიყო. ამავე ხელშეკრულებით მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო ფიქსირებული 2 ლარი და 1.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

3.1.2. გი---------–-–---–მა 2018 წლის 22 აპრილს დაარღვია ვალდებულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადა.

3.1.3. 2018 წლის 04 ივლისს გი---------–-–---–ის სახელზე საჯარო რეესტრში აღირიცხა გურჯაანის რაიონის სოფე-–-----------ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №51---------5.

3.1.4. 2018 წლის 16 ივლისს გი---------–-–---–სა და თე------------–-–---–ს შორის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება დადო. ჩუქების საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება მდებარე: გურჯაანის რაიონი, სოფე-–------------ი (საკადასტრო კოდი - №51---------5). გარიგების საფუძველზე თე------------–-–---–ი საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-21)

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 41-42; 45-46);

- უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 43-44).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. გი---------–-–---–სა და თე------------–-–---–ს შორის 2018 წლის 16 ივლისს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას და შესაბამისად ბათილია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების არსი მდგომარეობს იმაში, რომ მისი არსებობის შემთხვევაში აუცილებელია, ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს სწორედ ისეთ შემთხვევას, როდესაც როგორც ნების გამომვლენი, ისე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს და ორივე მხარეს აღნიშნული გაცნობიერებული აქვს.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ გი---------–-–---–ი წარმოადგენს მოვალეს და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს. ვალდებულების დარღვევას ადგილი აქვს 2018 წლის 22 აპრილიდან და ვალდებულება ამ დრომდე არ შესრულებულა. აგრეთვე, დადასტურებულია, რომ თე------------–-–---–ი გი---------–-–---–ის შვილია.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მსგავს სადავო საკითხთან დაკავშირებით დადგენილ პრაქტიკაზე. კერძოდ საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტა შემდეგი ,,[...] მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამრიგად, განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებითი გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება”, „გარიგება” მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ “ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.“ ,,[...] ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე, მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე.“ (იხ. სუს გადაწყვეტილება საქმე №ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წელი; საქმე №ას-1347-1272-2012, 2013 წლის 1 ივლისი; საქმე №ას-1439-1357-2012 1 ივლისი 2012 წელი. 2010 წლის 30 აპრილის №ას-571-879-09 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხე გი---------–-–---–მა მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემდგომ უძრავი ქონება აჩუქა შვილს თე------------–-–---–ს. ამდენად, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ჩუქების ხელშეკრულება დაიდო მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით. ყოველშემთხვევაში მოპასუხეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რაც დაარწმუნებდა სასამართლოს იმაში, რომ ოჯახის წევრებს შორის გარიგების დადების განმაპირობებელი ობიექტური გარემოებები არსებობდა. შესაბამისად, მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც გარიგების ნამდვილობის დამადასტურებელი მტკიცებულება გახდებოდა. ეს უკანასკნელი კი გარიგებების მოჩვენებითობაზე მიუთითებს, რის გამოც სადავო გარიგებები ბათილ გარიგებას წარმოადგენს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია (ს.ფ. 22);

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 40);

- უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 43-44)

- მოპასუხე მხარის განმარტება (იხ. სასამართლოს 03.04.2018 წლის სხდომის ოქმი აუდიო ჩანაწერი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

სასამართლო თვლის, რომ სს „თი---------ის“ სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ, ხოლო უძრავ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის და საკუთრების უფლების აღდგენის ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც ბანკი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ბანკი ვალდებულია გადასცეს მსესხებელს ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით. მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს მიღებული სესხი და გადაიხადოს შეთანხმებული პროცენტი.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ მოპასუხე გი---------–-–---–თან დადო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მხარეთა განმარტებით სესხი სარგებლიანი არ იყო. თანხის დაბრუნება თვეში 269.40 ლარის გადახდით უნდა მომხდარიყო. საქმის განხილვის შედეგად აგრეთვე დადგინდა, რომ მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2018 წლის 22 აპრილიდან დაარღვია, მას შემდგომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა არ მომხდარა და ძირი თანხის სახით დავალიანებულმა ოდენობა 3209.03 ლარი შეადგინა. მოპასუხეს ვადაგადაცილებისთვის აგრეთვე დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 1123 ლარის ოდენობით, 2018 წლის 22 აპრილიდან 28 სექტემბრის ჩათვლით სულ 159 დღეზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოპასუხე - გი---------–-–---–მა 01.02.2018 წლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 3209.03 ლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება პირგასამტეხლოს, სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია, ამიტომ უნდა შემცირდეს და მისი ოდენობა დღეში 1 (ერთი) ლარით, ხოლო მთლიანობაში 159 ლარით უნდა განისაზღვროს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი ხელშეკრულება, თავისი შინაარსით მხარეთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს, ყოველი ხელშემკვრელი მხარე კი უნდა ცდილობდეს უფლებების მართლზომიერად გამოყენებას და ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას. ვინაიდან სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება, ვალდებულების დარღვევად კი მიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე გი---------–-–---–მა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს სესხად გადაცემული თანხა ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად 269.40 ლარის გადახდით უნდა განეხორციელებინა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლო - ფიქსირებული 2 ლარი და შემდგომ გადასახდელი დავალიანებული თანხის 1.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელე მხარის განმარტებით პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდა 2018 წლის 22 აპრილიდან 28 სექტემბრამდე პერიოდზე, რაც მთლიანობაში 159 დღეს შეადგენს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სასამართლოს მიაჩნია, რომ 159 დღეზე პირგასამტეხლოს სახით 1123 ლარის დაკისრებით დაირღვევა შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართების გადასახდელი პირგასამტეხლოს თანაზომიერების პრინციპი. ამავდროულად მოპასუხეს, რომელიც ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება, ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებით კიდევ უფრო დაუმძიმდება შესასრულებელი ვალდებულება. გამომდინარე აქედან სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 1123 ლარი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, იგი უნდა შემცირდეს და მისი ოდენობა დღეში 1 ლარით განისაზღვროს. ამიტომ, მოპასუხეს მთლიანობაში, 2018 წლის 22 აპრილიდან 28 სექტემბრამდე პერიოდზე პირგასამტეხლოს სახით 159 ლარი უნდა დაეკისროს.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამასთან, საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ სადავო ხელშეკრულება მოჩვენებით დადებულ ხელშეკრულებას წარმოადგენს.

სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხელშეკრულების ბათილობის ნაწილში, თავისი შინაარსით, წარმოადგენს აღიარებით სარჩელს, რომელიც შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღნიშნული განმარტების მიხედვით, აღიარებითი სარჩელის აღსაძრავად აუცილებელია აღიარების ნამდვილი იურიდიული ინტერესის ქონა. იურიდიული ინტერესი კი აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების დამატებითი პირობაა, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარემ სარწმუნოდ უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგებზე, რისი მიღწევის უზრუნველსაყოფადაც მიმართავს სასამართლოს. სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად და გახდეს აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, თუ მისი დაკმაყოფილება მხარისათვის სასურველი შედეგის დადგომას გამოიწვევს. ანუ, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე უნდა იკვეთებოდეს, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მხარე იმ შედეგს მიაღწევს, რასაც იურიდიული შედეგი ჰქვია. აღიარებითი მოთხოვნის დასაბუთებულობაზე მსჯელობისას უნდა არსებობდეს სწორედ ამგვარი ინტერესი და არა ის, რასაც სუბიექტური დამოკიდებულების შედეგად მხარე საკუთარ იურიდიულ ინტერესად მოიაზრებს. ისეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს მხარის მიერ მითითებული ინტერესის დაკმაყოფილების წინაპირობა, საფუძველი ეცლება აღიარებით მოთხოვნას. ამდენად, აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილებაზე მსჯელობისას უნდა იქნას შეფასებული მისი იურიდიული ინტერესის მართებულობა და ამ ინტერესის მართებულობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარის პროცესუალური ვალდებულებაა. (იხ. სუსგ 23.02.2018 წელი, №ს-------------)

განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ სადავო გარიგება მოჩვენებითი გარიგებაა, რადგან მოპასუხე გი---------–-–---–ს სურდა რა სს ,,თიბისი“ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდება, ამ მიზნით დადებული ხელშეკრულებით განახორციელა მანამდე მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების შვილის საკუთრებად დარეგისტრირება. მოსარჩელემ ხელშეკრულებით ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესად მიუთითა ის, რომ თუ ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოხდება და უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება აღდგება, მაშინ გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი აღსრულება არ იქნება მხოლოდ მოპასუხეების კეთილ ნებაზე დამოკიდებული და ასეთის არარსებობის შემთხვევაში შეძლებს უძრავ ქონებაზე გადახდევინების მიქცევით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ეს გარემოება წარმოადგენს იმ იურიდიულ ინტერესს, რომელიც სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას განაპირობებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და უძრავ ქონებაზე აღდგეს მოპასუხე გი---------–-–---–ის საკუთრების უფლება.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს შეადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დავის საგნის ფასი ფულადი გადახდევინების შესახებ სარჩელებზე გადასახდელი თანხით განისაზღვრება. ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელებზე კი არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით;

7.2. მოსარჩელემ პირველი სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა და ნაცვლად 5420.71 ლარისა 4332.03 ლარის დაკისრება მოითხოვა. მოპასუხე გი---------–-–---–მა სარჩელი ცნო ძირითადი თანხის 3209.03 ლარის დაკისრების ნაწილში. თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელეს ნაცვლად 162.62 ლარისა სახელმწიფო ბაჟის სახით 168 ლარი აქვს გადახდილი. მოსარჩელემ მოსამზადებელ ეტაპზე მოთხოვნა შეამცირა და შესაბამისად გადასახდელი ბაჟის ოდენობამ 129.96 ლარი შეადგინა. ზედმეტად გადახდილმა თანხამ კი 38.04 ლარი შეადგინა (168-129.96=38.04). მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო 3209.03 ლარის ნაწილში, რაც დავის საგნის 74.07%-ს შეადგენს (3209.03/4332.03*100=74.07%). მხარეთა შორის სადავო თანხამ 1123 ლარით განისაზღვრა, საიდანაც მოპასუხეს 159 ლარი დაეკისრა, ხოლო სადავო თანხიდან 964 ლარის დაკისრებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა.

გამომდინარე აქედან, პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე მოსარჩელეს ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 96.27 ლარი, მოპასუხე გი---------–-–---–ს უნდა დაეკისროს 4.77 ლარის ანაზღაურება, ხოლო 28.92 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;

7.3. მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე მხარეს გადახდილი აქვს სახ. ბაჟი 100 ლარი. მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. ამიტომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100 ლარის ანაზღაურება;

7.4. მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის განხილვაზე გადაიხადა სახ. ბაჟი 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის და უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა, ამიტომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება;

7.5. მოპასუხე თე------------–-–---–ს გურჯაანის რაიონული სასამართლოს განჩინებით გადაუვადდა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებაზე წარმოდგენილ კერძო საჩივარზე სახ. ბაჟის 50 ლარის გადახდა. შესაბამისად, მას ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

7.6. მოსარჩელემ მოითხოვა აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის და იურიდიული მომსახურებისთვის 216.82 ლარის დაკისრება. სსსკი-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. ამდენად, ნორმით გათვალისწინებულია გაღებული ხარჯის გადახდევინების დაკისრება. საქმეში წარმოდგენილია აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, ან ასეთი ვალდებულების განმსაზღვრელი რაიმე მტკიცებულება, საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის ანაზღაურება, ხოლო იურიდიული მომსახურების საფასურის ნაწილში მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

8.1. სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 24.10.2018 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე გი---------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 01 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3 368.03 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 3 209.03 ლარი, ხოლო 159 ლარი პირგასამტეხლო.

3. ბათილად იქნეს ცნობილი გი---------–-–---–სა და თე------------–-–---–ს შორის 2018 წლის 16 ივლისს დადებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფე-–------------ი (საკადასტრო კოდი №51---------5) და გი---------–-–---–ი საჯარო რეესტრში აღირიცხოს უძრავი ქონების მესაკუთრედ.

4. მოპასუხე გი---------–-–---–ს სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 4.77 ლარის გადახდა.

5. მოპასუხეებს გი---------–-–---–ს და თენგიზი მჭედლიშვილს სს ,,თი---------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი 50 ლარის და რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის ანაზღაურება.

6. მოპასუხე თე------------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

7. მოსარჩელე სს ,,თი---------ს“ უარი ეთქვას იურიდიული მომსახურებისთვის 216.82 ლარის დაკისრებაზე.

8. მოსარჩელე სს ,,თი---------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 96.27 ლარი (საგადახდო დავალება №3; რეფერენსი 2---------; გადახდილი თანხა 168 ლარი; თარიღი 01.10.2018 წელი; გადამხდელი სს ,,თი---------ი“).

9. ძალაში დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 24.10.2018 წლის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომლის საფუძველზეც მოპასუხე თე------------–-–---–ს აეკრძალა გურჯაანის რაიონის სოფე-–-----------ში მდებარე უძრავი ქონების (ს.კ.№51---------5) გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა.

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე