გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.01.2019
საქმის ნომერი
330310018002645380
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული, ადმინისტრაციული
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3-----------------

საქმე №3/6034-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

18 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე

სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე

 

მოსარჩელე - კ----------------

წარმომადგენელი - ი---------ე

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - მ---------–---–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის №1--------5 დასკვნა;

 

1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ----------------ის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2----–-–----- აგვისტოს N1--------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა 2014 წლის 14 ივლისის N1--------- განცხადება და კ----------------ს მიეცა საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა 2----–-–----- აგვისტოდან 2015 წლის 13 აგვისტომდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2----–-–----- აგვისტოს N1--------- გადაწყვეტილება (ს.ფ.105-106);

 

3.2. 2014 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ აქტის თანახმად, შპს KP---------a-ს დირექტორსა და კ----------------ს შორის დადებულ 2013 წლის 1 ოქტომბრის N a---------3 ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა უვადოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელების შესახებ აქტი (ს.ფ. 30-37);

 

3.3. 2016 წლის 20 დეკემბერს კ----------------მა მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2017 წლის 7 მარტს გამოსცა N1--------- დასკვნა, რომლის თანახმადაც, საქმეში წარმოდგენილი გარემოებების შეფასების შემდეგ სააგენტომ მიიჩნია, რომ მიზანშეწონილია გაიცეს დასკვნა ს--------- რესპუბლიკის მოქალაქე - კ----------------ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება(ს.ფ. 20-21);

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 7 მარტის N1--------- დასკვნა (ს.ფ. 24-25);

 

3.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 7 მარტის N1---------/1 წერილის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაეგზავნა საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ დასკვნები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 7 მარტის N1---------/1 წერილი (ს.ფ. 241);

 

3.5. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2017 წლის 17 მარტის N3--- წერილის თანახმად, N1--------- დასკვნაზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2017 წლის 17 მარტის N3--- წერილი (ს.ფ. 239);

 

3.6. 2017 წლის 4-------------- კ----------------მა მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება.

 

საკითხის განხილვის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2017 წლის 5 ოქტომბრის №1--------5/1 წერილით მიმართა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა კ----------------ისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამანეტის 2017 წლის 27 ოქტომბრის MIA 9------------ წერილის თანახმად, სააგენტოს ეცნობა, რომ კ----------------ის შესახებ დეპარტამენტს ინფორმაცია არ გააჩნდა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 6 ოქტომბრის ამონაწერის თანახმად, კ----------------ის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (ს.ფ. 22-23);

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 5 ოქტომბრის №1--------5/1 წერილი (ს.ფ. 101);

- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამანეტის 2017 წლის 27 ოქტომბრის MIA 9------------ წერილი (ს.ფ. 102);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 6 ოქტომბრის ამონაწერი (ს.ფ. 77);

 

3.7. 2017 წლის 25 დეკემბერს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გამოსცა N1--------5 დასკვნა, რომლის თანახმადაც, საქმეში წარმოდგენილი გარემოებების შეფასების შემდეგ სააგენტომ მიიჩნია, რომ მიზანშეწონილია გაიცეს დასკვნა ს--------- რესპუბლიკის მოქალაქე - კ----------------ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის კონსტიტუციის მე-12 ,უხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან შეუსაბამობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის N1--------5 დასკვნა (ს.ფ. 26-27).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კ----------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულება”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით და ბ) ნატურალიზაციით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. ხოლო მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება; გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება; დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.

 

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებით. ამავე კანონის მე-17 მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

 

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პირი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადებას წარუდგენს სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

 

აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. ამავე კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების განხილვის, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესი განისაზღვრება კომისიის დადგენილებით დამტკიცებული დებულებით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებული იქნა „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ” დებულება. აღნიშნული დებულების მე-19 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვისას მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობას, საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია ადგენს შინაგანი რწმენის საფუძველზე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ს--------- მოქალაქე კ----------------მა 2016 წლის 20 დეკემბერს და 2017 წლის 4-------------- 2017 წლის 2-----–--- განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და მოითხოვა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება საგამონაკლისო წესით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას საქართველოში ცხოვრების პერიოდში შიდა აუდიტის განვითარებაში წვლილი აქვს შეტანილი, რაც აძლევს შესაძლებლობას მოითხოვოს საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე მიუთითებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 7 მარტის N1--------- დასკვნაზე, რომლის თანახმად სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ს--------- რესპუბლიკის მოქალაქე - კ----------------ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე დასკნის გაცემა.

 

6.2. სასამართლო მიიჩნევს, რომ თუ სახელმწიფოს უზენაესი ნორმატიული აქტი რაიმე საკითხის გადაწყვეტას მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებად, უნდა ჩაითვალოს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა მთლიანად სახელმწიფოს ფართო დისკრეციაა. ამ საკითხთან დაკავშირებით განხილვის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოთა (რომლებიც ასევე სახელმწიფოს სახელით მოქმედებენ, მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში) მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც ამავე ფართო დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6-მე-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ: თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც სამართლის ნორმის ფაქტობრივი შემადგენლობისა და ფაქტის შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში მას რჩება შესაძლებლობა, აირჩიოს მისაღები ღონისძიება. ასეთ შემთხვევაში კანონი ერთ კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს კი არ განსაზღვრავს, არამედ ადმინისტრაციულ ორგანოს აღჭურავს უფლებამოსილებით, თვითონ განსაზღვროს სამართლებრივი შედეგები, იმდენად, რამდენადაც ორი ან რამდენიმე შესაძლო სამართლებრივი შედეგს ადგენს და აძლევს შესაძლებლობას, აირჩიოს ყველაზე მისაღები საშუალება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულმა უფლებამოსილებამ შეიძლება მოიცვას ადმინისტრაციული ორგანოს არჩევანის შესაძლებლობა - კონკრეტულ შემთხვევაში განახორციელოს თუ არა რაიმე ღონისძიება ან მისაღები ღონისძიებებიდან რომელი გამოიყენოს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი. ამდენად, აუცილებელია სამართლის ნორმის შინაარსის გარკვევა. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის (აქტის მიღების პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას (საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა ამ პუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა). ამასთან, ადგენს გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება და მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნულმა ჩანაწერმა აშკარად გამოხატა კანონმდებლის ნება - საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებით აღჭურვის თაობაზე. დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭებით ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა შესაძლებლობა კანონის ნორმის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით მიიღოს კონკრეტული შემთხვევისათვის სათანადო გადაწყვეტილება. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს – სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების გათვალისწინებით შეაფასოს, რამდენად განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს წინაშე, რამდენად გამომდინარეობს მისთვის მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან და მიიღოს გადაწყვეტილება მოქალაქეობის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2017 წლის 17 მარტის N3--- წერილის თანახმად, N1--------- დასკვნაზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა. ამგვარად, პრეზიდენტის მიერ განხორციელებული კონსტიტუციული უფლებამოსილების ფარგლებში კ----------------ს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, საქართველოს კონსტიტუციის საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიისათვის რაიმე ახალი გარემოება, რაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების ფაქტს დაადასტურებდა, წარდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, კომისიამ კ----------------ის განცხადების განხილვის ფარგლებში დაადგინა, რომ კ----------------ი არ აკმაყოფილებდა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს, შესაბამისად, მას უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, სააგენტომ სადავო აქტი გამოსცა კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ამავე დროს სააგენტომ მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა იმ მიზნით, რა მიზნითაც მას ჰქონდა მინიჭებული ეს უფლებამოსილება. ამდენად, სარჩელის მოთხოვნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის №1--------5 დასკვნის ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა დაევალოს მოპასუხეს - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელე კ----------------ისათვის დადებითი დასკვნის გაცემის თაობაზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კ----------------ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. კ----------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს უცვლელად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნინო ბუაჩიძე