განაჩენი

სისხლის სამართლის 04.04.2019
საქმის ნომერი
190100118002584147
თარიღი
04.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-579-18

(№012130718002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

04.04.2019 წ. ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი დავით მუხიაშვილი

 

დაცვის მხარე: ადვოკატი იზოლდა მელიქიშვილი

 

ბრალდებული: გ------------------ა

მამის სახელი: ნ--------ი

დაბადებული: 23.09.1--- წ.

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე

რეგისტრირებული: ქ. ხობი, ჭ-----------–---------ში

ფაქტობრივად მცხ.: ქ. რუსთავი, ნ--------------------ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

სხდომის სახე - ღია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად სცნო:

 

2018 წლის 13 ივლისს, დღის საათებში, ქ. რუსთავში, ნ---------------------ში გ------------------ა პირადად, შორტის ჯიბეში, უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს ,,მეტამფეტამინს (მარილი)’’ წონით - 0,00221 გრამს და ,,ამფეტამინს’’ წონით - 0,00075 გრამს; ასევე, ამავე მისამართზე არსებული კერძო სახლის დამხმარე ფართში, გ------------------ა უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,მეტამფეტამინს’’ - წონით 0,000574 გრამი.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების გამომძიებლის ზ---------–---ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 13 ივლისს ზ--------–--–---–ის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გ------------------ას მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შენახვასთან დაკავშირებით ი-----–------–--ასთან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე. მეორე ჯგუფში იყვნენ. კ----------------–-ა, კ---------–--ე და დ----------------–---–ი. საცხოვრებელ სახლში დახვდათ სახლის მესაკუთრე შ--–------------–---–ი. გ------------------ას განუმარტეს რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე უნდა ჩაეტარებინათ მისი პირადი ჩხრეკა. გააცნეს დადგენილება, რომელსაც ამ უკანასკნელმა მიზეზის გარეშე ხელი არ მოაწერა. მან და ი-----–------–--ამ პირადი ჩხრეკისას ღია ფერის ჯინსის შორტის მარჯვენა წინა ჯიბიდან ამოუღეს ერთჯერადი შპრიცი მასში მოთავსებული მოწითალო ფერის გამჭვირვალე სითხით, რაც, მათი ინფორმაციით უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება „ვინტი“. შპრიცი ადგილზევე დაილუქა. ასევე დაილუქა ჯინსის შორტი. გ------------------ამ ლუქებზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა. ჩხრეკის დასრულებისთანავე მოახდინეს გ------------------ას დაკავება. დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია. განუმარტეს უფლებები. ოქმი შეივსო ადგილზევე. მისივე განმარტებით, დამხმარე ფართში, სადაც ცხოვრობდა გ------------------ა, ეყარა გამოყენებული და ახალი ერთჯერადი შპრიცები, ასანთის კოლოფები, ბოთლები, ძალიან ბევრი კოვზი, მეტალის პატარა ნივთები; მისივე განმარტებითვე, ყველაზე უცნაური რაც მათ ნახეს, იყო „პატრონაში“ ჩამონტაჟებული ნათურა, რომელსაც ზემოდან ჰქონდა კოვზის დასადები. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში არ მიუღია მონაწილეობა. მათი წამოსვლის შემდეგ, როგორც იცის, ჩატარდა დამხმარე ფართის ჩხრეკა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლის ი-----–------–--ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 11-12 საათზე, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქ. რუსთავში, ნ--------------------ში მცხ. გ------------------ას უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. მისვლისას ეზოში დახვდათ სახლის მესაკუთრე შ--–------------–---–ი. სახლის გვერდით არსებული სათავსოდან გამოვიდა გ------------------ა. ამ უკანასკნელს აუხსნეს მისვლის მიზეზი, განუმარტეს უფლებები და სათავსოს შესასვლელთან ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჩხრეკისას ჯინსის შორტის ჯიბიდან ამოღებული იქნა შპრიცი, მასში მოთავსებული სითხით, რაც დაილუქა და გაიგზავნა ექსპერტიზაზე. ამოიღეს შორტებიც, რაც ასევე დაილუქა. გ------------------ამ ოქმებს ხელი არ მოაწერა. სახლის მესაკუთრე შ--–------------–---–მა, რომელიც ესწრებოდა გ------------------ას პირად ჩხრეკას, ჩხრეკის და დალუქვის ოქმებს მოაწერა ხელი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელის კ---------–--ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 13 ივლისს პოლიციაში შესული ინფორმაციის საფუძველზე, ქ. რუსთავში, ნ--------------------ში შ--–------------–---–ის სახლში იმყოფებოდა პიროვნება, რომელსაც უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება. ინფორმაციის რეალიზების მიზნით, გავიდა ჯგუფი ექსპერტებთან ერთად. მასთან ერთად იყვნენ კ----------------–-ა და დ----------------–---–ი. მათი მისვლისას გ------------------ას პირადი ჩხრეკა დამთავრებული იყო. მათ გაჩხრიკეს ეზოში არსებული სათავსო, სადაც შ--–------------–---–ის მითითებით, ცხოვრობდა გ------------------ა. სათავსოში მარცხენა მხარეს მაგიდაზე ელაგა წიწვები, ასანთის ღერები, სამედიცინო ამპულები. აღნიშნული ნივთები ექსპერტებმა ამოიღეს და დალუქეს სპეციალური ლუქით. სათავსოს ჩხრეკის დაწყებას ესწრებოდა გ------------------ა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელის დ----------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 13 ივლისს პოლიციაში შესული ინფორმაციის საფუძველზე, ქ. რუსთავში, ნ--------------------ში შ--–------------–---–ის სახლში იმყოფებოდა პიროვნება, რომელსაც უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება „ვინტი“. ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ინფორმაციის რეალიზების მიზნით, გავიდა ჯგუფი, გამოძახებულნი იყვნენ ექსპერტებიც. ადგილზე მისვლისას დახვდათ გ------------------ა. ზ---------–---ემ ჩაუტარა პირადი ჩხრეკა რა დროსაც ამოღებული იქნა შპრიცი, მასში მოთავსებული სითხით და მოხდა გ------------------ას დაკავება. აღნიშნულის შემდეგ კ---------–--ესა და კ----------------–-ასთან ერთად დაიწყეს დამხმარე ფართის ჩხრეკა, სადაც ცხოვრობდა გ------------------ა. სახლში მიმოფანტული და არეულად განლაგებული იყო ასანთები, წიწვები, შპრიცები, ბენზინის მილი, ისეთი ნივთები რაც ძირითადად იხმარება ნარკოტიკის მომზადებაში და მოხმარებაში. ჩხრეკას ესწრებოდა ბინის მეპატრონე შ--–------------–---–ი, რომელიც გაეცნო ოქმს და მოაწერა ხელი. ექსპერტებმა მოახდინეს ნივთების ამოღება და დალუქვა. ლუქზე გაკეთდა ხელმოწერები. მას სხვა საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ-------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ გ------------------ა არის მისი მეგობარი. მის უბანში ცხოვრობენ ამ უკანასკნელის შვილი და ყოფილი მეუღლე, სადაც შეხვდა და დაპატიჟა სახლში; გ------------------ას, რომელსაც ცეროზი ჰქონდა, გახდა ცუდად, რის გამოც, მამასთან შეთანხმებით, დატოვა მათ ეზოში განთავსებულ სათავსოში საცხოვრებლად. მისი დაავადების გამო ერიდებოდა ურთიერთობას მასთან. 2018 წლის 13 ივლისს, საღამოს სახლში მისულს, მამამ შ--–------------–---–მა უთხრა რომ პოლიციამ ჩხრეკისას ნარკოტიკები ამოიღეს გ------------------ასგან. პირადად არ უნახავს რომ გ------ას ნარკოტიკული საშუალება მოეხმარა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.6. 2018 წლის 14 ივლისის N 1705/სქ-2015/ქრ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ------------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებულ 3მლ-იან ერთჯერადი მოხმარების შპრიცში მოთავსებული მოყვითალო, გამჭვირვალე 0,35 მლ სითხე, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მეტამფეტამინს (მარილი) წონით 0,00221 გრამს და ამფეტამინს, წონით - 0,00075 გრამს, აევე ფსიქოტროპულ ნივთიერება ეფედრინს, წონით 0,00028 გრამს (ტ.1.ს.ფ. 76-79).

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა ნინო ნანეიშვილმა და სოფიო ცქვიტაიამ.

 

2.7. 2018 წლის 26 ივლისის N1763/სქ-2075/ქრ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი:

 

- ობიექტებზე N1-6; 8-14; 14-15; 17-25; 27-29; 31-47; 49; 53; არ აღინიშნება ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

- ობიექტი N7, კონვალუტის ნაჭერზე წარწერით: „XANAX ALPRAZOLAM 0.5 mg…” განთავსებული ხუთი ცალი ტაბლეტი, შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება ალპრაზოლამს საერთო წონით -0.0025 გრამს.

- -ობიექტი N13, კონვალუტის ნაჭერზე წარწერით: „EPAM …” განთავსებული ერთი ცალი ტაბლეტი შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება კლონაზეპამს წონით -0.002 გრამს.

- ობიექტი N16, ერთი ცალი თეთრი მრგვალი ტაბლეტი ერთ ზედაპირზე ამოტვიფრული წარწერით : “ROCHE 2“ წონით 0.16 გრამი, შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება კლონაზეპამს წონით -0,002 გრამს.

- ობიექტი N26, სამ ცალ მინის ფლაკონის შიდა კედლებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინი (მარილი) წონით -0,00022 გრამი და ფსიქოტროპული ნივთიერება ეფედრინი წონით -0,00012 გრამი.

- ობიექტი N30, მოყავისფრო პოლიმერული მასალის ფლაკონში ეტიკეტზე წარწერით: „ეთანოლი 95% მოთავსებული მოწითალო, მღვრიე 10,0 მლ ხსნარი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი ) წონით 0,00032 გრამს.

- ობიექტი N48 5მლ-იანშპრიცში მოთავსებული 2,0 მლ უფერო, გამჭვირვალე ხსნარი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი) წონით -0,000034 გრამს.

- ობიექტები N50-52, სამი ცალი, პოლიმერული მასალის ბოთლი შიდა კედლებზე აღინიშნება ფსიქოტროპული ნივთიერება ეფედრინი წონით 0,00497 გრამი.

- ობიექტი N54, პოლიმერული მასალის ბოთლში მოთავსებული 100.0 მლ მოყვითალო ხსნარი შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება ეფედრინს წონით 0.000027 გრამს.

- ობიექტი N55, პოლიმერული მასალის ბოთლის შიდა კედლებზე აღინიშნება ფსიქოტროპული ნივთიერება ეფედრინი წონით 0,00443 გრამი.

- ობიექტებში N13;16 ფსიქოტროპული ნივთიერება კლონაზეპამის საერთო წონაა-0,004 გრამი.

- ობიექტებში N26, 30, 38 ნარკოტიკული საშუალება მეტამფეტამინის (მარილი) საერთო წონამ შეადგინა 0,000574 გრამი. ობიექტებში N26; 50 -52; 54-55 ფსიქოტროპული ნივთიერება ეფედრინის საერთო წონამ შეადგინა 0,00979 გრამი (ტ. 1. ს.ფ. 124-144).

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა თამარ უბილავამ.

 

გარდა ზ/აღნიშნილისა, გ------------------ას მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბართით (ტ.1.ს.ფ.1), ზ--------–--–---–ის პატაკით (ტ.1. ს.ფ. 2.) 2018 წლის 13 ივლისის პირადი ჩხრეკის ოქმით (ტ.1. ს.ფ.6-10), 2018 წლის 13 ივლისის დამხმარე ფართის ჩხრეკის ოქმით და ფოტოსურათებით (ტ.1. ს.ფ.23-43).

 

გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების გამომძიებლებმა ნ-----–-----------–---–მა და ზ--------–--–---–მა, საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნდა მოწმე შ--–------------–---–ის ჩვენება; მოწმეების - ლ-–---------ეს, მ-------------–--ის, ნ-------------ის ჩვენებები უდავოდ გახადეს მხარეებმა, დაეთანხმნენ საქმეში აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებით დადგენილია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ბრუნვის სპეციალური წესები და ამ წესების დარღვევით განხორციელებული ქმედებები წარმოადგენს კანონის დარღვევით განხორციელებულ ქმედებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება.

 

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის (რომლის მიზანია ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება და აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ლეგალური ბრუნვის და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს) მე-3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხაში, როგორც ნარკოტიკული საშუალება მითითებულია ”ამფეტამინი”, ასევე ,,მეტამფეტამინი, ამავე მუხლის ჰ11 პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შენახვა გულისხმობს ნებისმიერ გამიზნული ქმედებას, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ჰ13 პუნქტის მიხედვით შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;

 

საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისათვის.

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ,,მეტამფეტამინი“ და ,,ამფეტამინი“ 1 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად.

 

4. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

4.1. ბრალდებულმა გ------------------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ დროებით ცხოვრობდა ქ. რუსთავში, ნ------------------ში მდებარე, მისი მეგობრის თ-------------–---–ის სახლის სათავსოში. 2018 წლის 13 ივლისს იყოფებოდა აღნიშნული სახლის ეზოში და გაიგო, რომ ეზოში შემოსულ ორი პიროვნებას, თ-------------–---–ის მამა, შ--–------------–---–ი ეუბნებოდა მასზე, რომ მოეშორებინათ. მას არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია, პირადი ჩხრეკის დროსაც არაფერი არ ამოუღიათ. მისი აზრით, შ--–------------–---–ს მისი სახლიდან მოშორება სურდა და მან მოუწყო ეს ყველაფერი, იმის მიუხედავად, რომ მამასავით უვლიდა(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).

 

5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ მას ნარკოტიკი არ ჰქონია, შ--–------------–---–ს სურდა მისი მოშორება და მოუწყო ყველაფერი; სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის ასეთი განმარტება დამაჯერებლობას მოკლებულია და თანხვედრაში არ არის როგორც საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, ასევე თვით ბრალდებულის განმარტებასთან, რომ შ--–------------–---–თან ჰქონდა მამაშვილური ურთიერთობა. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ი-----–------–--ას, კ---------–--ის, ზ---------–---ის, დ----------------–---–ის და სხვათა ჩვენებით, უტყუარად დადასტურებულია, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა ბრალდებულის ჩხრეკა და ამოღება, რაც შემდგომში პროცესუალურად დამაგრებული იქნა სასამართლოს განჩინებებით.

 

6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენით ბრალდებული გ------------------ას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენ პირად, ანუ დამნაშავედ ცნობის თაობაზე.

 

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გ------------------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა, შემამსუბუქებელი გარემოება საქმეში არ გამოვლენილა.

 

8. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველს წარმოადგენს დანაშაული. კანონმდებელი ადგენს არა მხოლოდ დანაშაულის შემადგენლობას, არამედ შესაბამის სასჯელსაც. სასჯელი არის სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანაშაულის ჩამდენ პირს. სასჯელის ერთ-ერთი და ამავე დროს უმნიშვნელოვანესი მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ასევე ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიაჩნია, გ------------------ას სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე დანაშაულის პრევენციისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით ისეთი ზომით, რაც პროპორციული იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და ხელს შეუწყობს მის შემდგომ რესოციალიზაციას.

 

9. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

9.1. გ------------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს;

 

9.2. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული:

 

- შპრიცი ნარკოტიკული საშუალების შემცველი სითხით და ნარკოტიკული საშუალება - უნდა განადგურდეს.

 

- გ------------------ას ტანსაცმელი - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ------------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.12.2016 წ. №1/5569-16 განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი- 02 წ. თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.12.2016 წ. №1/5569-16 განაჩენით დანიშნული პირობითად ჩათვლილი მსჯავრი 02 წ. თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------------------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) წლის ვადით.

 

2. გ------------------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა გაუქმდეს და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 13 ივლისიდან.

 

3. გ------------------ას, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად:

 

05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

- აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

4. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;

 

5. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული:

 

- შპრიცი ნარკოტიკული საშუალების შემცველი სითხით და ნარკოტიკული საშუალება - განადგურდეს.

 

- გ------------------ას ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს. (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში).

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი