გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/24143-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი კახა კომლაძე
მოსარჩელე გი-----------------
წარმომადგენელი მა--------------
მოპასუხე ცი–------------–---–-
დავის საგანი ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში
ცვლილებების შეტანა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნოტარიუს ი-------------ს მიერ 27.06.2018 გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა პირგასამტეხლოს ნაწილში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.01%-1.20 აშშ დოლარი, 2016 წლის 29 ივნისიდან აღსრულებამდე.
2016 წლის 29 იანვარს გი-----------------სა და ტ------------------ს, ც-–------------–---–ს, მ-------------–---–ს, ნ-------–---ს, ნ----------ს და ნ--–--------------ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
იპოთეკის ხელშეკრულების გათვალისწინებით გ-----------------ის ვალდებულება ცი–------------–---–-ს მიმართ განისაზღვრა 12 000 აშშ დოლარით.
გ-----------------ის ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, წ-------------------------------------, ს.კ N 0-.1-.1-.0---0---0-.----
27.06.2018 ც-–------------–---–მა მიმართა ნოტარიუსს ი------------ს და გაიცა სააღსრულებო ფურცელი N---------, რომლის თანახმადაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 19 000 აშშ დოლარით და 127.9 ლარით, საიდანაც 12 000 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, ხოლო 7 000 აშშ დოლარი პირგასამტეხლო 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ვალდებულებების შესრულება უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი დღეისათვის არსებულ სასამართლო პრაქტიკასთან მიმართებაში და უნდა მოხდეს მისი შემცირება 0.01%-მდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების თაობაზე არის შეუსაბამო და მისი უფლებების დარღვევა, რადგან მოსარჩელისათვის ცნობილი იყო პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე ხელშეკრულების დადების დროს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 29 იანვარს გი-----------------სა და ტ------------------ს, ც-–------------–---–ს, მ-------------–---–ს, ნ-------–---ს, ნ----------ს და ნ--–--------------ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, გ-----------------ის ვალდებულება ცი–------------–---–-ს მიმართ განისაზღვრა 12 000 აშშ დოლარით, სარგებლის ოდენობა შეადგენდა ყოველთვიურად 2.5%-ს, ხოლო ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 29 აპრილამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 29.01.2016 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 29.01.2016 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა გ-----------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, წ-------------------------------------, ს.კ N 0-.1-.1-.0---0---0-.----
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 29.01.2016 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.3. 29.01.2016 ხელშეკრულების მე-17-ე პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა, მოვალე ნებაყოფლობით არ აკმაყოფილებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის - იპოთეკის საგნის რეალიზაცია ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 29.01.2016 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
3.2.4. კრედიტორ ცი–------------–---–-ს განცხადების შესაბამისად, 27.06.2018 ნოტარიუსმა ი------------მა 29.01.2016 წლის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი (კრედიტორი - ცი–------------–---–-, მესაკუთრე/ მსესხებელი - გი-----------------). სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შეადგენს ჯამში 19 000 აშშ დოლარს, აქედან: სესხის ძირითადი თანხაა 12 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2016 წლის 29 ივნისიდან სესხის ძირითადი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე, ასევე 127.90 ლარი, რომელიც წარმოადგენს საღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯს.
სააღსრულებო ფურცლით ასევე დადგინდა, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული გ-----------------ის კუთვნილი უძრავი ქონებების რეალიზაცია აუქციონზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.06.2018 წლის N--------- სააღსრულებო ფურცელი.
3.2.5. 2018 წლის 27 ივნისს კერძო აღმასრულებელმა მოვალე გი-----------------ს გაუგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის მიხედვით, კრედიტორის განცხადების (კრედიტორმა შეამცირა მოთხოვნა, კერძოდ, პირგასამტეხლოს ნაწილში) და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კრედიტორის მოთხოვნა შეადგენს 19 000 აშშ დოლარსა და 127.9 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის - გ-----------------ის მიერ ჯეროვნად არ შესრულებულა, მოსარჩელეს არ გადაუხდია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. აღნიშნული გახდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველი. მოსარჩელემ (მსესხებელმა) სადავოდ გახადა სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი დავალიანების მოცულობა პირგასამტეხლოს ნაწილში, მიიჩნია, რომ მიუხედავად შეთანხმებისა, აღნიშნული პირობა ცალმხრივად, კრედიტორის მიერ იყო განსაზღვრული, უსამართლო და კაბალურია. აღნიშნული საფუძვლით მოითხოვა მათი მთლიანად გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულია მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რაც სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს სესხის უზრუნველყოფის საშუალებას, რაც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას მხარეები შეთანხმდნენ მის ერთ-ერთ არსებით პირობაზე - პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობაზე. მაშასადამე, სახეზეა ნამდვილი სესხის ხელშეკრულება და სასამართლო იზიარებს მოპასუხის არგუმენტს, რომ მსესხებლისთვის იმთავითვე ცნობილი იყო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მათი დარიცხვის შესახებ. თუმცა მათი დაანგარიშება, უნდა იყოს გონივრული, უნდა შეესაბამებოდეს მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანის ოდენობას და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს.
დადგენილად არის მიჩნეული, რომ საკრედიტო ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს სახით მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შეუსაბამოდ მიიჩნევა პირგასამტეხლოს განსაზღვრის პროცენტული ოდენობა. შესაბამისად, სამართლიანად მიიჩნევს მის შემცირებას ძირითადი თანხის 0.1%-დან 0.04%-მდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 275.83 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე ც-–------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ.
მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 ლარის ანაზღაურება.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს ი-------------ს მიერ 2018 წლის 27 ივნისს გაცემული 1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.
დავა იქნა განხილული არსებითად, შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ძალაში დატოვების საფუძველი არ არსებობს და უნდა განახლდეს სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ სააღსრულებო ფურცელში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ი-------------ს 2018 წლის 27 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეესტრის ნომერი 1--------) მითითებულ ცი–------------–---–-ს განცხადებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობიდან მოვალე გ-----------------ისათვის პირგასამტეხლოს სახით 2016 წლის 29 ივნისიდან აღსრულებამდე, სესხის ძირითადი თანხის 0.1%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით გ-----------------ის ვალდებულება კრედიტორ ცი–------------–---–-ს წინაშე განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0.04%-ით, რაც შეადგენს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 4.8 აშშ დოლარს.
2. მოპასუხე ც-–------------–---–ს დაეკისროს მოსარჩელე გ-----------------ის სასარგებლოდ 275.83 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 50 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ი-------------ს მიერ 2018 წლის 27 ივნისს გაცემული 1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაკა ჭედია