გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/929-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19.03.2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე თ--------------–---–ი
წარმომადგენელი ა-–---------–---------–---ი
მოპასუხე სსიპ ქალაქ თბილისის 1---ე საჯარო სკოლა
წარმომადგენელი გ---–--------------ა
მესამე პირი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
წარმომადგენელი პ-–---------------–---–ი
მესამე პირი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი: სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღიარებულ იქნას თ--------------–---–ის მიერ 1990 სასწავლო წელს საქ. სსრ განათლების სამინისტროს ქალაქ თბილისის 1---ე გახანგრძლივებული დღის საშუალო სკოლაში, ამჟამად სსიპ ქალაქ თბილისის 1---ე საჯარო სკოლაში, სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი (იხ. 2019 წლის 19 მარტის სასამართლოს სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ ქალაქ თბილისის 1---ე საჯარო სკოლამ წარმოდგენილი შესაგებლით ცნო სარჩელი.
3. მესამე პირის პოზიცია:
3.1. მესამე პირის - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია გახდეს ატესტატის დუბლიკატის გაცემის საფუძველი.
3.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. თ-------------–---–მა 1990 სასწავლო წელს დაამთავრა საქ. სსრ განათლების სამინისტროს ქალაქ თბილისის 1---ე გახანგრძლივებული დღის საშუალო სკოლა და მასზე გაიცა ატესტატი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ ქალაქ თბილისის №1-- საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 29-30).
- საშუალო განათლების ატესტატი (ს.ფ. 20-22).
4.1.2. სსიპ ქალაქ თბილისის N1-- საჯარო სკოლის 2018 წლის 01 ნოემბრის წერილით გ-–------------–------ რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ეცნობა, რომ თ-------------–---–ზე პ/ნ-----------; 1989-90 სასწავლო წელს გაიცა საშუალო განათლების ატესტატი - N0-----. ამავე წერილის თანახმად, სსიპ ქალაქ თბილისის N1---ე საჯარო სკოლაში 2005 წლის აპრილის თვეში, ხანძრის გამო განადგურებულია სკოლის დამთავრების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია - ბრძანებების წიგნები, პედსაბჭოს ოქმები და შესაბამისად, სკოლის არქივში არ მოიპოვება და არ გადასცემია სახელმწიფო არქივს. რაც შეეხება სკოლის სახელწოდებას 1989-90 წლებში, ატესტატების გაცემის წიგნში, ბეჭდის საფუძველზე იკითხება შემდეგნაირად ,, საქ.სსრ განათლ.სამინ. ქ. თბილისის N1---ე გახანგრძლივებული დღის საშუალო სკოლა.''
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სსიპ ქალაქ თბილისის N1-- საჯარო სკოლის 2018 წლის 01 ნოემბრის წერილი (ს.ფ. 70).
4.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 09 ნოემბრის №01--------გ გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ თ-------------–---–ის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 დეკემბრის N0--------/გ გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა თ-------------–---–ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 09 ნოემბრის №01--------გ გადაწყვეტილება (ს.ფ.14-15);
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 24 დეკემბრის №0--------/გ გადაწყვეტილება (ს.ფ.16-19);
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ-------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მოპასუხე - სსიპ ქალაქ თბილისის 1---ე საჯარო სკოლამ წარმოდგენილ შესაგებელში, ცნო სარჩელი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამათალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია, შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სარჩელის ცნობა. განსახილეველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
7.2. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება; ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია.
ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის დადგენაში.
საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით, უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა - სწავლების შედეგად თ-------------–---–მა მიიღო სრული ზოგადი განათლება, რის საფუძველზეც გაიცა შესაბამისი დოკუმენტი.
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით.
ამდენად, მოსარჩელის კონსტიტუციური უფლების რეალიზებას ემუქრება გარკვეული საშიშროება, რომლის თავიდან აცილებაც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, სადავო სამართალურთიერთობის არსებობის დადგენით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს, ამასთან, სამართლებრივი ურთიერთობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, ილახება მისი საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით გარანტირებული უფლება.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების მიღების ფაქტის აღიარება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელე თ-------------–---–მა 1990 წელს დაასრულა საქ. სსრ განათლების სამინისტროს ქალაქ თბილისის 1---ე გახანგრძლივებული დღის საშუალო სკოლა (ამჟამად: სსიპ - ქალაქ თბილისის N1-- საჯარო სკოლა) და მასზე გაიცა ატესტატი.
7.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურისა და სკოლის გამოსაშვები გამოცდების დაძლევას, რის საფუძველზედაც გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიღწევის დონეს და წარმატებით ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილია მოსარჩელის მიერ საქ. სსრ განათლების სამინისტროს ქალაქ თბილისის 1---ე გახანგრძლივებული დღის საშუალო სკოლაში (ამჟამად სსიპ ქალაქ თბილისის N1-- საჯარო სკოლა) 1989-90 წელს საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება თ-------------–---–ის მიერ სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი, რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი -100 ლარი, ასევე დადგენილია, რომ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. იმის გათვალსწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის მე-8, 49-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. აღიარებულ იქნას თ--------------–---–ის მიერ 1990 სასწავლო წელს საქ. სსრ განათლების სამინისტროს ქალაქ თბილისის 1---ე გახანგრძლივებული დღის საშუალო სკოლაში, ამჟამად სსიპ ქალაქ თბილისის 1---ე საჯარო სკოლაში, სრული ზოგადი განათლების მიღების ფაქტი.
3. თ--------------–---–ს დაუბრუნდეს 2019 წლის 08 თებერვალს ალ--------–---------–----- მიერ სს „თ----------–-” გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი (საგადასახადო დავალება №0, ბანკის კოდი T-------, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 3----------
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია