გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/29561-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19.03.2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე: სს ''---------------------------------------–-----ი'';
წარმომადგენლები: ჯ--------–-–---–ი, ლ---------------–-ა;
მოპასუხე: გ-------------ე;
წარმომადგენელი: ლ-–-------ე;
მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს): სს ''ა----------------ა'';
წარმომადგენელი: თ----------–--ე;
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ-------------ეს დაეკისროს სს ''---------------------------------------–-----ის'' სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების მიზნით - 24 323 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 17 ნოემბერს, ქ. თბილისში, ც--------------------- მოპირდაპირედ განთავსებულ სს ''ვ-----–----------–--------------ას'' ავტოგასამართ სადგურს შეეჯახა ავტომანქანა მიცუბიში სახ. ნომრით W-------- და დააზიანა იგი. საპატრულო პოლიციის 2016 წლის 17 ნოემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა გ-------------ე.
სს ''ვ-----–----------–--------------ას'' ავტოგასამართი სადგური/შენობა-ნაგებობა, ინვენტარი დაზღვეული იყო სს ''---------------------------------------–-----ში'', შესაბამისად მოხდა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 9636 აშშ დოლარის ოდენობით. სს ''---------------------------------------–-----ის'' მიერ ზიანის ოდენობას 9636 აშშ დოლარს გამოაკლდა ფრანშიზა 300 აშშ დოლარი, ნარჩენი ღირებულება - 200 აშშ დოლარი, შესაბამისად ანაზღაურებული იქნა - 9136 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს ანაზღაურებული თანხის ბრალეული პირისათვის, კერძოდ მოპასუხისათვის დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ-------------ემ სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე ითხოვს დაზღვეული თანხის სრულად ანაზღაურებას, მაშინ როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი თუ რის საფუძველზე მოხდა დანადგარის სრული თანხის ჩარიცხვა, რადგან სადაზღვევო თანხის სრული ოდენობით ანაზღაურება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთის აღდგენა შეუძლებელია.
საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ დაზღვეული ქონების აღდგენა შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, ანაზღაურების გაცემისას არ იყო გათვალისწინებული ნივთის ცვეთა, რა თანხადაც მოხდა ნივთის შეძენა 2012 წელს, 2017 წელსაც მოსარჩელემ სწორედ ეს თანხა ჩაურიცხა სს ''ვ-----–----------–--------------ას''. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ბენზინ გასამართ სადგურში არსებული მანქანა დანადგარების სრული სადაზღვევო ღირებულება შეადგენდა - 10000 აშშ დოლარს, საიდანაც აღმოჩნდა, რომ თითქმის სრული თანხა - 9636 აშშ დოლარი მხოლოდ ერთი ბენზინის ჩამსხმელი აპარატის უმნიშვნელო დეფორმაციაში იქნა გადახდილი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ აუცილებელი იყო დაზიანებული დანადგარის ახლით შეცვლა მაქსიმალური თანხა რაც სადაზღვევო კომპანიას უნდა აენაზღაურებინა არ უნდა ყოფილიყო 8000-10000 ლარზე მეტი, სხვა შემთხვევაში კი ამ აპარატის შესაკეთებლად მოპასუხის განმარტებით საკმარისი იქნებოდა 3000-5000 ლარი (იხ. 2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი, ს.ფ. 202).
2.2. მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს სარჩელს არ ცნობს, ეთანხმება მოპასუხის ახსნა-განმარტებას და მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 17 ნოემბერს, ქ. თბილისში, ც--------------------- მოპირდაპირედ განთავსებულ სს ვ-----–----------–--------------ას'' ავტოგასამართ სადგურს, რომელიც დაზღვეული იყო სს ''---------------------------------------–-----ში'', შეეჯახა მოპასუხე გ-------------ე ავტომანქანა მიცუბიშით სახ. ნომრით W-------- და დააზიანა ბენზინის ჩამსხმელი სვეტის - შემწოვი ტიპის საწვავის გამხსნელი. სს ''ვ-----–----------–--------------ას'' ავტოგასამართი სადგური/შენობა-ნაგებობა, ინვენტარი დაზღვეული იყო სს ''---------------------------------------–-----ში''.
3.1.2. დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია გ--------------ს მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით.
3.1.3. დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში ზიანის ანაზღაურების მიზნით მოსარჩელემ 2017 წლის 20 იანვარს გადაურიცხა სს ''ვ-----–----------–--------------ას'' – 24323.69 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 16);
- საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 14);
- სადაზღვევო ანაზღაურების კომიტეტის ოქმი (ს.ფ. 20);
- საგადახდო დავალება, კომერციული ინვოისი, გაანგარიშება (ს.ფ. 18-19;21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 17 ნოემბერს, ქ. თბილისში, ც--------------------- მოპირდაპირედ განთავსებულ სს ''ვ-----–----------–--------------ას'' ავტოგასამართ სადგურს შეეჯახა ავტომანქანა მიცუბიში სახ. ნომრით W-------- და დააზიანა სს ''ვ-----–----------–--------------ას'' ავტოგასამართ სადგურში არსებული ბენზინის ჩამსხმელი სვეტის - შემწოვი ტიპის საწვავის გამხსნელი, ხოლო საპატრულო პოლიციის 2016 წლის 17 ნოემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით დამრღვევ მძღოლად ცნობილ იქნა გ-------------ე. ამდენად, დადგენილია, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, გამოწვეულია მოპასუხის ბრალეული ქმედებით და შესაბამისად, არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მოპასუხე მხარის ბრალეულობა და განმარტავს, რომ ბრალეულობა წარმოადგენს ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც უნდა დადასტურდეს მხოლოდ გარკვეული სახის მტკიცებულებით და არა თუნდაც მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტებით. . . ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხე მხარის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარემ სს სა---------------------------------------–------ს'' მოთხოვნა სუბროგაციის წესით ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობა სადავოდ გახადა.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის დამდგარი ზიანის სახით აღიარებული ოდენობა - 5000 ლარი წარმოადგენს ამ საქმეზე ზიანის დადგენილ მოცულობას, მიყენებული ზიანის საკომპენსაციო თანხას, რამდენადაც, მოსარჩელე მხარემ უცილოდ, სათანადო და საკმარისი მტკიცებულებით ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ დაზიანებული ნივთის აღდგენა შეუძლებელი იყო, ასევე დაზიანებული ნივთის აღდგენისათვის ანდა მისი ახლით შეცვლისთვის საჭიროა სწორედ - 24323 ლარი. აღნიშნულ გარემოებასთან მიმართებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს: საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების მეშვეობით და მათზე დაყრდნობით მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების სფეროში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ავტოგასამართი სადგურში არსებული დაზიანებული დანადგარის აღდგენა შეუძლებელი იყო, რის შემდგომაც მას დაეკისრა ვალდებულება ჩაენაცვლებინა იგი ახლით. ამასთან, მოსარჩელემ ასევე ვერ შეძლო დაედასტურებინა სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებებით სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ახალი დანადგარით ჩანაცვლებისათვის საჭირო იყო სწორედ - 24 323 ლარი, რამდენადაც, საქმის მასალებით, კერძოდ, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 ნოემბრის დასკვნით დგინდება, რომ მოქალაქე გ--------------ს მიერ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 3G-339CD მოდელის ბენზინის ჩამსხმელი სვეტის - შემწოვი ტიპის საწვავის გამხსნელის - საბაზრო ღირებულება, 2016 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით ცვეთის გათვალისწინებით დამრგვალებით საორიენტაციოდ შეადგენდა - 18000 ლარს. ამდენად, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება რომ, თუნდაც დაზიანებული დანადგარის აღდგენა შესაძლებელი არ ყოფილიყო, ახალი დანადგარით ჩანაცვლებისათვის მოსარჩელე მხარე შესაძლოა სხვა თანხით შედავებოდა მოპასუხე მხარეს, რათა განსაზღვრულიყო ნამდვილად მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელსაც მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 21 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნა სხვაგვარად ადგენს.
დადგენილია, რომ სს ''ვ-----–----------–--------------ას'' კუთვნილი ბენზინის ჩამსხმელი სვეტის - შემწოვი ტიპის საწვავის გამხსნელი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა. დაზიანებული ნივთის აღდგენის შეუძლებლობის თაობაზე რაიმე სახის სათადადო მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი აქ არის, ხოლო აღნიშნულის დამადასტურებლად თავად დაზარალებულ სს ''ვ-----–----------–--------------ას'' 2018 წლის 26 ოქტომბრის წერილი, რომელიც მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით შემდგომ იქნა მოპოვებული და ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ იქნა შექმნილი სასამართლოსთვის, ვერ ჩაითვლება აღნიშნულის დამადასტურებელ საკმარის და უცილო მტკიცებულებად მისი ფორმისა და შენაარსის გათვალისწინებით, რამდენადაც მითითებული წერილი არ შეიცავს რაიმე სახის შეფასება/დასკვნა აღდგენის შეუძლებლობის თობაზე, წარმოადგენს მხოლოდ დაზარალებული მხარის მითითებას სასამართლოსათვის (იხ.ს.ფ.144). ამასთან, საქმეზე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია სადაზღვევო ანაზღაურების კომიტეტის ოქმი N0-------- (ი.ხ. ს.ფ. 20), რომელიც მოიცავს მხოლოდ კომიტეტის მიღებული გადაწყვეტილების ჩამონათვალს, თუმცა როგორ მივიდა კომიტეტი აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე, რას დაეყრდნო და რა შეაფასა, განმარტებული და მითითებული არ არის, ამასთან, საყურადღებოა, რომ აღნიშნულ დასკვნას ხელს აწერს: კლიენტების მომსახურების დირექტორი, ნლ. ბაზარზე განვითარების დირექტორი და ფინანსური და რისკების დირექტორი. უდავოა, რომ წარმოდგენილი ოქმი არ შეიცავს რაიმე სახის მითიებას/განმარტებას მასზედ, რომ შეუძლებელი იყო დაზიანებული დანადგარის აღდგენა, მაგალითად, როგორ განისაზღვრა დაზიანებული ნივთის ნარჩენი ღირებულება და შესაბამისად, რის სფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება დაზიანებული ნივთის ახლით შეცვლის თაობაზე (ი.ხ. ს.ფ.20). ამდენად, დაზიანებების ჩამონათვალი, დაზიანების ხარისხი, მოცულობა, დაზიანების აღდგენის შეუძლებლობა არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, სს ''ვ-----–----------–--------------ას'' 2018 წლის 26 ოქტომბრის წერილით და სადაზღვევო ანაზღაურების კომიტეტის ოქმით და კომერციული ინვოისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო და სარწმუნო მტკიცებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული სადავოდ გამხდარი გარემოება - ზიანის ოდენობის განსაზღვრა - წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 26 ოქტომბრის წერილი, სადაზღვევო ანაზღაურების კომიტეტის ოქმი, აღნიშნულის უდავოდ დასადგენად არ არის სარწმუნო, საკმარისი და სათანადო.
ზემოდმითითებულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დასადგენი ზიანის შესაფასებლად გაზიარებული ვერ იქნება საქმეში წარმოდგენილი სადაზღვევო ანაზღაურების კომიტეტის ოქმი, რომელიც მოიცავს მხოლოდ კომიტეტის მიღებული გადაწყვეტილების ჩამონათვალს, თუმცა როგორ მივიდა კომიტეტი აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე, რას დაეყრდნო და რა შეაფასა, განმარტებული და მითითებული არ არის, ოქმი ასევე არ შეიცავს რაიმე სახის მითიებას/განმარტებას მასზედ, რომ შეუძლებელი იყო დაზიანებული დანადგარის აღდგენა, მაგალითად, როგორ განისაზღვრა დაზიანებული ნივთის ნარჩენი ღირებულება და შესაბამისად, რის სფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება დაზიანებული ნივთის ახლით შეცვლის თაობაზე. დაზიანებების ჩამონათვალი, დაზიანების ხარისხი, მოცულობა, დაზიანების აღდგენის შეუძლებლობა არ დგინდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხოლოდ ზეპირი მითითებით კი ზემოაღნიშნული სადავო გარემოება არ შეიძლება დადასტურდეს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ დამდგარი ზიანის აღიარებული მოცულობა 5000 ლარი წარმოადგენს ამ საქმეზე ზიანის დადგენილ ოდენობას, რამდენადაც, მოსარჩელე მხარემ უცილოდ, სათანადო და სარწმუნო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ დაზიანებული ნივთის აღდგენა შეუძლებელი იყო, ასევე დაზიანებული ნივთის აღდგენისათვის ანდა მისი ახლით შეცვლისთვის საჭირო იყო სწორედ - 24323 ლარი (იხ. 2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი, ს.ფ. 202).
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარემ მოახდინა ზიანის ოდენობის შესახებ მოპასუხის ინფორმირება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის დროს, სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულს თავის მხრივ აქვს ვალდებულება მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია, რომ არ გამოიწვიოს მოვალის უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა. აღნიშნულ ურთიერთობებში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის სამართალი განსაზღვრავს ნივთის სახეცვლილების კომპენსირებას ობიექტური (საბაზრო ღირებულების) დანაკლისის სახით. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მხოლოდ სადაზღვევო ანაზღაურებათა კომიტეტის ოქმი, როგორც მტკიცებულება, არ არის შესატყვისი ზიანის ანაზღაურების ობიექტურ სტანდარტებთან თანაც იმ პირობებში, რომ მოსარჩელე მხარემ უცილოდ ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ დაზიანებული დანადგარის აღდგენა შეუძლებელი იყო, ხოლო დაზიანებული დანადგარის ახალი დანადგარით შეცვლისთვის საჭიროა ზუსტად - 24 323 ლარი. ხოლო გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სუბროგაციის წესით ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა ამ ეტაპზე შეადგენს - 5000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სადაზღვევო ანაზღაურების კომიტეტის ოქმი (ს.ფ. 20);
- 2018 წლის 26 ოქტომბრის წერილი, ფოტოსურათები (ს.ფ.144-148);
- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 ნოემბრის დასკვნა (ს.ფ. 185-192).
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი დასკვნა
4.1. სასამართლომ განიხილა სს ''---------------------------------------–-----ის'' სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი.
5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი იგი აუნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.
სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ურთიერთობებში დამკვიდრებული მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადასვლის მექანიზმს (სუბროგაციის პრინციპი). საქართველოს უზენაესი სასამართლო 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში განმარტავს სუბროგაციის დოქტრინის სამართლებრივ ფუნქციას სადაზღვევო ურთიერთობის და დელიქტური ვალდებულებების ჭრილში, კერძოდ ''....აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია ''სუბროგაციის'' პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).....''(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება. საქმე საქმე №ას-380-364-2016. http://prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx).
ამდენად, სუბროგაციის პრინციპის რეალიზაცია დამოკიდებულია მესამე პირის მიმართ დამზღვევის მოთხოვნის უფლების დაკმაყოფილებაზე. თუმცა მოიაზრებს, თუ არა კანონმდებელი ახალი კერდიტორის უფლებას იმავე მოცულობით მოითხოვოს ვალდებულების შესრულება მესამე პირისაგან. სასამართლო მიიჩნევს, რომ სუბროგაციის ფრაგმენტული განხილვა მხოლოდ სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში ვერ იქნება მისი მიზნების შესატყვისი, კერძოდ, უზრუნველყოს ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობა და ამავდროულად გამორიცხოს მზღვეველის უსაფუძვლო გამდიდრება. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი უკავშირებს ერთმანეთს დაზღვევის ხელშეკრულებას, რომელიც ნების ავტონომიის პრინციპებზეა აგებული და დელიქტურ ვალდებულებებს. შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულების პირობების და მისთვის დამახასიათებელი კატეგორიების ავტომატური გადმოტანა დელიქტურ ვალდებულებებში დაუშვებელია. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზიანის ცნება და მისი მოცულობითი ნაწილი, რომელიც ორივე სამართლებრივ ურთიერთობაში განსხვავებული შინაარსით მოქმედებს. ამის გათვალისწინებით, დოქტრინაში ერთმანეთისაგან მიჯნავენ სადაზღვევო-სამართლებრივ ზიანს და სამოქალაქო-სამართლებრივ ზიანს, რომელიც ხშირ შემთხვევაში, არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში.
როგორც აღინიშნა, სადაზღვევო ხელშეკრულება მხარეთა ნების შედეგია, სადაც ისინი საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით განსაზღვრავენ სახელშეკრულებო პირობებს. მათ შორის, მომსახურების ხარისხი, შინაარსი და მოცულობა წარმოდგენს შეთანხმების საგანს, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენს საპირისპირო ვალდებულების მოცულობაზე. მოცემულ შემთხვევაშიც, სს ''---------------------------------------–-----ს'' და დამზღვევს შორის არსებული სადაზღვევო ხელშეკრულება, ითვალისწინებს დანადგარის შეკეთებას დამზღვევის ინტერესის შესატყვისად. აღნიშნული პირობა შესაძლებელია ზრდის ასანაზღაურებელი სადაზღვევო ზიანის მოცულობას და ამავდროულად გავლენას ახდენს სადაზღვევო პრემიის ოდენობაზე. სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლში ასახული ზიანის ანაზღაურება, როგორც უფლების გადასვლის წინაპირობა, სადაზღვევო ზიანის მნიშვნელობით მოიაზრება, რომლის მოცულობას განაპირობებს მხარეთა ნება და ინტერესები. ამ პირობებით ზიანის ანაზღაურება წარმოდგენს სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების შედეგს და არ არის მიმართული დელიქტური რესტიტუციისაკენ. ამდენად, სახელშეკრულებო შესრულებით მესამე პირის ავტომატური ბოჭვა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანიის მიერ ანაზღაურებული მოცულობა შეცილებადი კატეგორიაა და ვერ იქნება უპირობოდ გაზიარებული ზიანის კონტექსტში.
როგორც აღინიშნა, სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლი, შესაძლებლობას ანიჭებს მზღვეველს წარუდგინოს მოთხოვნა მესამე პირს უკვე დელიქტურ-სამართლებრივი ურთიერთობების ჭრილში და ამავე ურთიერთობის ფარგლებში მოვალეს ანიჭებს დელიქტისთვის დამახასიათებელი შესაგებლის უფლებას, მათ შორის ზიანის მოცულობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.
დელიქტურ-სამართლებრივი კონცეფცია ორ მნიშვნელოვან პრინციპზეა აგებული: ''ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს''; ''არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს დელიქტის ხარჯზე. დაზარალებული ვალდებულია მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია''. ამ პრინციპების გავლენა აისახება საპროცესო ურთიერთობების ფარგლებში, კერძოდ, ფაქტების მითითების ვალდებულების და მტკიცების გადანაწილების კონტექსტში. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ედავება ზიანის ოდენობას, თუმცა აღიარებს ზიანს როგორც მოვლენის არსებობას და მიყენების ფაქტს, მას ეკისრება ზიანის მოცულობაზე მითითების საპროცესო ვალდებულება. მას არა აქვს უფლება დარჩეს პასიური ამ ვალდებულების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მტკიცებულებითი სამართლის გამოყენების წინაპირობაა იურიდიულად მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია ამტკიცოს ზიანის ოდენობა მას შემდეგ, როდესაც მოპასუხე სადავოდ გახდის ამ ფაქტს. ზემოთხსენებული პრინციპი ''...ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს...'' ავალდებულებს მოპასუხეს ზიანის აღიარების პირობებში მიუთითოს საკუთარი ვერსია მის მოცულობასთან დაკავშირებით. თუ, მოპასუხის პასიურობა ან მოსარჩელის მითითებული ოდენობის მხოლოდ უარყოფა, მაინც წარმოშობს მოსარჩელის ვალდებულებას ამტკიცოს ზიანის ოდენობა, მიგვიყვანს შედეგამდე, როდესაც მოსარჩელემ შესაძლებელია სათანადოდ ვერ უზრუნველყოს მტკიცების ვალდებულება და მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტს, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ვერ იქნეს დადგენილი მის მიმართ. ამგვარი მდგომარეობა ეწინააღმდეგება ზემოთხსენებულ პრინციპს. განსახილველი დავის ფარგლებში გ-------------ემ აღიარა ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა შეედავა მოთხოვილ ოდენობას და აღნიშნა, რომ ზიანის მოცულობა შეადგენდა მაქსიმუმ - 5000 ლარს (იხ. 2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი, 11:43 საათი, ს.ფ. 202), მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით სადავოდ არის გამხდარი დანაკლისის ოდენობა, შესაბამისად, ზოგადი პრინციპის თანახმად მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი რომელიც ახასიათებს დელიქტურ-სამართლებრივ ურთიერთობებს, წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების სტანდარტი. ამ პირობებშიც მოქმედი პრინციპი განსაზღვრავს დაზარალებულის ვალდებულებას მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია, რომ არ გამოიწვიოს მოვალის უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა. აღნიშნულ ურთიერთობებში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის სამართალი განსაზღვრავს ნივთის სახეცვლილების კომპენსირებას ობიექტური (საბაზრო ღირებულების) დანაკლისის სახით. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს სადაზღვევო ანაზღაურებათა კომიტეტის ოქმი, რომელიც შეიცავს პროდუქტის სუბიექტურ ფასებს, კერძოდ, გასაყიდი საქონლის გამყიდველის პირად შეფასებს, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების ჭრილში. რაც შეეხება საბაზრო ღირებულებას, მისი ფორმირება ხდება საბაზრო კონკურენციის პირობებში და ასახავს საქონლის ღირებულებას რომელიც ყალიბდება არა მომხმარებლის, ან გამყიდველის შეხედულებით, არამედ ბაზრის მიერ.
ამგვარად, სს ''---------------------------------------–-----ის'' მიერ წარმოდგენილი სადაზღვევო ანაზღაურებათა კომიტეტის ოქმი, როგორც მტკიცებულება, არ არის შესატყვისი ზიანის ანაზღაურების ობიექტურ სტანდარტებთან, შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების პროცესუალური ვალდებულება სრულყოფილად და მოპასუხის აღიარებული მოცულობა - 5000 ლარი წარმოადგენს ამ საქმეზე ზიანის დადგენილ მოცულობას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ოდენობით გადახდა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მოითხოვს სასამართლოსგარეშე ხარჯის, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნის საფასურის - 300 ლარის ოდენობით მოსარჩელისათვის დაკისრებას, რაც სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო უნდა დაეკისროს მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ''---------------------------------------–-----ის'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე გ-------------ეს მოსარჩელე სს ''---------------------------------------–-----ის'' სასარგებლოდ დაეკისროს - 5000 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე გ-------------ეს მოსარჩელე სს ''---------------------------------------–-----ის'' სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 150 ლარის გადახდა.
4. მოპასუხე სს ''---------------------------------------–-----ის'' მოსარჩელე გ--------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯის სანაცვლოდ - 300 ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი