განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100118002512007
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/173-18 15 მარტი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031030618008)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, თამთა როყვა,ცაცა ებრალიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი სახიაშვილი, ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ლელა გოძიაშვილი
ბრალდებული: ს----- ო---------ი
მამის სახელი: საბირ
დაბადებული: 1971 წლის 4 აგვისტო
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----–-------------–-----------------
თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი.
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. ს----- ო---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის. მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ს----- ო---------ი გასამართლებული იქნა 2016 წლის 12 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, იყო რა ნასამართლევი ხსენებული დანაშაულის ჩადენისათვის, ს----- ო---------მა გასაღების მიზნით არაერთგზის უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 0.0582 გრამი, რომელიც 2018 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ.მარნეულში, რუსთაველის ქუჩის მე-8 ჩიხი N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ლარად არაერთგზის გაასაღა მოქალაქე რ-–--- მ------ზე.
1.2. ს----- ო---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის. მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ს----- ო---------ი გასამართლებული იქნა 2016 წლის 12 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, იყო რა ნასამართლევი ხსენებული დანაშაულის ჩადენისათვის, ს----- ო---------მა გასაღების მიზნით კვლავ არაერთგზის უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 0.0673 გრამი, რომელიც 2018 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩის მე-8 ჩიხი N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ლარად არაერთგზის გაასაღა მოქალაქე რ-–--- მ------ზე.
1.3. ს----- ო---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ს----- ო---------ი გასამართლებული იქნა 2016 წლის 12 დეკემბერს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, იყო რა ნასამართლევი ხსენებული დანაშაულის ჩადენისათვის, ს----- ო---------მა არაერთგზის უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 0.0152 გრამი, რომელიც ამოღებული იქნა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2018 წლის 22 ივნისს, 06:25 საათზე, ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩის მე-8 ჩიხი N2-ში მდებარე ს----- ო---------ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.
1.4. ს----- ო---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისიწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ს----- ო---------ს 2018 წლის 27 აპრილს მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს დადგენილების საფუძველზე ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით. იყო რა ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული, მან ექიმის დანიშნულების გარეშე უკნაონოდ მოიხმარა ოპიუმის ჯგუფის და მეტადონის ნარკოტიკული საშუალება, რაც 2018 წლის 22 ივნისს დაუდგინდა ნარკოტიკული შემოწმებისას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი არაერთგზის (2018 წლის 15 ივნისის ეპიზოდი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას რ-–--- მ------მა განმარტა, რომ ბრალდებულ ს----- ო---------ს იცნობს როგორც მარნეულელს, მის მის მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ გააჩნია. რ-–--- მ------მა განმარტა, რომ 2018 წლის ზაფხულში, დაახლოებით 15-16 ივნისს შეხვდა ბრალდებულს ქუჩაში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლთან. მისგან 100 ლარად შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მიიტანა პოლიციაში. მისი განმარტებით შეხვედრის ადგილიდან პოლიციამდე იყო დაახლოებით 3-4 კილომეტრი. რ-–--- მუსაევმა განმარტა, რომ შეხვედრის დროს აღჭურვილი იყო ვიდეო კამერით და ახდენდა შეხვედრის ჩაწერას.
ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შუალედური ოქმის N304-ის თანახმად ჩაწერა მიმდინარეობდა 2018 წლის 15 ივნისს 17:21:56 საათიდან 2018 წლის 15 ივნისის 17:26:17 საათამდე. ვიდეოჩანაწერში კერძო დასახლებებს შორის გზაზე აჩერებს მანქანას და გადმოდის, რამდენიმე წუთის ლოდინის შემდეგ მასთან მიდის მამაკაცი საყვედურობს ლოდინის გამო, მამაკაცს სავარაუდოდ ხელში უჭირავს ფულის კუპიურები, უახლოვდებიან ერთმანეთს არ ჩანს ხელის მოძრაობები, მიმსვლელი მამაკაცი აცხადებს - პლასტელიანია, პლასტელინი. კარგია. სუფთაა. ასევე განუმარტავს, რომ კარგია, პლასტელინია, სუფთაა, ოთხ კაცზე კეთდება, სამ კაცს მაგრად ეყოფა, მუქი შავია. აღნიშნულის შემდეგ მისული მამაკაცი იხდის მადლობას და ჩანაწერი სრულდება.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი, ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი გამოსახულება და საუბარი, რაც შეძლებისდაგვარად გადათარგმნილ იქნა თარჯიმნის მიერ ემთხვეოდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმს.
2018 წლის 15 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, დგინდება რომ ამოღება ჩატარებულია რ-–--- მ------თან, ხოლო საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილია ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩის მე-8 ჩიხი, N2-ის მიმდებარე ტერიტორია. რ-–--- მ------ისგან ამოღებული იქნა ერთ წონაკად დაფასოებული, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გახვეული არის ლურჯი ფერის პოლიეთელინის ნაჭერში.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი დავით ბოჭოიძე. მან განმარტა რომ ს----- ო---------ის საქმესთან დაკავშირებით 2018 წლის 3 ივნისს დიტო გიგანმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. გამოიკითხა რ-–--- მ------ი, სასამართლოსგან მიღებულ იქნა ნებართვა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. 2018 წლის 15 ივნისს რ-–--- მ------ი წაიყვანეს რუსთაველის ქუჩაზე, საიდანაც ის შეხვდა ს----- ო---------ს, ხოლო შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. მოწმემ განმარტა, რომ მათ რ-–--- მ------ს ასევე გადასცეს ნარკოტიკული საშუალების შესაძენად საჭირო თანხა, რომელიც როგორც მას ახსოვს იყო 100 ლარი.
მოწმის სახით დაკითხვისას დიტო გიგანმა განმარტა, რომ მუშაობს შსს მარნეულის რაიონულ სამმართველოსი გამომძიებლის თანამდებობაზე. მან დაადასტურა, რომ 2018 წლის 3 ივნისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ს----- ო---------ი იყო ნარკორეალიზატორი. ასევე მის მიერ მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას ფლობდა რ-–--- მ------ი. მან განმარტა, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციების შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
2018 წლის 19 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის N464/სქ-1737/ქრ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი ცისფერ და ლურჯ პოლიეთილენის ნაჭერში დაფასოებული ყავისფერი ნივთიერება, სპეციფიური სუნით, წონით -0.13 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, წონით- 0.0582გრამს(ობ.N2).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ ექსპერტები ნათია ორჯონიკიძე და სოფიო ცქვიტაია. მათ დაადასტურეს აღნიშნული დასკვნის სისწორე. ნათია ორჯონიკიძემ განმარტა, რომ ნარკოტიკული საშუალება ფხვიერი იყო თუ სხვა სახის დასკვნიდან არ ირკვეოდა.
2019 წლის 30 იანვრის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N45/ჰ დასკვნის თანხმად დგინდება რომ გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებიდან, სახელწოდებით -,,ს.ო---------ი N1.avi” და ,,ს.ო---------ი N2.avi” ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N2 და ფოტო N3) დაფიქსირებული გამოძიებისათვის საინტერესო პირის გამოსახულებები იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.
-გამოკვლევაზე წარდგენილ ლაზერულ დისკებზე არსებულ ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით -,,ს.ო---------ი N1.avi” და ,,ს.ო---------ი N2.avi” ამოღებულ ფოტოსურათებზე (ფოტო N2 და ფოტო N3) და ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაში 04.08.1971 წელს დაბადებული ს----- საბირის ძე ო---------ის (პ/ნ2----------) სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე არსებული ფოტოსურათზე (ფოტო N4) გამოსახულია ერთიდაიგივე პიროვნება.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა გიორგი ხიზანაშვილმა. მან განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დისკები იყო ვარგისი და კვლევის შემდეგ მოხდა მათი დალუქვა.
სასამართლოს ჩვენება მისცა თავად ბრალდებულმა ს----- ო---------მა. მან განმარტა, რომ რ-–--- მ------ს იცნობს დიდი ხანია. უარყო, რომ ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნოდა მას და განმარტა, რომ ის თანხას აძლევდა რ-–--- მ------ს სანაცვლოდ კი მას მოჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. ასევე მოხდა ივნისის თვეშიც, ზუსტად რიცხვს ვერ იხსენებს, თუმცა მან დაადასტურა, რომ რ-–--- მ------ი მივიდა მასთან, გამოართვა მას ფულადი თანხა, შემდეგ მივიდა მეორედ მისცა მისი წამალი, თავისი აიღო და წავიდა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43). ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
ამდენად, სასამართლომ დეტალურად მიმოიხილა ბრალდებულ ს----- ო---------ის ჩვენება და მიაჩნია, რომ იგი არის ურთიერთსაწინააღმდეგო, არსებითად განსხვავდება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა უტყუარი მტკიცებულებებისაგან და თავის მხრივ არ დასტურდება არც ერთი სხვა მტკიცებულებით. სასამართლო ბრალდებულის ჩვენებას აფასებს როგორც არასანდო მტკიცებულებას და საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას, ვერ დაეყრდნობა მას, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდებული ს----- ო---------ი არ უარყოფს, რომ შეხვდა რ-–--- მ------ს, ასევე 2017 წლის 15 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად რასად მ------ისაგან ამოღებულ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ასევე დადასტურდა, რომ რ-–--- მ------ისაგან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველი ნივთიერება. გამომძიებელმა დავით ბოჭოიძემ დაადასტურა, მის მიერ ჩატარებული ამოღების კანონიერება. შესაბამისად ყველა სხვა მტკიცებულება, რაც გამოკვლეულ იქნა ს----- ო---------ის ბრალდების საქმეზე ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,წ‘‘ პუნქტის თანახმად, გასაღება ნიშნავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემას ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.
შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----- ო---------მა 2018 წლის 15 ივნისს განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების გასაღება.
ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით დასტურდება, რომ ს----- ო---------მა ზემოაღნიშნული ქმედებები განახორციელა არაერთგზის. კერძოდ:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენის თანახმად ს----- ო---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4(ოთხი) წელი.
2018 წლის 18 ივნისის წერილიდან ირკვევა რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს წარმოებაშია სააღსრულებო საქმე ს----- ო---------ის მიმართ. ს----- ო---------ის გამოსაცდელი ვადის დინება დაიწყო: 12.12.2016 წელს, ხოლო გამოსაცდელი ვადა უნდა დასრულებულიყო: 12.12.2020 წელს.
საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის თანახმად კი არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. დადგენილია, რომ ს----- ო---------ს ნასამარტლეობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია და იგი იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, შესაბამისად მან ნარკოტიკული ნივთერების შეძენა, შენახვა და გასაღება ჩაიდინა არაერთგზის.
2.2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი არაერთგზის (2018 წლის 16 ივნისის ეპიზოდი).
რ-–--- მ------მა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მან 2018 წლის 16 ივნისს ს----- ო---------ისაგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. ს----- ო---------ს შეხვდა ქუჩაში, ნარკოტიკში კი გადაიხადა 100 ლარი. მან დაადასტურა, რომ აღნიშნული შეხვედრის დროსაც აღჭურვილი იყო ფარული აუდიო-ვიდეო მოწყობილობით.
ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შუალედური ოქმის N306-ის თანახმად ჩაწერა მიმდინარეობდა 2018 წლის 16 ივნისს 12:04:13 საათიდან 2018 წლის 16 ივნისის 12:04:51 საათამდე. ვიდეოჩანაწერში ჩანს ქუჩა, კერძო დასახლებები გზაზე გამოდის ს----- ო---------ი, მიმართავს რ-–--- მ------ს, რომ ,,ზემოდან აიღოს, შავია, ,,ჟირნი“ საქონელია", სთხოვს შეინახოს კარგად, ემშვიდობებიან და ჩანაწერი სრულდება.
2018 წლის 16 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, დგინდება რომ ამოღება ჩატარებულია რ-–--- მ------თან, ხოლო საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილია ქ. მარნეული, რუსთაველის ქუჩის მე-8 ჩიხი, N2-ის მიმდებარე ტერიტორია. რ-–--- მ------ისგან ამოღებული იქნა ერთ წონაკად დაფასოებული, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გახვეული არის ლურჯი ფერის ცელოფანში.
სასამართლო სხდომაზე მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელ დავით ბოჭოიძის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 16 ივნისის ფაქტთან დაკავაშირებით გამოკიტხულ იქნა რ-–--- მ------ი, შემდეგ აღიჭურვა, განხორციელდა ფარული შესყიდვა, რის შემდეგაც მისგან ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება. ნივთიერ მტკიცებულებასთნ დაკავშირებით დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.
2018 წლის 19 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის N464/სქ-1737/ქრ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი ცისფერ და ლურჯ პოლიეთილენის ნაჭრებში დაფასოებული ყავისფერი ნივთიერება სპეციფიური სუნით, წონით -0.15 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშულება ჰეროინს, წონით 0.0673 გრამს (ობ.N1).
ბრალდებულმა ს----- ო---------მა ბრალდების ამ ნაწილშიც თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ რ-–--- მ------თან შეხვედრის დროს იგი თავად იძენდა მისგან ნარკოტიკულ საშუალებას. ამ ეპიზოდშიც სასამართლომ შეაფასა ბრალდებულის ჩვენება და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებანი და მიიჩნევს, რომ ს----- ო---------ის ბრალდება დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. ასევე სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა, რომ რ-–--- მ------ს ს----- ო---------ის მიმართ ამოძრავებდა რაიმე პირადი ინტერესი, ან პოლიციის მხრიდან მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა.
2.3. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი არაერთგზის.
2018 წლის 22 ივნისს მარნეულის რაიონში შ. რუსთაველის მე-8 ჩიხი N2-ში ს----- ო---------ის საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ს----- ო---------ის პირადი ჩხრეკა. ჩხრეკა ჩაატარეს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქენან ჰასანალიევმა, გიო ნიჟარაძემ. ჩხრეკას ასევე ესწრებოდა თარჯიმანი ვასილ პარაბაშოვი. ჩხრეკის ოქმი შედგენილია შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის რომან ბოლქვაძის მიერ. ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ ს----- ო---------ის ნაცრისფერი სპორტული შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა პატარა ზომის შუშის ქილა, რომელიც ცარიელია, მაგრამ ქილის შიდა კედლებზე მოშაო ფერის ნივთიერება აღინიშნება. აღნიშნული ქილა დაილუქა, ლუქზე დაფიქსირდა მონაწილე პირების ხელმოწერები.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გია ნიჟარაძემ განმარტა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში გამომძიებლის თანამდებობაზე, დაადასტურა, რომ ესწრებოდა ს----- ო---------ის პირად ჩხრეკას, რა დროსაც ს----- ო---------ის შარვლის ჯიბიდან ამოღებულ იქნა მცირე ზომის სინჯარა, რომელსიც იყო მოშაო-მოყავისფრო ფერის ნივთიერება. გია ნიჟარაძემ დაადასტურა, რომ ამოღებული სინჯარა დაილუქა ადგილზე. მოწმემ განმარტა, რომ მოშაო მოყავისფრო ფერის ნივთიერება შუშის კედლებზე იყო დალექილი.
აღნიშნული ჩვენება შესაბამისობაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ქენან ჰასანალიევის ჩვენებასთან. მან დაადასტურა, რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტრო-გამომძიებლის თანამდებობაზე. დაადასტურა, რომ მონაწილეობდა ს----- ო---------ის ჩხრეკაში, რა დროსაც ამოღებულ იქნა პატარა შუშის ქილა, სადაც აღინიშნებოდა მოშაო ნივთიერება, რომელიც ჩხრეკის შემდეგ დაილუქა კანონით დადგენილი წესით. ქილა იყო პატარა შუშის, ნივთიერება იყო შავი, მოწმემ ასევე განმარტა, რომ პირადად მას ქილა ხელში არ ჰქონია დაინახა დაახლოებით ერთი მეტრის მანძილზე და დაადასტურა მასში მოშაო ნივთიერების არსებობა.
2018 წლის 22 ივნისის დაკავების ოქმის თანახმად, დგინდება რომ ს----- ო---------ი დაკავებულია 2018 წლის 22 ივნისს 05:35 საათზე, ქ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩის მე-8 ჩიხი, N2-ში მდებარე ს----- ო---------ის საცხოვრებელ სახლში.
სასამართლოში მოწმის სახით ასევე დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი რომან ბოლქვაძე. მან დაადასტურა, რომ მონაწილეობას იღებდა ს----- ო---------ის დაკავებაში, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო აღმოჩენილი არ ყოფილა.
2018 წლის 22 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის N1518/სქ-1809/ქრ დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილ იქნა უფერო, გამჭირვალე პოლიეთელინის ერთი პაკეტი დალუქული სახით. პაკეტში მოთავსებული იყო უფერო გამჭირვალე მინის ფლაკონი ხუფით, ფლაკონში მოთავსებულია 0,4 მლ მოყავისფრო, მღვრიე ხსნარი, ფლაკონის შიდა კედლებზე აღინიშნება მოყავისფრო ნივთიერების დანაშრევები. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად მინის ფლაკონში მოთავსებული 0,4 მლ მოყავისფრო, მღვრიე ხსნარი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით 0,0152 გრამს.
სასამართლოსი დაკითხვისას ექსპერტმა თამარ უბილავამ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე. განმარტა, რომ ნივთმტკიცება კვლევისათვის მას გადაეცა დალუქული სახით, სადაც მოთავსებული იყო ფლაკონი 0,4 მლ ხსნარით. ექსპერტიზა ჩატარდა ხსნარზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ს----- ო---------მა განმარტა, რომ მას პირადი ჩხრეკისას ცარიელი შუშის(გულისხმობს პირადი ჩხრეკისას ამოღებულ სინჯარას) გარდა არაფერი არ ჰქონია.
სასამართლომ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებანი და მიიჩნევს, რომ ს----- ო---------ს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უდასტურდება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა. დაცვის მხარის მიერ სადაოდ არის მიჩნეული ს----- ო---------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ სინჯარაში ნარკოტიკული საშუალების არსებობა. საგულისხმოა, რომ სინჯარის მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებას არც ბრალდებული ხდის სადაოდ. ასევე დადასტურებულია, როგორც მოწმეთა ჩვენებებით ასევე ს----- ო---------ის პირადი ჩხრეკის ოქმითაც, რომ სინჯარას კედლებზე აღენიშნებოდა მოშაო ფერის ნივთიერება. ჩხრეკის ოქმზე დაფიქსირებულია ხელმოწერები, მათ შორის ბრალდებულის და ამოღებული ნივთიერ მტკიცებულება დალუქულია კანონის შესაბამისად. 2018 წლის 22 ივნისის N1518/სქ-1809/ქრ ქიმიური ექსპერტიზის აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ მათ პაკეტი წარედგინათ დალუქულ მდგომარეობაში, პაკეტი გახსნეს თავად და მასში აღმოჩნდა უფერო, გამჭირვალე მინის ფლაკონი ხუფით, ფლაკონში მოთავსებულია 0,4მლ მოყავისფრო, მღვრიე ხსნარი. ფლაკონის შიდა კედლებზე აღინიშნება მოყავისფრო ნივთიერების დანაშრევი. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებანი არის ურთიერთსესაბამისი და მათში მითითებული გარემოებანი არ გამორიცხავენ ერთურთს. სასამართლო განმარტავს, რომ მინის ფლაკონი, რომელიც ამოღებულ იქნა ბრალდებულ ს----- ო---------ის პირადი ჩხრეკისას აღწერილია ერთი მხრივ გამომძიებლების მიერ და მეორეს მხრივ ის აღწერილია ექსპერტების მიერ. შესაბამისად მასში განსხვავებების არსებობა არის ბუნებრივი, რადგან გამომძებელმა შეუიარაღებელი თვალით, შესაძლებელია იმ სიზუსტით ვერ გადმოსცეს საგნის ნიშან-თვისებები, როგორც ამას შეძლებს სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტი. ფერების აღქმაც არის ინდივიდუალური, მოშაო და მოყავისფრო ფერები არის ერთგვაროვანი და მათ რა სახელს უწოდებთ ეს დამოკიდებულია პიროვნების აღქმაზე. რაც შეეხება 0,4 მლ ხსნარის არსებობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული იმდენად მცირე რაოდენობისაა, შესაძლებელია მისი შემჩნევა არც თუ ისე მცირე ზომის ფლაკონში შეუიარაღებელი თვალი შეუძლებელი ყოფილიყო. აღნიშნული მტკიცებულებებისადმი ნდობას სასამართლოს ასევე უმყარებს, ის გარემოება, რომ ნივთმტკიცება მხარეთა მონაწილეობით იყო დალუქული და ექსპერტების წინაშე წარდგენილ იქნა დაუზიანებელი, ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. შესაბამისად 2018 წლის 22 ივნისის პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეების გია ნიჟარაძის, ქენან ჰასანალიევის, რომან ბოლქვაძის ჩვენებებით, ქიმიური ექსპერტიზის N1518/სქ-1809/ქრ დასკვნით დასტურდება, რომ ს----- ო---------მა შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას.
როგორც ზემოთ აღინიშნა ს----- ო---------ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4(ოთხი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის თანახმად კი არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
შესაბამისად ს----- ო---------ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვაში, ჩადენილი არაერთგზის.
2.4. ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისიწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2018 წლის 22 ივნისის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N7021015 დასკვნის თანახმად ს----- ო---------ი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ, თუმცა ლაბორატორიულად დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფი და მეტადონი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი მაკა ღვედაშვილი. მან განმარტა, რომ მუშაობს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში ექსპერტად. დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური ცნობის თანახმად 2018 წლის 27 აპრილის დადგენილებით ს----- ო---------ი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მეორე ნაწილით და დაჯარიმდა 500 ლარით.
ს----- ო---------ი 2018 წლის 22 ივნისისათვის ითვლებოდა ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ პირად, რადგანაც თანახმად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის 39-ე მუხლისა თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად. კონკრეტულ შემთხვევაში კი ს----- ო---------ს ნარკოტიკული საშაულების ოპიუმის და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა 2018 წლის 22 ივნისს, ანუ სახდელის დადებიდან ერთი წლის გასვლამდე. ბრალდებულმა ს----- ო---------მა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
სასამართლომ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებანი და მიიჩნევს, რომ 2018 წლის 22 ივნისს ს----- ო---------ი იყო რა ადმინისტრაციულსახდელდადებული ექიმის დანიშნულების გარეშე კვლავ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ს----- ო---------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომელიც სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ს----- ო---------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა, გასაღება არაერთგზის (ორი ეპიზოდი), ასევე ნარკოტიკული საშუალების შეძენა და სენახვა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარრვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელდადებული პირის მიერ.
3.2. სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
აღსანიშნავია, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმა, არამედ - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება ბრალდებულის მიერ არ იყოს ჩადენილი და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ,,გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას... ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში‘‘ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, #1/1/548; 22/01/2015; §41).
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ევროპულმა კომისიამ საქმეში Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v Greece (The Greek case), ”გონივრულ ეჭვს მიღმა” სტანდარტი განმარტა, როგორც ”არა ისეთი ეჭვი, რომელიც მხოლოდ დაფუძნებულია თეორიულ შესაძლებლობაზე ან წარმოშობილია რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დასკვნები, არამედ ეჭვი, რომლის მიზეზები გამომდინარეობს წარდგენილი ფაქტებიდან”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----- ო---------ის საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ს----- ო---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
5.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თოთხმეტ წლამდე. სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილი კი თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე, 273-მუხლი კი სხვა სასჯელებთან ერთად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით. საქმის მასალების თანახმად დადგენილია, რომ ს----- ო---------მა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში. შესაბამისად მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინინალური სასჯელის დანიშნვა ს----- ო---------ის მიმართ არ იქნება გამართლებული. ასევე სასამართლო მიიჩნევს, რომ მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელი უნდა დაენიშნოს შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, რადგანაც ნარკოტიკის გავრცელება ამ შემთხვევაში ხდებოდა ერთ პიროვნებაზე, რაც ამცირებს დანაშულებრივი ქმედებით გამოწვეულ შედეგს. რაც შეეხება განაჩენთა ერთობლიობით დასანიშნ სასჯელს, სასამართლო მიიჩნევს, რომ საბოლოო სასჯელი ს----- ო---------ს უნდა განესაზღვროს ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით.
საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ს----- ო---------ს 5 (ხუთი) წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, მასვე ამავე კანონის შესაბამისად 15(თხუთმეტი) წლით უნდა ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 20 (ოცი) წლით უნდა ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.
6.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არ აქვს იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაციაა.
საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ და შუშის ქილა უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო 2 ცალი DVD დისკი უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს----- ო---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 9 (ცხრა) წლის ვადით.
ს----- ო---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 9 (ცხრა) წლის ვადით.
ს----- ო---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) წლის ვადით.
ს----- ო---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ს----- ო---------ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი დაენიშნოს შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს ს----- ო---------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსასრულებლად მიექცეს აღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა - 3(სამი) წლის 11(თერთმეტი) თვის და 25 (ოცდახუთი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულს სასჯელს თავისუფლების აღკვეთას - 9 (ცხრა) წლის ვადით ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ( 3(სამი) წლის 11(თერთმეტი) თვის და 25 (ოცდახუთი) დღიდან) თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ ს----- ო---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 10 (ათი) წლის ვადით.
ს----- ო---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 ივნისიდან.
საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ს----- ო---------ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, ხოლო საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები ჩამოერთვას 15(თხუთმეტი) წლის ვადით; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 20 (ოცი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ს----- ო---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- ნარკოტიკული საშუალება, შუშის ქილა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- DVD - დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე